სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედა, მაგრამ უარს მაინც ვერ ვამბობ და როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება მთელი ცხოვრება"
    თამუნა მუკბანიანი
    01.12.2017

     საქართველოში ყავის სმისკენ მიდრეკილება სულ უფრო იზრდება. სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული, თითქმის ყველა დამოკიდებულია მატონიზირებელ სასმელებზე. ზოგიერთს ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენლად მიაჩნია. არიან ადამიანები, რომლებიც სასმელს განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთმევენ.

    აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა გავლენას ახდენს დიდი რაოდენობით ყავის მიღება ადამიანის ორგანიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ გადაჭარბებული დოზით გამოწვეული რისკის შესახებ ყველას სმენია, თანამედროვე ადამიანთა დიდი ნაწილი დღის განმავლობაში, საშუალოდ, 3-4 ჭიქას მაინც იღებს.

    კოფეინს თქვენი ბიოლოგიური საათის არევა და მელანინის გამოყოფის შემცირება შეუძლია. ყავის ერთ-ერთ უარყოფით დამახასიათებელ ნიშნად მასზე დამოკიდებულებაც შეიძლება განვიხილოთ. ფსიქოლოგი მარკ ვაინვუდი ცხრა მიზეზს გვთავაზობს, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოფეინის რაოდენობა:

    1. უკეთესი ძილისთვის დაწოლამდე 6 საათით ადრე ყავის მიღების შემთხვევაშიც კი ხელი ეშლება ძილის პროცესს. კოფეინი ზემოქმედებს ძილის ფაზებსა და ციკლზე;

    2. მშვიდი ცხოვრებისთვის კოფეინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, ეფექტი კი დღის ბოლომდე გრძელდება;

    3. ადამიანი ნაკლებ სტრესს გრძნობს, რადგან კოფეინი ჰორმონებს ზრდის;

    4. ყავა ამცირებს ტკივილს მუცლის ღრუში, ხშირ შემთხვევაში აღიზიანებს ნაღვლის ბუშტსა და მსხვილ ნაწლავს, რაც მუცლის ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს;

    5. ყავა შარდის ბუშტს აზიანებს, რაც შარდის შეუკავებლობას კიდევ უფრო ართულებს;

    6. ნაყოფიერების გაზრდა, მშვიდი ძილი და ნაკლები სტრესი ის ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საწინდარი ხდება;

    7. ორსულობის პერიოდში დიდი რაოდენობით ყავის მოხმარება ნაყოფის ზრდას უშლის ხელს, ამიტომ ექიმები ნაკლები კოფეინის მიღებას გვირჩევენ;

    8. კოფეინის შემცველი სასმელები სტომატოლოგიურ პრობლემებს იწვევს, ილექება კბილებზე და ფერს უცვლის მათ. ჰოლივუდის ღიმილის შესანარჩუნებლად ექიმები გვირჩევენ, დავლიოთ მეტი წყალი და ნაკლები ყავა;

    9. ყავა და ალკოჰოლური სასმელები საშიში მიქსია.

    ამ საფრთხეების შესახებ ადამიანთა უმეტესობამ იცის, თუმცა ყავა, გამოფხიზლების საშუალების, ენერგიის წყაროს და ტონუსში მომყვანი სითხის გარდა, ჩვევაცაა. საქართველოში ყავის სმის ასაკი გაახალგაზრდავდა. თუ წლების წინ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებს მშობლები ყავას უკრძალავდნენ, დღეს ეს ტენდენციაც შეიცვალა და, გარდა ამისა, სტუმარ-მასპინძლობის მთავარ კომპონენტადაც იქცა. ქართული ტრადიცული სუფრის ნაცვლად, დღეს უკვე ყავითა და ჩაით შემოიფარგლება მასპინძლობის მთელი რიტუალი.

    მაკა შარია ოფისმენეჯერია და ამბობს, რომ ყავას თავიდან იმიტომ სვამდა, რომ დილით დროულად გამოფხიზლებულიყო. შემდეგ დაღლილობის დროსაც იღებდა მას, ახლა კი ჩვევაში გადაეზარდა და მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 6 ჭიქა ყავას მიირთმევს.

    "თავიდან ყავას დილაობით ვსვამდი წლების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებოდი. მერე ძალიან თუ ვიღლებოდი, მაშინაც ვსვამდი და დღეში, მინიმუმ, ორჯერ გამომდიოდა. რაც ოფისმენეჯერად მუშაობა დავიწყე, შეიძლება ითქვას, რომ ყავის სმა ჩვევად მექცა.

    სანამ სახლიდან გამოვალ, დილას ყავას მივირთმევ, მერე სამსახურში როგორც კი მივალ, პირველი რასაც ვაკეთებ, ელექტროჩაიდანს ვრთავ და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ დღის ბოლომდე 6 ჭიქა ყავა მიგროვდება. ვიცი, რომ ცუდია. დედაჩემი ექიმია და ხშირად მაფრთხილებს რისკის შესახებ, მაგრამ უკვე ვერ ველევი. შეიძლება ითქვას, ეს ისეთივე მანიაა, როგორიც ნარკოტიკი, ნიკოტინი ან ალკოჰოლური სასმელი. მე ყავადამოკიდებული ვარ", - ამბობს მაკა შარია.

    აყავის სმას მავნე ჩვევად მიიჩნევს "რეზონანსის" კიდევ ერთი რესპონდენტი მაია სუბელიანიც. მართალია, კოფეინის ზედმეტი დოზა მას ხშირად უქმნის ჯანმრთელობის პრობლემას, მაგრამ ამ სიამოვნებაზე უარის თქმას ვერაფრით ახერხებს.

    "მიუხედავად იმისა, რომ კოფეინის ზედმეტ დოზას არაერთხელ ჯანმრთელობის გაუარესების წინაშე დავუყენებივარ, ჯერჯერობით ამ სასმელზე უარის თქმას ვერ ვახერხებ. დღეში დაახლოებით 3-4 ჭიქა მჭირდება, ესეც თუ სახლში მხოლოდ მე ვარ. სტუმარი თუ მომივა, რა თქმა უნდა, ეს დოზა იზრდება. თავდაპირველად მხოლოდ ძილში მიშლიდა ხელს, მერე ყავის ინტენსიურმა სმამ კბილების ხშირად გაწმენდისა და გათეთრების საჭიროებაც გააჩინა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყავაზე უარს ვერ ვამბობ და როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება მთელი ცხოვრება", - აღნიშნა "რეზონანსთან" მაია სუბელიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter