სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    25.11.2017

     საქართველოში ძველი ნივთების შეგროვებას დიდი ხნის ისტორია რომ აქვს, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მასალა, თუ როგორ დაიწყო მე-19 საუკუნეში სიძველეების შესწავლისა და დაცვის საქმე და როგორ ჩატარდა პირველი არქეოლოგიური კონფერენცია თბილისში, რომელსაც ორმოცამდე უცხოელი მეცნიერი ესწერებოდა.

    ისტორიული წყაროების მიხედვით, სიძველეების შესწავლისა და მათი ისტორიასთან დაკავშირების ცდა გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის, ვახუშტი და თეიმურაზ ბაგრატიონების თხზულებებში, აგრეთვე უცხოელ მოგზაურთა - არქანჯელო ლამბერტის, კრისტეფორო დე კასტელის, ფრიდრიხ დიუბუა დე მონპერეს და სხვათა ჩანაწერებში.

    თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, ძველი ნივთების საცავი ძირითადად მეფეთა კარზე ყოფილა. საცავ-სალარო თბილისში, სადაც სამეფო ხაზინასთან ერთად ინახებოდა მიწაში ნაპოვნი ნივთები, ძველი მონეტები და იარაღ-საჭურველი, 1795 წელს სპარსელების მიერ თბილისის აღებისას დაუნგრევიათ და გაუძარცვავთ.

    როგორც ისტორიკოსი გიორგი გამყრელიძე წერს, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ყურადღება მიაქცია საქართველოს სიძველეებს მე-19 საუკუნეში, იყო გეოგრაფიული საზოგადოება, რომელიც 1850 წელს დაარსდა თბილისში. მისი აქტიური წევრები იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეები რაფიელ ერისთავი, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი და სხვები.

    პირველსავე სხდომაზე საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ შექმნილიყო მუზეუმი, საზოგადოების წევრებს კი დაევალათ ექსპონატების შეგროვება და საველე ექსპედიციებში მონაწილეობა.

    მუზეუმი გაიხსნა 1852 წლის გაზაფხულზე, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე. მუზეუმში იყო სულ სამი განყოფილება - ეთნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და ისტორიულ-არქეოლოგიური.

    1854 წლისთვის მუზეუმი უკვე ფლობდა 3 300 ექსპონატს. მარტო საისტორიო-არქეოლოგიურ კოლექციებში თავი მოეყარა დიდი რაოდენობით ნუმიზმატიკურ მასალებს, საჭურველ-იარაღის ნაშთებს, სამკაულებს და სხვა ნივთებს.

    მუზეუმს ურთიერთობა ჰქონდა უცხოურ სამეცნიერო დაწესებულებებთან. 1863 წელს მუზეუმი დაიშალა და მისი კოლექციები გადაეცა თბილისში ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს, რომლის საფუძველზეც შემდგომში დაარსდა საქართველოს მუზეუმი.

    საქართველოს მუზეუმის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთ წევრს - პლატონ იოსელიანს, რომელიც არაერთი საინტერესო ისტორიულ-არქეოლოგიური ნაშრომის ავტორია, სადაც იგი სხვა საკითხებთან ერთად იხილავს საქართველოში ქალაქების წარმოშობის ისტორიას. კერძოდ, მცხეთას, სადაც, მეცნიერის მოსაზრებით, ბევრი ისეთი ნივთი ინახება, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლია.

    მოკლედ, 1864 წელს მცხეთაში, მდინარე მტკვრის ნაპირზე, მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოუჩენიათ ქვათლილი 75 წელს ამოკვეთილი წარწერით. შემდეგ მცხეთაშივე, სამთავროს ველზე და ბებრისციხის მიდამოებში, ისევ შემთხვევით აღმოაჩინეს უძველესი სამარხები. ამ აღმოჩენებმა გამოიწვია არა მხოლოდ მეცნიერების დაინტერესება, არამედ ხელისუფლებისაც და 1871 წელს თბილისში მცხოვრებ ნატურალისტ ფრიდრიხ ბაიერნს სთხოვეს სამთავროს ველზე გათხრების წარმოება.

    გაითხარა სამარხები, ამოიღეს კერამიკა, ლითონის იარაღები, სამკაულები, რომლებითაც შემდეგ კავკასიის მუზეუმის ფონდი შეივსო.

    1885 წელს ბერლინში გამოიცა ფრიდრიხ ბაიერნის ნაშრომი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მეცნიერის მიერ განხილული იყო სამთავროს ველის სამარხები. ასევე, ფრანგი ანთროპოლოგი შანტრი სამთავროში თხრის რამდენიმე სამარხს და მცხეთის ამ არქეოლოგიური აღმოჩენების შემდეგ უცხოელ არქეოლოგთა ინტერესი საქართველოს სიძველეების მიმართ უფრო გაიზარდა. ამიტომ საქართველოში შეიქმნა არქეოლოგიური კომიტეტი, რომელსაც ისტორიულ-არქეოლოგიური სამუშაოების კოორდინაცია უნდა მოეხდინა.

    კომიტეტის შესახებ ცნობები დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალებში. მალევე კომიტეტი შეუერთდა "კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებას", რომელიც დაარსდა თბილისში. იმავე წელს დამტკიცდა წესდება, რომლის თანახმადაც, საზოგადოების ცენტრი იქნებოდა თბილისში და მისი მიზანი იყო სიძველეთა გადარჩენა განადგურებისგან. ასევე, მოსახლეობისგან უნდა შეეძინათ სიძველეები, მოპოვებული მასალა კი შეესწავლათ.

    საზოგადოებას კავშირი უნდა დაემყარებინა ევროპის სხვადასხვა საზოგადოებასთან. 1875 წელს თბილისში გამოიცა საზოგადოების პირველი წიგნი.

    "კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების" დამსახურებაა თბილისში არქეოლოგიური კონფერენციის ჩატარებაც. კონფერენციის ჩატარების შესახებ პირველი განაცხადი საზოგადოების სხდომაზე გაკეთდა. მალევე ჩამოყალიბდა მოსამზადებელ-საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც უნდა შეეკრიბა მასალები საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის შესახებ. ამ სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები - ბაქრაძე, ცაგარელი, ერისთავი, ბერჟე, ვაიდენბერი, რადე და სხვები.

    საორგანიზაციო კომიტეტმა თბილისში მოიწვია ორმოცამდე ცნობილი უცხოელი მეცნიერი, მათ შორის მონტელიუსი სტოკჰოლმიდან, მორტელიე, რამბო, შანტრი პარიზიდან, როსი რომიდან, ვირხოვი ბერლინიდან, შლიმანი საბერძნეთიდან. კონფერენცია თბილისში 1881 წლის 8 სექტემბერს 12 საათზე გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდა 850-მდე მეცნიერი, მათ ჰქონდათ სპეციალური საშვები და სამკერდე ნიშნები.

    კონფერენციაზე წაკითხულ იქნა 81 მოხსენება. სტუმრებისთვის მოეწყო არქეოლოგიური ნივთების გამოფენა, ექსკურსიები მცხეთაში, უფლისციხესა და გელათში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter