სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    01.12.2017

     ხელისუფლება სახანძრო უსაფრთხოების მაქსიმალურად გამკაცრებას გეგმავს და არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. თუმცა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მონიტორინგი აქამდეც სავალდებულო იყო. მაღალი რისკის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დეტალური შესწავლა 3 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს, სხვათა მინიმალური მოთხოვნების შემოწმება კი - წელიწადში ერთხელ.

    მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში", გაჩენილ ხანძარს შეეხო, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში კომპრომისები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს.

    "მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით," - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ "აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით" - თქვა პრემიერმა.

    "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება: "სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მოუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ - სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი.

    "საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

    აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, სახალხო დამცველის ანგარიშით, 2016 წელს ომბუდსმენმა სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 101 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 42 შესრულდა.

    გაცნობებთ, რომ, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამოყოფილია მაღალი რისკის დაწესებულებები და ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ მონიტორინგს ექვემდებარებიან.

    სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით კი, სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ ზედამხედველობას შემდეგი ტიპის ობიექტები ექვემდებარებიან: 100 ნომერზე უფრო დიდი სასტუმროები; სავაჭრო ცენტრები/ჰიპერმარკეტები; 28 მეტრზე მაღალი შენობები; საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები 300 მ2-ზე მეტი ფართობით; 200 სტუდენტზე/მოსწავლეზე უფრო დიდი შემადგენლობის საგანმანათლებლოდაწესებულებები; სპორტულიდაწესებულებები, რომლებსაც 400-ზე მეტი მაყურებლის დატევაშეუძლია; ავტოგასამართისადგურები; აეროპორტები/მეტროს სადგურები/მატარებლისსადგურები; ხანძარ და აფეთქებასაშიში ობიექტები და ა.შ.

    ამ ნუსხაში შესული ობიექტები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების შესახებ სპეციალური ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2015 წელს მიიღო. რეგლამენტი მოიცავს მრავალი სახის რეგულაციას, რაც თანაბრად ვრცელდება როგორც შენობის ინფრასტრუქტურაზე, ასევე მასში დასაქმებულებზე. მაგალითად, თანამშრომლების აყვანამდე ობიექტმა მათ უნდა ჩაუტაროს დეტალური ინსტრუქტაჟი მოქმედი სახანძრო სისტემის შესახებ, პერსონალი უნდა იცნობდეს საევაკუაციო გეგმას. რეგლამენტის მიხედვით, პერსონალი, მინიმუმ, 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს საცდელ ევაკუაციას. ასევე, ობიექტს უნდა ჰყავდეს ცალკე გამოყოფილი პერსონალი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებლად მუშაობაზე უნდა ზრუნავდეს. კანონის მიხედვით, სასტუმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, გააცნოს სტუმრებს სასტუმროს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

    ინფრასტრუქტურის მხრივ კი სავალდებულოა, ობიექტებს ჰქონდეთ საევაკუაციო კიბე და საევაკუაციო გზები, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად: აკრძალულია საევაკუაციო გზების მოსაპირკეთებლად იმ მასალების გამოყენება, რომელთა სახანძრო საშიშროების მაჩვენებელი აღემატება სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მაჩვენებელს. აკრძალულია კიბის უჯრედებსა და დერეფნებში საკუჭნაოებისა და სამშენებლო პროექტით გაუთვალისწინებელი სხვა სათავსების მოწყობა. ამასთან, შენობას უნდა ჰქონდეს სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები, სპეციალური კვამლსაწინააღმდეგო სისტემები, რაც შენობას ძლიერი დაკვამლიანებისგან დაიცავს.

    კანონის მიხედვით, აღნიშნული სისტემების გათიშვა დაუშვებელია და მათი შეუფერხებელი მუშაობისთვის პასუხისმგებლობა ობიექტის ხელმძღვანელობას ეკისრება. ობიექტზე გაკრული უნდა იყოს საევაკუაციო გეგმები, ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატურ სისტემებთან ერთად, აუცილებელია, ობიექტში იყოს ცეცხლმაქრები და სპეციალური ჰიდრანტები.

    აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ამოწმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი უწყება - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. სააგენტოს ინსპექტორებს ობიექტების დეტალური შემოწმებისა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ობიექტის დაჯარიმების უფლება აქვთ.

    ინსპექტორები ვალდებული არიან, შეამოწმონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობა და შეაფასონ, თუ შეესაბამება ობიექტზე არსებული სისტემები იმ სტანდარტებს, რასაც კანონი ადგენს. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა, რომ ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოება არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ინსპექტორებს მისი დაჯარიმება შეუძლიათ. ჯარიმები სხვადასხვა ტიპის დარღვევისთვის 50 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 177-ე მუხლით არის განსაზღვრული.

    თუ გამოიკვეთება, რომ ობიექტზე, სადაც ხანძარი მოხდა, არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები, ამას ობიექტის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს. კოდექსის 243-ე მუხლის მიხედვით, თუ ობიექტზე არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოება, რის გამოც 2-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ობიექტის ხელმძღვანელს 6 წლამდე პატიმრობა შეიძლება მიესაჯოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter