სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უფრო ხანდაზმული ადამიანები ასრულებენ, ახალგაზრდებს არც ინტერესი აქვთ და არც ძველებური რწმენა"
    თამუნა მუკბანიანი
    24.11.2017

     მაღალმთიანი რეგიონები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ტრადიციებით, ნელ-ნელა ამ ადათებს კარგავს ან სახეშეცვლილად ასრულებს. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ბარისაკენ დაწყებული დიდი მიგრაციის შემდეგ, როცა მთა, ფაქტობრივად, დაიცალა, ხატობის გარდა, სხვა ადათ-წესები უმეტეს შეთხვევაში დავიწყებას მიეცა.

    საქართველოს მთიანი რეგიონები ყოველთვის გამოირჩეოდა მკაცრი და მრავალგვარი ტრადიციებით. მასობრივი მიგრაციის შემდეგ, როცა მთის მოსახლეობა ბარში გადმოსახლდა და სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა, ადათების დაცვამაც თანდათან იკლო. დღეს ძველი ჩვეულებების შესრულება უმეტესად ხატობით შემოიფარგლება. ესღაა მთიელთა კავშირი წინაპრების წეს-ჩვეულებებთან.

    აღმოსავლეთის მთაში თითქმის სრულ მივიწყებას მიეცა ხევისბერის ინსტიტუტი, ხოლო სვანეთში - მახვშები. სვანეთის რამდენიმე თემში ჯერაც არსებობს თავკაცთა კრება, თუმცა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

    ხევსურეთსა და ფშავში, ასევე სვანეთშიც, შემორჩენილია რამდენიმე დღესასწაული, ე.წ. ხატობა, რომლებიც სინკრეტული დღესასწაულებია, ანუ ქრისტიანობისა და წარმართული წეს-ჩვეულებების ნაზავი.

    რაც მეტი დრო გადის, მთა იცლება და ბარში ჩამოსახლებული ადამიანების ცხოვრების ტემპი ჩქარდება, მით ნაკლებად იცავს მოსახლეობა ტრადიციებს, რომლებიც წინაპრების ყოველდღიურობა და წმიდათაწმიდა წესი იყო.

    მაკო რაზიკაშვილი ფშავიდანაა და ახლა კახეთში ცხოვრობს. იგი ადასტურებს, რომ ძველ ჩვეულებებს პირვანდელი სახით თითქმის აღარავინ იცავს და რაც შემორჩენილია, იმასაც ძირითადად უფროსი თაობის ადამიანები ასრულებენ.

    "ფშავში და, საერთოდ, მთაში ყველგან იმდენად ბევრია წეს-ჩვეულებები, რომ თანამედროვე ცხოვრებაში მათი შესრულება ძალიან რთული ან შეუძლებელიც კია. ფშავში დარჩენილი ადამიანები ალბათ მეტ-ნაკლებად ახერხებენ, პირვანდელი სახით შეასრულონ ის ადათები, რაც მამა-პაპათაგან მოგვდგამს. კახეთში კი, მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტურად ვართ ჩასახლებული, ყველაფერი მაინც სახეცვლილად და შემსუბუქებულად სრულდება, ხატობის რიტუალიც კი. ამასაც, რა თქმა უნა, უფრო მეტად ხანდაზმული ადამიანები ასრულებენ. ახალგაზრდებს დიდად არც აინტერესებთ და არც ისეთი რწმენა აქვთ, რომ გააზრებულად იცავდნენ და არა ინერციით.

    ჩვენი ტრადიციის მიხედვით, ყოველი გვარის ნაწილი რომელიმე ხატის ყმაა და ამასთან დაკავშირებული დღესასწაულებიც აღნიშნება. ახლა ეს უკვე მხოლოდ რიტუალურ ხასიათს ატარებს", - განუცხადა "რეზონანსს" მაკო რაზიკაშვილმა.

    ტრადიციების უმეტესობა, რომლებიც მთაში მყარად ფესვგადგმული იყო, კომუნისტური რეჟიმის დროს რელიგიის აკრძალვითა და შეზღუდვით თანდათან გაქრა, რასაც ადასტურებს დათა ონიანი, რომელიც სვანეთიდანაა.

    "რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ადათს, მაგრამ უმეტესობა, რომლებიც მთაში იყო, კომუნისტური რეჟიმის დროს ნელ-ნელა გაქრა ან სახე იცვალა. ჩემი მშობლების თაობა ყოველ კვირას რაღაცას დღესასწაულობდა - ხან მოსავლის სიუხვეს ავედრებდნენ უფალს, ხან შინაური პირუტყვის ნადირისაგან დაცვას სთხოვდნენ. ეს რწმენა-წარმოდგენები წარმართულია და კარგიცაა, რომ გაქრა, მაგრამ ბევრი სასარგებლო ტრადიციაც დაიკარგა.

    სვანეთში ხელშეუხებელი იყო მახვში და თემთა საბჭოები, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ კანონი და სამართალი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს, ვერ აღწევდა მაღალმთიანეთში. დღეს ამის საჭიროება აღარაა და ეს ინსტიტუტიც სიმბოლურადღა შემორჩა, უფრო სწორად, ინერციით დღემდე არსებობს და თანდათან გაქრება.

    არის ტრადიციები, რომლებსაც მეც პატივს ვცემ. მაგალითად, ხატობა, რომელიც ერის სიმრავლისა და მშვიდობის მავედრებელია, მაგრამ ამ დროსაც ხარის რქაზე დანთებულ სანთლებს (რაც დღემდე ხდება) ტაძარში აღვლენილი ლოცვა მირჩევნია.

    ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მისტიკური, რაც კი მახსენდება - "ქვინარეში" - სულების მოპატიჟების პერიოდია. ზამთარში, შობასა და ნათლისღებას შორის, რომელიღაც 1 კვირა ყოველ დილა-საღამოს სუფრა იშლება და საკურთხი მზადდება მიცვალებულთათვის. იმ დღეებში ისე იქცევიან, თითქოს ნამდვილად მოდიან ისინი. კერძებსაც კი იმას ამზადებენ, რაც გარდაცვლილს უყვარდა. ბავშვობაში ბებია აკეთებდა ასეთ სუფრებს და კარგად მახსოვს. დედა სვანეთიდან არ არის და თბილისში გადმოსახლების შემდეგ ეს ტრადიცია ჩემს ოჯახში გაქრა, თუმცა ვიცი, რომ სვანეთში ახლაც აღასრულებენ ამ წესს", - გვითხრა დათა ონიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter