სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აჭარისა და ქვემო ქართლის გარდა, მთელ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა დიდად აჭარბებს შობადობას
    თამუნა მუკბანიანი
    28.11.2017

     ეკონომიკური სიდუხჭირე, მასობრივი მიგრაცია და შიდა კონფლიქტები შობადობის შემცირების მთავარი მიზეზებია, რამაც საქართველოს რეგიონების უმეტესობა დემოგრაფიული კატასტროფის პირას მიიყვანა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. სამივე რეგიონში ერთად 2017 წლის პირველ 6 თვეში 114 ადამიანი დაიბადა და 345 გარდაიცვალა. ასე თუ გაგრძელდა, ამ მხარეში ცოცხალი ადამიანი სანთლით საძებარი გახდება.

    უკეთესი მდგომარეობა არც სხვაგანაა. გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 242-ით აჭარბებს მცხეთა-მთიანეთში. ყველაზე მრავალრიცხოვან რეგიონში - იმერეთშიც კი გარდაცვლილთა რაოდენობა 1348-ით აღემატება ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს. დემოგრაფები სხვა მიზეზებს შორის განქორწინების მაღალ მაჩვენებელსაც ასახელებენ. მათი თქმით, 2017 წლის პირველ ნახევარში რეგიონებში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით დამთავრდა, ხოლო დედაქალაქში ყოველ ერთნახევარ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის.

    ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, შობადობამ იკლო, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ ნახევარში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისისა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარებაა. იქ 114 ადამიანი დაიბადა და 345 გარდაიცვალა. რთული მდგომარეობაა მცხეთა-მთიანეთში, სადაც 464 დაიბადა და 706 გარდაიცვალა. ყველაზე მრავალრიცხოვან რეგიონში - იმერეთშიც კი გარდაცვლილთა რაოდენობა 1348-ით აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას. აშკარაა, რომ სტატისტიკური მონაცემები წლიდან წლამდე უარესდება, გაეროს მოსახლეობის ფონდი კი 2050 წლისათვის ერის განახევრებას პროგნოზირებს.

    ხელისუფლება მთის კანონით და სხვადასხვა დემოგრაფიული ღონისძიების გატარებით ცდილობს, პროცესი შეაჩეროს, თუმცა ჯერჯერობით სიკვდილიანობა დიდწილად აღემატება შობადობას.

    დემოგრაფი ანზორ თოთაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს რიგი რეგიონები, ისეთი უმშვენიერესი კუთხეები, როგორებიცაა რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი, მალე დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან.

    "სოფლად 2002-2014 წლებში ბუნებრივმა მატებამ შეადგინა 39 000 კაცი. ამ დროს 495 000 ადამიანია ბოლო 20 წლის განმავლობაში გადასახლებული სოფლიდან. მათი ნაწილი წავიდა ემიგრაციაში, ნაწილმა გადაინაცვლა დიდ ქალაქებში, სადაც თავის რჩენა თითქოს უფრო იოლია.

    თავის დროზე თბილისშიც შემცირდა მოსახლეობა. ბევრი ქართველი, ვისაც ამისი საშუალება ჰქონდა, დედაქალაქიდან საზღვარგარეთ წავიდა. უცხო ქვეყნებს მიაშურეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა: სომხებმა, რუსებმა, ბერძნებმა; მაგრამ იმის გამო, რომ თბილისი შეავსეს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულებმა, სოფლებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა, საბოლოო ჯამში თბილისში მოსახლეობის რაოდენობა არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც და ასევე იმატა ბოლო დროს ქართველების ხვედრითმა წილმა.

    1989 წელს თბილისის მოსახლეობა იყო 1 246 000 ადამიანი, დღეს არის 1 118 000. ამ მონაცემებით, თბილისში ყველა ეროვნების ადამიანის ოდენობა შემცირდა, ქართველების გარდა.

    თუ ასე გაგრძელდა, რაც ბოლო 25 წელიწადში ხდება, ქართველებით დასახლებული რამდენიმე რეგიონი მომავალი მეოთხედი საუკუნის შემდეგ, უბრალოდ, აღარ იარსებებს. დავუბრუნდეთ აღწერის მონაცემებს: 1989 წელს იმერეთში ცხოვრობდა 767 000 კაცი, 2002 წელს ცხოვრობდა 700 000 კაცი, ხოლო უკვე 2014 წელს ეს რაოდენობა შემცირდა დრამატულად და შეადგინა 532 000 ადამიანი. ე.ი. იმერეთში მოსახლეობა 25 წელიწადში შემცირდა 280 ათასი კაცით. თუ ასე გაგრძელდა, მომდევნო 25 წელიწადში იმერეთი, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდება, რადგან ამ პერსპექტივით აქ რამდენიმე ათეული ათასი კაცი იცხოვრებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანზორ თოთაძემ.

    გარდა მასობრივი მიგრაციისა, ასევე ძალიან არის შემცირებული ქორწინებათა რიცხვი და კატასტროფულად მატულობს განქორწინება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლებში უფრო ნაკლები ბავშვი დაიბადება.

    "თუ სამოციან წლებში ყოველ ცხრა ქორწინებაზე მოდიოდა 1 განქორწინება, დღეს საქართველოში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება (2017 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით). დედაქალაქში კი ერთნახევარ ქორწინებაზე მოდის ერთი განქორწინება. გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს აღმოჩნდება დამღუპველი, რადგან ისედაც შემცირებულ შობადობას ძალიან შეამცირებს ეს ფაქტორი", - განაცხადა ანზორ თოთაძემ.

    აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუკი რეგიონებში სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, სიკვდილიანობის ზრდა და შობადობის შემცირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

    "საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად მცირდება. მრავალ მიზეზს შორის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ფაქტორია. განსაკუთრებით რეგიონებში ნაკლებად იქმნება სამუშაო ადგილები და ახალგაზრდები ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ბარში ან უცხოეთში მიდიან და იქ ატარებენ რეპროდუქციულ ასაკს. შესაბამისად, სოფლების დიდ უმრავლესობაში მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები რჩებიან. რა თქმა უნდა, ასეთ რეგიონებში მეტია სიკვდილიანობა, ვიდრე შობადობა.

    ბოლო წლების განმავლობაში, როცა ასეულ ათასობით ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, არ ხდებოდა ჩანაცვლება არც შობადობის და არც მოსახლეობის დაბრუნების ხარჯზე. ეს კი, რასაკვირველია, კარგს არაფერს გვიქადის.

    ახლა სხვა ტენდენცია შეინიშნება. ქვეყნიდან გასულთა ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ. თითქმის 60 ათასი ადამიანი გადის 1 წლის განმავლობაში და 40-45 ათასი შემოდის. ასეთი ტენდენცია საბოლოოდ შეამცირებს ეთნიკური ქართველების რიცხვს. ეს ახალი არასასურველი ტენდენციაა. თანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბარში სახლდებიან და მთა მაინც იცლება.

    ისე ხდება, რომ რამდენიმე რეგიონი, მაგალითად, რაჭა-ლეჩუმი და ქვემო სვანეთი, ფაქტობრივად, დაცლილია. თუ ასე გაგრძელდა და არ შეიქმნა სამუშაო ადგილები რეგიონებში, 2050 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის ნავარაუდევ განახევრებაზე უარეს სურათს მივიღებთ. ჩვენთან მოსახლეობის კლება უფრო დიდი სისწრაფით მიმდინარეობს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.

    აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიული პრობლემა მწვავედ დგას განვითარებულ ქვეყნებში. ევროპის მოსახლეობის 5 ძირითად პრობლემას შორის ერთ-ერთი უმთავრესია დემოგრაფიული კოლაფსის შიში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    თამაზი   (29.11.2017)
    დროა ყველა სამინისტრომ გადაუდებელ ამოცანად დაისახოს სოფლისთვის დახმარება და გვერდზე დგომა. მაგალითად, განათლების სამინისტრომ სოფლის სკოლებში შემოიღოს დამატებითი საგანი საფერმერო საქმიანობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების დასაქმებასა და დამაგრებას ადგილზე. სასწრაფოდ უნდა უზრუნველვყოთ სოფლები კეთილმოწყობილი გზებით, ელექტრო და გაზ მომარაგებით, წყლით, მინერალური სასუქებით, ტექნიკით, გადამამუშავებელი მინიქარხნებით, დავეხმაროთ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციაში. კარგი იქნება გავიმეოროთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა მიწების უფასო მოხვნასთან დაკავშირებით და ა.შ. და ა.შ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter