სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ იქმნებოდა ანტიკური სამყაროს საკონცენტრაციო ბანაკები
    მამუკა ნაცვალაძე
    27.11.2017

     საოცარი სამყარო, ყველასგან გამორჩეული თავისი ორიგინალობითა და თვითმყოფადობით, ის კულტურული სივრცე, რომელიც არავის და არაფერს არ ჰგავს - ასე შეიძლება დავახასიათოთ ანტიკური კულტურის ერთ-ერთი საინტერესო სეგმენტი სპარტა, რომელმაც უდიდესი კვალი დააჩნია მსოფლიო ისტორიას.

    სპარტას აპოთეოზი აქემენიდებთან ომია. დღეს წარმოუდგენელია, განათლებასთან ოდნავ მაინც წილნაყარ ადამიანს არ სმენოდეს 300 სპარტელის გმირობა, თერმოპილეს ბრძოლაში რომ გამორჩეულად დაიცვეს საკუთარი ღირსება.

    ქვეყნის დაცვა სპარტანელთა ცნობიერებაში საკუთარი ღირსების დაცვას ნიშნავდა. ეს ქრისტეშობამდე 480 წელს ხდება, ეს დაპირისპირება ბერძნულ-სპარსული შერკინების ერთი ფრაგმენტია, რომელმაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა მსოფლიო ისტორიის შემდგომი განვითარების ტენდენციები.

    სპარტა არის ის ამოუცნობი სამყარო, სადაც უმაღლეს დონეზეა აყვანილი ბრძოლის ხელოვნება, ამიტომაც სპარტელები არასდროს კითხულობენ მოწინააღმდეგის შესახებ - რამდენნი არიან, მათ მხოლოდ ის აინტერესებთ - სად არიან.

    ამბავი სპარტას მიმდგარი ფილიპე მაკედონელისა

    სახასიათო ამბავი შემოგვინახა მატიანემ - როდესაც ალექსანდრე მაკედონელის მამამ სპარტას დაპყრობა გადაწყვიტა, ელჩების პირით შეუთვალა - მე მთელი საბერძნეთი დავიმორჩილე, მთელ მსოფლიოში საუკეთესო არმია მყავს, ამიტომაც მოგიწოდებთ, დამნებდეთ. თუკი ძალით ავიღებ თქვენს ქალაქს, უმოწყალოდ გავჟლეტ მთელ მოსახლეობას.

    საკმაოდ დამთრგუნველი გზავნილია. ბუნებრივია, ეს გათვლა მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისაკენაა მიმართული, მაგრამ ფილიპე მაკედონელს ერთი რამ ეშლება - სპარტა არაა ჩვეულებრივი ბერძნული პოლისი, სადაც მუქარა თავის მიზანს აღწევს, ეს ის სახელმწიფოა, სადაც არაფრის და არავისი არ ეშინიათ.

    პასუხი მართლაც შთამბეჭდავია, მხოლოდ ერთი სიტყვა - თუკი... სიტყვა მრავალწერტილით, მხოლოდ ორიოდ ბგერა, რაც აბსოლუტურად პედანტურად გამოხატავს სპარტანელთა ხასიათსა და განწყობას.

    სპარტანული ფილოსოფია - "ფარზე ან ფარით"

    ეს განწყობა განსაკუთრებულად მძაფრად სპარტას ლეგენდარულმა ეპოქამ აქემენიდებთან დაპირისპირებისას წარმოაჩინა. ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნის 80-იან წლებში სპარსელების უძლეველ იმპერიას მსოფლიოს აბსოლუტურ უზურპაციამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა - ბერძნული სამყაროს დაპყრობა. სწორედ ამიტომაც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ჟინი მათ წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ აქ იგრძნობა სიმძაფრით კიდევ ერთი სპარტანული ფრაზის ფილოსოფიური სიღრმე - "ფარზე ან ფარით", საკუთარი დედები რომ აგზავნიდნენ ომში შვილებს.

    დედას შვილი ან ფარით, გამარჯვებული უნდა ენახა, ან თავისუფლებისათვის თავშეწირული - ფარზე დასვენებული. გამარჯვება ან სიკვდილი იყო ის ალტერნატივა, რომელსაც სპარტანულ რეალობაში სხვა განზომილება არ გააჩნდა. და აქ კიდევ ერთხელ ჩნდება ის რეალობა, რაც სპარტას ყველა დანარჩენი კულტურული სამყაროსაგან გამოარჩევს - აქ მოვლენებს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ხედავენ. რაღაც ან კარგია და მისაღები, ან ცუდი და მიუღებელი. შუალედურ სივრცეს სპარტანელის ფსიქოლოგია და განწყობა არ ცნობს.

    თანასწორობა სპარტანულად

    საინტერესოა, სად უნდა იყოს ასეთი რადიკალიზმის სათავე, რას უნდა ეფუძნებოდეს ამგვარი პოლარიზებული თვალსაზრისი? ამ კითხვებზე პასუხს სპარტანული საზოგადოების ანატომია გვაძლევს, ის რეალობა, სადაც მსოფლიოში ყველასგან გამორჩეული მმართველობის უნიკალური მოდელი მკვიდრდება.

    მეზობელ ათენში მმართველობის სულ სხვა ფორმაა - დემოკრატია, თავის დროზე სოლონმა რომ დაამკვიდრა და რომელიც საკმაოდ არაერთგვაროვნად განვითარდა.

    სპარტა ათენისგან განსხვავებულია - იქ საზოგადოების სულ სხვა ტიპია ჩამოყალიბებული, ისტორიაში სამხედრო დემოკრატიის სახელით რომ არის ცნობილი. აქ ერთი ყველასთვისაა და ყველა - ერთისთვის. ეს ურთიერთობა ქრისტეშობამდე მერვე საუკუნიდან ყალიბდება - ამის ინიციატორია ლიკურგოსი, სპარტანელთა ლეგენდარული მეფე და კანონმდებლობის შემქმნელი.

    სწორედ კანონმდებლობითაა განსაზღვრული, რომ სპარტანელები თავისუფალი ადამიანები არიან, ისინი არ არიან დაკავებულნი მწარმოებლობით, მათი მოვალეობაა ბრძოლა. მწარმოებლობა აქ მონების საქმეა, ესენი ჰილოტები არიან. სწორედ კანონმდებლობით მკვიდრდება გვაროვნული საზოგადოების ეტაპისათვის დამახასიათებელი თანასწორობა. მაგრამ ეს თანასწორობა მხოლოდ ზედაფენას, სპარტანულ საზოგადოებას ცნობს და არა ჰილოტებს, რომელთაც განსაკუთრებულად მძაფრ ექსპლუატაციას უწევენ ისინი.

    სად იმალება სპარტანული რადიკალიზმის სათავე

    ასეთი განსხვავებული მოდელი იქმნება იმის გამო, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულს ქრისტეშობამდე მეთერთმეტე საუკუნიდან დორიელი ტომები შეესივნენ. დორიელთა მიერ დაპყრობა სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ჩრდილოეთიდან მოსული ტომები არიან, რომელთაც აშკარა უპირატესობა აქვთ მკვიდრ მოსახლეობასთან, აქაველებთან შედარებით - ისინი რკინას ფლობენ, რკინის იარაღს კი განვითარების მაღალ დონეზე მყოფი აქაველები ვერაფერს უპირისპირებენ. დორიელთა შემოსევის ერთ-ერთი ბოლო აკორდი ბალკანეთზე სწორედ სპარტას დაპყრობაა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ დორიელებმა სპარტას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მესენიაც შეიერთეს.

    სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა საკმაოდ არაორდინარული სიტუაცია - აღმოჩნდა, რომ სპარტას სახელმწიფოში დამპყრობელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვს. ბუნებრივია, ეს რეალობა აიძულებს დორიელებს, იზრუნონ იმ მექანიზმზე, მათ უზენაესობას რომ უზრუნველყოფს. ეს ის სამყაროა, სადაც ჯერ კიდევ უცხოა ციხე, დასჯის ცივილური მოდელი, ამიტომაც მიზნის მიღწევის მხოლოდ ძალადობრივი გზა რჩება. ქვეცნობიერად ჩანს ის შიში, რაც დორიელებს ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ ჰქონდათ, რიცხობრივი უპირატესობა ისეთი ფაქტორია, რისი უგულებელყოფაც არ შეიძლება.

    საჭირო იყო გარკვეული ადმინისტრაციული მოდელის მოფიქრება, რაც უმცირესობის უმრავლესობაზე ბატონობას უზრუნველყოფდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწაზე მიმაგრების მექანიზმი.

    მთელი მიწა სპარტელებმა დაყვეს ნადელებად, კლერებად, რომელზეც დაასახლეს ადგილობრივი მცხოვრებნი, ჰილოტები. მათი მოვალეობა მიწათმოქმედება იყო. ნებისმიერი სპარტანელი ოჯახი 9-10 კლერს ფლობდა, შესაბამისად, მისი საკუთრებაა ამ კლერებზე დასახლებული ჰილოტები, რომელთაც სპარტანელები უნდა გამოეკვებათ. კლერები მემკვიდრეობით გადადიოდა თაობიდან თაობაზე და მისი გაყოფა დაუშვებელი იყო.

    სპარტანული კლერები - ანტიკური საკონცენტრაციო ბანაკები

    ასე შეიქმნა ანტიკური სამყაროს საკონცენტრაციო ბანაკის ერთგვარი ტიპი, რომელსაც შიში მართავდა, სადაც შებრალება და თანაგრძნობის განცდა უცხო იყო. ამ მოდელს სპარტელებმა რატომღაც თანასწორთა საზოგადოება უწოდეს. ბუნებრივია, სპარტანელთა ეს საზოგადოება მხოლოდ ეგოისტური პრიზმიდან აღიქვამდა მოვლენებს და შიშზე დაფუძნებულ სუბორდინაციაში არაფერს უჩვეულოს არ ხედავდა სრულიად მარტივი მიზეზის გამო - მათთვის ჰილოტი, როგორც ადამიანი, არ არსებობდა. თუმცა ეს მექანიზმიც, ჰილოტების მიმაგრება მიწაზე, არ იძლეოდა სიმშვიდის გარანტიას, ამიტომაც საჭირო იყო მუდმივი პრევენციული ზომების გატარება იმისათვის, რომ ჰილოტებს თავისუფლებისათვის ბრძოლის სურვილი არ გასჩენოდათ.

    როგორ ამცირებდნენ სპარტანელები ჰილოტებს

    ჰილოტთა მუდმივი დამცირება სპარტანული ცხოვრების თანმდევი წესი იყო. არის ცნობები, რომ მათ განსაკუთრებული უნიფორმაც ჰქონდათ, რომლის აუცილებელი ატრიბუტი იყო ძაღლის ტყავისგან შეკერილი ქუდი. საქმე ისაა, რომ წვიმის დროს, რაც ხშირი იყო სპარტაში, ყარდა ეს ქუდი და ჰილოტებსაც საკმაოდ მძაფრი არასასიამოვნო სუნი ასდიოდათ. ჰილოტი ვალდებული იყო, მოეთმინა ეს დამცირება და მუდმივად ეტარებინა ქუდი.

    გარდა ამისა, სპარტანული ცხოვრების განუყოფელ წესად იქცა ის, რომ წელიწადში ერთხელ ჰილოტებს სპარტანელები ომს უცხადებდნენ. ეს ბრძოლა უთანასწორო იყო, რამდენადაც კბილებამდე შეიარაღებული სპარტანელები უიარაღო ჰილოტებს უპირისპირდებოდნენ. ეს, ფაქტობრივად, სასაკლაო იყო. ამ სასაკლაოს ახალგაზრდა სპარტანელთა საწვრთნელ არენად იყენებდნენ, სწორედ აქ იწრთობოდა მომავალი მებრძოლების უძლეველი და შეუდრეკელი ხასიათი, სადაც არავის ინდობდნენ, მათ შორის არც საკუთარ თავს.

    რატომ გაუნაწილეს დორიელებმა სამეფო ძალაუფლება აქაელებს

    და ამ უსასტიკესი განწყობით გაჯერებულ საზოგადოებას მართავს კოლექტიური მექანიზმი, აქ არავინაა გამორჩეული, თვით მეფეც კი, რამდენადაც სპარტას მეფე არ არის მმართველი ტრადიციული გაგებით, თანაც სპარტას ორი მეფე ჰყავს. ბევრი აქ დემოკრატიულობის ნიშანს ხედავს, თუმცა ეს ორმეფობაც ერთგვარი მექანიზმია დორიული და ადგილობრივი მოსახლეობის ბალანსისა. ერთი მეფე ევრიპონტიდების დინასტიიდან ირჩევა - ეს მოსული დორიელები არიან, მეორე მეფე - ადგილობრივი, აგიადების დინასტიიდან. როგორც ჩანს, ადგილობრივი წარჩინებულების ინტერესი და ამბიცია ამგვარად დააკმაყოფილეს დორიელებმა და მომავალი გარანტირებული სიმშვიდისათვის შეგნებულად დაუთმეს მათ მართვის სადავეების ნაწილი. ლეონიდასი - სპარტას ლეგენდარული მეფე სწორედ აგიადების დინასტიიდანაა, აგიადები ადგილობრივი მოსახლეობის - აქაელების წარჩინებულები არიან.

    საცნაურია, რომ სპარტაში უკვე ჩანს მსოფლიო ისტორიის ახალი ტენდენცია - ეთნიკური დაპირისპირება, რაც ქრისტეშობამდე სამყაროსათვის უჩვეულო მოვლენაა. ადგილობრივ ტაძარში არ უშვებენ დორიელებს. კლეომენს, ლეონიდასის ბიძაშვილს, უხდება იმის განმარტება, რომ ის აქაელია და არა დორიელი, ამიტომაც მას აქვს ტაძარში შესვლის უფლება.

    როგორ აღმოჩნდა ყვირილი სპარტანული დემოკრატიის მთავარი მექანიზმი

    სპარტანული საზოგადოების მართვის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი აპელაა, სახალხო კრება - სპარტანული საზოგადოების უმაღლესი ორგანო, რომელიც ყველაფერს წყვეტს, თუმცა არა განსჯის გზითა და მსჯელობით. აქ მთავარია ყვირილი. ვისაც მეტი ხმაურითა და ყიჟინით ხვდებიან, სწორედ ის მიიჩნევა არჩეულად. არისტოტელე ამას ბავშვურ მეთოდს ეძახის. ხმის დამთვლელ კომისიას აქ ორიგინალური ფუნქცია აქვს - სწორედ მას უნდა განესაზღვრა ყვირილისა და ყიჟინის ხარისხი.

    ოდნავ მოგვიანებით ქრისტეშობამდე ჩნდება გერუსიაც - უხუცესთა საბჭო, სწორედ მას დაეკისრა საზოგადოების კონტროლის ფუნქცია. მიიჩნეოდა, რომ მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ ღმერთებთან. 9 წელიწადში ერთხელ ისინი ადიოდნენ მთაზე, საიდანაც ვარსკვლავების მოძრაობას ადევნებდნენ თვალს. თუკი რომელიმე ვარსკვლავი ჩამოვარდებოდა, იმის ნიშანი იყო, რომ რომელიმე მეფე ღმერთების ნების საწინააღმდეგოდ მოიქცა, მათი ნება არ აასრულა, ამიტომაც ის უნდა დაესაჯათ.

    ამ გზით ეფორებსა და მეფეებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო, რაც თანდათან უფრო სახიფათო ხდებოდა. საცნაურია ისიც, რომ სპარტანელებს ძალიან სჯეროდათ ღვთიური მინიშნებების, მათზე მეტად არავინ ენდობა დელფოსის ორაკულს. პიფიას ორატორული გამოსვლები ბევრ რამეს წყვეტდა, მას განსაკუთრებული მანიპულირების საშუალება ჰქონდა, ამიტომაც სპარტანელი დიდებულები ხშირად მიმართავდნენ ხრიკებს, რომ პიფიას მათთვის სასურველი ფრაზები წარმოეთქვა.

    სწორედ პიფია ადასტურებდა, რომ სპარტას მეფე ლეონიდასი ჰერაკლეს, ზევსის შვილის შთამომავალია. ეს ის ლეონიდასია, სპარტას სახელმწიფოს სიმბოლო რომ გახდება მალე.

    სამასი სპარტანელის თავდადება, ლეონიდასის გმირობა თერმოპილესთან ქრისტეშობამდე 480 წელს კაცობრიობის ისტორიას უპრეცედენტო თავგანწირვის მაგალითად შემორჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter