სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    1 მანქანა შეშა 100-150 ლარით გაძვირდა და უსახსრობის გამო ხალხი მომარაგებას ვერ ახერხებს
    ნათია ლომიძე
    21.11.2017

     რამდენიმე დღეში მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად აცივდება და ზამთარიც დადგება, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეშა ვერ მოიმარაგა. ხეტყის არარსებობისა და, ასევე, სიძვირის გამო სოფლის მოსახლეობა მის შეძენას ვერ ახერხებს. თუ გავითვალისწინებთ სინოპტიკოსების პროგნოზს, წელს საკმაოდ ცივი ზამთარი გველოდება, გათბობის გარეშე დარჩენილ სოფლებში კი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფიც გაძვირდა.

    შეშის მარაგის პრობლემაა იმერეთში, კახეთში, აჭარასა და სხვა რეგიონებშიც. გლეხები შეშას ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარ ეზოში აგროვებენ და ასე ცდილობენ გათბობას, ნაწილს კი მის შესაძენად ვალის აღება დასჭირდა.

    ზამთრის სიცივეებისთვის თავის დასაღწევად დარბაიძეების ოჯახმა 1 კუბური მეტრი საშეშე მერქნის შესაძენად თანხა გაჭირვებით მოაგროვა, თუმცა ეჭვობენ, რომ ასეთი მცირე რაოდენობის შეშით ორი თვე მოახერხონ გათბობა. ზამთრის დღეებში ისინი ბუნებრივი აირით ვერ გათბებიან, რადგან ყოველთვიური გადასახადის დაფარვა გაუჭირდებათ.

    "არც კი მინდა წარმოვიდგინო, თუ რა პირობებში მომიწევს ამ ზამთრის გატარება. დენისა და გაზის გასათბობად გამოყენებას გამოვრიცხავ. ოჯახში 6 ვართ და მხოლოდ ორი წევრი ვმუშაობთ, ჩვენი შემოსავალი კი ყოველდღიური ყოფითი საკითხების მოგვარებას ხმარდება. გარდა ამისა, არ არსებობს ოჯახი საქართველოში, ბანკის სესხი არ ჰქონდეს. ჩვენც მათ რიცხვში ვართ და ვცდილობთ, შემოსავალი და ხარჯი ისე გადავანაწილოთ, რომ არ დავზარალდეთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, სოფელში ოდესმე გათბობის პრობლემა თუ შეგვექმნებოდა. თავი სიზმარში მგონია, ამაზე რომ ვსაუბრობ. ზამთრის დადგომა, სხვა პრობლემებთან ერთად, გათბობის მხრივაც მაშინებს", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" ლელა დარბაიძემ.

    დღეს შეშის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე მარაგი. მოთხოვნა მზარდია, ხოლო მიწოდება დროდადრო მკვეთრად მცირდება. სადაცაა დეკემბერი დადგება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მისი შეძენა ფინანსური პრობლემების გამო ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებია. იმერეთში მცხოვრები რეზო გაგნიძე საკუთარი სოფლის მოსახლეობას, წლებია, შეშით ამარაგებს. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ის შეშის გაძვირებას არ უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნაცნობებს თანხის ნაწილობრივ გადახდაზე თანხმდება.

    "ყოველ წელს ვდგავართ ერთი და იმავე პრობლემის წინაშე. მოსახლეობის მხრიდან შეშაზე მოთხოვნა ძალიან დიდია რეალურ რესურსთან შედარებით. მეც სოფელში ვცხოვრობ და ზამთრის მარაგი მეც მჭირდება. ამის გამო მათი ძალიან კარგად მესმის. შეშის ფასი ნამდვილად გაზრდილია, მინიმუმ, 100 ლარით მაინც 1 მანქანაზე, რაზეც ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა. როდესაც სოფელში ნაცნობებთან შეშა მიმაქვს, ვცდილობ, თანხის ნაწილი გამოვართვა. ასე რომ არ მოვიქცე, ის შეშა მეც გასაყიდი დამრჩება, ხალხი კი ზამთარში გაიყინება. სიმართლე გითხრათ, ჯერ ჩემთვის შეშა არც მომიმარაგებია, რადგან ნისიად გაყიდულის თანხა ბოლომდე არ ამიღია. ამან სხვადასხვა ხარჯიც უნდა გაისტუმროს და მეც უნდა დამრჩეს ცოტაოდენი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" რეზო გაგნიძემ.

    მიუხედავად იმისა, რომ შეშის დეფიციტი თითქმის ყველა რეგიონშია, მოსახლეობის ნაწილმა თადარიგი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიჭირა და ზამთრის მარაგი შეიძინა. კახეთის რაიონის მკვიდრი გურამ ლაპიაშვილმა ამბობს, რომ შეშას ყოველწლიურად რამდენიმე თვით ადრე ყიდულობს, რის გამოც პრობლემა არასდროს შექმნია. მიუხედავად ამისა, მას შეშის დეფიციტი მაინც აშინებს და იმედოვნებს, რომ მოსახლეობისთვის რამე ალტერნატივა გამოიძებნება.

    "შეშა ზაფხულში მოვიმარაგე. ეზოში ორი ხე გახმა და ისიც მოვჭერი, რაც ზამთრის მარაგს შეემატა. ყოველწლიურად რამდენიმე თვით ადრე მომაქვს შეშა, მართალია, ადრინდელთან შედარებით ფასმაც მოიმატა, მაგრამ ეს ყველაფერი კანონზომიერია. საწვავის ფასი და სხვა ბევრი ხარჯი აქვს მეტყევეს, რის გამოც თავს ვერ დაიზარალებს და შეშას არსებულ ფასზე ნაკლებად ვერ მოგვყიდის. საერთო ჯამში, უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ მუდმივად მესმის, რომ ტყეში შეშის დეფიციტია და მომავალში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. ეს კი მართლაც დამაფიქრებელია. დიდი იმედი მაქვს, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება და ხალხი არ დაზარალდება", - აღნიშნა ლაპიაშვილმა.

    მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ შეშის პრობლემა თითქმის ყველა რეგიონშია, გარდა რაჭისა. იქ ოჯახების უმრავლესობას სათბობი მომარაგებული აქვს და ზამთარს ასე თუ ისე მშვიდად ელოდება. სხვაგან კი ერთი მანქანა შეშის ფასი, წინა წლებთან შედარებით, 150-200 ლარითაა გაზრდილი. ამის გამო მრავალი ოჯახი ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ახერხებს.

    "უამრავი პრობლემაა, რისი დაძლევაც რეგიონში მცხოვრებლებს გვიწევს, მაგრამ უმთავრესი მაინც ფინანსური საკითხია. წელს ერთი მანქანა შეშა 550-600 ლარი ღირს. ადრე გაცილებით ნაკლებად ვყიდულობდი. უკვე საკმაოდ აცივდა, მე კი ჯერაც არ მიყიდია ზამთრის მარაგი. ჩემი მეზობლებიდანაც მხოლოდ რამდენიმემ შეძლო შეშის მომარაგება. წინ გრძელი და ცივი ზამთარი გველოდება. გაზით ან ელექტროენერგიით გათბობა და ზამთრის გადატანა ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რასაკვირველია, ისევ და ისევ უსახსრობის გამო", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იმერეთის მკვიდრი გია ხვედელიძე.

    სხვა რეგიონების მსგავსად, შესაძლოა, შეშის პრობლემა ბორჯომშიც შეიქმნას. წელს გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობა ზამთარს შიშით ელოდება. საშეშე მასალის დამარაგების პრობლემას გაძვირებული ბუნებრივი აირის გადასახადიც ემატება. ბორჯომელი ლევან ტყემალაძე აღნიშნავს, რომ გაზით გათბობის საკითხს არც კი განიხილავს, რადგან ძვირია და მხოლოდ სადილის მოსამზადებლად იყენებენ. ზამთრისთვის კი გაძვირებული შეშის ყიდვა აუცილებლად მოუწევს.

    "რეგიონში გაზი გვაქვს, მაგრამ მისი მოხმარება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ბუნებრივ აირს მხოლოდ სადილის მოსამზადებლად ვიყენებთ. საშეშე მასალას რაც შეეხება, ისიც საკმაოდ გაძვირებულია და ძალიან ბევრს მისი შეძენა გაგვიჭირდება. ჯერ არ მომიმარაგებია, რადგან ხელფასს ველოდები და ისიც მაშინებს, რომ მთლიანი შემოსავალი გასათბობ საშუალებაში უნდა გადავიხადო. ცივი თვეების გადატანა საკმაოდ გაგვიჭირდება. შეშის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად არც იმას გამოვრიცხავ, რომ წელს ძალიან დიდი ხანძარი იყო ჩვენს რეგიონში და კიდევ ბევრგან. შეშაზე მოთხოვნა არის, თუმცა მიწოდება იმდენად მცირეა, ფასმა საგრძნობლად მოიმატა", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" ტყემალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter