სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამბავი ერთ კაცში განივთებული ერთმანეთს დაპირისპირებული ცივილიზაციებისა
    მამუკა ნაცვალაძე
    04.11.2017

     ის იყო არაერთი კლასიკოსის მუზა. მოცარტი, როსინი, პუშკინი აღმერთებდნენ მას. ეს არცაა გასაკვირი - თავისუფლების იდეა ხომ ყველა დროისა და განზომილების ყველაზე ფასეულ პოსტულატად რჩება დღემდე. ამიტომაც იქცა უზარმაზარ მონსტრს შეჭიდებული მითრიდატე მეექვსე პონტოელი ყველა დროის მსოფლიო ისტორიაში თავისუფლებისათვის მებრძოლ ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ.

    რატომ აფრთხობდა რომს მითრიდატეს სახება

    ეს ქრისტეშობამდე პირველ საუკუნეში, რომაული დიქტატისას ხდება. ეს ის დროა, მთელ მსოფლიოს საკუთარ ნებაზე რომ ატრიალებს მარადიული ქალაქი. ასეთ პოლიტიკურ ფონზე რომის წინააღმდეგ გამოსვლა, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, მითრიდატე მეექვსე ევპატორმა დინების საწინააღმდეგოდ მოისურვა ცურვა - აბობოქრებულ პოლიტიკურ მორევში მოახერხა ორიენტირება და თავად შეძლო, შეექმნა ისეთი სახელმწიფო, რომს რომ გაუწევდა წინააღმდეგობას და მსოფლიო ბატონობაზე თავად რომ განაცხადებდა პრეტენზიას.

    ეს ის დროა, რომს ყველაზე მეტად რომ ეშინია საზღვაო იმპერიების. მას ჯერ კიდევ ახსოვს კართაგენული გაკვეთილები. სამმა პუნიკურმა ომმა რომის ძლევამოსილებას საკუთარი კვალი დააჩნია.

    პონტოს სამეფოც კართაგენის მსგავსად საზღვაო სახელმწიფო იყო. შავიზღვისპირეთის გეოსტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვანი პერსპექტივა იყო მითრიდატეს სამეფოსათვის. შემთხვევით არ უწოდებდნენ მას აზიის მეფეს.

    ამბავი მითრიდატეს უკვდავი გზავნილისა

    აქემენიდების მსოფლიო ასპარეზიდან გასვლის შემდეგ მითრიდატემ მოახერხა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციული წინააღმდეგობა ისევ რეალობად ექცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ დაპირისპირებისას აშკარად გამოიკვეთა - მსოფლიო მონსტრი რომი სრულიადაც არ არის უძლეველი. პონტოს მეფემ რომის დამარცხება შეძლო და მარადიული ქალაქის მესვეურნი განდევნა წინა აზიიდან. ეს პირველი მითრიდატული ომის დასრულებისას ხდება, ქრისტეშობამდე 85 წელს.

    მართალია, ევპატორმა ვერ შეძლო მოპოვებული წარმატების შენარჩუნება, თუმცა თავისი მაგალითით აშკარად დაანახა სამყაროს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

    ყველა დროის მსოფლიოს ამიტომაც სჭირდება მითრიდატეს მაგალითი, როგორც გამორჩეულად მკაფიო გზავნილი - მონობას არასდროს უნდა შეეგუო.

    როგორ იქცა მითრიდატე მეექვსე ძველი მსოფლიოს ახალი ტიპის პოლიტიკოსად

    მითრიდატე მეექვსე ევპატორი ამკვიდრებს მსოფლიო პოლიტიკოსის ახალ ტიპს, ეს ერთგვარი რეინკარნაციაა კიროს დიდისა და ალექსანდრე მაკედონელისა, რომელნიც სწორედ დაპყრობილი მოსახლეობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. თუმცა მითრიდატეს სათანადო ასპარეზი და ფონი არ აღმოაჩნდა იმისათვის, რომ ან მაკედონელის ანდა კიროს დიდის სახე პედანტურად გაემეორებინა.

    ეს მხოლოდ ფრაგმენტულად მოახერხა - რომის ძლევამოსილება მას მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მთელი აქცენტი სწორედ აქეთ იყო გადატანილი, რაც მითრიდატეს მოქმედების სტრატეგიასა და ხასიათს განსაზღვრავდა. კიროს დიდისა და ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად, მითრიდატეც მიიჩნევს, რომ ხელისუფალს უნდა ესმოდეს არა მარტო საკუთარი ხალხის, არამედ დაპყრობილი მოსახლეობის. მისი, როგორც პოლიტიკოსის, მთავარი თეზაა - ვინც არ იცის უცხო ენა, ის საკუთარ თავს ვერ შეიმეცნებს.

    სწორედ მითრიდატე გახლდათ მსოფლიო ისტორიაში ცნობილი პირველი პოლიგლოტი, აპიანე და პლუტარქე მიანიშნებენ, რომ პონტოს მეფე თავისუფლად ფლობდა 22 ენას, პოლიგლოტობა ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება იყო სულ სხვა რანგისა და დონის სახელმწიფოს შექმნისა.

    რატომ ვერ გახდა მითრიდატე ალექსანდრე მაკედონელისა და კიროს დიდის რეინკარნირებული სახე

    ეს ელინისტური ხანაა, მსოფლიოს ჯერ კიდევ ახსოვს ალექსანდრე მაკედონელის დამკვიდრებული პოლიტიკური ორიენტირი - პირველად მსოფლიო გლობალიზაცია ხომ სწორედ მაკედონელმა სცადა.

    მითრიდატეც ალექსანდრე მაკედონელის პრინციპებით ცდილობს ქვეყნის მართვას, ცდილობს, გლობალიზაციისათვის დამახსიათებელი ნიაუნსები დაამკვიდროს თავისი მმართველობისას, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელია, რამდენადაც, ამ ცდის პარალელურად, ვერ ელევა აღმოსავლური მმართველობისთვის დამახასიათებელ დესპოტიზმს.

    თითქოს სიმბოლური იყო - მითრიდატეს ცხოვრების არაერთი ეპიზოდი მიანიშნებს ამ ორი შეუთავსებელი ცივილიზაციის შტრიხებს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მას საკუთარი მტრების დასჯის უნიკალური მეთოდი ჰქონდა - იმას, ვისაც სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, გამდნარ ოქროს ასხამდა ხახაში.

    ესეც ბუნებრივია - მის სისხლში ხომ ორი სრულიად განსხვავებული, რადიკალურად დაპირისპირებული ცივილიზაცია ჩქეფს - ბერძნულ-ელინური გენი და აქემენიდური ირანის მემკვიდრეობა.

    როგორ გაერთიანდა ერთ ოჯახში ორი სრულიად შეუთავსებელი ცივილიზაცია

    დედამისი ლაოდიკე მეექვსე იმ დიადოხოსებიდან ერთ-ერთის - სელევკ პირველის შთამომავალია, რომელმაც ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნეში დააარსა სელევკიდების სამეფო. ლაოდიკეს მშობლები ანტიოხოს მეოთხე და ლაოდიკე მეოთხე ღვიძლი და-ძმაა. ინცესტმა, რომელიც ძველი მსოფლიოსათვის ჩვეულებრივი ამბავია და რომლის მთავარი აზრი იყო დინასტიის ღვთიური წარმომავლობის ლეგენდისა და, შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების შენარჩუნება, თავისი კვალი დააჩნია მითრიდატეს დედას, მის ფსიქიკასა და მენტალიტეტს.

    მითრიდატე მეექვსის მამა მითრიდატე მეხუთე ევერგეტი წარმომავლობით აქემენიდების შთამომავალია. სწორედ მისი წინაპარია ოტანა, რომლის ინიციატივით ხდება გაუმატას მკვლელობა. ეს ის მოვლენაა, რომლის შედეგადაც დარიოს პირველი ხდება აქემენიდების მმართველი. მითრიდატეს წინაპრები უხსოვარი დროიდან მართავენ კაპადოკიას. შესაბამისად, ევპატორის ხელისუფლებას საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია ძველი მსოფლიო ისტორიისათვის, რამდენადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მათი დინასტია აღიარებულია უზენაესად და არანაირ კითხვის ნიშანს არ ტოვებს.

    რატომ იქცა პონტოს სამეფო ყველა სახელმწიფოსთვის სასურველ სამიზნედ

    პონტოს სამეფო სწორედ მაკედონელის იმპერიის დაცემის შემდეგ შეიქმნა, ქრისტეშობამდე 302 წელს, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მსოფლიო ბატონობის მოსურნე ყველა ფორმაციის სახელმწიფო ემტერება. შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი, კაპადოკიელებით დასახლებული ტერიტორია მსოფლიოს ყველა მონსტრისთვის სასურველი ადგილი იყო.

    გამორჩეულად მდიდარი იყო პონტო ხე-ტყით, სასარგებლო წიაღისეულით. ეს ის ადგილია, სადაც მაღალ დონეზეა მეტალურგია, რის საშუალებასაც იძლევა რკინის, სპილენძისა და ვერცხლის საბადოები.

    უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ელინისტურ სამყაროში პონტოს შავიზღვისპირეთის ქალაქები სინოპი, ამისოსი, თემისკირა, პოლემონიონი, კოტიორა, ტრაპეზუნტი. აქ განვითარებულია გემთმშენებლობა. ამას გარდა, ნოყიერი ნიადაგი მიწათმოქმედების, მევენახეობა-მებაღეობის განვითარებას უწყობდა ხელს.

    ერთი სიტყვით, არა მარტო გეოსტრატეგიული თვალსაზრისით იყო პონტო საინტერესო რომისთვის, არამედ როგორც საბადო უდიდესი სიმდიდრისა.

    როგორ აღმოჩნდნენ ქართველური ტომები პონტოს სამეფოს შემადგენლობაში

    პონტოს სამეფო თანდათან ძლიერდება, ის იერთებს შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველურ ტომებს - კარდუხებს, ხალიბებს, მოსინიკებს, ტაოხებს, სკვითინიებს, მაკრონებს.

    პონტოს სამეფო გაფართოების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო პერსპექტივას ფლობს - დასავლეთით პაფლაგონიაა, ჩრდილოეთიდან - შავი ზღვა, აღმოსავლეთით - კოლხეთი, სამხრეთით - არმენია, კაპადოკია და გალატია.

    საგულისხმოა, რომ სწორედ პონტოს სამეფო ამარაგებდა ბერძნებს ხორბლით, გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა უდიდესი კაპიტალის დაგროვების საშუალება იყო.

    ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მითრიდატეს ხელში აღმოჩნდა უდიდესი სიმდიდრე, დიდი რაოდენობის ოქრო. არადა, ფხიზლობს რომი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შიგნიდან დაანგრიოს პონტოს ძლიერება და მარიონეტად აქციოს. ამისთვის დიდი ძალისხმევა სრულიადაც არ სჭირდება - ლაოდიკე, მითრიდატე მეექვსის დედა განსაკუთრებულად პატივმოყვარეა, ხელში რომ ჩაიგდოს ძალაუფლება, ყველაფერზე მიდის, მათ შორის საკუთარი ქმრის სიცოცხლის ხელყოფაზეც.

    როგორ გახდა ლაოდიკეს პატივმოყვარეობა პონტოს წინააღმდეგ მიმართული რომაული კოზირი

    სულ მალე სწორედ სინოპში გადაინაცვლებს მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი. ერთი ოჯახის ფარგლებში დატრიალდება დრამა, რომელიც პედანტურად ასახავს იმ პერიოდის პოლიტიკურ ორიენტირებს და ვნებათაღელვას.

    სულ მალე პონტოს სამეფოში მითრიდატე მეხუთე ევერგეტს შეთქმულებას მოუწყობენ. ეს ქრისტეშობამდე 117 წელს მოხდება. ერთი ოჯახის ტრაგედიას აშკარა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, ვნებათაღელვა მართავს პონტოს სამეფოს. აქ ერთმანეთის პირისპირ ორი ძალაა - პრორომაული და ანტირომაული.

    ანტირომაულ პარტიას მითრიდატე ევერგეტი უდგას სათავეში, პრორომაულს - მისი მეუღლე ლაოდიკე. ეგებ ლაოდიკეს სულაც არ ეპიტნავება რომი, მაგრამ მეუღლის ჩამოცილებისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილი იმდენად დიდია, რომ მათი მეკავშირე ხდება. მისი პატივმოყვარეობა ქმრის სიყვარულზე მაღლა დადგა.

    იმდენად აშკარაა რომის სიძულვილი პონტოსადმი, რომ ის ტრადიციული მოწამვლის ხერხს არ იყენებს და მითრიდატე ევერგეტს საქვეყნოდ სჯის. ევპატორის მამა დანით განგმირეს. ესეც ერთგვარი პრევენციაა - იმპერიული განწყობის წინააღმდეგ მიმართული.

    როგორ შეიწირა ძალაუფლებისადმი ლტოლვამ დედაშვილური ურთიერთობის სილამაზე

    ამ დროს მითრიდატე 11 წლისაა. ის ხვდება, რომ იმ შეთქმულებისას, რომელმაც მამამისის სიცოცხლე შეიწირა, მთავარი მოქმედი პირი დედამისი იყო. სწორედ ამიტომაც ჩემოუყალიბდა მას განსაკუთრებული ზიზღი ლაოდიკესადმი.

    უნდა ითქვას, რომ არც ლაოდიკეს ამოსდიოდა მზე და მთვარე შვილზე. დედობრივი ინსტინქტები ძალაუფლებისდმი სწრაფვამ ჩაანაცვლა, დედაშვილური ურთიერთობის სილამაზე პოლიტიკურმა ვნებებმა შეიწირა. ეს ადამიანური ტრაგედია წითელ ზოლად გაჰყვება მითრიდატე მეექვსე ევოპატორის მთელ შემდგომ ცხოვრებას.

    დედაც და შვილიც ხელისუფლებისაკენ ისწრაფვიან. აშკარა უპირატესობა ლაოდიკეს აქვს, რამდენადაც მითრიდატე ჯერ არასრულწლოვანია და ტახტის დაკავებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, სრულწლოვანებას რომ მიაღწევს. ლაოდიკე ცდილობს შვილის ჩამოცილებას, ხაფანგებსაც მრავლად უმზადებს ყმაწვილს. დედის მცდელობით მითრიდატე არაერთხელ აღმოჩნდა რეალური საფრთხის წინაშე. ჯერ გაუხედნავ ცხენზე შესვეს, მაგრამ განგებამ არ ინება უფლისწულის სიკვდილი, შემდეგ მოწამვლასაც შეეცადნენ, თანაც არაერთხელ.

    სწორედ იმ პერიოდიდან გადაწყვიტა მცირეწლოვანმა მითრიდატემ, გამოემუშავებინა იმუნიტეტი საწამლავის მიმართ. მუდმივად სვამდა მცირე დოზით საწამლავს, რის მეშვეობითაც განსაკუთრებულად გამოაწრთო საკუთარი ორგანიზმი.

    მუდმივი დევნისა და შევიწროების გამო ის იძულებულია, სახლიდან წავიდეს. განერიდა დედას და 7 წლის განმავლობაში სინოპში აღარ გამოჩენილა. არის ვერსია, რომ ველად დაეხეტებოდა, მაგრამ ეს ალბათ არ უნდა იყოს სიმართლე, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მითრიდატე ვერ მიიღებდა იმ განათლებას, რითაც გამორჩეული იყო ყველასგან.

    სავარაუდოდ, ის რომელიმე მეფეს, ანდა მის ერთგულ დიდებულს უნდა შეეკედლებინა. საცნაურია ისიც, რომ მითრიდატეს ბევრი მომხრე დარჩა და სწორედ მათი მეშვეობით შვიდი წლის შემდეგ იოლად იბრუნებს ხელისუფლებას.

    სულ მალე მითრიდატე დედაქალაქში დაბრუნდება. განგებამ ის დედისა და ძმების მკვლელად აქცია - ეს ქრისტეშობამდე 111 წელს სინოპში ხდება, რომაულ ინტრიგებს ევპატორი სისხლის კალოთი უპასუხებს. ეს პირველი ნიშანია მარადიული ქალაქისათვის, რომ მისი უზენაესობა სრულიადაც არ არის მარადიული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter