სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    29.11.2017

     "ჩვენ გავიცანით იშვიათი ტალანტის, ფრიად ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი ერეკლე ჯაბადარი, მის რაფსოდიაში სხარტადაა გადმოცემული ქართული ეროვნული მელოდიები. რაფსოდია გამოირჩევა მოტივთა ორიგინალობითა და ტექნიკური შესრულებისა და საორკესტრო ეფექტების ზომიერი გამოყენებით", - წერდა 1913 წელს ვენის ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთი "ფრემდენ ბლატი", 1913 წლის 7 მარტს, ვენაში, მუსიკოსთა საზოგადოების დარბაზში, ოსკარ ნედბალის დირიჟორობით შესრულებულ ერეკლე ჯაბადარის "ქართულ რაფსოდიაზე".

    ერეკლე ჯაბადარის ემიგრანტული ცხოვრება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც იგი თავის ძმებთან ერთად ევროპაში განათლების მისაღებად გაემგზავრა. ჯერ სწავლობდა ბრიუსელის კონსერვატორიაში და მისი პედაგოგი იყო ცნობილი პიანისტი იულიუს ვოლფზინი. 16 წლის იყო, როდესაც დაწერა ოთხი რომანსი "სიჭაბუკე". 1910 წელს გადავიდა ვენაში, სადაც საშემსრულებლო ხელოვნებას ეუფლებოდა ცნობილ კომპოზიტორსა და დირიჟორ ჰაიბერგთან. 1913 წელს ვენაში, მუსიკოსთა საზოგადოების დარბაზში პირველად გაიჟღერა ერეკლე ჯაბადარის "ქართულმა რაფსოდიამ".

    "რაფსოდიას" მოჰყვა სხვა ჟანრის უამრავი ნაწარმოები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ახალგაზრდა კომპოზიტორს. ევროპის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზებში იმართებაოდა ქართველი პიანისტის საფორტეპიანო კონცერტები, ხოლო საოპერო თეატრებში ასევე წარმატებით იდგმებოდა მისი ოპერები "გულნარა" და "ელეონორა"; 1924 წელს პარიზის გრანდ-ოპერის რეპერტუარში შეიტანეს ერეკლე ჯაბადარის ოპერა "ელეონორა", რომელიც კომპოზიტორმა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით დაწერა. დეკორაციები და კოსტიუმების ესკიზები შექმნა პარიზში მოღვაწე ცნობილმა მხატვარმა ნატალია გონჩაროვამ.

    საქართველოში ერეკლე ჯაბადარის ნაწარმოებები ცნობილი გახდა მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. კომპოზიტორის საფორტეპიანო კონცერტების ჩანაწერი პარიზის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით საქართველოში ჩამოიტანა ექვთიმე თაყაიშვილმა, ხოლო მისი "ქართული რაფსოდია" პირველად საქართველოს რადიოთი გადაიცა.

    ერეკლე ჯაბადარი გარდაიცვალა ნიცაში 1937 წელს. გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, 1967 წელს მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    ერეკლე ჯაბადარის გვერდით იღვწოდნენ თავისი ძმებიც, რომლებმაც ფასდაუდებელი კვალი დატოვეს უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. გიორგი რეჟისორი გახდა, ილია - ცნობილი ქორეოგრაფი, დანარჩენი ორი ძმაც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდა.

    ილია ჯაბადარის თაოსნობით ჩამოყალიბდა 1949 წელს პარიზში ქართული ცეკვის ანსამბლი "ქართული ბალეტი", რომელმაც ათი წლის განმავლობაში ტრიუმფით მოიარა ევროპის ყველა დიდი ქალაქის საკონცერტო დარბაზები.

    "მე ყოველთვის იმ აზრის ვიყავი, რომ ქართული ერის გასაცნობად საჭირო იყო ევროპაში ქართული ხელოვნების გამოტანა, გარდა მუსიკისა და მხატვრობისა, ჩვენი ცეკვების ჩვენება აუცილებლად მიმაჩნდა, ამაზე ხშირად ვნატრობდი", - წერდა ილია ჯაბადარი თავის ერთ-ერთ წერილში.

    ქორეოგრაფმა ქართული ცეკვების მომზადება ორ ქართველს შესთავაზა - ალექსანდრე პეტრიაშვილს, ვინც "გურჯის" სახელით გამოდიოდა და სერგი კოხრეიძეს, ვისი ფსევდონიმი იყო "იანეთელი". თითოეულმა 4 ცეკვა მოამზადა, შესვენებები კი ერეკლე ჯაბადარის სიმფონიური მუსიკით შეავსეს. კონცერტის დაწყებამდე ილია სცენაზე გამოდიოდა ჩოხაში გამოწყობილი და ქართული მუსიკისა და ცეკვის ისტორიას აცნობდა მაყურებელს. პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალი "ბედი ქართლისა" 1952 წელს წერდა: "ილია ჯაბადარის ქართული ცეკვის ბალეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული ცეკვის უცხოეთში გამოტანა არის ერთი უდიდესი საშუალება ჩვენი კულტურის პროპაგანდისა. მადლობასთან ერთად ილია ჯაბადარი ღირსია ჯეროვანი ყურადღებისა ქართული საზოგადოების მხრივ, მისთვის ამ მძიმე პირობებში უსასყიდლოდ, ასეთი უანგარო კულტურული მოღვაწეობისთვის".

    ათწლიანი წარმატებული გამოსვლების შემდეგ, 1960 წელს "ქართულმა ბალეტმა" არსებობა შეწყვიტა, მაგრამ ილია ჯაბადარი უფრო მეტი მონდომებით შეუდგა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს. იგი ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი პროდიუსერი გახდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ცეკვის ანსამბლების ("სუხიშვილების", "რუსთავის" და სხვა) საგასტროლო მოგზაურობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ილია ჯაბადარი რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს. იგი გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია "პერლაშეზის" სასაფლაოზე.

    1935 წელს ბერლინის "სამხატვრო თეატრში" დაიდგა სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა "ღალატი", რომელიც ფრანგულ ენაზე თარგმნა და თეატრს წარუდგინა ერეკლე ჯაბადარის ძმა გიორგიმ. როგორც მაშინდელი გერმანული პრესა წერდა, ეს იყო ქართული პიესის ევროპაში დადგმის პირველი შემთხვევა.

    გიორგი ჯაბადარიც ძმებთან ერთად 1902 წელს სასწავლებლად ბელგიაში გაემგზავრა. შემდეგ პარიზში განაგრძო მოღვაწეობა ანდრე ანტუანის თეატრ-სტუდიაში. 1911 წელს დაწერა წიგნი "დიქცია მსახიობთა და ორატორთათვის". 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და იმავე წელს თბილისში ჩამოაყალიბა ქართული დრამატული თეატრი-სტუდია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული თეატრის განახლებასა და ეროვნულ ნიადაგზე დაყენებას.

    "ჯაბადარის სტუდიაში" სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი ქართველი მსახიობები: ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, უშანგი ჩხეიძე, შალვა ღამბაშიძე და სხვები. 1920 წელს გიორგი ჯაბადარი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კანდელაკის თანაშემწედ და საქართველოს მთავრობამ იგი პარიზში მიავლინა, როგორც ევროპული ენების საუკეთესო მცოდნე. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გიორგი ემიგრაციაში დარჩა და ბერლინში დასახლდა. იყო გერმანელ მსახიობთა კავშირის წევრი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა პარიზის თეატრ "ოდეონში" და ბერლინის "სამხატვრო თეატრში". გიორგი ჯაბადარი გარდაიცვალა ბერლინში, დაკრძალულია "შენებერგის" სასაფლაოზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter