სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    15.11.2017

     როგორც ამბობენ, გასული საუკუნის 20-30 წლების ევროპული და ამერიკული პრესა ქართველი ემიგრანტების, და-ძმები მდივნების ზღაპრული თავგადასავლებით იყო აჭრელებული. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდათ. ქართველ და-ძმებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მხატვრები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსებიც კი. დეილ კარნეგი თავის ბესტსელერში "როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ ადამიანებზე გვალენა" მაგალითად ძმები მდივნები მოჰყავს, რომელთა ხიბლი და თავაზიანობა საუკუნის ერთ-ერთ იდუმალ გამოცანად დარჩა.

    მდივნების ოჯახი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ამერიკის უმდიდრეს ქალბატონებზე ქორწინების სახელით შემორჩა ისტორიას, ფაქტია, რომ მხოლოდ საქორწინო არენაზე არ ყოფილა წარმატებული. მათ ემიგრაციის ყველა ეტაპი გაიარეს, საკუთარ თავზე გამოსცადეს სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში ცხოვრების სუსხი, მიიღეს არაჩვეულებრივი განათლება, არისტოკრატული გარეგნობის, გონებამახვილობის წყალობით მაღალი საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცნენ; და როცა ფეხზე დადგნენ, უანგაროდ ეხმარებოდნენ ამერიკასა და ევროპაში გახიზნულ ქართველებს, ყველას, ვინც ბედის უკუღმართობით უცხოეთში სიღატაკეში ცხოვრობდა.

    დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი მდივნების ოჯახის ემიგრანტული ცხოვრებიდან.

    ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი იყო. შემორჩენილია რამდენიმე ფოტო, სადაც ქართველი გენერალი თვით იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს უმშვენებს მხარს. მსახურობდა ჯერ რუსეთის არმიაში და საბრძოლო დამსახურებისთვის მრავალი ჯილდოც მიუღია. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა. იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. ერთხანს ქართული არმიის მთავარსარდალიც იყო.

    1921 წელს ბოლშევიკებს გაქცეული მდივნების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ჯერ თურქეთს შეაფარეს თავი, შემდეგ საფრანგეთში გადავიდნენ. ზაქარია და მისი შვილები ფიზიკურად შრომობდნენ და ისე ირჩენდნენ თავს. უმცროსი ვაჟი ალექსი 13 წლის იყო, მტვირთავად რომ დაიწყო მუშაობა, შემდეგ "პეჟოს" ქარხანაში მუშად მოეწყო. მისი უფროსი ძმები დავითი და სერგო ბედის საძებნელად ამერიკაში გაემგზავრნენ და ლოლაძის რადიოსახელოსნოში დასაქმდნენ. ალექსის მხსნელად გამოუჩნდა მამის ძველი ამერიკელი მეგობარი, რომელმაც იგი კემბრიჯის კოლეჯში შეიყვანა სასწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის "სითი ბანკის" პარიზულ განყოფილებაში მუშაობდა მენეჯერედ.

     1931 წელს, 24 წლის ალექსი მდივანი პარიზში საქართველოს მთავრობის დელეგაციის მდივნად დაინიშნა. იგი ეხმარებოდა ქართულ კოლონიას, ტუბერკულოზით დაავადებულ და უმუშევარ ქართველებს. დააწესა სტიპენდიები საფრანგეთისა და ბელგიის სასწავლებლებში ხელმოკლე ქართველი სტუდენტებისათვის. დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე იყო ექვთიმე თაყაიშვილი. იმასაც ამბობენ, რომ ალექსი მდივანი ჩავიდა შანხაიში და იაპონიის მიერ ოკუპირებული ხარბინიდან ლტოლვილ ქართველებს ექვსსართულიანი სახლი უყიდა. მათი შვილებისთვის სტიპენდიები დააწესა. ალექსი ასევე ცნობილი პოლოს მოთამაშე ცხენოსანთა გუნდის კაპიტანი იყო და ხშირად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზობებში.

    მაშინდელ უცხოური პრესას ალექსი მდივნის ამ დამსახურებებზე სიტყვაც არ დაუწერია, სამაგიეროდ ბულვარული პრესა აჭრელებული იყო ძმები მდივნების სასიყვარულო ისტორიებით. აქტიურად იბეჭდებოდა სტატიები მას შემდეგ, რაც ალექსი თავის მეუღლეს, ამერიკაში ცნობილი მილიონერი ოჯახის, ვულვორტთა მაღაზიების ქსელის მფლობელის ქალიშვილს, ბარბარა ვულვორტ ჰატონს გაშორდა, რომელმაც მეუღლე მფლანგველობაში დაადანაშაულა, არადა, თვითონ მილიონებს იხდიდა მარი ანტუანეტას ნაქონი უძვირფასესი სამკაულების შესაძენად...

    ბარბარასა და ალექსის ჯვრისწერა პარიზში გაიმართა. როგორც მაშინდელი ფრანგული პრესა წერდა, "დარიუს ქუჩაზე მდებარე მართლმადიდებელი ეკლესია და თავად ქუჩაც ათასობით თეთრი ვარდით მოურთავთ, ეკლესიის წინ ეგზოტიკური მცენარეებით სავსე უზარმაზარი ორანჟერეა ააგეს. ახალგაზრდები ჯვრისწერაზე დიდებული "როლს-როისით" მობრძანდნენ. ასეთი თვალისმომჭრელი სამოსი და ამდენი ცილინდრი პარიზს არასდროს უნახავს! ეს ჯვრისწერა მონარქებსაც კი თვალს დაუბნელებდა."

    ალექსანდრე ნეველის რუსული ეკლესია, სადაც ალექსიმ და ბარბარამ ჯვარი დაიწერეს, გადაპენტილი ყოფილა აზალიებითა და ლილიებით. ეკლესიაში გალობდა 30-კაციანი გუნდი. ქორწილს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, ასევე - სალვადორ დალი და მისი მეუღლე გალა, პაბლო პიკასო, ხოსე მარია სერეტი, ჰოლივუდის ვარსკვლვები, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები, სულ 800 სტუმარი.

    დავით მდივნის პირველი მეუღლე იყო ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი მეი მიუერი. შემდეგ მისი რჩეული გახდა ფრანგი კინოვარსკვლავი არლეტი. საბოლოოდ დავით მდივანი დაქორწინდა ამერიკელი მაგნატის მილიონერ ქალიშვილ ვირჯინია სინკლერზე.

    სერგო (სერჟ) მდივანი ორჯერ იყო ქორწინებაში. პირველად მას ცოლად ჰყავდა მუნჯი კინოს აღიარებული მსახიობი, ჰოლივუდის მშვენება პოლა ნეგრი, რომელმაც თავისი ბედი სერგო მდივანს მას შემდეგ დაუკავშირა, რაც ჩარლი ჩაპლინს გაშორდა. სერჟი და პოლა მალე დაშორდნენ ერთმანეთს. მსახიობმა მძიმედ გადაიტანა მეუღლესთან განშორება, ამერიკა მიატოვა და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ამბობენ, გერმანიაში ცხოვრების დროს გაიცნო ადოლფ ჰიტლერი, რომელიც მას ათაყვანებდაო.

    სერგო მდივნის მეორე ცოლი იყო ასტორების იმ ოჯახის მემკვიდრე ლუიზა ასტორი, რომელთა მფლობლობაშიც იყო მსოფლიოში ცნობილი ბეწვეულის უდიდესი კომპანია, ასევე "უოლდორფ ასტორიის" ფეშენებელურ სასტუმროთა ქსელი. იმასაც ამბობენ, რომ ლუიზა ასტორს ოჯახიდან მემკვიდრეობით ერგო მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი და ძვირად ღირებული ყვითელი ბრილიანტი, რომელიც მანამდე საფრანგეთისა და ბრიტანეთის მონარქების საკუთრება იყო.

     ძმები მდივნების დები რუსუდანი და ნინო ასევე მსოფლიოში ცნობილ ადამიანებზე იყვნენ დაქორწინებული. რუსუდანი ცოლად გაჰყვა ცნობილ ესპანელ მხატვარ-მონუმენტალისტ ხოსე მარია სერატის. თავადაც სკულპტორი იყო. მეგობრობდა პარიზში სასწავლებლად ჩასულ ქართველ მხატვრებთან: ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან. მეგობრები ხან კაფე "როდონდაში", ხანაც "შემოდგომის სალონში" ხვდებოდნენ ერთმანეთს. რუსუდანით მოხიბლული ყოფილა სალვადორ დალი. მხატვარი რუსუდანს ვერმეერის ცნობილ ნახატს "გოგონა მარგალიტის საყურით" ადარებდა.

    ხოსე მარია სერეტიმ და რუსუდანმა ერთმანეთი პარიზში გაიცნეს. ხოსე მაშინ 52 წლის იყო, რუსუდანი - 19-ის. როგორც კოკო შანელი თავის წიგნში წერდა: "მალე ჩვენი მოხუცი სერტი ნორჩი ქართველი პრინცესით მოიხიბლა, პატარა ბიჭივით უზომოდ შეყვარებული ვნახეთ. ხოსე მარია მონპარნასზე თავის სახელოსნოში ახალ სკულპტურაზე მუშაობდა, როცა კარზე ზარი დაირეკა, გააღო და გაოცდა, ზღურბლზე იდგა გოგონა, მას ქერა-ფერფლისფერი თმა, რუხი-მომწვანო თვალები ჰქონდა. ის ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა."

    ხოსე მარია სერეტიმ და რუსუდან მდივანმა 1928 წელს იქორწინეს ჰააგაში. ბედნიერმა ხოსემ თავის ულამაზეს პრინცესას ესპანეთში, პალამოსში სასახლე აუშენა. ვის არ ნახავდით ამ სახლში: პიკასოს, სალვადორ დალის, მარლენ დიტრიხს, კოკო შანელს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს. სალვადორ დალი თავის მოგონებებში "პარიზის ფანტასტიურ ქალებს შორის" მხოლოდ ბენიტა ბერჟერის, კოკო შანელსა და რუსუდან მდივანს ასახელებდა.

    ნინო მდივანი სამჯერ იყო ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე იყო ჩარლზ ჰენრი ჰიუბერიხი, იურისტი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. ნინო სახელგანთქმული მწერლის, კონან დოილის უფროს ვაჟ დენისს შეჰყვარებია, სასიყვარულო ისტორია კი ქორწინებით დასრულდა. დენის დოილმა მეუღლეს "შერლოკ ჰოლმსის" გამოცემების ექსკლუზიური უფლება გადასცა. ნინო აქტიურად ჩაება საგამომცელო საქმიანობაში და როგორც ამბობენ - წარმატებულად, რადგან მოთხრობების გაყიდვამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. დენისის გარდაცვალების შემდეგ ნინომ მის თანაშემწეზე იქორწინა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter