სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    30.11.2017

     საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებსა და მათ წარმატებულ მოღვაწეობაზე არაერთი საინტერესო მასალა შემოგვინახა ჩვენმა ისტორიოგრაფიამ. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ბაქოში მოღვაწე პირველი რეჟისორი ქალის, ნინო გამრეკელი-თორელის მოღვაწეობიდან რამდენიმე საინტერესო ისტორია.

    1895 წელს ბაქოში დაარსდა ქართული სათვისტომო და როგორც ამბობენ, იმ დროს ბაქოში 1 000 ქართველი ცხოვრობდა.

    ქართველების თავშეყრის ადგილი კი იყო ნარიმანოვის სამკითხველო. ეს იყო პირველი კულტურული კერა, სადაც ტრადიციად დამკვიდრდა საღამოების გამართვა, რომელიც წელიწადში ერთხელ, ზამთარში იმართებოდა. საღამოზე იდგმებოდა ქართული პიესები, პატრ-პატარა სცენები ქართველთა ცხოვრებიდან, ქართული ყოფის ამსახველი ცოცხალი სურათები, ასევე - ქართული კონცერტები, შესვენების დროს კი ფოიეში იმართებოდა ქართული ცეკვები. საღამოებიდან შემოსული თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეს ხმარდებოდა.

    1900-1902 წლებში ბაქოში დაარსდა დრამატული წრე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯერ კიდევ 1898 წლებში ბაქოში ჩასული ეფემია მესხი, რომელიც ცოლად გაჰყვა ივანე გეპნერს. სწორედ მან მოუყარა თავი სცენის მოყვარულებს, რომლებიც უანგაროდ და დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ სპექტაკლებში.

    იმ პერიოდში უსახსრობის გამო დასს არ გააჩნდა შენობა, რეპეტიციები ტარდებოდა სხვადასხვა ბინაზე, სპექტაკლების წარმოსადგენად კი ქირაობდნენ თეატრის დარბაზს. ამიტომ სცენის მოყვარულებმა და ასევე ბაქოში მოღვაწე ქართველებმა გადაწყვიტეს საკუთარი თეატრის აშენება, რომელშიც ასევე სურდათ, გაეხსნათ სკოლა და სამკითხველო.

    ბაქოში მოღვაწე მდიდარი ქართველების დახმარებით იჯარით აიღეს სახლი ნიკოლსკის ქუჩაზე, სადაც მართლაც გადაიტანეს ბაქოში არსებული ყველა ქართული კულტურული დაწესებულება. იმ პერიოდში ბაქოში უკვე ფუნქციონირებდა საადგილმამულო ბანკის ფილიალიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნავთის მრეწველი და მეცენატი იაკობ მანსვეტიშვილი, რომელიც არაერთ ქართულ საქმეს დაუდგა გვერდით. მისი ინიციატივით ბაქოში აიგო ქართული სკოლის შენობა, ასევე დახმარებას უწევდა ცნობილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე ფოცხვერაშვილს, რომელსაც თავისი პირადი ანგარიშიდან ყოველთვიურად თანხას ურიცხავდა.

    ქართულ დასსა და თითქმის იმ პერიოდში ბაქოში გამართულ ყველა კულტურულ ღონისძიებას კი სათავეში ედგა პირველი ქართველი რეჟიორი ქალი ნინო გამრეკელი-თორელი, რომელიც ბაქოში მოღვაწე რეჟისორის, კოტე მესხის დისშვილი იყო.

    ნინო ქუთაისში დაიბადა, განათლება კი მოსკოვში მიიღო, სამსახიობო ხელოვნებას იგი მცირე თეატრის ცნობილი მსახიობის, ეკატერინე პოლიანსკის კლასში ეუფლებოდა. მისი სასცენო კარიერა კი ბაქოდან დაიწყო.

    კოტე მესხის ბაქოდან წასვლის შემდეგ, ნინო გამრეკელი-თორელი დაინიშნა თეატრის რეჟისორად. პირველი პიესა, რომელიც მან დადგა, იყო "ბატონი და ყმა". მისი რეჟისორობით დაიდგა ისტორიული პიესები: "თამარ ცბიერი", "პატარა კახი", "კაცია-ადამიანი?!" ასევე - ფონ ვალდენბრუხის პიესა "ქოჩრიანი ტოროლა". მისი რეჟისორობით ბაქოელ მაყურებელს 65 პიესა უჩვენეს.

    სარეჟისორო მოღვაწეობასთან ერთად, ნინო გამრეკელი-თორელი წარმოდგენებშიც იღებდა მონაწილეობას - ცირას როლს თამაშობდა "თამარ ცბიერში", ერეკლე მეორეს როლი შეასრულა "პატარა კახში". მის აქტიორულ ნიჭზე აღტაცებით წერდა ადგილობრივი პრესა.

    რაც შეეხება ნინო გამრეკელი-თორელის საზოგადო მოღვაწეობას ბაქოში, 1909 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძალისხმევით ბაქოში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, რომელიც მთლიანად ბაქოს ქართული დასის წარმოდგენლებისგან შესული თანხით ფინანსდებოდა. ამავე შენობაში გახსნილი იყო ჭრა-კერვის, ქარგვისა და სხვა ხელსაქმეთა კურსები, რომელსაც ასევე სათავეში ედგა ნინო გამრეკელი. იგი ასევე ამ სკოლის პედაგოგიც იყო.

    ნინო გამრეკელის თაოსნობით ჩამოყალიბდა ქართველ ქალთა წრეც, რომელთა თაოსნობით იმართებოდა საშობაო დღესასწაულები, შემოსული თანხით კი ბაქოში მცხოვრებ გაჭირვებულ ქართველებს ეხმარებოდნენ.

    მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან ნინო გამრეკელი-თორელი სამშობლოში ბურნდება. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ქათაისის, ბათუმის, ჭიათურის თეატრებში რეჟისორად.

    1920-1924 წლებში ის მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter