სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გაისად სატვირთოებს, სამგზავრო ტრანსპორტსა და სახელმწიფო ავტომობილებს შეამოწმებენ
    მარი ჩიტაია
    15.11.2017

     მსუბუქი ავტომობილების მფლობელები 2019 წლამდე სავალდებულო ინსპექტირებისგან თავისუფალი არიან. პირველ ეტაპზე ტექნიკურ დათვალიერებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მანქანები გაივლიან. ასეთი ქვეყნის მასშტაბით 187 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. მეორე ეტაპი დაეთმობა სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე რეგისტრირებულ მანქანებს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 120 000-ია. ყველა დანარჩენს მესამე ეტაპზე შეამოწმებენ. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება.

    ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით, გაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

    "სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, გაიზარდა სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება. ახალი წლიდან მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული მეთოდით განხორციელება. მთლიანად ავტოპარკი ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში შემოწმდება", - განაცხადა ქეთევან სალუქვაძემ.

    უფრო ვრცლად აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რეფორმა იწყება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება.

    "დღეს არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ უწევთ, რაც მისი მახასიათებლებიდან მომდინარეობს. აღნიშნული მუხლის კანონიდან ამოღება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნებოდა დაჯარიმებული. გამოდის, რომ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება 1-ლი იანვრისათვის შესამოწმებლად უნდა მიიყვანონ. ეს შეუძლებელია, ამიტომ კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა", - განმარტა ჩერქეზიშვილმა.

    საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისგან მათ შენობებსა და პერსონალთან დაკავშირებით. ასევე მთავრობა დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს.

    არასამთავრობო სექტორში ადასტურებენ, რომ ხელისუფლებამ მათი რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინა, განსაკუთრებით - გრაფიკთან დაკავშირებით. "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ექნებათ გონივრული ვადა, რათა ეტაპობრივად და საფუძვლიანად მოამზადონ მანქანები ტექდათვალიერებისათვის.

    "ყველა ავტომობილი ერთად ტექდათვალიერებას ფიზიკურად ვერ გაივლის, ასეთი რამ წარმოუდგენელია. 1,2 მილიონამდე რეგისტრირებული ავტომობილია ქვეყანაში და ინსპექტირების პროცესისთვის განსაკუთრებული სამზადისი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად დაიყოს ავტომობილების ვიზიტები პერიოდული ტექნიკური რეინსპექტირების ცენტრებში.

    პირველი ეტაპი შეეხება იმ მანქანებს, რომლებზეც კანონი ამ ეტაპზეც მოქმედებს, ანუ 3,5 ტონაზე მეტი მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. მათთან ერთად გაივლიან ტექდათვალიერებას ის სატრანსპორტო საშუალებები (მიკროავტობუსები და ავტობუსები), რომლებსაც გადაჰყავთ 8 ან მეტი მგზავრი. ასეთი 187 000 მანქანაა რეგისტრირებული. გეგმაშია, რომ 2 წლის განმავლობაში მთლიანად შემოწმდეს ყველა სატრანსპორტო საშუალება.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ტექდათვალიერება ისედაც ევალება. მათთვის 2004 წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ შეცვლილა, მაგრამ ტექნიკურ ცენტრებში მათი მხრიდან ოფიციალური მიმართვიანობა 14%-ს არ აღემატება. პირველი ეტაპის გავლას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.

    მეორე ეტაპი შეიძლება შეეხოს იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე არიან რეგისტრირებული. ასეთი დაახლოებით 120 000 ავტომობილია. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში მათი ინსპექტირება დაიწყოს, ხოლო კერძო ავტომობილებისთვის ეს დრო მოგვიანებით, სავარაუდოდ, 2019 წლის დასაწყისისთვის დადგება. სამაგიეროდ, გვექნება საშუალება, რომ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მოვაწესრიგოთ", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

    რაც შეეხება მოთხოვნებს, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაბალი სტანდარტი დაწესდება და ავტომობილებს მოუწევთ იმ პირობების დაკმაყოფიულება, როილებიც მათ მწარმოებლებმა თავის დროზე დაუდგინეს. აქედან გამომდინარე, ტექდათვალიერების პროცესს ძველი, მათ შორის საბჭოთა დროინდელი მანქანებიც შეუფერხებლად გაივლიან, თუკი ტექნიკურად გამართული იქნებიან.

    "დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მოთხოვნები იქნება მანქანებისთვის დაწესებული. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გერმანული სტანდარტი, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებთ ამ ვალდებულებებისთვის თავის გართმევას. პირველ ეტაპზე, უნდა იყოს მინიმალური დონე და შემდეგ თანდათან გაამკაცრონ. ჩვენთვის მთავარია, ამ ქვეყანაში ჰაერის სუნთქვა შეიძლებოდეს, რაც დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

    ყველა ავტომობილს მოეთხოვება იმ სტანდარტის დაკმაყოფილება, რაც მწარმოებელმა კონკრეტულ მანქანას დაუწესა. ამდენად, არასწორია შეფასება, რომ ძველი მანქანები გაჩერდება, საქმე ასე არ არის. მძღოლებს უნდა ჰქონდეთ ვადა, რომ მოახერხონ ავტომობილების წესრიგში მოყვანა.

    პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა შეიქმნას ელექტრონული ბაზები, სადაც აღირიცხება ის ავტომობილები, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ამ ბაზაში იქნება თავმოყრილი, რითაც ფირნიშების ხანა საბოლოოდ დასრულდება (გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფირნიშებს უკვე თვითნებურად ბეჭდავენ). ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომ კანონი არ დარჩეს ფურცელზე.

    ამასთან, მთავარი გამოწვევაა ტექნიკური ცენტრების მოწყობილობა, აღჭურვილობის გამართულობა, პერსონალის მომზადება, რომ სამუშაო პროცესს თანამედროვე სტანდარტით მიუდგნენ და მძღოლებს უხარვეზოდ მოემსახურონ", - აღნიშნა მესხიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter