სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეო გუდავაძე
    29.11.2017

     ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც წესი, მოსახლეობას ძალიან აწუხებს გათბობის პრობლემა. ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უჭირს და ცდილობს, რაც შეიძლება გვიან ჩართოს ოჯახში გამათბობელი. ამ გზით ისინი თავს არიდებენ საკმაოდ დიდ ხარჯს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ლარის დევალვაციას ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის და თუ ეროვნული ვალუტა არ გამყარდება, ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება და მეტი გაჭირვებული ოჯახი გაჩნდება.

    გრძელი ზამთრის წინ დიდია კომუნალური გადასახადების გაზრდის შანსი. რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი უკვე გაიზარდა, ახლა კი მთელი საქართველო ელექტროენერგიის გაძვირების მოლოდინშია. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს უჭირს მომატებული ხარჯის გადახდა და ეკონომიას გათბობაზე აკეთებს.

    უამრავია ოჯახი, სადაც გამათბობელი ჯერ კიდევ არ ჩაურთავთ. მათგან საკმაოდ ბევრი იქნება ისეთი, რომლებიც მთელი ზამთარი ვერ შეძლებენ გათბობას. ხალხი საარსებო მინიმუმამდე ამცირებს თანხას და ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს ეკონომიის გაკეთებას.

    მერაბ სოსელია 65 წლისაა და სახლში სამი პატარა შვილიშვილი ჰყავს. მიუხედავად ნოემბრის ბოლოს დაწყებული სუსხიანი ამინდებისა, სახლში გათბობის ჩართვას მაქსიმალურად თავს არიდებს:

    "შემოდგომა წელს ძალიან თბილი და ხანგრძლივი გამოდგა. ძალიან მიხაროდა, მაგრამ 22 ნოემბრიდან უკვე მკვეთრად გაუარესდა ამინდი. მე და ჩემი მეუღლე ამინდის პროგნოზს გაფაციცებით ვუსმენდით და როგორც კი მივხვდით, რომ აცივდებოდა, ლამის ორივეს ფეხებში მიწა გამოგვეცალა. სახლში სამი პატარა შვილიშვილი გვყავს, ჩვენთან არიან მთელი დღის განმავლობაში. ასეთ პირობებში კი როგორია პატარების გაჩერება?

    მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მაინც ვერ ჩავრთეთ გათბობა. სამზარეულოში ვართ პატარებთან ერთად, ანუ იქ, სადაც საჭმელი მზადდება და ისედაც გვაქვს გაზქურა ჩართული. ყველანაირად ვცდილობთ, გავწელოთ დრო და გამათბობელი რაც შეიძლება გვიან ჩავრთოთ, რადგან გადახდის საშუალება აღარ გვაქვს, ისე გართულდა ცხოვრება. ამ დღეებში აუცილებლად მომიწევს გამათბობლის დამატება, რადგან ბავშვს ვერ გავყინავ. ზოგიერთი ჩემზე უარესადაა და პირდაპირ უწევს იმის ყურება, როგორ სცივა თავის შვილს ან შვილიშვილს და ვერც კი შველის. ასეთ რამეებს რომ ვუყურებ, გული მიკვდება.

    იმის ნაცვლად, რომ უკეთესობისკენ წავიდეს საქმე, წლიდან წლამდე უარესდება და მეტი გაჭირვებული ოჯახი ემატება ქვეყანას. პირველ რიგში, ლარი უნდა გამყარდეს და მერე ნელ-ნელა იქნებ საწყის კალაპოტს მაინც დავუბრუნდეთ, თუ უკეთესობისკენ არ წავალთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მერაბ სოსელიამ.

    აშკარაა, რომ ქვეყანაში არსებულმა კრიზისმა ხალხზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ლარის დევალვაცია მათ ოჯახებზე ძალიან მოქმედებს, კურსის გამყარებასა და ქვეყანაში ვითარების დასტაბილურებას მოსახლეობა აღარ ელის, შესაბამისად, შფოთვა და ნერვიულობა უფრო მეტია, ვიდრე მომავლის მიმართ იმედი და ოპტიმიზმი. ნელიკო უნდილაშვილი 50 წლის დიასახლისია. მან ორიოდე დღეა, გათბობა ჩართო, თუმცა ძალიან ეკონომიურად - დღეში მხოლოდ 2 საათით:

    "წინა წელსაც ზუსტად მსგავსი პრობლემის წინაშე ვიდექი და ვფიქრობდი, შემდეგ წელს იქნებ მდგომარეობა გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ უარესობისკენ წავედით. ქვეყანაში ლარი არ გამყარდა და უფსკურულისკენ მიექანება ყველაფერი. სურსათი გაძვირდა და არსებობა ჭირს. რა გასაკვირია, რომ გათბობის ჩართვის საშუალება არ აქვს ხალხს? ჩემთან ოჯახში ყველა მუშაობს ჩემ გარდა, მაგრამ ვცდილობთ, ეკონომიურად მოვიხმაროთ ელექტროენერგია, რადგან გადახდის დროს ძალიან გვიჭირს, ყველაფერს ერთად გავაწვდინოთ შემოსავალი. კვებას, ჩაცმას, სწავლასა და გათბობას ნამდვილად აღარ ყოფნის.

    ძალიან გართულდა ცხოვრება. გათბობას მაშინ ვრთავ, როდესაც ბავშვებს ველოდები სკოლიდან, ანუ დღის 2-3 საათზე. ვცდილობ, კარი არ გავაღო ზედმეტად და სითბო გარეთ არ გავიდეს. მერე სახლს ვათბობ 2-3 საათი და ვცდილობთ მთელი საღამო სითბოს შენარჩუნებას. ამბობენ, რომ წელს ძალიან ცივი ზათარი გველის და მცირე ხნით ჩართვა, სამწუხაროდ, არავის უშველის. აი, მაშინ კი ნამდვილად არ ვიცი, რა გვეშველება.

    ჩემი მეზობლები და ახლობლები მთელი ზამთარი იყინებიან და მხოლოდ სამზარეულოს გაზქურის ხარჯზე ათბობენ მთელ სახლს ან მთელი დღეები საბანმიფარებულები სხედან სახლში. შარშან ძალიან ხშირად შემოდიოდა პენსიონერი მეზობელი ჩემთან გასათბობად. ლამის ნახევარი ზამთარი აქ გაატარა, რადგან არ ყოფნიდა ფული, რომ სახლიც გაეთბო და შემდეგ გადასახადებს გამკლავებოდა.

    ამაზე მეტად როგორ უნდა გაუჭირდეს ქართველ ხალხს, ნამდვილად არ ვიცი. საშინელი მდგომარეობაა ქვეყანაში. ბავშვი რომ ბაღსა და სკოლაში გეგულება, უფრო მშვიდად ხარ, რადგან იცი, იქ უფრო თბილადაა, ვიდრე - სახლში", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნელიკო უნდილაშვილმა.

    სამწუხაროდ, სოფლებშიც საკმაოდ რთული მდგომარეობაა და მოსახლეობას, ისევე როგორც შარშან, წელსაც ძალიან უჭირს გათბობა. უმეტესობა დედაქალაქში გამორბის გამოსაზამთრებლად. ხალხი სხვადასხვა გზით ცდილობს ცივი დღეების გადაგორებას და გადასახადების შემცირებას, თუმცა არსებობს კატეგორია, რომელიც საერთოდ ვერ რთავს გათბობას. ამ გზით ისინი მინიმალურ გადასახადსაც იცილებენ თავიდან, მაგრამ იქვე ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter