სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებული ექიმები იაფ მედიკამენტებს არ ცნობენ
    მარი ჩიტაია
    31.10.2017

     საქართველოში ექიმები ცდილობენ, პაციენტებს სპეციალურად ძვირი მედიკამენტები გამოუწერონ და ეს პრობლემა ვერაფრით გვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი განცხადებით ჯანდაცვის მინისტრიც გამოვიდა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ძვირი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან. ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე.

    ძვირი, ე.წ. "შეკვეთილი" წამლების გამოწერის ფაქტებს მედიკამენტების მომხმარებლები მუდმივად აწყდებიან, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ პრობლემა იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია ერთი ჯგუფის ხელში იქნება.

    ბოლო წლებში საქართველოში წამლების მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. ექიმთან ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე ძვირადღირებული მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის და თანაც საკმაოდ საეჭვო რეცეპტს ატანს, სადაც წამლების დიდი წილი სწორედ ძვირადღირებულ მედიკამენტებს უჭირავს.

    სპეციალისტების თქმით, ეს ადამიანებს არა მხოლოდ მატერიალურად აზარალებს, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა, ზოგადად, ექიმების იმიჯზეც მოქმედებს, რადგან მათ მუდმივად არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ.

    ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ფარმაცევტული ორგანიზაციების კარნახითა და მოტივირებით, ექიმები პაციენტს ისეთ ძვირ წამლებს უწერენ, რომელთა ანალოგი საკმაოდ იაფად იყიდება.

    "პრობლემა გრძელდება წლობით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ზოგიერთი ექიმის დაბალი კვალიფიკაციაა, მაგრამ ასევე უკავშირდება გარიგებას ფარმაცევტულ კომპანიასა და კონკრეტულ ექიმებს შორის. შეიძლება ეს სარგებელი იყოს ბონუსები, საზღვარგარეთ სამედიცინო კონფერენციებში მონაწილეობის დაფინანსება და სხვადასხვა წამახალისებელი შეთავაზება ბიზნესის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არც ისე ცოტაა. ზოგი საკუთარ თავზე გამოგვიცდია, ზოგზეც ახლობლებისა და ნაცნობთა წრეშიც გვსმენია.

    პრობლემის მოგვარებას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მიდგომა, რაც შეიძლება რეგულაციას უკავშირდებოდეს. არსებობს სხვადასხვა ტიპის მიდგომა, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც. დღეს ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული არ არის", - განმარტავს ჩიხლაძე და დასძენს, რომ გარკვეული მკაცრი პროტოკოლიც უნდა არსებობდეს, კონკრეტულ შემთხვევაში რა წამალი უნდა დაენიშნოს ავადმყოფს. ეს იქნება პრევენცია, რათა ექიმის მხრიდან საკუთარი ინტერპრეტაციით არ მოხდეს მედიკამენტის დანიშვნა.

    "რეგულაციის პროცესში მნიშვნელოვანია სადაზღვევო სისტემის ჩართვაც, რათა კომპანიები დარწმუნებულნი იყვნენ, რამდენად სწორად ინიშნება მედიკამენტები, რაშიც ისინი თანხას იხდიან. არ გამოვრიცხავ, ასეთი ფაქტების გამო სადაზღვევო ინდუსტრია ასეულობით ლარით ზარალდებოდეს. ამიტომ კონტროლი აუცილებელია.

    ცხადია, არ უნდა ხდებოდეს ისეც, რომ ბრენდული წარმოშობის ფრანგული მედიკამენტის ფასი ქართულისაზე, ვთქვათ, ორჯერ იაფი ღირდეს, რისი ფაქტებიც აგრეთვე მრავლადაა. ადეკვატური რეგულაციები უნდა დაწესდეს, რომ მედიკამენტები 300%-იანი ფასნამატებით არ იყიდებოდეს. მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც ამ პრობლემას დიდწილად მოაგვარებს, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვაა. ამით ადვილად გამოჩნდება ექიმების ბრალეულობა ძვირი წამლების გამოწერასთან და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

    ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ძვირი წამლების გამოწერის პრობლემა დღემდე არსებობს, რის მიზეზადაც კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობას ასახელებს.

     "პაციენტი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ათიდან ცხრა შემთხვევაში ექიმს უჯერებს და იმ ძვირადღირებულ წამალს ყიდულობს, რომელიც მკურნალმა ურჩია მაშინ, როცა ამ წამლის ბევრად იაფი და, შესაძლოა, უფრო ეფექტური ანალოგი არსებობს. დღეს ხშირია შემთხვევები, როცა სამედიცინო კლინიკა ფარმაცევტული ინდუსტრიის საკუთრებაა და იქ მომუშავე ექიმი, რასაკვირველია, პირდაპირ იმ რეცეპტს წერს, რომელიც მეპატრონეს დამატებით მოგებას მოუტანს. ორივე გზა არაეთიკურია, განსხვავება კი მხოლოდ ისაა, რომ ერთი მედიკამენტი მეორეზე უკეთაა შეფუთული.

    დღეს ექიმების ანაზღაურება არის ძალიან დაბალი, გამოწერილი მედიკამენტების მიხედვით კი ხდება მათი ბონუსებით "დაჯილდოება". თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა არ მოგვარდა და საფუძველშივე არ მოხდა მისი აღმოფხვრა, მაშინ პაციენტებისთვის ჭარბი ან ძვირადღირებული რაოდენობით წამლების გამოწერის პროცესი ჩვეულებრივი ამბავი გახდება", - აცხადებს ბერაძე.

    ფაქტები, რომლებზეც ჩვენი მკითხველები და სხვა რიგითი მოქალაქეები ექიმების გამოწერილ რეცეპტებთან დაკავშირებით გვიამბობენ, საკმაოდ დამაფიქრებელია. მომხმარებლების უმეტესობა ჩივის, რომ წამალში ძალიან ძვირის გადახდა უწევთ.

    41 წლის ვახტანგ შველიძე ამბობს, რომ ექიმმა სამკურნალოდ "ამელოტექსი" გამოუწერა, მაგრამ საბოლოოდ ამ წამლის ანალოგი ნაცნობი ექიმის რეკომენდაციით შეღავათიან ფასად შეიძინა.

    "20 აბი "ამელოტექსი" აფთიაქში 19,70 ლარი ღირს. 5 ამპულა გაცილებით ძვირად, 35 ლარად იყიდება. ექიმმა სწორედ ამ წამლის მიღება მირჩია. ნაცნობ ექიმთან გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ ამ წამლის ანალოგია "მოვალისი", რომლის ყიდვა 11,50 ლარად შევძელი (5 ამპულის საფასური), ხოლო 20 აბი 7 ლარზე მეტი არ ღირდა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ არჩევანი იაფ წამალზე შევაჩერე, რამაც ეფექტი ნამდვილად მომცა.

    აყველა ხედავს, რომ სხვაობა არ არის მცირე, თანაც ასეთი ფაქტი ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. ექიმები სპეციალურად ძვირ წამლებს უწერენ პაციენტებს და არ დაეძებენ, აქვს თუ არა ადამიანს მისი ყიდვის საშუალება. ამისთვის არაფერზე უკან არ იხევენ", - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.

    მსგავს პრობლემას წააწყდა დალი მეზურნიშვილი ცოტა ხნის წინ, როცა ექიმის მიერ გამოწერილი 12-ლარიანი წამლის - "ეფტენის" (150 მგ.) ანალოგი "ლადისოლი" (იმავე მოცულობის) 7 ლარად შეიძინა. ამ შემთხვევაშიც ნაცნობი ექიმის რეკომენდაციით ისარგებლა.

    თუმცა გამოწერილი წამლების გადამოწმების საშუალება ბევრს არ აქვს. ლენა ქაფიანიძე იმაზე ჩივის, რომ ექიმმა ისეთი პრეპარატი გამოუწერა, რომელიც 3-ჯერ ძვირი ღირდა ანალოგთან შედარებით.

    "ექიმს ვთხოვე, რომ მიჭირდა და ისეთი წამალი დაენიშნა, რომელიც ძვირი არ ღირდა. ვერაფერს მივაღწიე, მაინც ძვირადღირებული დამინიშნა. საბედნიეროდ, დამეხმარა ფარმაცევტი, სხვა პრეპარატი მირჩია, რომელიც ანალოგიური ჯგუფის იყო და იგივე შედეგი ექნებოდა, რაც ძვირადღირებულს. საბოლოოდ ფარმაცევტის მიერ შერჩეული წამალი 15 ლარით იაფად ვიყიდე და საკმაოდ კარგი ეფექტიც მომცა", - აღნიშნა ლენა ქაფიანიძემ.

    ცალკე პრობლემაა ფარმაცევტული კომპანიების აგრესიული მარკეტინგი, რეკლამები, წამლის შეთავაზების გაუმართლებელი მეთოდები და სხვა, რითაც ისინი წამლების რეალიზაციას ცდილობენ. ხშირად ხდება, როცა ხალხი რეკლამაში ყურმოკრულ წამალს ყიდულობს, რითაც ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ.

    საქართველოში რომ მედიკამენტების ფასები უსაშველოდ მაღალია, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მათ მიღებას ხშირად შედეგი, პრაქტიკულად, არ მოაქვს. ზუსტად არავინ იცის, ეს რისი ბრალია - მედიკამენტების არასწორად მიღების, უვარგისობის თუ ექიმის მიერ არასწორად დანიშნული მკურნალობის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ირინე   (31.10.2017)
    რამდენიმე თვე ვმკურნალობდი ერთ- ერთ ცნობილ გინეკოლოგთან (სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ) რომელიც მინიშნავდა ძალიან ძვირიან წამლებს, თან მგზავნიდა კონკრეტულ მისამართზე მაძლებდა ბუკლეტს და მეუბნებოდა მიდი გაგარინის ქუჩაზე ლლ გრუფის ოფისში და იქ შეიძინეო, პირველად რომ გავიგე ფასი თავზარი დამეცა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა ვიყიდე.შემდეგ ვიზიტებზე რომ მივედი ვკითხე აფთიაქსი რატომ არ იყიდება ეს მედიკამენტი თქო და გაურკვეველი პასუხი გამცა, მერე გადავამოწმე და ამ ამ წამლის რამდნეიმე ანალოგი არსებობდა და თან გაცილებით იაფი ღირდა როდემდე უნდა გაგრზელდეს ასე გაჭირვებული ხალხის გაყვლეფა?? რატო არ შეიძლება აღკვეთოს მთავრობამ ამ საშინელი ხალხის პარპაში?!

    მერაბი   (31.10.2017)
    არ შეიძლება ერთი ადამიანის ხელში იყოს საბითუმო და საცალო მედიკამენრებით ვაჭრობა...ევროპისკენ მივისწრაფითო და გერმანიის ან პოლონეთის მაგალითი მაინც გადმოვიღოთ...აღარ ვლაპარაკობ სადაზღვევო,საბითუმო,საცალო აფთიაქები,კლინიკები,ფარმ.ქარხნები, და სხვა ურთიერთ დაკავშირებული სფეროები 1-2 ადამიანის ხელში იყოსს..მაგრამ სადაა პატრონი,ეს ქვეყანა კი არა დუქანია...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter