სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    27.11.2017

     1893 წლის 7 იანვარს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკოსმა ლუი არგომ განაცხადა, რომ დეგერმა და ნიეფსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი - ვერცხლის ფირფიტაზე კამერა ლიბსკურში ერთადერთი ეგზემპლარის სახით. ეს იყო მაშინ უდიდესი გამოგონება.

    როგორც ფოტოხელოვანები ამბობენ, თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტის ან ნატურალური გამოსახულების მიღება გაცილებით ნაკლებ დროში, ვიდრე სჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. ასე იქცა გამოსახულებითი ფოტოგრაფია ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად - ფოტოხელოვნებად.

    სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია საქართველოში. 1894 წელს ტფილისში შეიქმნა კავკასიის სამხატვრო საზოგადოება, რომელმაც დააარსა მხატვრულ ნაწარმოებთა მუდმივი გამოფენა და ითვალისწინებდა გადაღებისათვის ფოტოგრაფიული პავილიონების მოწყობასაც.

    1895 წლის მარტში საზოგადოებამ მოაწყო ფოტოგრაფიული განყოფილება მხატვარ ართაზოვის სახლში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და ერთი ოთახი საზოგადოებას დაუთმო. გამოიფინა 150-ზე მეტი ფოტოსურათი. ამის შემდეგ ფოტოგამოფენები უფრო ხშირად ეწყობოდა და ფოტოხელოვანთა ფოკუსში ძირითადად პორტრეტები და არქიტექტურა ხვდებოდა. იღებდნენ საოჯახო ფოტოებსაც, თუმცა საოჯახო ფოტოალბომის შედგენა ძვირი ჯდებოდა და იმ პერიოდში ფუფუნება იყო.

    თავიდან ამ საქმით საქართველოში მცხოვრები არაქართველი ფოტოგრაფები იყვნენ დაკავებული, მათ შორის შემდგომში ცნობილი ფოტოგრაფები ვლადიმერ ბარკანოვი, ალექსანდრე ენგელი, კონსტანტინე ზანისი, ედუარდ კლარი, დიმიტრი ნიკიტინი, ბორის კოზაკი, სამუელ მიჩნიკი, ისააკ შირმანი, გრინევიჩი და სხვები. რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში მე-19 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე ყველა პროფესიონალი ფოტოგრაფის შემოქმედებას ვერ გავიხსენებთ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ამბავს ქართული ფოტოგრაფიის ისტორიიდან მაინც შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.

    1869 წელს ვლადიმერ ბარკანოვმა და ვიქტორ ვოიუცკმა ქუთაისში გახსნეს ფოტოსალონი. ვლადიმერ ბარკანოვი იყო პირველი, ვინც იმავე წელს განაცხადი შეიტანა საფრანგეთის ფოტოგრაფიულ საზოგადოებაში, სადაც იგი წერდა, რომ ცხოვრობს ქუთაისში და საზოგადოების წინაშე წარდგენილი სურათები გადაღებული აქვს ქუთაისიდან 60-70 ლიეს მანძილზე მდებარე რეგიონში. 1870 წლიდან კი იგი უკვე საფრანგეთის ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრია და მას მოიხსენიებენ, როგორც ქუთაისელ ფოტოგრაფს.

    1872 წლის გაზაფხულზე მოსკოვში მოეწყო პოლიტექნიკური გამოფენა, სადაც ბარკანოვმა ქუთაისიდან გააგზავნა კავკასიის ხიდების 163 ეგზემპლარი, ასევე გელათის მონასტერში დაცული უძველესი ქართული სახარების ფურცლების სურათების კოლექცია. 1873 წელს კი ფოტოსურათების სერია გააგზავნა ვენაში მსოფლიო გამოფენაზე, სადაც მას ქების სიგელი მისცეს.

    იმავე წელს ბარკანოვი ტფილისში გადმოდის საცხოვრებლად და ერევნის მოედანზე ხსნის ფოტოგრაფიულ სახელოსნოს. როგორც ამბობენ, მის სახელოსნოში იდგა უახლესი ევროპული აპარატურა, რომლითაც ადვილად და სწრაფად სრულდებოდა ყოველგვარი ფოტოგრაფიული სამუშაო მინიატურულ და ნატურალურ ზომებში. იქვე მუშაობდა მხატვარი, რომელიც აფორმებდა პორტრეტებს ზეთის, აკვარელის ან ანილინის საღებავებით.

    1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბარკანოვი მსახურობდა კავკასიის ფრონტზე სამხედრო კორესპონდენტად. შემდეგ ისევ თბილისში ბრუნდება და 1880 წლისთვის ერთ-ერთი ცნობილი ოსტატია, მის მიერ გადაღებული პორტრეტები გამოირჩეოდა საუკეთესო ხარისხითა და ეფექტურობით. იგი თავად ხელმძღვანელობდა ყველა სამუშაოს. 1881 წელს ტულუზაში გამართულ გამოფენაზე მას გადასცეს პროგრესის დიპლომი. ბარკანოვის ფოტოები დღეს მრავალ მუზეუმშია დაცული, ძირითადი ნაწილი კი თავმოყრილია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

    ალექსანდრე ენგელის ფოტოატელიე თბილისში 1895 წელს გაიხსნა. მანამდე იგი ცნობილი იყო, როგორც პეიზაჟების გადაღების ოსტატი, მუშაობდა შუა აზიასა და ჩრდილოკავკასიაში. 1879 წელს მიღებული ჰქონდა პეტერბურგის გეოგრაფიული საზოგადოების ვერცხლის მედალი. იმავე წელს იგი არჩეულ იქნა რუსული საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წევრად (კავკასიის განყოფილება). იყო ავტორი ალბომისა "კასპიისპირეთის რკინიგზები". 1881 წელს კი ვენეციაში მიიღო გეოგრაფიის საერთაშორისო ყრილობის დიპლომი.

    იმ პერიოდში თბილისში კიდევ ერთი ფოტოხელოვანი მოღვაწეობდა - კონსტანტინე ზანისი, რომელმაც ბავშვობა ალექსანდროპოლში გაატარა და 1878 წლიდან ოჯახთან ერთად ტფილისში გადმოვიდა. იგი სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით ხარატად მუშაობდა, შემდეგ მოეწყო კერძო ფოტოგრაფიულ სახელოსნოში.

    1890-იან წლებში ზანისი ფოტოგრაფად მიიწვიეს მეაბრეშუმეობის სადგურში. 1897 წელს კი მის მიერ გადაღებული თბილისის ქუჩებისა და ცალკეული სახლების ხედები, ჟანრული სცენები წარმოდგენილი იყო მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველ კავკასიურ გამოფენაზე, სადაც ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს. 1901 წელს კი კავკასიის საიუბილეო გამოფენაზე ზანისმა ოქროს მედალი დაისაკუთრა, რაზეც ამოკვეთილი იყო წარწერა: "შრომისა და ცოდნისათვის".

    1908 წელს კონსტანტინე ზანისი დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ფოტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანლად. იგი მეგობრობდა და მოღვაწეობდა ისეთ ცნობილ ფოტოგრაფებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ედუარდ კლარი, მიჩნიკი, მიშჩენკო, სკლიფასოვსკი და სხვები.

    წარმოშობით გერმანელი ფოტოგრაფი ედუარდ კლარი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჩამოვიდა პოლტავიდან ტფილისში, სადაც მამამისს მზა ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა. 1893 წელს იჯარით აიღო ცნობილი ფოტოგრაფის - ბარკანოვის ყოფილი ატელიე, შემდგომში კი ქალაქის ცენტრში, გოლოვინის პროსპექტზე, თავად გახსნა საკუთარი ფოტოატელიე. თან სახაზინო თეატრის ფოტოგრაფად მუშაობდა. ამბობენ, რომ იმ პერიოდში თბილისში მცხოვრები თუ სტუმრად ჩამოსული ცნობილი მსახიობები, რომლებიც გამოირჩეოდნენ გემოვნებითა და სინატიფით, მხოლოდ მის ატელიეში იღებდნენ სურათებს.

    პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე 1897 წელს ედუარდ კლარი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო საიუბილეო კავკასიურ გამოფენაზე 1901 წელს მას ოქროს მედალი გადაეცა. ფოტოგრაფი ხატვის გაკვეთილებს ცნობილი მხატვრის - გიგო გაბაშვილის სახელოსნოში იღებდა. ამბობენ, ედუარდ კლარის ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს, მაგალითად, ნიკო ფიროსმანის ფოტო, რომელიც 1916 წელს მან ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ხელმძღვანელობის თხოვნით გადაიღო, დღეს დიდი მხატვრის ერთადერთი ფოტო პორტრეტია; ასევე, 1895 წლის ფოტო, რომელიც ფოტოგრაფს წყალდიდობის დროს გადაუღია. 1895 წლის 28-31 ოქტომბერს მდინარე ჩხირიმელას ადიდებამ ლიხის ქედის დასავლეთის კალთა დატბორა, მწყობრიდან გამოვიდა რკინიგზა, დაინგრა ხიდები და სარკინიგზო ლიანდაგს ნიადაგი გამოეცალა. გაზეთ "ივერიის" ცნობით, რკინიგზის გამგეობამ სტიქიის შედეგების დასაფიქსირებლად ფოტოგრაფი დაიქირავა. სწორედ კლარის მიერ გადაღებულ ფოტოზეა აღბეჭდილი წყალდიდობისაგან დაზიანებული რკინიგზა მარელისში.

    ეს ფაქტი, როგორც ამბობენ, გამოიყენა რეზო გაბრიაძემ თავის ცნობილ ფილმში "შერეკილები" - მარგალიტა ამყოლაძეს ხარაგაულიდან ელვა-დეპეშას რომ უგზავნის მეუღლე "ჩხირიმელა ადიდდა, ვდგევართ. ფრთხილად იყავი, მარჯვენა თვალი მითამაშებს. შენი ტრიფონი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter