სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    01.11.2017

     ამერიკაში მოღვაწე ქართველებსა და მათ წარმატებულ საქმიანობაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს აღარ შევაწყენთ, მაგრამ სად იყო სამშობლოდან გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების თავშეყრის ადგილი და როგორ ატარებდნენ დროს, ამის შესახებ ერთ საინტერესო ისტორიას გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

    ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო ქართველთა დასასვენებელი სახლი "ალავერდი", რომელიც ბოლშევიკებს გაქცეული ქართველი ემიგრანტის, სიმონ სიდამონ-ერისათვის ინიციატივით დაარსდა - სწორედ იქ იყრიდნენ თავს ქართველებთან ერთად კავკასიელები.

    "ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი, მისაღები სტუმრებისთვის და დამხმარე სათავსოები, ლამაზი ეზო და ბაღი, რომელსაც დაარქვეს "კავკასიური სამოთხე". აქვეა ბოსტანი, სადაც წიწმატი, ტარხუნა და ქინძი მოჰყავდათ" - ასეთი ყოფილა ეს სახლი, სადაც სიმონ სიდამონ-ერისთავი ყოველწლიურად მეჯლისებს აწყობდა, რომელსაც როკფელერებისა და მორგანების ოჯახების წევრებიც ესწრებოდნენ.

    სიმონ სიდამონ-ერისთავი რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი იყო. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო კარიერა ქართულ არმიაში გააგრძელა. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. 1924 წელს დაამთავრა ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ინჟინრის დიპლომით. ორი წლის შემდეგ ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი ენ ბიგლიუ-ტერესი. მეჯვარე ყოფილა ამერიკის პარფიუმერიის მაგნატი თავადი გიორგი მაჩაბელი. ამ ქორწინებიდან სიმონს ორი შვილი შეეძინა, კონსტანტინე და ანა. "გულით დავრჩი ქართველი, ჩემს ახალ სამშობლოს ვუძღვენი უძვირფასესი ძღვენი ორი ამერიკელი ქართული სისხლით," - წერდა სიდამონ-ერისთავი.

    სიდამონ-ერისთავმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში გახსნა რესტორანი "კავკასიის არწივი", სადაც იკრიბებოდნენ და ეროვნულ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ ქართველები და კავკასიელები. ერთ-ერთი ასეთი დიდი ღონისძიება გამართულა 1932 წლის 31 იანვარს, რომელიც ამერიკაში ქართული სათვისტომოს გახსნას მიეძღვნა. ნადიმი 12 საათს გაგრძელებულა. სუფრას თამადობდა უჩა დადიანი, თამადის მოადგილეებად დაუნიშნავთ გიორგი მაჩაბელი და ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ცნობილი ბელეტრისტი პავლე ჭავჭავაძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი ნინა რომანოვა. რესტორან "კავკასიის არწივში" გამართულ სადილზე მიპატიჟებული იყო ორასამდე სტუმარი, მათ შორის - კავკასიელები, ამერიკელები და სტუმრები ევროპიდან.

    სამი წლის შემდეგ სიდამონ-ერისთავმა, იმჟამად იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელსა და ქართული სათვისტომოს თავმჯდომარესთან, პიანისტ ირაკლი ორბელიანთან ერთად ნიუ-იორკიდან ასი კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჰუმონის ნაპირას, კლოდ სპინგის რაიონში დააარსა დასასვენებელი სახლი, რომელსაც დაარქვეს "ალავერდი". ამერიკული "ალავერდი" გადაიქცა დასვენების ადგილად და კავკასიელების დაახლოების ცენტრად. "კავკასიაში რომ გვეცხოვრა, ასე ძმურად და ერთიანობის ასეთი შეგნებით დღეს სამშობლოში ვერ ვიქნებოდით," - ამბობდნენ თურმე ზაფხულის პაპანაქებას გარიდებული ნიუ-იორკში მცხოვრები კავკასიელები.

    ქართველი ემიგრანტი ვალერიან ძამია, რომელიც ამერიკაში ევროპიდან ჩავიდა და 30 წლის განმავლობაში ქართულ სათვისტომოს უანგაროდ ემსახურებოდა, ასე იხსენებს ქართველთა დასასვენებელ სახლში გატარებულ დროს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. ცნობისათვის, ვალერიანი ძამია პროფესიით გამაგრილებელი სისტემების ინჟინერი იყო. სწორედ მისი პროექტითა და უშუალო ხელმძღვანელობით ნიუ-იორკის ბევრ დაწესებულებაში დამონტაჟდა ცენტრალური გამაგრილებელი სისტემა, მათ შორის - ქართველთა დასავენებელი სახლი "ალავერდი", ნიუ-იორკის ცნობილი ბანკები და სატელეფონო კომპანიები, ასევე ბროდვეიზე მდებარე პრესტიჟული კლინიკები.

    "სიკო ერისთავი ყოველწლიურად გრანდიოზულ მეჯლისებს აწყობდა. მის მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას "ალავერდი" ერქვა. ამ კავკასიურ საზოგადოებაში ქართველებთან ერთად გაწევრიანებული იყვნენ ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები. მეჯლისებს ცნობილი ამერიკელი ოჯახები - როკფელერები, მორგანები და მაღალი საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    სადილი ჯერ სიკოს ოჯახში იმართებოდა ისთსაიდზე, 89-ე ქუჩაზე, იქიდან კი ყველანი მანქანებით მეჯლისზე მივდიოდით. მეჯლისი ძირითადად ევროპულ ცეკვას ეთმობოდა, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარობით ქართული ხალხური ცეკვა "მთიულური" სარგებლობდა. ჩოხები წარმოშობით ჩერქეზ მკერავ ქალს შევაკერინეთ, მასვე დავუკვეთეთ ქართული კაბებიც. ქართული ცეკვა კარგად არ მახსოვდა და შემთხვევით რუსულ მაღაზიაში დავით ჯავრიშვილის წიგნს მივაკვლიე, რომელშიც ნოტებიც იყო და მოძრაობებიც.

    ამ წიგნით ცეკვა ვასწავლეთ ელიზბარ ვაჩნაძის ქალიშვილს. ელიზბარი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო, შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთ ხელმძღვანელი. ჩემი პარტნიორი იყო სიკოს რძალი ენ ფიბსი, ძალიან ნიჭიერი ქალბატონი, ცეკვები უცბად შეისწავლა და ყველა ქართველზე უკეთ ასრულებდა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter