სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.12.2017

     მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის პირველობებსა თუ ოლიმპიურ თამაშებში რამდენჯერმე მონაწილე სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში ქართველი მოთამაშეები ხშირად ირიცხებოდნენ. არაერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი ამ ასპარეზობაში, ზოგიერთი მათგანისათვის კი ეს შეჯიბრებები დიდი გულისტკივილის მიზეზი გახდა.

    დღევანდელ წერილში წარსულს გავიხსენებ და სიტყვას ცნობილ ქართველ მოთამაშეებს გადავცემ, რომლებიც სსრკ-ის ეროვნული გუნდის რიგებში საკუთარ ასპარეზობას გაიხსენებენ.

    მურთაზ ხურცილავა

    "ყველა დიდ საერთაშორისო ტურნირზე მითამაშია, ოლიმპიადიდან დაწყებული, მსოფლიო ჩემპიონატით დასრულებული, მაგრამ ფიფას ოქროს თასის გათამაშებას არაფერი შეედრება - უმაღლესი დონის შეჯიბრებაა, მხოლოდ რჩეული გუნდები და მოთამაშეები ასპარეზობენ, სტადიონები პირთამდე სავსეა, განწყობა ენით აუწერელია! მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე გამარჯვებაა, ტურნირის მოგებაზე ხომ არაფერს ვამბობ!

    1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის სამშობლომ - ინგლისმა უმასპინძლა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი სწორედ მაშინ აჩვენა, არადა, მეტის მიღწევა შეგვეძლო. იცით, გავედით თუ არა ნახევარფინალში, ბევრმა მიიჩნია, რომ "ამოცანა შესრულებულია" და მომდევნო შეხვედრებში ვალის მოხდის მიზნით გავიდა მინდორზე. ამას რაც მოჰყვა, კარგად იცით.

     მესამე ადგილისთვის პორტუგალიელებს შევხვდით. მატჩის წინ სიზმარში ვნახე - თითქოს საჯარიმოში ხელით ვითამაშე. ამის შესახებ ჟორა სიჭინავას დილითვე ვუამბე, მან კი მეგრულად მითხრა - ღმერთი არ გაგიწყრეს, ასეთ რამეზე ფიქრს მოეშვიო. მწვრთნელებისგან ვიცოდი, რომ ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, მაგრამ შუადღით გამომიცხადეს, ტორესი უნდა აიყვანოო. ის ლამის ორმეტრიანი თავდამსხმელი იყო, ჩემზე გაცილებით მაღალი. ერთ მომენტში ავუხტი და სწორედ მაშინ ამიხდა სიზმარი - ბურთი ხელზე მომხვდა. თამაშის შემდეგ არავის უსაყვედურია, მაგრამ ეს ჩემთვის ვერაფერი ნუგეში იყო.

    მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ბულგარეთში ვემზადებოდით - კუნთი სწორედ იქ გამიწყდა. ვიფიქრე, ეს ტურნირი უჩემოდ ჩაივლის-მეთქი, მაგრამ მწვრთნელებმა მაინც ჩამრთეს გუნდში. იმ ნაკრებში ჩემთან ერთად იყვნენ რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი. ურიგო შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავდა, მაგრამ ურუგვაისთან კურიოზული გოლი გავუშვით და ნაადრევად დავბრუნდით შინ.

    თენგიზ სულაქველიძე

    1980 წელს პირველად ვითამაშე ლეგენდარულ "მარაკანაზე". ეს ჩემთვის გაუხუნარი მოგონებაა! როგორია, მატჩამდე სამი საათით ადრე სტადიონი რომ ივსება?! გადაჭედილ არენებზე მანამდეც მითამაშია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი "დინამო" სულ სავსე ტრიბუნების წინ არ თამაშობდა?! მაგრამ "მარაკანა" სხვა განზომილება იყო, თან მეტოქესაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ტელე სანტანას ბრაზილია ძალიან ლამაზი და ძლიერი გუნდი იყო! სოკრატესი, ზიკო, ედერი, ჟუნიორი, ფალკაო... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოთელვაზე რომ გავედით მინდორზე, 130 ათასი კაცი გუგუნებდა! მე და საშა ჩივაძე მონუსხულები ვუყურებდით ტრიბუნებს, პირველ ტაიმში კი მთელი ნაკრები წესიერ პასს ვერ ვაკეთებდით... თავიდან ბრაზილიამ გაიტანა და ვიფიქრე, გადაგვივლიან-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ, მერე, ზიკომ რომ პენალტი ვერ გაიტანა, ცოტა გავთამამდით და საბოლოოდ 2:1 გავიმარჯვეთ! დიდებული საღამო იყო!

    "მარაკანა" თუ "უემბლი"? ალბათ ბედნიერი ვარ, ამ ორ სტადიონზე რომ ვითამაშე. ჩემთვის "მარაკანა" უფრო შთამბეჭდავი იყო. როგორ გითხრათ, ტევადობას რომ თავი დავანებოთ, საფეხბურთო აურა ბრაზილიაში უფრო იგრძნობოდა - ფეხბურთი ბრაზილიაში ნამდვილი რელიგიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ინგლისელებს ნაკლებად უყვართ თამაში. "უემბლი" მხოლოდ ერთი რამით სჯობდა "მარაკანას" - ეს მინდვრის საფარია.

    1982 წელს პირველად და უკანასკნელად ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში რომ მოვხვდი, დღეებს ვითვლიდი ტურნირის დაწყებამდე! მიმაჩნდა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ საბჭოთა კავშირის ის ნაკრები მართლა კარგი გუნდი იყო და მწვრთნელებს ვოვა გუცაევი და დათო ყიფიანიც რომ წაეყვანათ ესპანეთში, საერთოდ ზღაპრული შემადგენლობა გვეყოლებოდა! თუმცა რაც იყო, იყო, ერთი იმაზე მწყდება გული, რომ მეტი ვერ შევძელით. არადა, შანსი ნაღდად გვქონდა.

    იმ ჩემპიონატისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. ორჯერ ვიყავით ესპანეთში შეკრებაზე: ზამთარში და მერე გაზაფხულზე. დღეში ორჯერ, ხანდახან სამჯერაც გვავარჯიშებდნენ, შუაში კი კომერციულ მატჩებს ვატარებდით ადგილობრივ კლუბებთან. არასწორად დაგეგმილმა შეკრებებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო - ბევრი მოთამაშე ჩემპიონატამდე "გადაიწვა".

     ელკიაერ-ლარსენი? ჰოოო, მის გამო 1986 წელს მექსიკაში, ჩემთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერ ვითამაშე, თუმცა ეს უფრო ნაკრების მწვრთნელ ედუარდ მალაფეევის ბრალი იყო, ვიდრე ლარსენის. დანიასთან წაგებული თამაშის შემდეგ მან ყველაფერი მე დამაბრალა, ასე განაცხადა, თითქოს ელკიაერთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, არადა, დაცვის ოთხეულს ზონაში თამაში დაგვავალა. მოკლედ, დანიამ გადაგვიარა, წაგებაში კი მალაფეევი პირადად მე "მადანაშაულებდა". მას პირში ვუთხარი, არასწორად ლაპარაკობ-მეთქი. ამის გამო "დამსაჯა" - გუნდს ჩამომაშორა! სხვათა შორის, სანაკრებო გარჩევაზე ოლეგ ბლოხინმა და რინატ დასაევმა მე დამიჭირეს მხარი.

    ალექსანდრე ჩივაძე

    მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის წინ საბჭოთა კავშირის ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში ჩვენ მართლა შეგვეძლო ესპანეთში წარმატებით გამოსვლა, მაგრამ როცა სამი მწვრთნელი დაგვინიშნეს, მივხვდი, რომ საფეხბურთო კავშირში სხვანაირად ფიქრობდნენ. ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად დანიშვნა დიდი შეცდომა იყო და ეს ესპანეთში ნათლად გამოჩნდა: ბესკოვი სხვანაირად გვავარჯიშებდა, ლობანოვსკი სულ სხვას ითხოვდა ჩვენგან... მოკლედ, სამწვრთნელო შტაბში დიდი არეულობა იყო.

    ესპანეთში პირველსავე შეხვედრაში ბრაზილიას ვეთამაშეთ. მანამდე შვედებთან ამხანაგურ მატჩში კუნთი დამეჭიმა, სრული დატვირთვით მხოლოდ ბრაზილიასთან თამაშის წინ ვივარჯიშე. კარგად დავიწყეთ, ვიგებდით კიდეც... მერე მსაჯმა რამაზ შენგელიას გოლი არ ჩაუთვალა და პენალტიც არ მოგვცა, სულ ბოლოს კი სოკრატესის და ედერის ზღაპრული გოლები იყო... მოკლედ, წავაგეთ - 1:2.

    შოტლანდიასთან მე და რამაზ შენგელიამ გავიტანეთ გოლები. ხომ გახსოვთ, მეტოქემ პირველი ბურთი ჩემი უხეში შეცდომის შემდეგ შეაგდო. რომ წარმოვიდგინე, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე მეუღლეს, მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, მივხვდი, რომ მომხდარი თავადვე უნდა გამომესწორებინა. შევედით გასახდელში და კაციშვილი ხმას არ იღებს, ვგრძნობ, რომ როგორც კაპიტანმა, რაღაც უნდა ვთქვა და დავიწყე: ბიჭებო, ასე საზიზღრად არასდროს მითამაშია, მაგრამ რადგან წინ მეორე ტაიმია, მენდეთ, ეს ჩემი თამაში იქნება და გეხვეწებით, ამყევით-მეთქი! ხმა არავის ამოუღია, ძალიან აღგზნებული ვიყავი... საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად წარიმართა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter