სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2 წელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის - ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა განაჩენს ასაჩივრებს
    თიკო ოსმანოვა
    30.11.2017

     ექიმის დაუდევრობას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. 44 წლის ქეთევან კახელაძე ანესთეზიოლოგის მიერ დაშვებულმა ელემენტარულმა შეცდომამ იმსხვერპლა, რის გამოც ექიმ ვახტანგ ადამიას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი დანაშაულს აღიარებს, თუმცა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

    ქეთევან კახელაძისთვის 2015 წლის 4 თებერვალი საბედისწერო აღმოჩნდა. ყველაფერი კი 2014 წლის 26 დეკემბერს დაიწყო, როდესაც თირკმელების ტკივილით ოჯახის ახლობელ ექიმ ნოდარ უჯმაჯურიძეს "ნოვა კლინიკაში" მიაკითხა. უჯმაჯურიძის მიერ დაისვა დიაგნოზი - მარცხენა მენჯ-შარდსაწვეთის კუთხის შევიწროება, რის შედეგადაც თვე-ნახევარში დაიგეგმა ოპერაცია.

    კახელაძეს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ უჯმაჯურიძემ პაციენტის ოჯახის წევრები დაამშვიდა, აღნიშნა, რომ ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა და ისინი სახლში გაუშვა.

    "ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაიყვანეს პოსტოპერაციულ პალატაში, სადაც იმყოფებოდა ექიმის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვახტანგ ადამიას დაკვირვების ქვეშ. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ პაციენტს მდგომარეობა გაურთულდა. კერძოდ, აღენიშნა არტერიული წნევის ვარდნა, რის შემდეგადაც ადამიამ გადაწყვიტა მარჯვენა ლავიწისქვეშა ვენის კათეტერის ჩადგმა. მან ეს სწორად ვერ განახორციელა, რის შედეგადაც დაზიანდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენისა და გულმკერდის არტერია, რამაც გამოიწვია სისხლდენა.

    "ექიმს რამდენიმე საათის განმავლობაში პაციენტი არ გადაჰყავდა არც რეანიმაციაში და არც სხვა საავადმყოფოში, სადაც შესაბამის დახმარებას აღმოუჩენდნენ. კახელაძის მდგომარეობის გართულების შესახებ ჩვენთვისაც კი არ შეუტყობინებით, დილით მივედით ჩვეულებრივ სანახავად და მაშინ გვითხრეს, რომ დირექტორის გადაწყვეტილებით გადაუყვანიათ "ნიუ ვეჟინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში", - გვითხრა გარდაცვლილის მამიდა ციალა კახელაძემ.

    მისივე თქმით, მეორე კლინიკასთან დაკავშირებით არანიაირი პრეტენზია არ აქვს, რადგან მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ქეთევან კახელაძე "ნიუ ვეჟინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" პრაქტიკულად სისხლისგან დაცლილი მიიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კახელაძის სიკვდილის მიზეზი გახდა სისხლდენის გამო განვითარებული პოლიორგანული უკმარისობა.

    შპს "ნოვა კლინიკაში" სწორი, დროული და ადეკვატური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში სიკვდილის აცილება შესაძლებელი იყო", - აღნიშნულია სამედიცინო დასკვნაში.

    საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ოჯახის წევრების გარეშე ჩატარდა, ადამიას 2 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

    "შემთხვევით გავიგეთ გამომძიებლისგან, რომ სასამართლო გამართულა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2 წლის განმავლობაში ვეხვეწებოდი გამომძიებელს, რომ სასამართლოს შესახებ მოეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა, რატომღაც, დროს წელავნდენ, რომ საქმისთვის ხანდაზმულობის სტატუსი მიენიჭებინათ და მისი გასამართლება აღარ მომხდარიყო. მაგრამ, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა და ისიც შემთხვევით გავიგე", - გვითხრა ციალა კახელაძემ.

    ვახტანგ ადამიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადიდან ორიდან ოთხ წლამდე.

    "სასამართლო აღნიშნავს, რომ ვახტანგ ადამიას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა", - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

    ვახტანგ ადამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მის უფლებებს ადვოკატი გიორგი ბაციკაძე იცავდა. "რეზონანსი" ამ საქმესთან დაკავშირებით დაუკავშირდა ადვოკატს, თუმცა მან კლინეტის ნებართვის გარეშე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ადამიასგან ნებართვის აღების ზუსტი დრო ვერც კი დაგვისახელა. გვითხრა, რომ არ იცის, როდის შეხვდება და საერთოდ გააგრძელებს თუ არა მისი უფლებების დაცვას, ამის შესახებაც არ ფლობს ინფორმაციას.

    ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში კი აღნიშნავენ, რომ ვინაიდან და რადგანაც საქმე სასამართლოს გადაეცა, მათ აღარ აქვთ უფლება, პაციენტის ექიმის შესახებ მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რადგან ამის გამო მათ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დააჯარიმებთ. მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ კონკრეტულად ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა და "ნოვა კლინიკა" ძველებურად ფუნქციონირებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter