სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მოხმარება შემცირდა. სადღესასწაულო პერიოდის გარდა, ხალხი ხორცს თითქმის აღარ ყიდულობს!"
    თამუნა მუკბანიანი
    21.11.2017

     ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი მკვეთრად შეამცირა და მსყიდველუნარიანობა მინიმუმამდე დაიყვანა. გაიზარდა ფასი თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე, განსაკუთრებით კი მედიკამენტებზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა პენსიონერებს მიაყენა, რომელთა შემოსავალიც არ გაზრდილა, ხარჯმა კი მნიშვნელოვნად იმატა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 12-15 პროცენტითაა შემცირებული.

    ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში ლარის მკვეთრად გაუფასურებამ ხარჯებში დიდი ცვლილება გამოიწვია. მოსახლეობის 90%-ს ფული არასდროს არ აქვს. სამომხმარებლო კალათიდან 60%-ით გაქრა ხორცპროდუქტები და თევზი, რასაც აღნიშნული პროდუქციით მოვაჭრე ადამიანებიც ადასტურებენ.

    განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფი, რა თქმა უნდა, პენსიონერებია, რომელთა შემოსავალიც ლარის გაუფასურებისა და მსყიდველუნარიანობის შემცირების ფონზე არ გაზრდილა. გარდა საკვები პროდუქტებისა, მათთვის მნიშვნელოვნად გაძვირდა მედიკამენტები.

    გელა მელიქიშვილი სამგორის ბაზარში ხორცით ვაჭრობს. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იგი ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში თითქმის 70 პროცენტით შემცირდა ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა. მოსახლეობა გაცილებით ნაკლებს ყიდულობს, ვიდრე წინა წლებში.

    "ბაზარში ვვაჭრობ და დღეში ათობით ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. მოგეხსენებათ, აქ სუპერმარკეტებივით არ ვემსახურებით და კლიენტებთან მეტად ვსაუბრობთ, მათ გასაჭირს ვიგებთ და ჩვენსას ვუზიარებთ. 2002 წლიდან დახლთან ვდგავარ და ხორცს ვყიდი. ვაჭრობაში რთული პერიოდი, რა თქმა უნდა, მქონია, მაგრამ არ მახსოვს, რეალიზაცია ასე მკვეთრად დაცემულიყო. შეიძლება ითქვას, გაყიდვა 70%-ით არის შემცირებული. ნამდვილად არ ვაჭარბებ და მარტო ჩემთან არაა ასე, სხვა მოვაჭრეებიც იმავეს ამბობენ.

    სადღესასწაულო პერიოდის გარდა, ხალხი ხორცს თითქმის აღარ ყიდულობს ან თუ ყიდულობს, ძალიან მცირე რაოდენობით. ამას ამბობენ თევზით მოვაჭრეებიც. ვერ ვიტყვი, რომ ხორცი დიდად გაძვირდა, მაგრამ სხვა ყველაფრის ფასი იმდენადაა გაზრდილი, რომ ხალხი იმ პროდუქტს ყიდულობს, რაც იაფია და ანაყრებს - კარტოფილს, ლობიოს, პურს და ბურღულეულს. ხორცისათვის ფული ვიღას რჩება", - ამბობს გელა მელიქიშვილი.

    პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ფასების დასტაბილურებას ვერ მოახერხებს, სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.

    "ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის მკვეთრი ვარდნა . მიუხედავად იმისა, რომ ოფიციოზი ამას უარყოფს, აშკარაა დიდი ინფლაციაც. ციფრებს მოსახლეობისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც ოფიციალური პირების განცხადებებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რას ყიდულობდნენ ორი წლის წინ კონკრეტული თანხით და რისი ყიდვა შეიძლება დღეს იმავე თანხით გაზრდილი ფასების პირობებში.

    განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა პენსიონერებისათვის, რადგან ისინი ძირითადად მოიხმარენ მედიკამენტებს, რომლებიც იმპორტით შემოდის და ფასი ამ კომპონენტში ძალიან მაღალია. პრაქტიკულად, ყველა იმპორტირებული საქონელი გაძვირებულია. წამლები და კომუნალური ტარიფები ისედაც მაღალი იყო და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა, ასევე, მოიმატა გაზის ტარიფმა რაგიონებში. შეიძლება მოიმატოს ელექტროენერგიის ტარიფმაც.

    ადამიანებს არათუ დაზოგვა აღარ შეუძლიათ, არამედ საერთოდ აღარ ჰყოფნით თანხა, რომ თვიდან თვემდე გაიტანონ თავი. ეს, რასაკვირველია, არ ეხება მხოლოდ პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს. ისინიც კი, ვინც ადრე საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ ცხოვრების პირობებით, თანდათან ინაცვლებენ ღარიბთა კატეგორიაში.

    შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი განსაკუთრებით მძიმეა ეროვნული ვალუტისათვის. თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ფასების შეკავებას, სოციალური აფეთქება ნამდვილად იქნება", - განაცხადა პაატა აროშიძემ.

    სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 12-14 პროცენტითაა შემცირებული.

    "ის, რომ ლარის თითო პუნქტით გაუფასურებას მოსახლეობა და მედია თვალყურს ადევნებენ და განიცდიან, არც ზედმეტი ცნობისმოყვარეობაა და არც უსაფუძვლო აჟიოტაჟი. რეალურად, ქვეყნის სამომხმარებლო ფასები დიდწილადაა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის კურსზე. ბაზრის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას უკავია.

    განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ მხრივ ორმაგად იჩაგრებიან ნავთობპროდუქტების მომხმარებლები, რადგან, ერთი მხრივ, ლარი უფასურდება და ამის გამო ფასი იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ, ნავთობის ფასი დოლარშიც იზრდება, რაც, საბოლოო ჯამში, ორმაგ გაძვირებას იწვევს. ეს კი დომინოს პრინციპით ზრდის ფასს ყველაფერზე.

    ფასების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რა თქმა უნდა, პენსიონერებია, რომლებიც სოციალურად ყველაზე ნაკლებად არიან დაცულნი. საიდუმლო არავისთვისაა, რომ პენსიონერები თავიანთ შემოსავალს ძირითადად მედიკამენტებში ხარჯავენ, ამ მხრივ კი ფასი გაცილებით სწრაფად იმატებს, ვიდრე სხვა ყველაფერზე, მათ შორის, საკვებ პროდუქტებზეც კი. წამლების გაძვირების ტემპი დაახლოებით 2,5-ჯერ უსწრებს დანარჩენ პროდუქტზე ფასის მატებას. გამოდის, მედიკამენტებზე დამოკიდებული ადამიანებისათვის ინფლაციის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალურად დეკლარირებული 6.4%. ასეთ პირობებში მათი მსყიდველუნარიანობა ბევრად მცირდება.

    შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელთან შედარებით მსყიდველუნარიანობა 12-14 პროცენტითაა შემცირებული იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერთა სამომხმარებლო კალათა საგრძნობლად განსხვავდება სხვა მოქალაქეებისაგან", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სოსო არჩვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter