სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    01.12.2017

     გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სოტბის აუქციონზე გაიყიდა შაჰ-აბას პირველის დროინდელი ფერწერული ტილო, რომელიც ირანის საერო ფერწერის პირველ ე.წ. ისპაჰანურ სკოლას მიეკუთვნება. ბეწვშემოვლებულ ქულაჯაში, ზოლიან კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ქერა, ცისფერთვალება კაცს თავზე ჩალმა აქვს შემოხვეული, ხელში ჯოხი უჭირავს, მის უკან კი პატარა ძაღლი დგას.

    სოტბის ექსპერტებმა ის ევროპელის პორტრეტად მიიჩნიეს, თუმცა სხვა მოსაზრება ჰქონდათ სპარსული ხელოვნების მკვლევრებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ისპაჰანურ პორტრეტზე სპარსელი ქართველი იყო გამოსახული და ეს ნახატი ქართველმა მხატვარმა ქართლის მუსლიმი მეფის - როსტომ ხანის სასახლისთვის დახატა. ამ მოსაზრებას იზიარებს ქართველ მკვლევართა გარკვეული ნაწილიც. მათი ვარაუდით, ისპაჰანური სკოლის ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი ქართულმა სკოლამ შეიტანა, რომელიც სათავეს ქართული საეკლესიო მხატვრობის ქტიტორთა გამოსახულებებში იღებს.

    ხელოვნებათმცოდნე ირინა კოშორიძე თავის მონოგრაფიაში "საქართველო-ირანის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიიდან" წერს, რომ ისპაჰანური სკოლიდან მხოლოდ 14 ნახატი შემორჩა, რომლებიც პირველად ლონდონში გამოიფინა. ისინი ევროპული გარეგნობის ქალებისა და მამაკაცების პორტრეტებია. ერთ-ერთ სურათზე ქალებს თავზე ლეჩაქი ახურავთ, ხელში ყანწები უჭირავთ, ჯამიც არის გამოსახული, მუსლიმებისთვის აკრძალული ღორის თავ-ფეხით. ამ დეტალებთან დაკავშირებით, მეცნიერთა ვარაუდით, ქალი როსტომ ხანის მეუღლე მარიამ დადიანია, ღორის დინგი და კანჭები კი დადიანის საგვარეულო გერბზე გამოსახული ტახის გამოძახილია.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართველების გავლენა ირანში ყოველთვის იყო, თუმცა მე-17 საუკუნეში სეფიანთა მმართველობის დროს, განსაკუთრებით გაძლიერდა. შაჰ-აბას პირველის კარზე ქართველებმა ახალი სამხედრო და საერო არისტოკრატია შექმნეს, დააკომპლექტეს გვარდია, დაიკავეს საკვანძო ადმინისტრაციული თანამდებობები; თავიანთი კვალი დაამჩნიეს სასახლის კარის ეტიკეტს და გემოვნებას. გამონაკლისი არც მხატვრობა ყოფილა. ამ პერიოდში გამოჩენილ მხატვართა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ქართული წარმოშობის მინიატურისტ მხატვრებს ალი ყული ბეგ ჯაბადარს და სიაუშ ბეგ გურჯის, რომლებმაც ირანის მხატვრობაში ევროპული სტილი დაამკვიდრეს. მათ შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ სპარსელი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში და მე-16 საუკუნის ისტორიკოსები ალი ეფენდი და ყაზი ახმედი.

    სიაუშ ბეგ გურჯის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში არის ცნობები, რომ ქართველი მხატვარ-მინიატურისტი მოღვაწეობდა ირანში შაჰ-თამაზის კარზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა ორმა მინიატურამ. ერთ-ერთზე შევარდენია გამოსახული, არშიაზე სპარსული წარწერაა - "სიაუშის ხელობა". ერთი მინიატრა ინახება ლენინგრადის სალტიკოვ- შჩედრინის სახელობის ბიბლიოთეკაში. მეორე მინიატურა, რომელიც ნადირობის სცენას გამოსახავს, დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

    სიაუშ ბეგ გურჯის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის მე-17 საუკუნის ირანელი ისტორიკოსის - ისქანდენ მუნშის თხზულება "ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა". სპარსული წყაროს მიხედვით, სიაუში, სავარაუდოდ, ბავშვობაში მოიტაცეს და მე-16 საუკუნის 50-იან წლებში შაჰ-თამაზის კარზე მოხვდა. შაჰმა შენიშნა მისი განსაკუთრებული ნიჭი და სამეფო კარის სამხატვრო სახელოსნოში მიაბარა. სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც მხატვრის, წარმატება. მალე ის საქვეყნოდ აღიარებულ ოსტატად იქცა, მისი შექმნილია ფირდოუსის "შაჰ-ნამეს" ილუსტრაციები, ქართველი მხატვრის მდიდარი შემოქმედებითი ნიმუშები დღეს მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებს. მათი უმეტესი ნაწილი კი ირანშია თავმოყრილი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში სიაუშ ბეგ გურჯის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევრის - "შაჰის შევარდენი"- ასლი ინახება.

    ირანში მოღვაწეობდა მე-17 საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვარი ალი ყული ჯაბადარი, რომლის მიერ შესრულებული მხოლოდ 8 მინიატურაა შემორჩენილი. სხვადასხვა ისტორიულ წყაროში მას იხსენიებენ ფსევდონიმით - "ალი-ფრანგი", იგი სპარსულ ხელოვნებაში ევროპული სტილის მიმდევრად მიიჩნეოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალი ყული ბეგი დაბადებულა ისპაჰანში, მოღვაწეობდა თარმასპე მეორისა და ნადირ შაჰის კარზე. მისი ყველა ნამუშევარი ქაღალდზე შესრულებული მინიატურაა, თემატიკა კი - სხვადასხვა: მეფის კარის ცხოვრება, სამეფო სამოსში შემოსილი შაჰები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, ნადირობის სცენები. ალი ყული ბეგის ერთ-ერთ სურათზე, რომელიც დაცულია ერმიტაჟში, აღნიშნულია შესრულების ადგილი- ყიზვანი და თარიღი 1674 წელი. მინიატურაზე არის ასევე ქართული წარწერები. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, შესრულების მანერითა და ხარისხით ქართველი მხატვრების მინიატურები იმ დროის აღმოსავლურ და ევროპულ მინიატურებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, მათში იგრძნობა როგორც სპარსული, ასევე ევროპული ხელოვნების მოტივები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter