სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    20.11.2017

     "ტიმოთე მთავარეპისკოპოსი ერისთავის გვარისა, თავადი, კაცი მეცნიერი, წავიდა ტფილისიდამ და მივიდა სტამბულს. სულთანმა კარგად მიიღო და თხოვნისაებრ მისისა უბოძა ფირმანი მოსალოცველად წმინდათა ადგილთა და ესე წავიდა მუნით და მოილოცა იერუსალიმი და გარემოს მისა წმინდანი ადგილნი და მივიდა ათონის მთასა და მუნცა მოილოცნა წმინდანი მონასტერნი და სადაცა რაი იხილა, ყოველივე აღწერა კეთილად და მშვენივრად, რომელსაც უწოდა წიგნსა მას "ტიმოთიანი" და სხვანიცა სწავლანი შესძინა წიგნსა მას შინა", - წერდა იოანე ბატონიშვილი "მცირე უწყებანში ქართველთა მწერალთათვის", ვინც პირველმა დაწერა ტიმოთე გაბაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ტიმოთე გაბაშვილის ბიოგრაფიის დაწერის პირველი ცდა ეკუთვნის პლატონ იოსელიანს, თუმცა ეს ბიოგრაფიული ცნობებიც მწირია, მისი თხზულებების მოკლე მეცნიერული ანალიზი და შეფასება ეკუთვნის აკადემიკოს კორნელი კეკელიძეს. ისტორიულ წყაროებში კი ტიმოთე გაბაშვილის შესახებ ცნობები ჩნდება 1737 წლიდან, იმ დროიდან, როდესაც მთავარეპისკოპოსი იმერეთის მეფე ალექსანდრე ქ-მ რუსეთში ელჩად გააგზავნა.

    თუმცა არის ცნობები, რომ მე-18 საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე, მღვდელმთავარი, მოგზაური, მწერალი, ფილოსოფოსი, ლიტერატორი და დიპლომატი ტიმოთე გაბაშვილი 1729 წლამდე დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის ლავრაში მოღვაწეობდა. კარგად ფლობდა ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას და რელიგიის ისტორიას. იცოდა ბერძნული, რუსული და თურქული ენები. 1730 წელს გადავიდა დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, სადაც ქუთათელ ეპისკოპოსად ეკურთხა, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო სახელმწიფოებრივ და საეკლესიო საქმეებში.

    1738 წელს ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სიტუაციამ აიძულა ალექსანდრე ქ, რუსეთში ელჩი გაეგზავნა. ეს საქმე დაევალა ტიმოთე გაბაშვილს. რუსეთის მთავრობამ ირანთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით მხარი არ დაუჭირა ქართველი მეფის პოლიტიკურ გეგმებს, ქართველ ელჩს კი მოსთხოვა, სასწრაფოდ დაეტოვებინა რუსეთი და საქართველოში დაბრუნებულიყო.

    ტიმოთე გაბაშვილმა ანა იოანეს ასულს წარუდგინა ალექსანდრე მეფის გაგზავნილი რუკა და წერილი, სადაც ქართველი მეფე აცნობს რუსეთის იმპერატორს დასავლეთ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას. ამბობენ, ეს რუკა თავად ტიმოთემ შეადგინა გამგზავრებამდე ერთი წლით ადრე, სადაც მთლიანად ასახულია დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიული, გეოლოგიური, ისტორიული და ხუროთმოძღვრული მონაცემები.

    რაც შეეხება მის მოგზაურობას, ისტორიული წყაროების მიხედვით, 1755 წელს ტიმოთე გაბაშვილი თეიმურაზ მეფისა და ერეკლე ||-ის პირადი დავალებით წმინდა მიწის და ათონის მოსალოცად გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის ძირითადი მიზანი იყო იერუსალიმისა და ათონის მთის წმინდა ადგილების მონახულება და მოლოცვა, მას გარკვეული დიპლომატიური დავალებებიც ჰქონია. ამ საქმეში კი დიდ დახმარებას უწევდა ენების ცოდნა.

     ტიმოთე ბათუმიდან ოსმალეთში ზღვით ჩავიდა, იქიდან კი - კონსტანტინეპოლში, სადაც შვიდი თვე დარჩა. გზაში, წმინდა ადგილების გარდა, იგი დაწვრილებით აღწერს გზებს, ქალაქებს, ციხე-სიმაგრეებს, ნავსადგურებს, წიაღისეულის საბადოებს. აინტერესებს ქართული კვალიც და, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, თუ ამ მხრივ რაიმე საინტერესოს წააწყდებოდა, საგანგებოდ აღნიშნავდა.

    სწორედ დიპლომატიური ცნობები გადასცა ტიმოთემ სტამბულში ქართველებს, მოგზაურობის დამთავრებამდე კი ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა ერეკლესა და თეიმურაზს.

    1755 წელსვე ის ათონის წმინდა მთაზე მისულა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ტიმოთემ ათონის ივერთა მონასტერში ბევრი ისეთი ფრესკა აღწერა და შეძლებისდაგვარად გადმოხატა, რომლებიც შემდგომში არც ერთ მოგზაურს აღარ უნახავს - მათ შორის მირიან მეფის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ კურაპალატის.

    ტიმოთე გაბაშვილმა ამ მოგზაურობის ვრცელი და ძალიან საინტერესო აღწერილობა დაგვიტოვა, რომელსაც "მიმოსვლა" ეწოდა. ამ მარშრუტს, რომელიც მან გაირა და აღწერა, გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ გეოგრაფიულ ისტორიაში. მარშრუტი იყო ბათუმიდან ზღვით ტრაპეზუნტამდე, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია იზმირამდე, აქედან გაიარა ეგეოსის ზღვა და ქალქიდეკის ნახევარკუნძულზე მდებარე ათონის მთაზე მივიდა.

    შემდეგ კონსტანტინეპოლიდან გეზი აიღო იერუსალიმისკენ. ნახა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე განლაგებული ქალაქები და კუნძულები და მიაღწია პალესტინამდე. უნახავს ნაზარეთი, ტვიროსი, სიდონი, ბეირუთი. იერუსალიმიდან ზღვით მისულა კუნძულ კვიპროსზე, აქედან - კუნძულ როდოსზე.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ჯვრის მონასტრის პირველი აღმწერი ტიმოთე გაბაშვილი წერს, რომ "მონასტერშივე არსებულ სააღაპე წიგნში მოიხსენიება შოთა მეჭურჭლეთუხუცესი", რომ "ჯვრის მონასტერში დაძველებელი გუმბათის ქვევით სვეტი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთა რუსთაველს, მეჭურჭლეთუხუცესს, თვითონაც შიგ ხატია მოხუცებული".

    ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლის" ხელნაწერის თანახმად კი, "იაკობ მოციქულის ალფის საფლავი აღუშენებია გიორგი მეფეს ქართველთასა, აწ რომ სომხებს უჭირავს. იტყვიან, ზარაფხანა მეფეთა ჩვენთა ამ მონასტერში ყოფილა". მისი გადმოცემით, იგი უნდა აშენებულიყო 1072 წლამდე, გიორგი ||-ის უფლისწულობის პერიოდში.

    "მიმოსვლაში" აღწერს, რომ "მუნ წამებული წმინდა სალომე, რამეთუ შეუპყრიათ უსჯულოთა და დატევებისთვის სჯულისა აიძულებდნენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მხნემან მან. ამის შემდგომ ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი". ანუ ტიმოთეს "მომოსვლის" თანახმად, ჩანს, რომ სალომე ქართველი იყო, იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმინდა ლუკა იერუსალიმელის აღსრულების შემდეგ, 1227 წელს.

    ტიმოთე გაბაშვილმა ასევე შეისწავლა ათონის სიძველენი, გამოიკითხა ზეპირი ცნობები, გამოიყენა წერილობითი წყაროები, განსაკუთრებით ყურადღებით შეისწავლა ქართული მონასტერი, ვრცლად აღწერა ტაძარი, ხუროთმოძღვრებისა და ფრესკების ნიმუშები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter