სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ინფლაციის გამო ოჯახების უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე სახეობის საკვებს ყიდულობს
    ნათია ლომიძე
    29.11.2017

     საქართველოში ოჯახების უმრავლესობის ყოველდღიური საკვები ერთფეროვანია და მოზარდების ზრდა-განვითარება საფრთხის ქვეშაა. ასე გრძელდება წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან ინფლაციური პროცესები პირდაპირ აისახება საკვების შემცირებაზე. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ სასწრაფო ზომებია გასატარებელი, რადგან მოსახლეობის ფიზიკურ შიმშილობამდე ერთი ნაბიჯია.

    2016 წელს "ოქსფამმა" ჩაატარა კვლევა, რომელიც საკმაოდ საგანგაშო შედეგებზე ამახვილებდა ყურადღებას. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ შემდეგ კერძებს: შემწვარ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალს. ხორციანი კერძები გამოკითხულთათვის შედარებით იშვიათია. სურსათის დეფიციტის მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემებია.

    ამჯერად "ოქსფამში" "რეზონანსს" განუცხადეს, რომ მას შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა სპეციალისტები სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. მოსახლეობა უფრო მეტად ღარიბდება და ისინი სულ უფრო ცუდად იკვებებიან.

    აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო 1 წელიწადში საკმაოდ გართულდა მდგომარეობა. "ოქსფამის" კვლევის შემდეგ ვითარება მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციაა, რომელიც განსაკუთრებით საგრძნობია სწორედ სასურსათო პროდუქტებზე. 2017 წლის განმავლობაში სურსათი თვალში საცემად გაძვირდა, ხოლო მოსახლეობა კიდევ უფრო არასრულფასოვნად იკვებება.

    "მაშინდელ კვლევაში საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობა აღინიშნა, განსაკუთრებით - ბავშვებში. ისინი, ძირითადად, იკვებებიან ლობიოთი, კარტოფილით, გაზიანი ტკბილი წყლებითა და იმ ნამცხვრებით, რომლებიც მაღაზიებში იყიდება. უფროსები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან ხან სტუმრად უწევთ მისვლა, ხან - ქორწილში და ამის ხარჯზე შედარებით ივსებენ საკვების მარაგს, რაც აკლიათ. ასევე ქალებშიც ცუდი მდგომარეობაა, რადგან ისინიც არასრულფასოვნად იკვებებიან.

    ის, რაც 2017 წელს ხდება ქვეყანაში ინფლაციის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე შედეგს მოიტანს. გაზრდილია ფასები ხილზე, ბოსტნეულზე, მწვანილზე, ხორცზე. სამწუხაროდ, ცივი და მშიერი ზამთარი და გაზაფხული გველოდება. მაწუხებს ის ფაქტი, რომ ლარი არ გაუფასურდეს იმ დონეზე, რომ მან ფქვილის გაძვირება გამოიწვიოს და შემდეგ უკვე პურის გაძვირებაც არ დაერთოს თან. ეს ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მოსახლეობას", - განუცხადა "რეზონანსს" კოღუაშვილმა.

    არასრულფასოვან კვებას დაავადებების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს სურსათის სფეროს სპეციალისტი ლია კვარაცხელია. კვების პრობლემას ფინანსური მდგომარეობა წარმოშობს, რადგან წლიდან წლამდე მოსახლეობა მყიდველუნარიანობას კარგავს. რაც შეეხება 2017 წელს, მისი აზრით, კვების რაციონზე გაზრდილმა ინფლაციამ ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია.

    "ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ, შარშანდელთან შედარებით, მდგომარეობა უფრო გართულდა. მოსახლეობას გაეზარდა ხარჯი, შეუმცირდა შემოსავალი და უფრო გაღარიბდა მათი მენიუ. ამას ფინანსების ნაკლებობაც ერთვის, ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი, რომ ნორმალურად იკვებონ. მოსახლეობის მყიდველობითი უნარი მინიმუმზეა.

    არასრულფასოვანი კვება კი არასრულფასოვან განვითარებას განაპირობებს და ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზია. ადამიანმა კომბინირებულად ცილებიც და ნახშირწყლებიც უნდა მიიღოს სხვადასხსვა საკვების ხარჯზე. იმის გადანაწილება აუცილებელია. დღეს კი მოსახლეობის უმეტესობა, შემოსავლების სიმცირის გამო, მხოლოდ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებას ახერხებს და არა - ნორმალურად საკვების მიღებას. ეს ხალხს კიდევ უფრო დააავადებს", - განუცხადა "რეზონანსს" ლია კვარაცხელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter