სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    24.11.2017

     მუნიციპალიტეტებს, შესაძლოა, დაევალოთ, გამოყონ შესაბამისი სამსახური, რომელიც ცხოველთა დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო პირი, რომელიც საკუთარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს დაარღვევს და არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით გასამართლდეს.

    აღნიშნულ რეგულაციას ითვალისწინებს კანონპროექტი "ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შეახებ", რომლის ავტორებიც არიან: ცხოველთა უფლებების კომიტეტი, "ჰუმანიმალი", ცხოველთა ადვოკატირების ცენტრი და "ასოციალური განვითარებისა და პროგრამების ცენტრი". კანონი არ ვრცელდება შინაურ ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.

    კომპანიონია ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის, ბეწვის, ბუმბულის, ტყავისა და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.

    როგორც საკანონმდებლო ინიციატივაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტებმა უფლებამოსილი სამსახურის გამართული მუშაობისთვის 2018 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავება.

    ამავე პერიოდისთვის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს კომპანიონი ცხოველების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა, რეგისტრაციის, მიკროჩიპზე დასატანი ინფორმაციის, საკონტროლო რეგისტრირებისა და კომპანიონ ცხოველთა ერთიან რეესტრში შესატანი წესი.

    "2018 წლის 1-ელ დეკემბრამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიმუშაოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპანიონ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი, რომელიც იქნება კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისი. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან," - ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივაში.

    იმ შემთხვევაში, თუ კომპანიონ ცხოველთა პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი დაარღვევს კანონით განსაზღვრულ წესებს და ვალდებულებას არ შეასრულებს, მისი პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება.

    დოკუმენტის მიხედვით, პარტნიორი ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის აუცილებლია, რომ ყველა მათგანს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, იარსებობს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში. ყოველად დაუშვებელია მისი მიტოვება ან უმიზეზოდ მოკვლა, ხოლო მკვდარ ცხოველს არ უნდა მოეპყრან უკადრისად.

    კომპანიონი ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების სახე უნდა პასუხობდეს სახეობისთვის დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ და ქცევით ნორმებს. ნებისმიერი ქმედება, მიმართული კომპანიონი ცხოველის სახეობის განადგურებისკენ, არის დანაშაული და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

    გარდა ამისა, კომპანიონი ცხოველები საჭიროებენ შესაბამის კვებას, დარწყულებას, კეთილსაიმედო გარემოს, დასაძინებელი ადგილის გამოყოფას (მოწყობა, დათბუნება, განათება), გასეირნებასა და შესაბამის აქტივობას. ასევე, დროულ და სათანადო სამედიცინო დახმარებას, შესაბამისი ჰიგიენური პირობების შექმნას, მათ სოციალიზაციას და ა.შ.

     კომპანიონი ცხოველის პრიზის, ჯილდოს ან პრემიის სახით ვინმესთვის გადაცემა ყოვლად დაუშვებელია.

    მუნიციპალიტეტების ბაზაზე შექმნილ ცხოველთა დაცვის შესაბამის სამსახურს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის გაკონტროლება დაევალება.

    კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ბიურომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს უკვე დაავალა.

    "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომელთაგან ორი ძირითადის გამოყოფა შეიძლება.

    "პორველი ის, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია კანონი ცხოველთა სასტიკი მოპყრობის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი უკვე წელიწადზე მეტია, პარლამენტშია და არ ხდება მისი მიღება. თანაც იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევები და კანონის მიღება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

    "მეორეა ცხოველთა შენახვისა და დაცვის მონიტორინგი, რაშიც სრულიად ვეთანხმები კანონპროექტის ავტორების სულისკვეთებას, რადგან აუცილებელია კონტროლი კომპანიონ ცხოველებთან მიმართებით. სამწუხაროდ, უსახლკარო ცხოველების გამრავლების წყარო სწორედ უპასუხისმგებლო მეპატრონეები არიან, რომლებიც ან ქუჩაში ყრიან საკუთარ ცხოველებს ან თავშესაფარში აბარებენ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ზედამხედველობის გამკაცრება," - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი და აღნიშნავს, რომ ასევე საჭიროა იმ კანონმდებლობის რეალურად ამოქმედება, რომელიც ნაწილობრივ და ისიც მხოლოდ თბილისსა და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მუშაობს.

    "ამ კანონის ამოქმედება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მეპატრონეებმა სრულად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოველებსა და მათ შთამომავლობაზე. ცხოველი არ არის სათამაშო და სრულიად მიუღებელია, როდესაც მეპატრონეს მობეზრდება, ისინი ქუჩაში გაუშვას.

    "ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მათ მიმართ, ვისაც მოვიშინაურებთ და ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურული გადახვევა, ეს არის რეალობა, რომლისგანაც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან შორს ვართ. ამიტომ ვინც თავად ვერ ხვდება, რომ ცხოველზე პასუხისმგებელია, მას უნდა მოეთხოვოს კანონის ენითაც," - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter