სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამბობდნენ, ამ სიტყვებზე ბერიამ რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო"
    ია აბულაშვილი
    22.11.2017

     საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ცნობილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის, ევგენი მიქელაძის ხელმძღვანელობით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების ფონოჩანაწერები. მათ შორის, შესავალი ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან "დაისი" და კიაზოს არია "სულო ბოროტო" სანდრო ინაშვილის შესრულებით; "აბესალომ და ეთერიდან" აბესალომისა და მურმანის დუეტი სანდრო ინაშვილისა და ნიკო ქუმსიშვილის შესრულებით; არიები დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან "თქმულება შოთა რუსთაველზე", მელიტონ ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი" და სხვა. ასევე დირეჟორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები.

    ეს უნიკალური მასალა ეროვნულ არქივში მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს არქივის თანამშრომელთა ინიციატივით შეიკრიბა. როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული დირიჟორის დახვრეტის შემდეგ, მასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ნივთების უმეტესობა განადგურდა, არქივის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, თავად მოეძებნათ სხვა არქივებსა თუ კერძო კოლექციებში გაბნეული ფონოჩანაწერები, ფოტოები. ამ გზით მოხვდა ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში დირიჟორის ჯოხი, რომელიც მასზე გაკეთებული წარწერის მიხედვით ევგენი მიქელაძეს 1932 წელს, თბილისის კონსერვატორიის სადირიჟორო კლასის საფორტეპიანო ანსამბლისგან საჩუქრად მიუღია. ეს ძვირფასი რელიკვია არქივს ცნობილი მუსიკოსის, გიორგი თაქთაქიშვილის ოჯახმა გადასცა. არქივში ასევე დაცულია ევგენი მიქელაძის პარტიტურები, მათ შორის - შტრაუსის "დონ ჟუანის" პარტიტურა დირიჟორის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით, რომელიც ევგენი მიქელაძეს დაპატიმრებამდე ერთი კვირით ადრე მეგობრისთვის უთხოვებია. ეს პარტიტურა არქივს კომპოზიტორმა შალვა შველიძემ გადასცა. არქივში ასევე დაცულია დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ალექსანდრე გაუკის, ევგენი ბრავინსკის, დავით გამრეკელისა და სხვათა მოგონებები.

    დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ ლეგენდარული დირიჟორის ხანმოკლე ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ისტორია, ამაში კი მისი მეგობრების მოგონებები დაგვეხმარება.

    ევგენი მიქელაძემ დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია მალკოსა და გაუკის კლასი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1931- 1937 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1933 წელიდან - მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან - სამხატვრო ხელმძღვანელი. ამავე პერიოდში მის მიერ დაარსდა საქართვლოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

    აი, რას წერს თავის წიგნში გიორგი თაქთაქიშვილი: "ჟენია და მისი ამხანაგები გამოჩენილი რუსი დირიჟორის, მალკოს კლასში შევიდნენ, მაესტროს მაგიდაზე ჩოგბურთის ჩოგანი იდო. გამოკითხვის დროს პედაგოგმა ჩოგანი აიღო და მისი სიმები მაგიდის კიდეს ჩამოჰკრა. "აბა ვინ იტყვის, რა ნოტი იყო? ვერავინ უპასუხა, მიქელაძე მივიდა როიალთან და იგივე ნოტი აიღო. ამან აღტაცებაში მოიყვანა მალკო და იქ მყოფი სტუდენტობა".

    "მას ბუნებამ ყველაფერი მისცა: ჭკუა, მუსიკალური ტალანტი, სილამაზე და მომხიბვლელობა, ღირსებათა მსგავსი ნაზავი არცთუ ხშირია... ევგენი მიქელაძე დირიჟორობას ლენინგრადის კონსერვატორიაში მალკოს კლასში დაეუფლა და თვალში საცემი ნიჭიერების წყალობით თავიდანვე მიიქცია ყურადღება, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მშობლიურ საქართველოში დაბრუნდა, სადაც ბრწყინვალედ დაიწყო დირიჟორული კარიერა თბილისის ოპერის თეატრში. ჩვენ ერთად ვსწავლობდით კონსერვატორიაში და ამიტომ კარგად ვიცნობდი ევგენის, მაგრამ ბედი ძალიან უსამართლო და სასტიკი აღმოჩნდა მის მიმართ. მიქელაძე საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ქალიშვილზე დაქორწინდა და როცა სიმამრი "ხალხის მტრად" შერაცხეს და დახვრიტეს, მალე კვალში ევგენიც ჩაუყენეს, "ხალხის მტრად" გამოაცხადეს და ბერიას ბრძანებით დახვრიტეს. ასე ახალგაზრდულ ასაკში მხეცურად გაანადგურეს ადამიანი, რომელსაც შეეძლო, მსოფლიო მუსიკალური კულტურის მშვენება და სიამაყე გამხდარიყო", - წერდა მარკ რეზნიკოვი "მოხუცი მუსიკოსის ჩანაწერებში".

    ევგენი მიქელაძე 1937 წლის 4 ნოემბერს "ლატავრას" გენერალური რეპეტიცის შემდეგ თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს, უშიშროების საგამოძიებო საქმეში ეწერა: "ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დაგეგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის სამხატვრო გეგმის ჩაშლაში".

    ევგენი მიქელაძის დაპატიმრების ამბავს კი ასე იხსენებდა ცნობილი დირიჟორი ალექსანდრე მაჭავარიანი: "მისი დებიუტი თბილისში "სტელას" ბაღში შედგა. იმ საღამოს სადირიჟორო პულტთან პირველად უნდა მენახა ევგენი მიქელაძე, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი, რომელმაც ის-ის იყო დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილება გაუკის ხელმძღვანელობით. ქართველი დირიჟორები მაშინ ძალზე ცოტანი იყვნენ: ივანე ფალიაშვილი, გველესიანი, აი, მხოლოდ ამ ორი გვარით ამოიწურებოდა მთელი სია. მიქელაძის გამოჩენას მღელვარებით ხვდებოდა ქართული საზოგადოება. ყველას აინტერესებდა, როგორ დაიმორჩილებდა და წაიყვანდა ორკესტრს, როგორ გაიჟღერებდა ნაწარმოები. დაიწყო კონცერტი, გამოჩნდა ახალგაზრდა დირიჟორი, მოხდენილი ჭაბუკი შედგა სადირიჟორო ამაღლებულ ადგილზე, სწრაფი მოძრაობით ასწია ხელი, დარბაზი გაინაბა. ეს იყო ახალი ყური, ახალი გაგება, ახალი გააზრება, რომელიც უფრო ახლოს აღმოჩნდა დროსთან, მის მოთხოვნებთან. საქართველოში ჩაისახა ახალი ტენდენციები, რომლებმაც გადალახა ერთგვარი კონსერვატიზმი. კონცერტი დამთავრდა, მაგრამ ზეიმი არ დამთავრებულა, იყო მილოცვები, სიხარულის ცრემლები. მე არ მივსულვარ მასთან, მხოლოდ ვიდექი საარტისტო ოთახის კართან კუთხეში.

    ასევე კუთხეში ვიდექი, ოღონდ უკვე მის კაბინეტში, როდესაც ჟენია მიქელაძე დააპატიმრეს, მოსკოვში საქართველოს დეკადაზე ტრიუმფალური წარმატების შემდეგ. ეს მოხდა ჩემ თვალწინ. საღამოს "ლატავრას" გენერალური რეპეტიციის შემდეგ თეატრის მთავარი რეჟისორის ევგენი მიქელაძის კაბინეტში გაიმართა მსჯელობა, კრებას ევგენი უძღვებოდა. უეცრად კარი გაიღო და მოახსენეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ. მიქელაძემ დარბაისლურად უპასუხა - მოითმინონ. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კარი ისევ გაიღო და ამჯერად უკვე ჩეკა-ს ფორმიანმა "მწვანექუდამ" უბრძანა - გარეთ გამობრძანდითო. მიქელაძე როგორც ჩანს მიხვდა, რისთვის "შეაწუხეს" ღამის თორმეტ საათზე და კარისკენ გაემართა. მე იქვე კართან კუთხეში ვიჯექი და გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი "შრომის წითელი დროშის ორდენს" და ჩამოგლიჯა პიჯაკის ბორტიდან. ელვის სისწრაფით მიიხურა კარი, მივხვდი, რომ ბალეტზე ოცნება უკვე ზედმეტია".

    დაპატიმრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბევრი ჭორი თუ მართალი დადიოდა თბილისში. ამბობდნენ, ბერიამ ორახელაშვილების ოჯახზე შური იძიაო; ქეთევანი ქუჩაში უნახავს, მოსწონებია და გასაუბრებაც სურდა, მაგრამ ქეთევანის დედამ, მარია ორახელაშვილმა ამის უფლება არ მისცა და შვილს უთხრა, ამ გობმეშოს როგორ ელაპარაკებიო. მალე ქეთევანი ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. ბერიას უყვარდა ოპერაში სიარული, ყველა პერმიერას ესწრებოდა, ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულ ლავრენტი ბერიას ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა "თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან".

    მოკლედ, ბერიას ეს ამბები არ დავიწყებია. როცა საშუალება მიეცა, ჯერ მამია და მარიამ ორახელაშვილები სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა. ორივეს წამებით ამოხდა სული. შემდეგ ევგენი და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დათხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონს მაინც უცვნია დაკითხვაზე მისული ბერიას ხმა.

    - კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? - უკითხავს ბერიას მიქელაძისთვის.

    - ლავრენტი პავლოვიჩ, მე არასდროს ვყოფილვარ ქვეყნისა და ხალხის მტერი, - უპასუხია მიქელაძეს.

    - საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ?

    - მე კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, - უპასუხა მიქელაძემ.

    ამბობდნენ, ამ სიტყვებზე ბერიამ რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო.

    დახვრეტის მომენტში ევგენი მიქელაძე მხოლოდ 34 წლის იყო.

    1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აკმილინსკის შრომა-გასწორების ბანაკში. მცირეწლოვანი შვილები - თინათინი, რომელიც მაშინ 3 წლის იყო, ვახტანგი კი წლინახევრის - როცა სრულწლოვანები გახდნენ, 1951 წელს ყარაგანდაში გადაასახლეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter