სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული ქართული ადათ-წესები
    ია აბულაშვილი
    15.11.2017

     ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოდან მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა რამდენიმე საინტერესო ამბავი გავიხსენოთ, თუ როგორ გაუძლო შორეულ ირანში გადაკარგულმა ქართველობამ ყველა გასაჭირს და ოთხი საუკუნის განმავლობაში როგორ შეანარჩუნა ქართული ადათ-წესები.

    პირველ წერილობით ცნობას ფერეიდნელი ქართველების შესახებ გვაძლევს ინგლისელი მოგზაური ჰენრი ლეიარდი, რომელსაც 1840 წელს გზად გაუვლია ფერეიდანში.

    ცნობილი საზოგადო მოღვაწე პოლიექტოვის პირად არქივში კი დაცულია ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ირანს გადასახლებულ ქართველთა ერთ-ერთ ქომაგს მოუთხოვია, შექმნილიყო საზოგადოება ან კომიტეტი, რომელსაც დაევალებოდა იქ მცხოვრებ ქართველთა საქმეების შესწავლა.

    პირველ რიგში ამ კომიტეტს უნდა მოეწყო ექსკურსიები სპარსეთში და მჭიდრო კონტაქტები დაემყარებინა იქაურ მოსახლეობასთან.

    ამ ინიციატივას გამოეხმაურა გაზეთები "ივერია" და "დროება", დაიბეჭდა პუბლიკაციებიც, მაგრამ პირველი ქართველი, ვინც ფერეიდანის მიწაზე ფეხი დაადგა, რათა იქ მცხოვრები ქართველების ყოფა გაეგო, იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიაშვილი, რომელიც საკუთარი ხარჯით გაემგზავრა ირანში 1894 წელს.

    ჯერ კასპიის ნავსადგურ ენზელში ჩავიდა, შემდეგ - რუსეთში, იქიდან ყიზვანს გაემგზავრა, ქარავნებით მიაღწია თეირანამდე, სადაც თვე-ნახევარი დაჰყო და შემდეგ ისპაჰანს გაემგზავრა. მოკლედ, დიდი ვაი-ვაგლახით მიაღწია "დომბე ქამარამდე", ქართველებით დასახლებულ სოფლამდე, რომელსაც ქართული სახელი თოლორი ერქვა.

    ლადო აღნიაშვილმა დაათვალიერა ყველა ქართული სოფელი, გადაიღო ფოტოსურათები. თბილისში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა წიგნი თავისი მოგზაურობის შესახებ.

    ლადო აღნიაშვილის მონაცემებით, ფერეიდანში ქართველებით დასახლებული ყოფილა 14 სოფელი. ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფი იყო, შემდეგ მოდიოდა შაანათი, თოლერი, ბოინი, ტაშკესანი, აფუსი, ახჩა, შაიდური, ჯაღჯაღი, სიბაქი, დეესური, ნინოწმინდა და სხვა.

    ამ სოფლებში დაახლორებით 2 460 კომლი და 15 ათასი სული ქართველი უნდა ყოფილიყო. სახლები ახლო-ახლო იდგა ერთმანეთთან, რომლებიც აშენებული იყო ალიზით, ბრტყელი ბანიანი, მიწით მოტკეპნილი, ისევე, როგორც ზოგიერთ ქართულ სოფელში. ვიწრო კარ-ფანჯრებით, ზოგ სახლს ჰქონია დედაბოძი ჩუქურთმებით.

    ოთახში დაგებული იყო ფარდაგი, პურის შესანახი კიდობანი, თაროებზე - თიხის ჭურჭელი, ეზოში ყველას ჰქონდა სახაბაზო, სათონე, გომი, ფიჩხი.

    თითოეულ ოჯახს ჰყავდა ხუთიდან ათამდე ცხვარი, თითოოროლა ძროხა, უღელი ხარი, ერთი ან ორი ცხენი და ვირი. ძირითადად დაკავებული იყვნენ ხელოსნობით, ხვნა-თესვით, მეცხოველეობით.

    ამზადებდნენ კოკებსა და ქვევრებს, სამჭედლოებში - ქართული ტიპის თოხებს, ბარებს, ნალებს. მიწას ხნავდნენ კავ-გუთანში შებმული ურმით. პურის თესლს, რომელიც მათ წინაპარს წაუღია საქართველოდან, სათუთად ეპყრობოდნენ და ოთხი საუკუნის განმავლობაში თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ღვივდებოდა სპარსეთის მიწაში ქართული ხორბლის თესლი.

    ფერეიდნელი ქართველი ქალი კი პურის ცომს რომ მოზელდა, თონეში ჩასაკრავად გამზადებულ ლავაშს ჯერ ჯვარს დაუსვამდა. ასევე მოჰყავდათ ოსპი, ლებია ანუ ლობიო, შაჰის წიწმატი, პიტნა, რეჰანი, ქინძი, მოლაფტატი ანუ მზესუმზირა და ა.შ.

    ქართველების მიერ მოშენებული ცხვრებით კი დიდად იყვნენ დაინეტერესებული როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვაჭრები. ერთ ინგლისელს, რომელსაც გამოუკვლევია ცხვრის ჯიშები, ყველაზე მეტად მოსწონებია ქართული ჯიშის ცხვარი, დაიტერესებულა მატყლის ხარისხითა და ფერით.

    აღმოჩნდა, რომ ფერეიდნელი ქართველების ცხვარს ცხრა ფერის მატყლი სცოდნია და ღირებულებითაც პირველი ხარისხისა ყოფილა. ისპაჰანის ბაზარზე კი ყველაზე ძვირად ფასობდა ქართველების მიერ მომზადებული ერბო.

    ქართველი ქალების მიერ მოქსოვილი ხალიჩისთვის კი ირანელი ვაჭრები თეირანიდან წელიწადში ორჯერ ჩამოდიოდნენ.

    ქართველებს სამშობლოდან წამოუღიათ ვაზის რქა. დაურგავთ, რომელსაც მოურწყველად გაუხარია და გამრავლებულა. ამ ადგილისთვის ფერეიდნელ ქართველებს "პაპას ბაღი" დაურქმევიათ, ეს მათი დაკარგული სამშობლოს სიმბოლო იყო, სადაც ყოველ ზაფხულს სალოცავად მიდიოდნენ.

    "ფერეიდანში ყველა ქართული ოჯახი, შინ თუ გარეთ ქართულად ლაპარაკობს. ჩადრს არავინ ატარებს. ქართველი ქალები ძალიან განსხვავდებიან სახითა და ფერით სპარსელებისაგან, სპარსელი ქალები მოყვითალო ფერისანი არიან. იქაური მამაკაცები მაღალი, მხრებგანიერი, შავთვალებიანები არიან, აქვთ არწივისებური ცხვირი", - ასეთ ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის ისტორიული წყროები.

    ერთი საინტერესო ამბავიც გვინდა გავიხსენოთ ჩვენი უახლესი ისტორიიდან. 1943 წელს, როდესაც სტალინი თეირანის კონფერენციაზე ჩავიდა, საელჩოში მისულა ფერეიდნელი ქართველების წარმომადგენელი სეიფოლა იოსელიანი.

    ესაუბრა სტალინს და უამბო, რომ 1922 წელს საქართველოში ჩამოსულა და ფილიპე მახარაძეს შეხვედრია. მისთვის უთხოვია გადაეწყვიტა ირანელ ქართველთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი. ფილიპე მახარაძეს დახმარება აღუთქვამს, ისიც კი მიუნიშნებია, სამგორის ველზე დაგასახლებთო, მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მიეცა.

    სეიფოლა იოსელიანს ახლა სტალინისთვის უთხოვია, გადაეხედა ფერეიდნელი ქართველების დაბრუნების საკითხისთვის. სტალინს უპასუხია, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ, ახლა ამის დრო არ არისო.

    თუმცა, 1944 წელს საქართველოს კულტურის მაშინდელ მინისტრს ფერეიდანში ჩაუტანია ქართული წიგნები, ქართული სიმღერების ფირფიტები. ფერეიდნელი ქართველები დილიდან საღამომდე უსმენდნენ თურმე ქართულ სიმღერებს, განსაკუთრებით მოსწონებიათ მარო თარხნიშვილის სიმღერები.

    იმავე წელს ფერეიდნელმა ქართველებმა საქართველოში გამოაგზავნეს პირველი ქართული წერილი, რომელიც საქართველოს ისტორიის მუზეუმში ინახება.

    1946 წელს საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა ფერეიდნელ ქართველებს, სადაც ეწერა:

    "ძმებო, ქართველებო. საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ, შორეულ ირანში მყოფ ქართველებს არ დაგვიწყნიათ სამშობლო და გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ თქვენი ძმები დედასაქართველოში. ჩვენ გვინდა, საკუთარი ყურით გაიგონოთ დედასაქართველოს ძმური სალამი, მოისმინოთ ქართული სიმღერები. ამიტომ თხოვნით მივმართეთ საქართველოს რადიოკომიტეტს, რათა მოაწყონ ხოლმე გადაცემები თქვენთვის.

    საჩუქრად გიგზავნით რადიომიმღებებს, რომლებიც მოიტანენ თქვენამდის დედასაქართველოს ალერსიან ხმებს. მოგვწერეთ იმის შესახებ, თუ რისი მოსმენა გინდათ საქართველოდან. ჩვენი საუკეთესო მომღერლები გიმღერებენ თქვენ ძველსა და ახალ ქართულ სიმღერებს. მუსიკოსები შეასრულებენ მშობლიურ მუსიკას საცეკვაო და სხვა მელოდიებს, პოეტები წაგიკითხავენ ლექსებს, მეცნიერები გიამბობენ ჩვენი სამშობლოს სიმიდრეებისა და ბუნების სილამაზის შესახებ. ასევე მოგვწერეთ თქვენი ჯავრი და სიხარული".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter