სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ ემთხვეოდა ქართლ-კახეთის დედოფლის მიზნები რუსული იმპერიული პოლიტიკის მისწრაფებებს
    მამუკა ნაცვალაძე
    25.11.2017

     მეთვრამეტე საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოს გაერთიანების საკითხს, რომელიც არ აღსრულდა.

    ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა ვერსიაა გამოთქმული ამ თემასთან მიმართებით, ბევრი ამას ერეკლე მეორის უინიციატივობას მიაწერს, არის მოსაზრება, რომ მეფე საკუთარი ცოლის გავლენას განიცდიდა და მისი კარნახით მოქმედებდა, როცა კატეგორიულად უარს აცხადებდა ამ იდეის განხორციელებაზე.

    რატომ გაჩნდა აგრესია ერეკლე მეორის მიმართ

    ამას შემდგომში მოჰყვა ერთგვარად აგრესიული განწყობა ერეკლეს მიმართ, რაც არცაა გასაკვირი, რამდენადაც საკამათო არავისთვის უნდა იყოს, რომ ქვეყნის გაერთიანება უდავოდ დადებითი მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში, ერთიანობა დამატებით სტიმულს მისცემდა საქართველოს სიძლიერეს, მის პოტენციალს. სწორედ ამ ფონზეა ერთი შეხედვით უცნაური ერეკლეს უარი.

    არადა, ერეკლეს რეფორმები, პოლიტიკური ხედვა აშკარად სამეფოს გაძლიერებას ემსახურებოდა მხოლოდ. ერეკლე არასდროს ყოფილა ცალხაზოვანი არც საგარეო ურთიერთობების ანალიზისას და არც საშინაო საკითხების მოგვარებისას, მას ნებისმიერი გადაწყვეტილებისას აქვს დამაჯერებელი არგუმენტაცია.

    საცნაური კი ისაა, რომ ერეკლეს არგუმენტაცია, რომლითაც უარს ამბობდა იმ მომენტისათვის საქართველოს გაერთიანებაზე, მიუღებელი დარჩა არა მარტო მისი თანამედროვეებისათვის, არამედ მომდევნო ეპოქის ბევრი გამოჩენილი მოღვაწისათვის.

    აქედანვე უნდა ითქვას, რომ წყაროებმა მხოლოდ მშრალად შემოგვინახეს ერეკლეს პოზიცია. ის მასალები, სადაც ეს საკითხებია განხილული, საკმაოდ ემოციურ ფონს მიანიშნებს, სადაც, ბუნებრივია, აფექტური განწყობა სჭარბობს, არადა, ეს ის სფეროა, სადაც ემოციას, მით უმეტეს აფექტს აშკარად ზიანი რომ მოაქვს.

    რატომ მომწიფდა საქართველოს გაერთიანების იდეა იმერეთში

    საქართველოს გაერთიანების იდეა იმერეთში მომწიფდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას ქართლ-კახეთის სამეფოს კარზეც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ყველაფერს კი ბიძგი მისცა იმ ფაქტმა, რომ სოლომონ მეორის ბიძაშვილი, იმერეთის მეფის ტახტზე ასული დავით გიორგის ძე საკმაოდ მიუღებელი პერსონა აღმოჩნდა ბევრისთვის. ის აშკარად რუსულ თამაშს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი კარგად ნიღბავს ამ თამაშს, ინტუიტიურად ხვდებიან მისი მოწინააღმდეგეები, რა მიზანს ისახავს დავითი.

    ის, რომ ქართლ-კახეთსა და იმერეთის სამეფოს შორის არ უნდა იყოს ჰარმონიული დამოკიდებულება, რუსეთისთვის ცხადზე ცხადია. სწორედ ამ ერთობისა და ჰარმონიის მორღვევისათვის სჭირდება მას თავის ნებაზე მართული დავითი იმერეთის მეფის რანგში. ფრაგმენტულად რუსეთი აღწევს კიდეც მიზანს - ამის შედეგი ქართველთათვის არასასურველი პერსონის ხუთწლიანი მეფობაა.

    აყველაფერს აქვს ზღვარი, როგორც ჩანს, აუტანელი გახდა დავით გიორგის ძის თავნებობა. მისი ხისტი პოლიტიკა თურქებთან თითქოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას უნდა განამტკიცებდეს, მაგრამ რეალურად მისი მოქმედება სანკტ-პეტერბურგის მარიონეტის დანიშნულებას არ სცილდება.

    ამას გარდა, სოლომონ პირველის დროინდელი ფეოდალები შევიწროებულნი არიან, განსაკუთრებით წულუკიძე, სოლომონის ცოლის ძმა, გავლენიანი ფიგურა არა მარტო იმერეთში.

    1789 წლის დასაწყისში ერთგვარად იცვლება ვითარება - სოლომონ პორველის ძმისშვილი დავით არჩილის ძე, ტახტის კანონიერი მემკვიდრე, უკვე სრულწლოვანია. აშკარაა, სწორედ მასზე უნდა დაიდოს ფსონი - ამ მხრივ ერთ აზრზე არიან როგორც იმერეთში, ასევე ქართლ-კახეთის სამეფოში, რამდენადაც დავითის პაპაა ერეკლე მეორე, დედამისის - ელენეს მამა, მეორე მხრივ, თავის დროზე მისი გამეფება დიდი სოლომონ პირველის სურვილიც იყო.

    სულ მალე დავით არჩილის ძე იმერეთის ტახტზე სოლომონ მეორის სახელით ავა. ეს იმ განწყობის აფიშირებაა, რომ ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ პირველის პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება.

    რატომ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერიის ემისარი ბურნაშევი სოლომონ მეორის გამეფებას

    მანამდე კი იმერეთის სამეფოს ელიტამ უნდა გაარკვიოს - რა გზას ეწიოს. ასე მარტივად რომ ვერ დაითრგუნება არასასურველი პერსონა დავით გიორგის ძე, ეს კარგად უწყიან, მას ზურგს რუსეთი უმაგრებს. ამიტომაც მოვლენათა განვითარების მთავარ ვექტორად პატრიოტული პოზიცია ისახება - იმერეთის სამეფო ქართლ-კახეთის სამეფოს უნდა შეუერთდეს და საქართველოს გაერთიანება ყველანაირ პრობლემას გადაჭრის.

    რაც შეეხება იმერეთის მომავალ მეფე დავით არჩილის ძეს, როგორც ჩანს, მას ვერ იმეტებენ განტევების ვაცად - მომავალი სოლომონ მეორე ჯერ 16 წლისაა და, ბუნებრივია, აშკარა უპირატესობა თავის ვიზავისთან არა აქვს, თანაც საცნაურია ისიც, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მოვლინებული ემისარი ბურნაშევი კატეგორიულად მოითხოვს ერეკლე მეორისგან, მხარი არ დაუჭიროს საკუთარი შვილიშვილის გამეფებას.

    ამბავი იმერთა წარმომადგენლობითი დელეგაციისა

    ეს კულუარებში ხდება, იმერეთის თავადაზნაურთა ისნის სამეფო სასახლეში ვიზიტის პარალელურად. საკმაოდ წარმომადგენლობითია იმერეთის სამეფოს დელეგაცია: ექვთიმე გაენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე. ფიცისკაცები: ავალიანი, ლორთქიფანიძე, იოსელიანი...

    სწორედ მათ გადასცეს ერეკლეს, რომ იმერეთის სამეფო ხსნას ქართლ-კახეთთან გაერთიანებაში ხედავს და რომ ეს მხოლოდ სამეფო კარის გადაწყვეტილება არაა - ამ იდეის აღსრულებას სიხარულით ელოდება ყველა - თავადები, გლეხები... აქვე ის აზრიც გაცხადდა, რომ გურიისა და ოდიშის მთავრებსაც სურთ, იყვნენ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში.

    ერეკლე მეორე დინჯად გაეცნო იმერეთის სამეფოს დელეგაციის პოზიციას, ბუნებრივია, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ერთი მოსმენით ამას ვერ გადაწყვეტდა და საგანგებო დარბაზობა მოიწვია.

    ისნის სასახლეში იმერლებს დახვდნენ ქართლ-კახეთის კათალიკოსი, მღვდელმთავრები, სახელმწიფოს უმაღლესი მოხელეები. გაერთიანების იდეას მხარს უჭერდა ერეკლე მეფის მდივანბეგი მზეჭაბუკ ორბელიანი, ამავე აზრს ეთანხმებოდნენ კათალიკოსი ანტონ მეორე, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი...

    ამბავი ემოციამოძალებული ისნის სამეფო დარბაზისა

    განსაკუთრებულად ემოციური იყო მდივანბეგი ორბელიანი. ის მხოლოდ ერეკლეს სუბიექტურ არგუმენტებზე აპელირებს და აშკარად მიანიშნებს, რომ ერეკლესთვის საქართველოს გაერთიანება საკუთარი შვილიშვილისთვის ტახტის წართმევის ტოლფასია, აქვე გამოთქვამს თავის აზრს, რომ ეს დამოკიდებულება დამღუპველი იქნებოდა როგორც იმერეთისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. მზეჭაბუკს კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ქართლის მეფეებმაც დაკარგეს ტახტი, თუმცა ეს საქართველოს ნაწილის გაერთიანების საფუძველი გახდა, რითაც ქვეყანამ იხეირა.

    მდივანბეგის ემოციურ მუხტს ერთგვარად უფრო პრაქტიკული წინადადება მოსდევს. ქაიხოსრო წერეთელი მეფეს ალტერნატივას სთავაზობს - გააერთიანოს ქართლ-კახეთი და იმერეთის სამეფო და შემდეგ თუკი ეს გაერთიანება ქვეყნისთვის მავნებელი აღმოჩნდება, ისევ გამოყოს იმერეთი თავისი სამეფოსგან როგორც დამოუკიდებელი სამეფო.

    მეფე არაფერს ამბობს, დუმილით უსმენს გამომსვლელებს, ბუნებრივია, მისი ფიქრი უფრო შორს სწვდება მოვლენათა არსს. ნაწილობრივ ხვდება ივანე მუხრანბატონი მეფის ფიქრებს და სიტყვას ითხოვს. სწორედ მან გამოთქვა ის აზრი, რაც რეალობასთან ყველაზე ახლოს იყო - რთულია იმერეთის შემოერთება, ჩვენთვის ვერ მოგვივლია და იმერეთს როგორ მოვუაროთო... როგორ დავეპატრონოთ ქვეყანას, თავისი პატრონი, მეფის შვილიშვილი, დავით არჩილის ძე რომ ჰყავსო.

    მუხრანბატონის სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებულად ემოციური იყო დავით სარდალი, რომელმაც პოლემიკა პირად დაპირისპირებაში გადაიყვანა - მართალს ამბობს მუხრანბატონი, ის ვერ მოუვლის ქვეყანას, მაგრამ დადგება დრო, როცა სხვა მუხრანბატონის ხმალი უფრო მჭრელი იქნებაო.

    ამ გამოსვლას მოჰყვა არეულობა, ეს არ ჰგავდა ისნის სასახლის იმ დარბაისლურ შეკრებას, სახელმწიფო საქმეები რომ ირჩეოდა დინჯად. მეფემ მიატოვა დარბაზი.

    რატომ იყო დარეჯან დედოფალი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი

    საცნაურია, ერეკლე მეფის თანამეცხედრე დარეჯან დედოფალი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგია, მისი არგუმენტაცია და მოტივაცია არ სცდებოდა სუბიექტურ ფაქტორებს. დავით არჩილის ძე, რომელიც იმერეთის მეფობის პრეტენდენტი გახლდათ, მისი ღვიძლი შვილიშვილია. დარეჯანი სწორედ დავითის საშუალებით ცდილობს, დაიკმაყოფილოს ამბიციები, მის მემკვიდრეთა პირველობას რომ ითვალისწინებს.

    რასაც ვერ მიაღწია ქართლ-კახეთში, დარეჯანს რეალური შანსი ჰქონდა, მიეღწია იმერეთში. ბუნებრივია, დედოფალი ამ რეალურ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.

    დარეჯანი საკმაოდ მიზანდასახული ქალი გახლდათ, ის ვერ შეგუებია იმ აზრს, რომ მისი ღვიძლი შვილი ვერ დაიკავებს ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტს, მეფობის მემკვიდრეობის დადგენილი წესია ამის მთავარი ბარიერი, ამიტომაც ცდილობს, კანონი შეაცვლევინოს მეფეს. აღწევს კიდეც საწადელს - სწორედ ამ ახლად მიღებული კანონის თანახმად გიორგი ერეკლეს ძის შემდეგ ტახტზე უნდა ავიდეს არა მეფის შვილი, არამედ ძმა.

    ეს ის სქემაა, ნამეტანს რომ ამღვრევს წყალს ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე, უფლისწულების დაპირისპირება ხომ რუსეთის იმპერიული იდეოლოგიის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგია იყო. ფაქტობრივად, დარეჯან დედოფლის სუბიექტური განწყობა ზუსტად ესადაგება რუსეთის მიზნებს. ბუნებრივია, უადგილოა იმაზე აპელირება, რომ დარეჯან დედოფლის რაიმე კავშირი ვეძებოთ რუსეთთან, აქ მხოლოდ ინტერესთა თანხვედრაზეა საუბარი და, ბუნებრივია, ეს საკითხიც ამ ინტერესთა თანხვედრის ჩარჩოებშია მოქცეული.

    რატომ ვერ გადაწყვიტა ისნის სასახლის კრებამ საქართველოს გაერთიანების საკითხი

    კარგად ხედავენ იმერეთის სამეფოს დელეგატები, რომ დარეჯანს ეთქმის სიტყვა, ის წყვეტს ბევრ რამეს, ამიტომაც დიპლომატიურად ცდილობენ მის დაყოლიებას. ქუთათელი და გაენათელი, წმიდა მღვდელმთავრები ეწვივნენ დედოფალს, აუხსნეს უმძიმესი სიტუაცია, ისიც მიანიშნეს, რომ გაერთიანება იყო ერთადერთი გზა ამ პრობლემების მოგვარებისა, თუმცა დარეჯანს არაფრის გაგონება არ სურს, მხოლოდ იმას ამბობს, ჩემს შვილიშვილს ვერ წავართმევ იმერეთის მეფობასო.

    დარბაზის კრება ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა, ისევ იმ აზრზე იყვნენ იმერელი დიდებულები, ისევ ის პათოსი სუფევდა დარბაზში, კათალიკოსი ანტონ მეორეც საქართველოს გაერთიანებას უჭერდა მხარს. ამავე პოზიციას იზიარებს მომავალი მეფე გიორგი ბატონიშვილი, რომელსაც მეფე ერეკლემ საგანგებოდ მისცა სიტყვა.

    ერეკლესთვის ეს, ფაქტობრივად, ჩიხი იყო, ან უნდა მიეღო დარბაზის გადაწყვეტილება, ან თავისი არგუმენტი მოეტანა უარის გასამყარებლად. ერეკლემ ეს უკანასკნელი პოზიცია აირჩია - საქვეყნოდ ის ისევ საკუთარი შვილიშვილისთვის სამეფო გვირგვინის წართმევაზე აპელირებდა - არ დავუშვებ, რომ ახალი მტერი შევიძინო და ეს მტერი ჩემი შვილიშვილი იყოსო.

    ამით დაესვა წერტილი საქართველოს გაერთიანების იდეას, საცნაური კი სწორედ ის იყო, რომ ისნის სასახლეში არავის გასჩენია აზრი, საქართველოს გაერთიანებას მხოლოდ ქართველთა სურვილი რომ არ ეყოფოდა. უკვე დამდგარიყო ჟამი, როცა მსოფლიო იმპერიები საქართველოს აღარასდროს მიუშვებდნენ ნებაზე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter