სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შტრიხები ლეგენდარული კლეოპატრას ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის
    მამუკა ნაცვალაძე
    20.11.2017

     ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო პერსონაა, ეს არის ქალი, რომლის სახელიც განსაკუთრებული რუდუნებით შემოგვინახა ისტორიამ. მისი ცხოვრება დღემდე არაერთი მკვლევრის ინტერესის სფეროს უკავშირდება, რაც არცაა გასაკვირი - კლეოპატრას მმართველობამ ხომ ცხადად წარმოაჩინა განსხვავებული ცივილიზაციების დაპირისპირების კულუარული ნიუანსები, ეს ის ნიუანსებია, ფაქტობრივად რომ განსაზღვრა მსოფლიო ისტორიული პროცესის განვითარების ხასიათი.

    მიუხედავად რეალური არსებობისა, კლეოპატრა კაცობრიობის ისტორიას შემორჩა მითიური სახით. ადამიანთა ცნობიერებაში სწორედ კლეოპატრას ხასიათი კვებავდა იმ ქალბატონებს, რომელნიც ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში წარმოდგენილნი არიან როგორც აფროდიტე და იზიდა, ეს არის უსასტიკესი ბოროტი ძალისა და მრისხანე მკვლელის განზოგადებული სახე. სწორედ კლეოპატრას ბედს გადაეჯაჭვა მკვიდრად რომისა და ალექსანდრიის მეტოქეობის თემაც.

    კლეოპატრამ თავისი ცხოვრებითა და სიკვდილით, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა მსოფლიო ისტორიის ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. მისი გარდაცვალებით დასრულდა ელინიზმის ხანა, რომელიც დასაბამს იღებს ალექსანდრე მაკედონელის მმართველობიდან. კლეოპატრას გარდაცვალებით არა მარტო სრულდება მსოფლიო მასშტაბის ელინისტური ეპოქა, არამედ იწყება რომის მსოფლიო უზენაესობის ხანა.

    სწორედ ამიტომ საინტერესოა ის პოლიტიკური და ინტელექტუალური ფონი, სადაც კლეოპატრას ფსიქოლოგიური ტიპი ყალიბდება. საცნაური კი ისაა, რომ ქალი, რომლის სახელიც განათლებასთან არცთუ მწყრალად მყოფმა ყველა ადამიანმა იცის, ეგვიპტის ისტორიაში რიგით მეშვიდეა.

    როგორ ყალიბდებოდა რომაული სამყაროსადმი კლეოპატრას სიმპათია

    მის დასაც კლეოპატრა ჰქვია, ეს კლეოპატრა მეექვსეა, მამამისს - პტოლემაიოს მეთორმეტეს რომ წაართვა ტახტი. ეს ქრისტეშობამდე 58 წელს ხდება, კლეოპატრა, რომის სახელმწიფო მოღვაწეთა კუმირი, ამ დროს თერთმეტი წლისაა.

    პტოლემაიოს მეთორმეტე რომში გარბის, იქაური მევახშისაგან კოლოსალურ თანხას - ექვსი ათას ტალანტს იღებს სესხად (ეს, ფაქტობრივად, იმდროინდელი ეგვიპტის ერთი წლის შემოსავალია) და ამ ფულით მარადიული ქალაქისაგან ყიდულობს რომის მოკავშირისა და მეგობრის ტიტულს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის იმის გარანტი, რომ იოლად დაიბრუნებს ტახტს. ეგვიპტის უზენაესობას მისი ქალიშვილები იჩემებენ, არავის სურს ტახტის დათმობა, უშეღავათო დაპირისპირების ფონი საკმაოდ კარგი სკოლა აღმოჩნდა 11 წლის კლეოპატრას ცნობიერების ფორმირებისთვის. რამდენიმე წლის უშედეგო ბრძოლის შემდეგ პტოლემაიოს მეთორმეტე ისევ ჩადის რომში, ამჯერად კლეოპატრასან ერთად.

    ეს ქრისტეშობამდე 55 წელია. ამ დროს კლეოპატრა 14-15 წლისაა. იოლად შესამჩნევია მისი მშვენიერება რომაელთათვის. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს ხვდება თავის მომავალ ფავორიტებს - მარკ ანტონიუსსა და იულიუს კეისარს.

    მარკ ანტონიუსი იმ არმიის შემადგენლობაშია, რომელმაც კლეოპატრას მამას ხელისუფლება უნდა დაუბრუნოს. ეგვიპტეში პომპეუსის მომხრე გაბინიუსს გზავნიან, სწორედ მისი არმიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია ანტონიუსი.

    მარკ ანტონიუსმა თანამებრძოლებან ერთად რომაელი ხალხის გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს, რამდენადაც პტოლემაიოსი და ეგვიპტე რომაელი ხალხის მეგობარი და მოკავშირეა.

    რა საფრთხეებს შეიცავდა რომის მეგობრობა და მოკავშირეობა

    საკმაოდ სახასიათო დეტალებს შეიცავს რომაელთა მეგობრობის ტიტული. ეს, ფაქტობრივად, აშკარად გამოკვეთილი ვასალიტეტის ტოლფასია - ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ რომის მოკავშირე და მეგობარი ქვეყნის მმართველს მუდმივი მხარდაჭერა აქვს მარადიული ქალაქისგან, მეორე მხრივ კი, იმის დასტურია, რომ ის ქვეყანა, რომელიც რომის მეგობარი და მეკავშირე ხდება, უკვე აღარაა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

    ეს რომაული ტაქტიკაა, რასაც მსოფლიო ბატონობისათვის იყენებს. მსგავსი ტაქტიკით მოქმედებს ის ელინისტურ ეგვიპტესთან მიმართებითაც. საცნაურია ისიც, რომ ამ დროს არც თავად რომს ულხინს. ეს სამოქალაქო ომის პერიოდია, სწორედ ამიტომაც სულზე მიუსწრო მარადიულ ქალაქს პტოლემაოის მეთორმეტის მიერ გადახდილმა ექვსმა ათასმა ტალანტმა. რომაელებს ნამეტანი ეძვირფასებათ ეგვიპტე - მართალია, აქ ფული არაა, მაგრამ არის ფარაონთა საგანძური, ასევე, ის რეალობა ხიბლავთ, რომ პირამიდების ქვეყანა იმდიონდელი სამყაროს მთავარი ბეღელია და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ხორბლით აქედან მარაგდება.

    როგორ აღმოჩნდნენ კლეოპატრას მამის მოწინააღმდეგენი რომაული სისხლიანი მანქანის მსხვერპლნი

    ერთი სიტყვით, ხელი ხელს ბანსო, ამაზეა ნათქვამი - რომისთვის ნამეტანი სასარგებლოა პტოლემაიოს მეთორმეტის მხრდაჭერა, არადა, პტოლემაიოსს ეს თანადგომა იმისთვის სჭირდება, საკუთარ ქალიშვილს დაუპირისპირდეს.

    კლეოპატრა მეექვსე - ცნობილი კლეოპატრას უფროსი და მისი გარემოცვის ინტრიგებს შეეწირა, საკუთარმა ახლობლებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე. მის შემდეგ ტახტზე ასული პტოლემაიოს მეთორმეტის კიდევ ერთი ქალიშვილი ბერენიკა მეოთხე კი მამამისის თანხმობითა და სურვილით რომაელებმა დასაჯეს სიკვდილით. რომაულ სისხლიან მანქანას მარტო ბერენიკასთვის არ მოუსწრაფია სიცოცხლე, მას წააკლეს არაერთი ბიძაშვილი, ნათესავი. რომაელებს არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი პტოლემაიოს მეთორმეტის უზენაესობას რომ ეწინააღმდეგება იდეითა თუ ძალით.

    როგორ გამოაწრთო საოჯახო ინტრიგებმა კლეოპატრა

    ადამიანური თვალსაზრისით შემზარავი ტრაგედიაა - ერთი ოჯახის წევრები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებიან ერთმანეთს, ერთმანეთის სიცოცხლე ჩირადაც არ უღირთ, მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ იმისათვის, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ.

    სწორედ ამ შემზარავი ფსიქოლოგიური განწყობის ფონზე ყალიბდება ეგვიპტის მომავალი მმართველის - კლეოპატრა მეშვიდის ფსიქოლოგიური პორტრეტიც. ის ხედავს, რომ ძალა აღმართს ხნავს, ხედავს, რომ რომი ყოვლისშემძლეა და ამიტომაც მკვიდრად უყალიბდება აზრი - რომთან მხოლოდ მეგობრობაა საჭირო. ეგვიპტის მომავალ ქარიზმატულ დედოფალს ამ ფონზე ქვეყნის სუვერენიტეტის სურვილიც უჩნდება, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს ორი ცნება, ერთი მხრივ, რომაელთა მეგობრობა და მეკავშირეობა და, მეორე მხრივ, სუვერენიტეტი არათავსებადია ერთმანეთთან, ჯერ კიდევ არ უქმნის უხერხულობას.

    ამბავი პტოლემაიოს მეთორმეტის ანდერძისა

    მანამდე კი ტახტზე დაბრუნებულმა მამამისმა პტოლემაიოს მეთორმეტემ ქვეყანა უნდა დააწყნაროს. ეს არ არის იოლი პროცესი, გახსნილი იარები ჯერ არ შეხორცებია ქვეყანას, იმ ოთხი წლის განმავლობაში, ტახტზე დაბრუნებულს რომ მოუწია ეგვიპტის მართვა, ვერ შეძლო ამის გაკეთება, რომაელთა შიშის სინდრომი უფრო იგრძნობოდა ეგვიპტეში, ვიდრე შინაგანი სიმშვიდე.

    ქრისტეშობამდე 51 წელს პტოლემაიოს მეთორმეტე აღესრულა, მისი ანდერძით მემკვიდრეებად თავისი ორი შვილი გამოაცხადა - კლეოპატრა მეშვიდე და პტოლემაიოს მეცამეტე. ანდერძის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი იყო ის, რომ პტოლემაიოს მეთორმეტემ სამეფოდ გამორჩეული შვილების ქორწინება ისურვა. ამ დროს კლეოპატრა 18 წლისაა, პტოლემაიოსი - 10-ის. კაცმა რომ თქვას, არ ჰქონდა მნიშვნელობა ასაკობრივ სხვაობას, ეს სიმბოლური ქორწინება იყო, როგორც ხელისუფლების მიღების ერთ-ერთი ატრიბუტი.

    ბუნებრივია, 18 წლის კლეოპატრა, ქარიზმატული, განათლებული და საოცრად ამბიციური, მრავალი ინტრიგის თვითმხილველი, უკვე გამოცდილია და ერთპიროვნული მმართველობისათვის მზადაა, ის არც ფიქრობს, საკუთარ ძმასა და ამავდროულად მეუღლეს, 10 წლის პტოლემაიოსს, დაეკითხოს აზრს და მასთან ერთად მართოს ქვეყანა.

    პტოლემაიოსთა თანამმართველობის პრინციპები

    თუმცა არის ერთი სახასიათო დეტალი - პტოლემაიოსების ეგვიპტის ტრადიციების მიხედვით, ხელმწიფეს არა აქვს ერთპიროვნული მმართველობის უფლება, ის ვალდებულია, ოჯახის რომელიმე წევრი აირჩიოს თანამმართველად. ეს აუცილებელი მოთხოვნაა, ეს თანამმართველობის პრინციპი პტოლემაიოსების ხანის დემოკრატიის ერთგვარი სახეცვლილი ფორმაა.

    აღსაყდრებისას კლეოპატრა მეშვიდე იღებს თეა ფილოპატორის წოდებას, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც მამის მოსიყვარულე ღვთაება. თავის წოდებას კლეოპატრა შემდგომში კიდევ ორჯერ დააზუსტებს - ჯერ ორ ძმასთან მიმართებით და ხდება ძმის მოსიყვარულე ღვთაება (პტოლემაიოს მეცამეტის შემდეგ ის სიმბოლურად მართავს ქვეყანას კიდევ ერთ თავის ძმასთან - პტოლემაიოს მეთხუთმეტესთან ერთად), შემდეგ კი - შვილის მოსიყვარულე ღვთაება. ეს მას შემდეგ ხდება, რაც მისი და იულიუს კეისრის შვილი ცესარიონი დაიბადება.

    როგორ გაუწყრა ნილოსი კლეოპატრას

    ურთულეს მდგომარეობაში ჩაიბარა ეგვიპტე 18 წლის კლეოპატრამ, უმძიმეს სოციალურ ყოფას თან ერთვის არანაკლებ სასტიკი ფსიქოლოგიური ფონი, ქვეყანა მხოლოდ სიმბოლურადაა თავისუფალი, ფაქტობრივად, რომი პირამიდების ქვეყანას საკუთარი პოლიტიკური არეალის ნაწილად მოიაზრებს. ესეც ამძიმებს მდგომარეობას და სწორედ აქ ხდება ის იშვიათი რამ, ამ ყველაფერს განსაკუთრებულად ტრაგიკულ ელფერს რომ მატებს.

    ეგვიპტეს სტიქიური უბედურება დაატყდა თავს - საშინელი გვალვები დაიჭირა, ორჯერ არ ადიდებულა ნილოსი, ამას ხორბლის დეფიციტი მოჰყვა, რამაც უკიდურესად გააღარიბა მოსახლეობა. ეგვიპტე ხომ იმდროინდელი მსოფლიოს მთავარი ბეღელია, სწორედ აქედან მარაგდება მსოფლიოს უმეტესობა ხორბლით, ამდენად, ეს მოუსავლიანობა მარტო ეგვიპტის საფიქრალი არაა.

    ნილოსის ადიდების წყალობით გლეხობა წელიწადში ორჯერ იღებდა მოსავალს, ორჯერ ზედიზედ გაცრუებული იმედის შედეგად კი მოუსავლიანობა თითქმის ორ წელს გაგრძელდა. ეს გლეხთათვის იმის ნიშანია, რომ თავი უნდა გადაირჩინონ, მათ აღარ აინტერესებთ მიწა, უმეტესობამ მიატოვა თავიანთი საცხოვრისი და სხვა გზით ცდილობს გამოსავლის მონახვას.

    გლეხობა მიწაზე უკვე აღარაა მიმაგრებული, ელინისტურმა ხანამ თავისი სიო დაბერა აღმოსავლეთსაც და ამიტომაც მონა, როგორც სოციალური ფენა, თითქმის გაქრა, სწორედ ამდენად, გლეხი, რომელიც თავისი საცხოვრისიდან გარბის, თავისუფალია, სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი მათი იძულებისა.

    ეს მოვლენა, ბუნებრივია, ხდება იმის საფუძველი, რომ მასობრივი უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს და ანტისახელმწიფოებრივი განწყობაც შეიძინოს. სწორედ ამ რეალობისას იქმნება ანტირომაული პარტია, კლეოპატრას წინააღმდეგ მიმართული.

    კლეოპატრას რომის მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს, სწორედ ამ ფორმატში იგზავნება ეგვიპტიდან რომის დასახმარებლად არმია სირიაში, სადაც მარადიული ქალაქის მეტოქე პართიას უპირისპირდება.

    ევნუხური ვენდეტა კლეოპატრასთვის

    ბუნებრივია, კლეოპატრას პოლიტიკას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. პართია აქემენიდების მემკვიდრე ქვეყანაა და წარმატებით გამოხატავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირების მარადიულ ტენდენციას, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ირანელები ეგვიპტის შიგნითაც ცდილობენ შეღწევას და ახერხებენ კიდეც. თუმცა, გარდა ამ გარეშე ფაქტორისა, საკმაოდ მძაფრი პირადი ინტერესები პატივმოყვარეობის სინდრომითაცაა გაჯერებული.

    საცნაური კი ისაა, რომ ვნებიან კლეოპატრას ევნუხი პოტინი უპირისპირდება. ძალიან სიმბოლურად ყალიბდება ტრადიცია მსოფლიო ისტორიაში, რომ სამეფო კარზე მყოფი ევნუხები რომელიღაც პარტიას აუცილებლად უნდა ეკუთვნოდნენ. კაცმა რომ თქვას, აქ არის ლოგიკა - მეტი გასართობი რაღა დარჩენიათ.

    სწორედ ეს ევნუხი პოტინი აბობოქრებულა, ქარიზმატული და ვნებიანი კლეოპატრა ნამეტანი აღიზიანებს პოლიტიკურად. არადა, ევნუხის პოლიტიკური ვნებები მხოლოდ ერთი ფრაგმენტია საერთო ანტირომაული განწყობისა.

    სულ მალე კლეოპატრას სირიაში მოუწევს გაქცევა. ვერ ვარგობს პტოლემაიოსების თანამმართველობის ფორმები, ასეთი დემოკრატია კიდევ ერთხელ შემოუტრიალდება ელინისტურ ეგვიპტეს სისხლიან ვენდეტად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter