სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    04.11.2017

     1921 წელს საქართველოდან გატანილი ეროვნული არქივის ისტორია ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი და ამის შეხსენებით თავს აღარ შევაწყენთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, კერძოდ, არქივის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ინახებოდა და გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაბრუნდა. ამაში კი დაგვეხმარება ცნობილი ქართველი მეცნიერის - გურამ შარაძის მოგონებები.

    "ჩემი ოქსფორდში ყოფნა დაემთხვა ინგლისელი ქართველოლოგის, დევიდ ბარეტის, დაბადების 65-ე წლისთავს. ინგლისში 65 წლის მამაკაცი ახალი აინშტაინიც რომ იყოს, საათისა და წუთის დაუგვიანებლად გადის პენსიაზე. იქ არ არსებობს გამონაკლისი.

    "ასე იყო დევიდ ბარეტის შემთხვევაშიც. უნივერსიტეტის კარის ეკლესიაში დევიდ ბარეტის იუბილესა და პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებულ საღამოზე დასასწრებად მიწვევა პირადად ოქსფორდის უნივერსიტეტის რექტორის - ჰაროლდ მაკმილანისგან მივიღე. ეს მაკმილანი ერთ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტის რექტორი გახდა. რომ ვთქვა, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩემი სახელი დაზეპირებული ჰქონდა, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ბარეტმა რომ გაიგო ჩემი იქ ყოფნა, როგორც მეგობარს, დააპატიჟებინა მას ჩემი თავი.

    "საღამოზე სიტყვითაც გამოვედი. სიტყვა დავამთავრე და ამ დროს ჩემთან მოდის უცნობი მამაკაცი და მეუბნება: "ბატონო გურამ, მე გახლავართ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის თავმჯდომარის - ნოე რამიშვილის უმცროსი ვაჟი აკაკი რამიშვილი. დევიდ ბარეტი ჩემი მეგობარია და მისი მოწვევით ჩამოვედი დღეს ლონდონიდან". გავოცდი, თან ძალიან გამიხარდა.

    "ერთმანეთის გაცნობისა და მოკითხვის შემდეგ მთხოვა, ყველაფერი რომ მორჩება, ჩვენი მეგობარი დევიდ ბარეტი ქართველებმა წავიყვანოთ და ერთი ქართულად დავლოცოთ და ისე გავაცილოთ პენსიაზეო.

    "მეორედ აკაკი რამიშვილს დონდონში შევხვდი. მან საკუთარ სახლში მიმასპინძლა. ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ჩელზში, ცხოვრობდა. მის სამუშაო კაბინეტში შესვლისთანავე თვალში მომხვდა ქართული ემიგრანტული გამოცემები, ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, რომელთა შესახებაც მე მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რადგან საბჭოთა რეჟიმის დროს მათი ჩვენთან შემოტანა და გავრცელება სასტიკად იკრძალებოდა.

    "სწორედ მაშინ მკითხა ბატონმა აკაკიმ - ჩვენი ეროვნული არქივის ამბავი თუ იცითო? ამ არქივის დიდი ნაწილი დღეს ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, ინახება და თუ 2004 წლამდე არ დაიბრუნა საქართველომ, მერე ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრება გახდებაო. მაშინ, 1981 წელს, პირველად აკაკი რამიშვილისაგან გავიგე საქართველოს ეროვნული არქივის უცხოეთში მოხვედრის ისტორია და მისი შემდგომი ბედის ამბავი...

    "საქართველოში დავბრუნდი, შევხვდი მაშინდელ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძეს და როცა მე მას ვუთხარი, თუ დროზე არ დავიბრუნეთ არქივი, დაგვეკარგება-მეთქი, რომელ წლამდეა ვადაო - მკითხა.

    - 2004 წლამდე-მეთქი, - ვუპასუხე.

    - იცი რა, გურამ, შენ მაგაზე ნუ დარდობ, 2004 წლამდე საქართველოში კომუნისტების სახსენებელიც კი აღარ იქნება და თავიანთ არქივს ისევ მენშევიკები ჩამოიტანენო, - მითხრა.

    "მივიხედ-მოვიხედე, ასეთი მოულოდნელი პასუხისგან დაბნეულმა აღარ ვიცოდი, საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის კაბინეტში ვიჯექი, თუ დაუძინებელ დისიდენტთან საიდუმლო შეხვედრაზე... არ დაგავიწყდეთ - 1981 წელია!" - იხსენებს გურამ შარაძე.

    როგორც გურამ შარაძის მოგონებებიდან ირკვევა, წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არქივი ინახებოდა საფრანგეთის ეროვნული არქივის შენობაში, მაგრამ ამ დაწესებულებას არ გააჩნდა სათანადო ბიუჯეტი არქივის მოვლისა და დაცვისათვის. დროთა განმავლობაში ბნელ საწყობებში ქაღალდი ზიანდებოდა. ამას თან დაერთო საწყობში წყლის შესვლა წყალდიდობის გამო. საჭირო გახდა გამოძებნა უფრო კეთილმოწყობილი და ხარისხიანი არქივი-საცავისა.

    კომისია დაუკავშირდა სხვადასხვა დაწესებულებას. ყველაზე უფრო სრულყოფილი და უკანასკნელი ტექნიკით აღჭურვილი აღმოჩნდა ჰარვარდის უნივერსიტეტის წიგნთსაცავი. გაიბა კავშირი მის ხელმძღვანელობასთან. მოლაპარაკებას მართავდა ეროვნული მთავრობის წევრი ნოე ცინცაძე.

    1974 წლის 16 ივლისს დაიდო ხელშეკრულება ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის თანახმადაც, 30 წლის ვადის გასვლის შემდეგ არქივი უბრუნდება მის ნამდვილ პატრონს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.

    1977 წელს არქივი გადატანილ იქნა ჰარვარდის უნივერსიტეტში. პროფესორმა გოგი ნაკაშიძემ ჩაატარა მისი კლასიფიკაცია, შეადგინა ინგლისურ ენაზე სრული კატალოგი არქივისა და მისი მეთვალყურეობით ამერიკელმა სპეციალისტებმა გაწმინდეს და აღადგინეს დაზიანებული ყველა დოკუმენტი, თუმცა აუცილებელი გახდა მათი "განკურნება" სპეციალურ ლაბორატორიაში. ამისთვის კი საჭირო იყო 50 000 დოლარი. მთელი ეს სამუშაო 1978 წლის აგვისტოში დამთავრდა.

    ასე ჩავიდა 1974 წლის აგვისტოში და 30 წლის ვადით შეინახეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუტონის ბიბლიოთეკაში საქართველოს მთავრობის არქივი.

    არქივის პარიზული ნაწილი საქართველოში 1996 წელს დაბრუნდა და დაცულია პარლამენტის სპეციალურ საცავში. გადაუჭრელი რჩებოდა ჰარვარდის ნაწილის ბედი.

    "1997 წლის მარტში აშშ-ში გავფრინდი, რათა შევხვედროდი ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუტონის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას იქ დაცული ქართული ეროვნული არქივის გარშემო მოლაპარაკების დასაწყებად. თან მიმქონდა საქართველოს პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური წერილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან:

    "ბატონ ნეილ რუდენშტაინს ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს

    კემბრიჯი. მასაჩუსეტსი. თბილისი, 7 მარტი, 1997 წელი

    ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო! სათანადო შეთანხმების საფუძველზე ჰარვარდის უნივერსიტეტში ოცდაათი წლის ვადით ინახება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპულიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის არქივის ნაწილი, რომელიც ამ ნახევარი საუკუნის წინ პარიზში წყალდიდობის დროს დაზიანდა და ჰარვარდის უნივერსიტეტმა გადაარჩინა დაღუპვისაგან. საქართველო არასდროს დაივიწყებს ამ სიკეთეს.

    თქვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული არქივი 1921 წელს იქნა გატანილი საქართველოდან, რათა გადარჩენილიყო ბოლშევიკური ოკუპაციისაგან განადგურებას. მისი ნამდვილი მეპატრონე არის საქართველო და, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ანდერძით, კომუნისტური რეჟიმისაგან საქართველოს განთავისუფლების შემდეგ იგი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. დარწმუნებული ვარ, თქვენთან გამართული მოლაპარაკება ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების კეთილგანწყობილი ურთიერთობის გაღრმავებას. წინასწარ გიხდით მადლობას.

    პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

    საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე."

    "დადგა არქივის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმოწერის ყველაზე მღელვარე წუთები. ამ ისტორიულ დოკუმენტზე ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელით ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ნეილ რუდენშტაინმა და საქართველოს სახელით - მე. ხელმოწერა დაადასტურეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ავოკატებმა ალან რაითმა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სამთავრობო არქივის ამერიკული კომისიის თავმჯდომარე გივი ზალდასტანიშვილმა.

    "ხელის მოწერა მოხდა 1997 წლის 2 ოქტომბერს. აშშ-ის პრესამ და ტელევიზიამ საკმაოდ საინტერესოდ გააშუქეს ეს ისტორიული მოვლენა. 3 ოქტომბრიდან დაიწყო არქივის ყუთებში ჩალაგების სამუშაოები. 7 ოქტომბრისთვის არქივი (82 ყუთი, 682 კგ) უკვე ბოსტონის აეროპორტში იყო გადატანილი.

    "არქივს თან გამოჰყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში - პროფესორები: ქალბატონი ლესლი მორითი და რიჩარდ პაიპსი. 8 ოქტომბერს, გვიან ღამით, საპატიო ესკორტის თანხლებით თბილისის აეროპორტიდან ტვირთი გადატანილ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეროვნული არქივის ჰარვარდული ნაწილი შეუერთდა თავის ღვიძლ პარიზულ ნაწილს. ასე დასრულდა საქართველოს ეროვნული განძის ეს საუკუნის ოდისეა.

    "უცხოელ სტუმრებს მიღება გაუმართეს საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის რეზიდენციაში რიჩარდ პაიპსს საპატიო მოქალაქის წოდების დიპლომი და ოქროს მედალი გადასცა", - ასე იხსენებს გურამ შარაძე ეროვნული არქივის საქართველოში დაბრუნების ისტორიას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter