სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბავშვებს დეგრადირებული აქვთ ხერხემალი, დაქვეითებული - მხედველობა, მეტყველება და აზროვნებაც კი
    თეო გუდავაძე
    08.11.2017

     თანამედროვე ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა ცუდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით კი - მოზარდებზე. ფსიქოლოგებისა და მეცნიერების დაკვირვებით, ბავშვები საუბარზე ადრე პლანშეტისა და კომპიუტერის ხმარებას სწავლობენ, ეს კი მათი კომუნიკაციის უნარს აქვეითებს. ამასთან, სამეცნიერო კვლევა უმოძრაობას, ხანგრძლივ ჯდომასა და ქრონიკულ დაავადებებს შორის არსებულ კავშირს ადასტურებს.

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის 60-დან 85 პროცენტამდე ფიზიკურად არააქტიურია და მათი ცხოვრების სტილი თანდათან უფრო მჯდომარე ხდება. ორგანიზაცია იმასაც ამბობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის დაღუპვა სწორედ მათ უმოძრაობას უკავშირდება. აღნიშნული გარემოება სიკვდილის ან უნარშეზღუდულობის გამომწვევ 10 მთავარ მიზეზს შორის სახელდება.

    უმაძრაობას ადამიანი პატარა ასაკიდანვე ეჩვევა. ბავშვებისა და მოზარდების კომპიუტერთან გატარებულმა დიდმა დრომ შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს როგორც ფსიქიკურად, ასევე ჯანმრთელობის კუთხით. თეკლა მაისურაძე ერთ-ერთი მშობელია, რომლის შვილსაც, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების გამო, მეტყველების პრობლემა შეექმნა:

    "სამ-ნახევარი წლის ბიჭი მყავს. ძალიან აქტიური ბავშვია ფიზიკურად, თუმცა სერიზული პრობლემები აქვს მეტყველების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ მალე ოთხის გახდება, ჯერ არაფერს ამბობს. ერთი წლის იყო, როდესაც დამოუკიდებლად დაიჭირა პლანშეტი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმის შემდეგ ნიკოლოზის საყვარელი ნივთი გახდა. მის გარეშე აღარც ჭამს და აღარც იძინებს, შესაბამისად, იძულებული ვიყავი, მის ახირებას დავმორჩილებოდი, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩენილიყო.

    ახლა კი ვხვდები, სერიოზული პრობლემის წინაშე ვარ. ფაქტობრივად, ისეა მიჯაჭვული პლანშეტს, რომ ჩვენთან კომუნიკაციას არც კი ცდილობს. მისთვის ყველაფერი საინტერესო იმ ეკრანზე ჩანს. როდესაც ბაღში მივიყვანე, იქ მასწავლებლებმა მითხრეს, რომ უფრო მეტად აქტიურობს და ცდილობს რაღაც სიტყვების თქმას.

    ჩემი შეცდომა აღარ უნდა გაიმეორონ ახლბედა მშობლებმა და არ მისცენ პატარებს იმის საშუალება, ასე გახდნენ დამოკიდებულები ტექნიკაზე, რადგან ეს მათ ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. აჯობებს, ბავშვმა არ ჭამოს, იტიროს და არ დაიძინოს, ვიდრე მეტყველების უნარი დაკარგოს და მომავალშიც ხერხემლის პრობლემები გაუჩნდეს კომპიუტერთან ჯდომის გამო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თეკლა მაისურაძემ.

    ინგლისელი ფსიქოლოგების კვლევის საფუძველზე, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ვინაიდან კვლევებმა ცხადყო, რომ კომპიუტერისაკენ სწარფვამ შესაძლოა, 10 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარება შეაფერხოს და დათრგუნოს მოძრავი თამაშის, თანატოლებთან ურთიერთობის ინტერესი. ფსიქოლოგიური პრობლემის გარდა, ხშირია აშკარად შესამჩნევი ჯანმრთელობის პრობლემებიც. მოზარდებში ძალიან იმატა მხედველობის პრობლემამ. უკვე ყოველი მესამე ბავშვი სათვალეს ატარებს, გაზრდილია ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დაავადებები. პედიატრი ქეთინო გოგოლაძე სწორედ ამ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

    "რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ხშირდება ისეთი ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მხედველობის სერიზული პრობლემები აღენიშნებათ. სქოლიოზი უკვე სათვალავში აღარ მიიჩნევა, რადგან ყოველ მეორე ადამიანს აქვს. პრობლემა უფრო მეტად მშობლებშია, ვიდრე ბავშვებში. რთულია, იყო მოზარდი და არ გაგექცეს თვალყური საინტერესო ინტერნეტთამაშებისკენ. ყველაფერი კარგია დოზირებულად, თუმცა გადაჭარბებით როცა ხდება, ეს უკვე მშობელმა უნდა გააკონტროლოს. როგორ შეიძლება, 2 წლის ბავშვი ისე ვერ დაიმორჩილო, რომ დღე და ღამე კომპიუტერთან იჯდეს?! როდესაც ექიმთან სისხლის ანალიზებზე დაჰყავთ, მაშინაც კი პლანშეტით ხელში მოდიან და ასე აკავებენ ბავშვებს, რადგან არ სურთ, ორი წუთი მათი ტირილი აიტანონ, შემდგომ რისკფაქტორებზე კი არავინ ფიქრობს.

    მშობლებმა აუცილებლად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ჯანმრთელობის გაუარესება ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია. მოზარდებში ძალიან გახშირებულია ნეკნოვანი კუზი, რომელსაც ასევე იწვევს დიდი ხნით ჯდომა. ამ ყველაფრის გამოსწორებას კი საათობრივი ვარჯიში და, პირველ რიგში, სწორი განრიგი სჭირდება. დღეში სამი საათი მაქსიმუმია, რისი გატარებაც შეუძლია მოზარდს კომპიუტერთან. ამ დროის გადანაწილება კი მშობელმა საჭიროებისამებრ უნდა მოახერხოს. რაც შეეხება უკვე მიღებული პრობლემების დაძლევას, ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი მკურნალობითა და აქტიური სპორტული ცხოვრებით", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ქეთინო გოგოლაძემ.

    სქოლიოზის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ექიმები მოზარდებში სწორედ კომპიუტერთან ჯდომას ასახელებენ. გარდატეხის ასაკი და წინარე პერიოდი ის დროა, როდესაც ხერხემალი იწყებს ჩამოყალიბებას. ეს ძალიან რთული გადასატანია ორგანიზმისთვის და ამ დროს საჭიროა ზუსტად შერჩეული სპორტის სახეობა, რათა ბავშვებმა დროის უმეტესი ნაწილი კომპიუტერთან ჯდომას არ დაუთმონ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter