სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 7%-ს თამამად გადააბიჯებს
    ნათია ლომიძე
    04.11.2017

     როგორც მოსალოდნელი იყო, შემოდგომიდან ინფლაციამ ზრდა დაიწყო და მას რამდენიმე თვე ვეღარაფერი შეაჩერებს. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება სურსათი, საწვავი და პირველადი მოხმარების საქონელი. ლარის გაუფასურება ნოემბრიდან სამომხმარებლო ბაზარს თავის კვალს დაამჩნევს. წინ ზამთრის მძიმე თვეები გველის, როდესაც ქვეყანა მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული ხდება. რასაკვირველია, წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 7%-ს თამამად გადააბიჯებს.

    2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით - 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, რძის ნაწარმზე და კვერცხზე.

    მართალია, "საქსტატმა" ინფლაციის მაჩვენებელი გაზარდა, მაგრამ, ლარის დევალვაციისა და სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარების მიხედვით, 6,4%-იან მაჩვენებელს შეუსაბამოდ მიიჩნევს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. მისი აზრით, ინფლაცია მომდევნო ორ თვეში კიდევ მოიმატებს, რადგან დეკემბერსა და ნოემბერში ქვეყანა უფრო მეტად ხდება იმპორტდამოკიდებული.

    "ჩვენთან პარადოქსული სიტუაციაა. ლარის დევალვაცია მიმდინარეობს, ფასები იზრდება და ინფლაცია არ ჩანს. რატომღაც ეს ციფრები ერთმანეთის შესაბამისი არ არის. შეუძლებელია, ფასების ასეთი მატების შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 6.4 იყოს. პირადად მე უფრო მეტი მგონია. ამიტომ აუცილებლად გადასახედია სამომხმარებლო ფასების მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც სამომხმარებლო კალათა დგინდება.

    რაც შეეხება დევალვაციის პროცესს, ლარის ვარდნა თუ კიდევ გაგარძელდება, თავისთავად ცხადია, ფასების ზრდაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. რაც უნდა ვისაუბროთ, რომ ყველაფერი კარგადაა, ბაზარი თავისი გაზრდილი ფასებით სხვა რამეზე მიუთითებს. დამატებითი ფაქტორიც გვაქვს წლის ბოლომდე გადასახდელი საგარეო ვალის სახით, რომელიც 1 მლრდ დოლარის ფარგლებშია.

    თუ რაიმე განსაკუთრებული ინვესტიცია არ შემოვიდა, რომელიც ამ გასავალს დააბალანსებს, ლარის გაუფასურების პროცესს ვერ შევაჩერებთ, შესაბამისად, ფასებიც მაღლა წავა და ინფლაციაც კიდევ გაიზრდება. წინ ნამდვილად რთული ზამთრის თვეები გველოდება", - განუცხადა "რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.

    წლის ბოლომდე ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს ელოდება ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი ირაკლი მაკალათიაც. "რეზონანსთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ 2018 წელს მოსალოდნელია შედარებით დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ეს მხოლოდ ციფრობრივი მაჩვენებელი იქნება და მოსახლეობის მდგომარეობას უკეთესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლის.

    "წლის ბოლომდე აუცილებლად გვექნება ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ლარი უფასურდება დოლარის მიმართ, ხოლო ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე. უნდა ველოდოთ სხვადასხვა საქონლის გაძვირებას, სავარაუდოდ, ინფლაცია 7%-ს ნამდვილად გადააჭარბებს. მთავარი ფაქტორი, რამაც საერთო მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია, სატრანსპორტო, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჯგუფებში აქციზის გაძვირებაა.

    მომდევნო წლიდან გვექნება ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ეს არ შექმნის ქვეყანაში უკეთეს პირობებს, რადგან 2017 წლის ფასების შედარება მოხდება 2018 წლის ფასებთან. რიცხობრივი მონაცემები შედარებით დაბალი იქნება, მაგრამ ფასები მაღალი დარჩება", - აღნიშნა მაკალათიამ.

    ზამთრის თვეებში ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირებას ადასტურებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე. საქმე ისაა, რომ ნოემბრიდან იმპორტიორები პროდუქტს ლარის ახალი კურსით შემოიტანენ, რაც გაძვირების მორიგ ტალღას გამოიწვევს. აროშიძე ეროვნულ ბანკს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სებ-მა თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რათა მოსახლეობას ურთულესი პერიოდი თავიდან აარიდოს.

    "მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია, ბაზარზე ფასების მატება ძალიან მტკივნეულად ჯერ არ იგრძნობა. ის პროდუქცია, რომელიც დღეს ბაზარზეა, შემოტანილია ძველი კურსით (დაახლოებით 2.45-ის ფარგლებში), მომდევნო თვეებში კი იმპორტიორები დღევანდელი საკურსო მაჩვენებლით შემოიტანენ პროდუქტს. მაშინ ნამდვილად მძიმე სურათი გადაიშლება ჩვენ თვალწინ.

    დეკემბრიდან მოყოლებული, ქვეყანა, პრაქტიკულად, იმპორტდამოკიდებული გახდება, რაც ინფლაციის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის. ეროვნული ბანკი აუცილებლად უნდა ჩაერიოს და შესაბამისი ღონისძიება გაატაროს, თუ უნდა, რომ მოსახლეობას მეტად რთული პერიოდი თავიდან აარიდოს", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter