სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბრძანება, პირველად მისი ვაჟი აეცრათ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ეს საშიში არ არის"
    ია აბულაშვილი
    02.11.2017

     ევროპაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მრავალ უცხოელ გამოჩენილ მეცნიერსა და მოგზაურს, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში.

    მათ შორის იყო იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც საქართველოში მე-18 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს იმოგზაურა და უამრავი სამეცნიერო მასალა შეკრიბა საქართველოს შესახებ.

    გერმანელი მეცნიერი, მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი 1768 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოწვევით პეტერბურგში ჩავიდა იმ ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ყოველმხრივი გამოკვლევა და შესწავლა.

    მეცნიერი საქართველოში 1870 წლის სექტემბერში ჩამოვიდა და 1772 წლამდე დარჩა. მოიარა მთელი საქართველო, ქართლ-კახეთი, იმერეთი, რაჭა, გურია-სამეგრელო. შეხვდა ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველს.

    თავის ნაშრომში "მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიის მთიანეთში" ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოკვლევა მან საქართველოს მიუძღვნა, კერძოდ - ქვეყნის გეოგრაფიულ აღწერას, ასევე - არქიტექტურულ ძეგლებს.

    აღწერა საქართველოს ფლორა და ფაუნა. ზედმიწევნით შეისწავლა საქართველოს წიაღისეული, სოფლის მეურნეობა, ღვინის დაყენების წესი, შეაგროვა ცნობები ვაჭრობისა და ბაზრების შესახებ.

    აი, რას წერდა მე-18 საუკუნის თბილისზე გერმანელი მეცნიერი: "თბილისი არის სპარსული და ევროპული სახის დედაქალაქი და რეზიდენცია ქართლის მეფისა. მას ქართველები უწოდებენ თბილ ქალაქს, რადგან მის ახლოს ქვემოთ არის თბილი წყაროები და მათთან აბანოები.

    აბანოების ქვემოთ არის გარეუბანი, ანუ უფრო უკეთ ძველი თბილისი. თბილისის მოსახლოება 20 000 სულს შეადგენს. ქალაქის ქუჩები დაახლოებით ერთი საჟენი სიგანისაა. სახლები ერთსართულიანებია, ნაგები აგურითა და ფილაქანებით. ქალაქის მოსახლეობა ცხოვრობს უმთავრესად თავის ვენახებითა და ნარგავებით, განსაკუთრებით - ბამბის კულტურით. ბევრნი არიან ვაჭრები.

    აქაურ ბაზარზე ტრიალებს ფარჩა, მაუდი, შალეული, აბრეშუმი და ბამბის ქსოვილები, ტყავეული, ბეწვეული, რკინა, სპილენძი, შაბი, თამბაქო, თევზი, ბრინჯი, ყოველგვარი სურსათ-სანოვაგე. გარდა წვრილი სახელოსნოებისა, სამღებროებისა თუ სამჭედლოებისა, არის მსხვილი სამეფო საწარმოები.

    ქარხნები - მარილის სახდელი ქარხანა, საპნის ქარხანა, მინის საწარმო, თოფისწამლის ფაბრიკა, ზარაფხანა, მინის საწარმო, სტამბა და სხვა", - წერს გერმანელი მეცნიერი.

    მის ნაშრომში ასევე არის ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროთა პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო მოწყობის შესახებ, ასევე სწავლა-განათლების, კანონმდებლობის შესახებ. მისი კარტოგრაფიული მონაცემები კი, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, უმდიდრეს მასალას იძლევა. მან ვახუშტის რუკაზე დაყრდნობით შეადგინა კავკასიის რუკა, რომელზეც დატანებულია 530-ზე მეტი ტოპონიმი.

    იოჰან გიულშდენშტედტს, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ბერლინის სამედიცინო ქირურგიული სასაწავლებელი და ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი ჰქონდა მიღებული, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ავადმყოფთა მკურნალობის ადგილობრივი მეთოდებით. აღწერილი აქვს იმ მედიკამენტთა ვრცელი სია, რომლებსაც საქართველოში იყნებდნენ.

    რაც შეეხება მის ერთ-ერთ ჩანაწერს, რომელიც ეხება ყვავილის ეპიდემიას საქართველოში, საინტერესო ცნობას გვაწვდის იმ დროისათვის სრულიად ახალი სამედიცინო პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით.

    1772 წელს საქართველოში, კერძოდ თბილისში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელებულა, რასაც მასობრივი ხასიათი მიუღია. როგორც მეფე ერეკლე წერდა: "ქალაქში მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნას ვაპირებდით".

    ამ სიტუციაში მეფე ერეკლეს დიდი რისკის ფასად ასეთი გადაწყვეტილება მიუღია: გასცა ბრძანება, რომ ყვავილის წინააღმდეგ პირველად მისი ვაჟი აეცრათ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ეს საშიში არ არის და პირიქით, სასარგებლოა.

    შემორჩენილია მეფის წერილი მის მოხელე რევაზ ამილახვართან, სადაც ერეკლე წერს: "ჩვენს შვილს - იულონს ყვავილი ავუჭერით და გაცხელებული არის". მაშინ ალბათ არ არსებობდა ტერიმინი აცრა და მეფე სიტყვა "აჭრას" ხმარობს.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მეფე ერეკლემ შემოიღო პირველად ეს სამედიცინო ტერმინი და იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც საფუძველი დაუდო და დასაბამი მისცა აცრებს საქართველოში.

    ამ ისტორიას აღწერს თავის ჩანაწერში გერმანელი მეცნიერი იოჰან გიუოლდენშტედტი. იგი წერს, რომ ამ სიტუაციაში ერკლემ ნება დართო კათოლიკე პატრებს, ყვავილის წინააღმდეგ პირველი მისი შვილი აეცრათ, რათა სხვებს ერწმუნათ.

    "ერეკლემ ამით მაგალითი უჩვენა ერს, რომ აცრები არ არის საშიში და ის ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ამ მიზნით მეფემ პირველმა დართო ნება კათოლიკე პატრებს, აეცრათ მისი ვაჟი იულონ ბატონიშვილი", - წარდა გერმანელი მეცნიერი თავის ჩანაწერში.

    აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისური აბანოების შესახებ, კერძოდ ამ წყლის სამკურნალო დანიშნულებით ხმარება პირველად სწორედ გერმანელმა მეცნიერმა იოჰან გიულდენშტედტმა შემოიტანა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter