სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "პროცენტის სახით ადამიანს უწევს იმდენი თანხის გადახდა, რამდენის გამომუშავებაც დაახლოებით 50 დღეში შეუძლია"
    თამუნა მუკბანიანი
    09.11.2017

     საქართველოში მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულება დღითი დღე იზრდება. ბოლო 10 წელიწადში სამომხმარებლო მოკლევადიანი სესხები ფიზიკური პირებისათვის 6-ჯერ, ხოლო გრძელვადიანი 34-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტები ამგვარ სტატისტიკას სავალალოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მოსახლეობას არ ჰყოფნის ფული თვითან თვემდე ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც. შესაბამისად, სესხების ასეთი მკვეთრი ზრდა ამ ფაქტორებითაა განპირობებული.

    სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების რაოდენობა ლარში ელვისებურად გაიზარდა. 2007 წლის პირველი იანვრისათვის მოკლევადიანი სესხების ოდენობა ფიზიკური პირებისათვის 90 მილიონი იყო, ხოლო გრძელვადიანი - 63 მილიონი. იგივე სესხების ოდენობა ათი წლის შემდეგ, ანუ 2017 წლის პირველი სექტემბრისთვის მკვეთრად არის გაზრდილი. დღესდღეობით მოკლევადიანი სესხების მოცულობა 549 მილიონი ლარია, ხოლო გრძელვადიანი - 2 მილიარდ 172 მილიონი ლარი. გამოდის, რომ სამომხმარებლო მოკლევადიანი სესხები ფიზიკური პირებისათვის 6-ჯერ, ხოლო გრძელვადიანი - 34-ჯერ გაიზარდა.

    სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი საკრედიტო დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ძალიან ცუდია, რადგან შინამეურნეობის ზრდა ბევრად ნაკლებია ხარჯების მატებასთან შედარებით.

    "საკრედიტო დამოკიდებულება შეგვიძლია, ორ ასპექტში განვიხილოთ, როგორც საბაზრო ეკონომიკისა და შესაბამისი ინსტიტუტების განვითარება (ანუ თანამედროვე ცივილიზებული ფორმების განვითარება) და მეორე - მოსახლეობას მიმდინარე შემოსავლები არ ჰყოფნის.

    საგულისხმოა, რომ გრძელვადიანი სესხების ოდენობა უფრო სწრაფად იზრდება. გამოდის, სესხის აღების დროს პრიორიტეტი არა მიმდინარე ხარჯი, არამედ საინვესტიციო დატვირთვის მქონე თანხაა.

    მოკლევადიანი კრედიტის ზრდის ტემპი, რომელსაც სამომხმარებლო დატვირთვით იღებს მოსახლეობა, მაინც მნიშვნელოვნად აღემატება საზოგადოების ფულადი შემოსავლების ზრდის ტემპს. პროცენტული თანაფარდობით კი, კომერციულ ბანკებზე დამოკიდებულების კუთხით, ეს თანხა უკვე გადასცდა ჯამში ერთი თვის ფულადი შემოსავლების მოცულობას, რაც მოსახლეობას გააჩნია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბანკების მომსახურებისათვის პროცენტის სახით ადამიანს უწევს იმდენი თანხის გადახდა, რამდენის გამომუშავებაც დაახლოებით 50 დღეში შეუძლია. ეს სავალალო მაჩვენებელია და მიანიშნებს, რომ მიმდინარე სესხების მოცულობის ზრდა აღემატება შინამეურნეობათა ზრდის ტემპს. აქედან გამომდინარე, სერიოზული ეკონომიკური და სოციალური კოლიზიის ნიშნები იკვეთება", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

    ფინანსისტი ლია ელიავა საკრედიტო დამოკიდებულებას ნარკომანიას ადარებს და ამბობს, რომ მოსახლეობა "საკრედიტო ნემსზე" ზის. საკრედიტო ხელშეკრულებებისა და თანხის ზრდაში თავისთავად ტრაგიკური არაფერია, რომ არა ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

    "სამომხმარებლო სესხების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ ხალხი არის ღარიბი და მას არ გააჩნია ფული, რომ გადაფაროს მიმდინარე ხარჯები. ფაქტი, რომ სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა დიდია, თავისთავად ტრაგიკული არ არის, რადგან ასე ცხოვრობს განვითარებული ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მაგრამ რადგან ყველაფერი კონტექსტუალურია, ჩვენს შემთხვევაში ეს დამოკიდებულება სახიფათოა ორი ფაქტორის გამო - მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და სესხის სიძვირის კუთხით. ასეთი გარემოება განაპირობებს სესხის მომხმარებელთა დაკაბალებას არა მხოლოდ კომერციული ბანკების, არამედ ნებისმიერი გამსესხებლის მხრიდან.

    რაც უფრო ხანგრძლივია სესხი, მით მეტია პროცენტი. თითქოს ყოველთვიური გადასახადი არის მცირე, მაგრამ, ჯამში, ეს არის უფრო დიდი თანხა, ვიდრე ადამიანის ერთი წლის შემოსავალი.

    როგორც ნარკომანი ზის "წამალზე", ისეა ეს შემთხვევაც - მოსახლეობის დიდი ნაწილი ზის "საკრედიტო ნემსზე" და მას უკვე აღარ აქვს სურვილი და უნარი, გადაინახოს თანხა, რადგან ფიქრობს, რომ შეუძლია ფულის სწრაფად შოვნა, თუკი ამის აუცილებლობა ექნება. ამიტომ ის აღარ აგროვებს დანაზოგს და მთლიანად დამოკიდებულია საკრედიტო ორგანიზაციებზე.

    შედეგი კი ის არის, რომ ხალხის შემოსავალი ისედაც მწირია და არ ყოფნის ჯანდაცვისა და სრულფასოვანი კვებისათვისაც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს დაავადებული და ნაკლებშრომისუნარიანი მოსახლეობა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის სოცილაური პრობლემა და ამასთანავე - ეკონომიკურიც, რადგან სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში სამომხმარებლო სესხებიდან ამოღებული თანხები ჩვეულებრივ მიემართება საწარმოო სექტორიში, რაც ქმნის დოვლათს.

    სამწუხაროდ, საქართველოში სიტუაცია სხვანაირია, კომერციული ბანკები არ მიმართავენ ამოღებულ კაპიტალს საწარმოო სექტორში. გამოდის, რომ იმპორტს ემსახურებიან, რაც იგივეა, სხვა ქვეყნის მწარმოებელი გაამდიდრო. ამ საკითხის გადაჭრის იმედი დღესდღეისობით ნამდვილად არ მაქვს, რადგან საამისოდ არავინ არის მონდომებული", - აღნიშნა ლია ელიავამ "რეზონანსთან" საუბრისას.

    უნდა ითქვას, რომ სესხების საერთო რაოდენობამაც მოიმატა. ბოლო 7 წლის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტები 11.5-ჯერ გაიზარდა, დოლარში კი სესხები შემცირდა დედოლარიზაციის პოლიტიკის ამოქმედების შედეგად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter