სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    30.10.2017

     ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე ერთგვარად საკრალური გამოდგა საქართველოსთვის. ამ პერიოდში ხდება ის მოვლენები, რისი ახსნაც ჩვეულებრივი ლოგიკით რთულია. ეს ქართლზე პომპეუსის შემოსვლისა და ტრიუმფალური გამარჯვების ეპოქაა, ეს არის პირველი, უპრეცედენტო მასშტაბის დაპირისპირება, რასაც ქართველთაგან ასევე უპრეცედენტო რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა - 9 ათასი მოკლული და 10 ათასზე მეტი ტყვედ ჩაგდებული ქართველი არ არის სახუმარო საქმე.

    და მიუხედავად ამისა, ამ უპრეცედენტო მარცხით ყველაზე მეტად ქართლმა და ქართველურმა სამყარომ იხეირა. საქმე ისაა, რომ რომაელებმა ამ სამხედრო კამპანიით წერტილი დაუსვეს პონტოსა და სომეხთა ამბიციებს, სწორედ პომპეუსის კავკასიურმა ტრიუმფმა აღადგინა რეგიონში სტატუს-კვო, რაც ქართველთა დომინანტობას გულისხმობდა.

    ამბავი ქრისტეშობამდე პირველი საუკუნის კავკასიური გამბიტისა

    ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე მძიმე აღმოჩნდა ქართლისთვის, ერთ დროს დაწინაურებული ქვეყანა დასუსტებულა, პოლიტიკურმა და ფეოდალურმა დაპირისპირებამ თავისი კვალი დააჩნია ფარნავაზის სამეფოს. ის წარსული დიდებაც თითქოს ჟამთასვლას ჩაბარდა, ახლა სულ სხვა პოლიტიკური იმპულსები მართავს ქვეყანას.

    გეოსტრატეგიულად საინტერესო ტერიტორიაზე ყველას დაუდგამს თვალი, განსაკუთრებით გაყოჩაღებულა სომეხთა მეფე ტიგრანი, რომელსაც ქართლის სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი აქვს დაჩემებული - ქვემო ქართლი, სპერი და ჭოროხის ხეობა. ქართლი უძლურია, რაიმე იღონოს, ესეც გასაგებია - ძალა აღმართს ხნავს და შეგუებიან მცხეთის სამეფო კარის ფარნავაზიანები სომეხთა გაპარპაშებას. ალბათ ამ განწყობასაც აქვს ქვედა დინება. ფაქტია, რომ პონტოს ფაქტორს მნიშვნელობა აქვს სრულიად ქართლისა და ფარნავაზიანებისათვის.

    ეს მითრიდატე პონტოელის ეპოქაა, მისი პოლიტიკური აქცენტი შავიზღვისპირეთის სრული კონტროლია, პონტოს დომინანტობას ყველა ცნობს, გარდა რომისა. არადა, რომი სწორედ ის ძალაა, ახალ პოლიტიკურ წესრიგს რომ დაუდო სათავე ქრისტეშობამდე მეორე საუკუნის დასაწყისში.

    მაგნეზიასთან ჩვ.წ-აღ-მდე 190 წელს სელევკიდების დამარცხება განსაკუთრებული სტიმულია ამ უდიდესი მონსტრის მმართველობის ქვეშ მოქცეული ხალხებისათვის. ნამეტანი ყოჩაღობენ სომხები, რომელნიც სელევკიდების სახელმწიფოთა ნანგრევებზე ორ სამეფოს - დიდ არმენიას და სოფენეს აარსებენ.

    სწორედ დიდი არმენია გახდა პონტოს მეკავშირე, აღმავლობის გზაზე მყოფი სახელმწიფოს ტიგრან მეორე უდგას სათავეში, ორი ძლიერი სამეფოს ურთიერთობას ანტირომაული განწყობა ადუღაბებს.

    როგორ გაანეიტრალა პომპეუსმა დიდი არმენია

    პონტოს წინააღმდეგ ომს რომაელი სარდალი ლუკულუსი უდგას სათავეში. პირველი ორი ომი მარცხიანი აღმოჩნდა მარადიული ქალაქისათვის, ბუნებრივია, სენატმაც შესაბამისი რეაგირება სცადა და ძველი წელთაღრიცხვით 66 წელს რომის საკანონმდებლო ორგანომ მთავარსარდლად გნეუს პომპეუს მაგნუსი განამწესა.

    ეს ცვლილება შედეგიანი აღმოჩნდა რომისთვის, პომპეუსი იმორჩილებს სომხეთის დედაქალაქ არტაშატს, ტიგრან მეორე რომის ვასალი ხდება. ეს უკვე ნიშანია კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებისა. მთავარი მოქმედი პირი - მითრიდატე ვეღარ ახერხებს აქტიური წინააღმდეგობის გაწევას და მხოლოდ ილუზიებში იქარვებს დარდებს. ახლა რომის მიერ განეიტრალებული მოწინააღმდეგეების რიცხვს მითრიდატეს სიძე, ტიგრანიც მიემატა.

    ტიგრანის დანებება ცუდი ნიშანია ევპატორისთვის, ის, ფაქტობრივად, მარტო რჩება, მაგრამ არ ნებდება, შვებას ჯერ კოლხეთში ეძებს, აქედან ცდილობს ძალების მოკრებას და რევანშის აღებას, ამჯერად მარტო.

     რატომ გადაწყვიტა პომპეუსმა ქართლზე ლაშქრობა

    ეს ის პერიოდია, როცა ქართლში აღარც კავკასიური ერთობა ახსოვთ და მხოლოდ თავიანთი პრიზმიდან უყურებენ მოვლენებს. ხვდება ქართლის მეფე არტაგი, მისი ჯერი რომ დადგა. რომაელებს ქართლისა და ალბანეთის დასჯა აქვთ გადაწყვეტილი. მიზეზი ბანალურია - რომაელებს სომხებთან და პონტოელებთან ერთად წინა ხაზში ქართველები ხვდებოდნენ. მათ ჯერ კიდევ სომხეთის დედაქალაქთან გამოიჩინეს თავი, სწორედ იქ აღმოხდათ რომაელებს ქართლელების მიმართ ეპითეტი - "ტეტიუს". ამ ეპითეტს შემდგომში კიდევ გამოიყენებენ პომპეუსის მეომრები.

    არტაგი დროის გაყვანას ცდილობს, ალბათ ზამთრის ეიმედება და ყველანაირ ხერხს მიმართავს, რაც შეიძლება შორს გადაიტანოს საბრძოლო დაპირისპირება. ამიტომაც რომაელ სარდალს ელჩებს უგზავნის და მეგობრობას სთავაზობს. პომპეუსიც ყაბულსაა. ბუნებრივია, ეს რომაული სტილია, მისთვის მთავარია ქართლის კეთილგანწყობა, რაც კავკასიური უღელტეხილების კონტროლს ნიშნავს. თუმცა რომაელი სარდალი პირობას არღვევს და ქრისტეშობამდე 65 წლის გაზაფხულზე დიდი ჯარით ქართლში შემოდის. ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. ასეთი ორმაგი სტანდარტი, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული. საქმე ხომ ქვეყანას ეხება და ამ დროს დიპლომატიური ხერხების მაქსიმალურად გამოყენებაც სრულიად ბუნებრივია.

    საარაკო ამბავი ქართლელი ტეტიუსებისა

    შეუვალია პომპეუსი, არმაზციხეს მიმდგარი ქართლის სამაგალითოდ დასჯას ლამობს. მედგრად იცავენ თავს ქვეყნის უპირველესი ციხის მცველნი, შეუდარებელია მათი თავგანწირვა - აქ კიდევ ერთხელ გაისმის რომაელთა გაოცება - ასეთი თავდადება ბრძოლის ველზე იშვიათად თუ უნახავთ, ჰოდა, ისევ ის სიტყვა - "ტეტიუს" აღმოხდება რომაელ სარდალ პომპეუსს.

    ტეტიუს - შეუდრეკელს, დაუმორჩილებელს ნიშნავს. სწორედ რომაელების მიერ შერქმეული სახელი შერჩათ ქართლელებს თიკუნად, თუმცა შემდგომში ამ სიტყვამ სხვა, ერთგვარად უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ იქაც ჩანს რომაული სემანტიკის კვალი.

    როგორ გადაწვა პომპეუსმა არმაზციხე

    მიუხედავად დიდი შემართებისა, არტაგი იძულებულია, სამეფო რეზიდენცია დატოვოს, თუმცა ეს დამარცხების აღიარებას სრულიადაც არ ნიშნავს, ის მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადის და ხიდს წვავს.

    მეოცე საუკუნის 40-იან წლებში არმაზ ბაგინეთში აღმოჩენილი ქართლის სამეფო სასახლე, რომელიც ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნეშია აგებული, სწორედ პომპეუსმა გადაწვა. სასახლის ფენებში კარგად გამოჩნდა მეორე-პირველი საუკუნის ცეცხლის კვალი, ფერფლი, რომელიც სწორედ პომპეუსის ლაშქრობის პერიპეტიებს უნდა უკავშირდებოდეს.

    არტაგის ხერხმა ერთგვარად გაამართლა - პომპეუსი ვერ გადმოდის მტკვარს აქეთ, არადა, არმაზციხე და მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულ მორჩილებაში ჰყავს რომაელს. სწორედ ესაა საწუხარი ქართლის მეფისთვის - მხოლოდ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება მისთვის ნუგეში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ერთიანი სამეფოს განცდა და ქართველთა მეფობა მას უფრო მეტს ავალებს. ამიტომაც ისევ დიპლომატიურ ხერხს მიმართავს, ისევ ზავის დადებას სთავაზობს, რის სანაცვლოდაც ხიდის აღდგენასა და რომაული ჯარის სურსათით უზრუნველყოფას კისრულობს. სამაგიეროდ, არტაგსაც აქვს თავისი ულტიმატუმი პომპეუსის მიმართ - რომაელები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არ უნდა გადმოვიდნენ.

    ამბავი ქართულ-რომაული საზავო იწილო-ბიწილოსი

    არტაგი ისევ ყაბულსაა. ქართლის მეფე იძულებულია, დაპირება შეასრულოს, თუმცა პომპეუსი ამჯერად არღვევს პირობას და მდინარის მეორე მხარეს გადადის. არტაგი უკან იხევს, სამეფო კარს ჯარის დიდი ნაწილი ახლავს, ისინი არაგვზე გადადიან და ისევ ჩვეულ ხერხს მიმართავენ - ისევ წვავენ ხიდს.

    არ ნებდება ქართლი, მოსახლეობა პარტიზანულ ომს იწყებს, რომაელი ლეგიონრები უძლურნი არიან, მწვავე წერტილოვან დარტყმებს რაიმე დაუპირისპირონ. რომს ებრძვის სრულიად ქართლი - ქალი თუ ბავშვი, ისინი თავისუფლებისათვის არაფერს იშურებენ, საკუთარი სიცოცხლე ჩირადაც არ უღირთ. ისევ ისმის გაოცებული რომაელების შეძახილი - "ტეტიუს". ასეთი თავგანწირვა მათ არსად ჰქონდათ ნანახი.

    და აქ პომპეუსს ერთი გზა რჩება, საკმაოდ მძიმე გზა ქართველთათვის. კიდევ ერთხელ მიმართავს რომაელი უკიდურეს ზომებს - მათ ტყე გადაწვეს. ამ რეალობისას უძლური იყო ყველა, ქართველებიც იძულებულნი არიან, დამარცხება აღიარონ და სწორედ დამარცხებულის სტატუსში განაახლონ რომაელებთან საზავო მოლაპარაკება.

    პომპეუსს მშვიდობის სანაცვლოდ ძღვენიც მეფური გაუგზავნეს - ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროს მაგიდა. იცის მეფემ რომაელის ვერაგი ხასიათი, ყველაზე მეტად საკუთარი შვილების მძევლად გაგზავნას უფრთხის და თავდაპირველად ალბათ ამიტომაც არის მტრის მიმართ ასე გულუხვი.

    გამართლდა არტაგის წინათგრძნობა - პომპეუსს, რომელმაც მიიღო ძღვენი, ქართველი უფლისწულები სურს მძევლად, ესეც ბუნებრივი გათვლაა - საკუთარი შვილების მძევლად გამგზავნი არტაგი ვეღარ გაბედავს თვითნებობას და რომაელთა მორჩილი და მათი ინტერესების შესაბამისად მართული იქნება.

    არტაგი ყველა ღონეს მიმართავს, რომ შვილები არ გაუგზავნოს რომაელებს მძევლად, ამიტომაც აჭიანურებს მოლაპარაკებას, მაგრამ როცა რომაელებმა მოახერხეს არაგვზე გადასვლა, ეს უკვე ბოლო აკორდი იყო - მეტი წინააღმდეგობის მექანიზმი ქართლის მეფეს აღარ რჩებოდა. ის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა და პომპეუსს შვილები გაუგზავნა, რასაც ზავის დადება მოჰყვა.

    რატომ გაემიჯნა რომაელთა უფლებები მოვალეობებს

    მძიმე იყო ქართველთა მარცხი, ალბათ დიდხანს შემორჩა პომპეუსის ტრიუმფი მწარე გაკვეთილად ქართველთა ცნობიერებას. ეს არცაა გასაკვირი - პლუტარქე, ბერძენი ისტორიკოსი, ხომ პომპეუსის არტაგთან დაპირისპირებას დიდ ბრძოლას უწოდებს. სწორედ მის თხზულებაშია ცნობა ბრძოლაში 9 ათასი ქართველის დაღუპვისა და 10 ათასზე მეტის ტყვედ ჩავარდნის შესახებ.

    ზავით ქართლი რომაელთა "მოკავშირედ და მეგობრად" გამოცხადდა, ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ვასალიტეტზე ორმხრივი შეთანხმება. ზავის მთავარი პირობაა, ქართლმა რომაელთა წინააღმდეგ არ გამოიყენოს ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელი უღელტეხილები. საცნაური სწორედ ისაა, რომ ამ ვალდებულებების სანაცვლოდ ის არაფერს კისრულობს. ასეთია ტრიუმფატორი რომაელების ხასიათი, როცა მოვალეობა ვალდებულებებისაგან გამიჯნულია.

    არტაგის დამარცხების პარალელურად, საკმაოდ დრამატულად ვითარდება მოვლენები დასავლეთით - ფაქტობრივად, სულს ღაფავს პონტო. მითრიდატე ევპატორმა რომაელთა წინააღმდეგობა 66 წელს შეწყვიტა, ის ერთი პერიოდი დიოსკურიაში, თანამედროვე სოხუმის ახლოს, ცდილობს ძალების მოკრებას, შემდეგ მეოტურ ტომებთან ამყარებს ურთიერთობას და ბოსფორს იკავებს. მისი ოცნებაა რომის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩრდილოეთიდან იტალიაში შეჭრა და მარადიული ქალაქის აღება.

    ფუჭად ჩაიარა მითრიდატეს ოცნებებმა, ქრისტეშობამდე 63 წელს საკუთარი ვაჟი ფარნაკე აუჯანყდა და ძალაუფლებაც ჩამოართვა. სრულ აგონიაში აღმოჩნდა კაცი, რომელიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდა. მას მხოლოდ ერთი გზა დარჩენოდა და ეწია კიდეც ამ გზას - თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

    როგორ დარჩა ყოჩაღი ტიგრანის "დიდი არმენია" სომეხთა ყველა დროის მარადიულ ოცნებად

    რომაელთა ლაშქრობის შედეგად სომხებს ქართლის მიტაცებული ტერიტორიები წაართვეს და საკუთარ ეთნიკურ გეოგრაფიულ არეალში მიუჩინეს ადგილი. ამით აღდგა ის გეოპოლიტიკური ბალანსი, რაც წითელ ზოლად გასდევს კავკასიის მთელი შემდგომი ისტორიის განმავლობაში.

    ასე დაესვა წერტილი ქრისტეშობამდე პირველი საუკუნის კავკასიაში რომაელთა პოლიტიკურ აქტივობას, ყველა დროის სომხობას ყოჩაღი ტიგრანის "დიდი არმენია" მარადიულ, განუხორციელებელ, საარაკო ოცნებად რომ დაუტოვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter