სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    18.11.2017

     ცნობილი ქორეოგრაფის, პარიზის ოპერის მთავარი ბალეტმეისტერის - სერჟ ლიფარის მოღვაწეობის შესახებ ალბათ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი ამ ლეგენდარული მოცეკვავის მიერ 1945 წელს მონტე-კარლოში დადგმული ბალეტ "შოთა რუსთაველის" ისტორიიდან.

    1945 წელს ფრანგული საბალეტო დასის მიერ მონტე-კარლოში დაიდგა ბალეტი "შოთა რუსთაველი" გაზეთ "ქართული საქმის" მხარდასაჭერად. ეს იყო ნიკოლოზ ევერინოვისა და სერჟ ლიფარის ოთხაქტიანი ქორეოგრაფიული ეპოპეა "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით. ფარდა, დეკორაცია და კოსტიუმები ეკუთვნის 1921 წელს სამშობლოდან გადახვეწილ ჩვენს თანამემაულე ალექსანდრე შერვაშიძეს, რომელმაც ბოლშევიკების ტერორს თავი პარიზში შეაფარა.

    ბალეტ "შოთა რუსთაველის" პრემიერა შედგა მონტე-კარლოს ეროვნულ თეატრში 1946 წლის 5 მაისს. მუსიკა პირველი და მეოთხე აქტისთვის დაწერა ფრანგმა კომპოზიტორმა არტურ ონეგირმა, მეორე აქტისთვის - რუსმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და პედაგოგმა ნიკოლაი ჩერეპინმა, რომელიც რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ თავს საქართველოს აფარებდა, მეგობრობდა ცისფერყანწელებთან და, როგორც თავად რუსი მუსიკათმცოდნეები წერენ, საქართველო იყო მისი მუზა და თავისი ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებებიც სწორედ საქართველოში შექმნა.

    მესამე აქტისთვის მუსიკა დაწერა უნგრული წარმოშობის ფრანგმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და პიანისტმა ტიბორ არსანიმ. ბალეტში თავად სერჟ ლიფარი ცეკვავდა და მას პარტნიორობას უწევდნენ ბალეტის ვარსკვლავები ოლგა ადაბაში, ჟანინ მარი, ივეტ შოვირიე, იული არგაროვი, ალექსანდრე ალუჟინი, ვლადიმერ სკურტიკი და ბორის ტრეილაინი.

    როგორც მწერალი იგორ ობოლენსკი წერს, დიაგილევის საყვარელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, პარიზის ოპერის დირექტორი სერჟ ლიფარი, რომელმაც დიდ ქართველ პოეტს მიუძღვნა ბალეტი "შოთა რუსთაველი, ამ ბალეტის საბჭოთა კავშირში, კერძოდ საქართველოში, ჩვენებაზე ოცნებობდა. საბჭოთა კავშირში გასტროლების უფლების ნაცვლად, სტალინმა მას თურმე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვა, რაზეც ლიფარმა უარი თქვა და ამიტომ ვერ ნახა ეს სპექტაკლი ქართველმა მაყურებელმა.

    გასული საუკუნის 60-იან წლებში კი სერჟ ლიფარმა შეძლო საბჭოეთში ჩამოსვლა. იყო მოსკოვში, ლენინგრადში და თავის მშობლიურ უკრაინაში. ეწვია თბილისს. საქართველოს დედაქალაქში მან "საპატიო ქართველის" წოდებაც მიიღო და ამის შესახებ სიამაყით წერდა თავის მემუარებში. საქართველოს მუზეუმს კი მოცეკვავემ საჩუქრად გადასცა ნატალია გონჩაროვას მიერ ბალეტ "შოთა რუსთაველისთვის" შესრულებული ესკიზები.

    "როდესაც ალექსი მაჭავარიანის ბალეტი "ოტელო" დაიდგა, პრემიერაზე ჩამოვიდა სერჟ ლიფარი, რომელიც ბალეტის ისეთივე დიდი ვარსკვლავი გახლდათ, როგორც რუდოლფ ნურიევი. იგი პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმეისტერი და საბალეტო დასის დირექტორი იყო.

    "იმ დროს პირველი მოცეკვავე სახლში გვეწვია სტუმრად, პარიზში ბალეტ "ოტელოს" დადგმის შესახებ მამასთან სასაუბროდ" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ალექსანდრე მაჭავარიანის ვაჟი.

    ამბობენ, სპექტაკლით აღფრთოვანებულს უთქვამს, - მსგავსი ტემპერამენტისა და ენერგიის მუსიკა იშვიათად მომისმენიაო. იმასაც ამბობენ, რომ ლეგენდარული მოცეკვავე პარიზში მეგობროდა ჯორჯ ბალანჩინთან და მასთან ერთად არერთი ბალეტი დადგა; მხატვარ ალექსანდრე შერვაშიძესთანაც, რომელსაც დასავლეთის თეატრალურ-მხატვრული რევოლუციის ავანგარდად მიიჩნევდა; ქართველ მხატვარ რუსუდან მდივანთან და მის მეუღლესთან, კატალონიელ მხატვარ ხოსე მარია სერეტისთან; "გრანდ- ოპერის" ქართველი პრიმაბალერინა თამარა თუმანოვასთვის კი რამდენიმე ცეკვა შექმნა.

    "ფრანგული ბალეტის მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ცეკვის თეორეტიკოსი და პარიზის ქორეოგრაფიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი სერჟ ლიფარი დაიბადა კიევში. მას ბედმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუღიმა", - წერს იგორ ობოლენსკი თავის წიგნში.

    სერჟ ლიფარი ცეკვას დიდი ვაცლავ ნიჟინსკის და ბრონისლავა ნიჟინსკაიამ აზიარა. 1922 წელს ნიჟინსკაია პარიზში გაემგზავრა, სადაც სერგეი დიაგილევის სახელგანთქმულ "რუსულ ბალეტთან" თანამშრომლობდა. ერთი წლის შემდეგ მან თავის დასში საუკეთესო მოწაფეები მიიწვია, მათ შორის იყო სერგეი ლიფარი. მისი პედაგოგები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფები - იტალიელი ენრიკო ჩეკეტი და ვაცლავ ნიჟინსკის ყოფილი მასწავლებელი ნიკოლაი ლეგატი.

    ლიფარი "რუსული ბალეტის" დასში მალევე მიიღეს და 1929 წლამდე, სანამ დიაგილევი არ გარდაიცვალა, ყველა წარმოდგენაში მონაწილეობდა. შემდეგ შეთავაზება მიიღო პარიზის ოპერის დირექტორ ჟაკ რუშესგან და ბეთჰოვენის მუსიკაზე დადგმული ბალეტის - "პრომეთეის ქმნილებანი" ქორეოგრაფია შექმნა.

    ეს იყო ლიფანის ტრიუმფი, როგორც ბალეტმეისტერისა და მოცეკვავის. პარიზული პრესა წედა, რომ სერჟ ლიფარი ფრანგული ბალეტის განვითარებისთვის იგივეა, რაც ფრანგი მარიუს პეტიპა რუსული ბალეტისთვის. იმავე საღამოს რუშემ იგი "გრანდ ოპერის" მთავარ ბალეტმეისტერად დანიშნა, რაც 25 წლის ახალგაზრდა მოცეკვავისთვის თავბრუდამხვევი კარიერის დასაწყისი იყო.

    მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთი არ დაუტოვებია, პარიზში დარჩა და თეატრის ხელმძღვანელობა განაგრძო. ამ პერიოდში დადგა თავისი საუკეთესო წარმოდგენები და როგორც კრიტიკოსები წერდნენ, ფრანგული ბალეტი სიკვდილისგან იხსნა.

    1943 წელს კი შედგა ლიფარის ერთ-ერთი შედევრის - "სიუიტა თეთრში" პრემიერა. 1944 წელს პარიზის დატოვება მოუწია და სათავეში ჩაუდგა "მონტე კარლოს ახალი ბალეტის" დასს. სწორედ ამ პერიოდში შექმნა მან ბალეტი "შოთა რუსთაველი".

    შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და მშობლიურ თეატრს ჩაუდგა სათავეში და წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელი იყო. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ინგრიდ ბერგმანი, მარკ შაგალი, კოკო შანელი, ჩარლი ჩაპლინი, ჟაკ კოკტო, პიკასო. მისი სპექტაკლებისთვის ხატავდნენ მაქს ერნსტი, ხოან მირო, ბაკსტი, ალექსანდრე ბენუა, მარკ შაგალი, პაბლო პიკასო, პიკაბია და სხვა გამოჩენილი მხატვარ-ავანგარდისტები.

    ბალეტ "შოთა რუსთაველისთვის" შექმნილი ნატალია გონჩაროვას ნიმუშები, რომელიც 1943 წლით არის დათარიღებული, ინახება ერთ-ერთ მის კოლექციაში.

    როგორც იგორ ობოლენსკი წერს, სამწუხაროდ, ლიფარის მდიდარი და უძვირფასესი კოლექციის შენარჩუნება მთლიანად ვერ მოხერხდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ უსახსრობის გამო ლეგენდარული მოცეკვავე იძულებული გახდა, თავისი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაეყიდა მონაკოს, პარიზისა და ლონდონის აუქციონებზე. მისი უმდიდესი ბიბლიოთეკის ნაწილი - 817 ტომი - ინახება კიევის საჯარო ბიბლიოთეკის ხელოვნების განყოფილებაში, რომელიც საჩუქრად ქორეოგრაფის დიდმა მეგობარმა, გრაფინია ლილან ალეფელდმა გადასცა.

    მისი არქივი ქალაქ ლოზანაში ინახება, სადაც 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავე სერჟ ლიფარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter