სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ მიათვალეს სომხებმა დიდ არმენიას პონტოს სამეფოს შავიზღვისპირეთის ნაწილი
    მამუკა ნაცვალაძე
    28.10.2017

     დიდი არმენია, ქრისტეშობამდე პირველი საუკუნიდან მოყოლებული, მანიპულირების საშუალება იყო ყველა დროისა და ფორმაციის იმპერიისთვის, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესი კავკასიას სწვდება. მორჩილი კავკასია მათთვის წარმატების მთავარი გარანტიაა. სწორედ ამიტომაც მუშავდება საუკუნეების განმავლობაში მართვის მოქნილი და თვისებრივად მრავალმხრივი არაერთი მოდელი.

    ამ იმპერიული კონცეპტის ერთ-ერთი სტრატეგია სომხური კოზირია, რაც განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა, როგორც კავკასიური ერთობის მოშლის საუკეთესო საშუალება. ეს ის მექანიზმია, რომელიც მოქმედებს ყველა დროსა და სივრცეში საფრთხობელად, რაც არც სომხეთს არგია და არც კავკასიაში მოსახლე სხვა ხალხებს. თუმცა თანამედროვე სომხეთის პოლიტიკოსებს ეს თეზა ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული და მსოფლიო იმპერიათა მარიონეტის როლს სიამოვნებით ასრულებენ.

    როგორ შეცვალა მაგნეზიის ბრძოლამ მსოფლიო პოლიტიკური რუკა

    აყველაფერი ქრისტეშობამდე მეორე საუკუნის დასაწყისში რომაელთა მიერ სელევკიდების დამარცხების შემდეგ იწყება. რომის გამოჩენამ მსოფლიო ასპარეზზე მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური ბალანსი. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ რომის ექსპანსიურმა პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში მსოფლიო გადანაწილების საკითხი.

    მას შემდეგ, რაც ბალკანეთის ნახევარკუნძულის ათვისება მოახერხა, რომის აგრესიული მიზნები აზიას სწვდება. ქრისტეშობამდე 190 წელს მაგნეზიასთან სელევკიდების სამეფოს ამარცხებს, ეს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა, რამდენადაც მარადიული ქალაქის მესვეურებმა უმთავრესი კონკურენტი ჩამოიცილეს.

    როგორ იხეირეს სომხებმა სელევკიდების სახელმწიფოს დაცემით

    ამით სარგებლობენ სომხები, სელევკიდებისაგან თავდახსნილნი ქმნიან ორ სამეფოს: დიდ არმენიას და სოფენის სახელმწიფოს. ეს არტაშეს პირველის ზეობისას ხდება. სწორედ მან დაუდო სათავე არტაშესიანთა დინასტიას, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის დასაწყისამდე ინარჩუნებს ძალაუფლებას.

    არტაშესიანთა დინასტიის წარმომადგენელია ტიგრან მეორე - არტაშეს პირველის შვილიშვილი, რომლის დროსაც განსაკუთრებულ სიძლიერეს აღწევს დიდი არმენია. ეს ქრისტეშობამდე პირველი საუკუნის 90-70-იანი წლებია. აღმავლობის გზაზე მყოფი სახელმწიფო სარგებლობს ქართლის დასუსტებით და იკავებს მნიშვნელოვან ქართულ ტერიტორიებს: ხორძენეს (ჭოროხის აუზს), გოგარენეს (ქვემო ქართლს) და პარიადრის მთიანეთს (სპერს). სომხური დაპყრობა გრძელდება სხვა მიმართულებითაც. ტიგრანი იპყრობს სოფენას, მიდიას, ატროპატენას, სელევკიდების სირიას, ფინიკიას, კილიკიას...

    ახალი ტერიტორიების დაპყრობის გამო დიდი არმენიის დედაქალაქი არტაშატი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა, სწორედ ამიტომაც დღის წასრიგში დადგა ახალი დედაქალაქის დაარსება. ტიგრან მეორე მდინარე ტიგროსის ნაპირზე აგებს ქალაქ ტიგრანაკერტს.

    რატომ სწვდებოდა პონტოს სამეფოს ამბიციები მსოფლიო მასშტაბებს

    სელევკიდების დაცემის შედეგია ასევე ქართლის აღმოსავლეთით კიდევ ერთი სახელმწიფოს - ალბანეთის ჩამოყალიბება. რაც შეეხება დასავლეთს, აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია - განსაკუთრებულად ძლიერდება პონტოს სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც არიან ძველი ქართველური ტომები ჭანები, ლაზები, ხალიბები, მოსინიკები... ამ დროს პონტოს მართავს მითრიდატე მეექვსე ევპატორი (111-63 წწ), რომელიც სამეფოს აფართოვებს ჩრდილო შავიზღვისპირეთის მიმართულებით. ამის შედეგად პონტოს შემადგენლობაში აღმოჩნდა ბოსფორის სამეფო, კოლხეთი და "მცირე არმენია". მითრიდატეს გამგებლობაში მოექცა სამხრეთ და დასავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქების უმეტესობა.

    პონტოს ამბიციები ამით არ მთავრდება - ის იბრძვის მთელი წინა აზიის დასამორჩილებლად, რაც აშკარად იმ პერიოდის მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიაა. მითრიდატეს ამ ამბიციებს ზურგს უმაგრებს დიდი არმენიის სამეფო, რომელსაც ტიგრან მეორე მართავს. დიდი არმენიაც აღმავლობის გზაზეა და ამ პერიოდში საკმაოდ ძლიერდება.

    როგორ ჩაესიძა ტიგრან მეორე პონტოს ძლევამოსილ მეფეს

    ევპატორს საკმაოდ მომგებიანი სტრატეგიული პოზიცია უკავია - უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მდებარეობა და შავი ზღვის სრული კონტროლი აშკარაა, დიდ პერსპექტივას უქადის მის სამეფოს. ის ყველაფერს აკეთებს საკუთარი მიზნის მისაღწევად, წარმატებით იყენებს დიპლომატიურ ურთიერთობასაც.

    სწორედ პოლიტიკურ კონტექსტშია გასააზრებელი დიდი არმენიის მმართველ ტიგრან მეორისა და მითრიდატე ევპატორის დანათესავებაც. ტიგრანმა პონტოს მეფის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. ეს პირველი ნაბიჯია პონტოს ამბიციების აღსრულებისთვის. ამბიციები აქვს ტიგრანსაც, ამიტომაც ამ ორი გაძლიერებული სამეფოს ურთიერთობა და მოკავშირეობა საკმაოდ დიდი თავსატეხია რომისთვის.

    რატომ ააფორიაქა რომი ფარსმან ქველმა

    რომს, ქრისტეშობამდე მეორე საუკუნიდან მოყოლებული, პანიკური შიში დასჩემდა იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი აქვთ. მას მწარედ ახსოვს პუნიკური ომების პერიპეტიები, კართაგენული გაკვეთილები, რომლიდანაც უდავოდ სასარგებლო დასკვნები გამოიტანა. სწორედ ეს ფაქტორი გააღიზიანებს მარადიული ქალაქის სახელმწიფოს, როცა ცოტა მოგვიანებით, ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის 30-იანი წლებისას, ქართლის მეფე ფარსმან ქველი თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს ძირდიტთა ტომს. ეს ის ტომია, რომელიც თანამედროვე აჭარის ტერიტორიაზე, შავი ზღვისპირეთში, სახლობს.

    რომმა კარგად იცის - სახელმწიფო, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი აქვს, სულ სხვა რანგის სახელმწიფოა თავისი პერსპექტივითა და პოტენციალით. სწორედ ასეთი განვითარების მასშტაბებს იძენს ფარსმან ქველის დროინდელი ქართლი ძირდიტთა ტერიტორიების შეერთებით, რაც რომისათვის მიუღებელია.

    საგულისხმოა, რომ რომი ჩანასახშივე ებრძვის იმ ქვეყნების ამბიციებს, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი აქვთ. სწორედ ამიტომაც დადგა განსაკუთრებულად მწვავედ რომის სენატის წინაშე პონტოს საკითხი. პონტოს მოკავშირეა მთელი კავკასია - დიდი არმენია, ქართლი, ალბანეთი, თუმცა აშკარაა, რომ რომაელთა ძირითადი აგრესია პონტოსკენაა მიმართული, რომელიც შავი ზღვის სანაპიროებს ფლობს და ამიტომაც რომი მას ძირითად მეტოქედ აღიქვამს. ბუნებრივია, რომს სურს, მაქსიმალურად გაანეიტრალოს კავკასია და პონტოს ძლევის შემდეგ მოემართება აქ მითრიდატეს მოკავშირეების დასამარცხებლად და მოსათვინიერებლად.

    ჰქონდა თუ არა დიდ არმენიას შავ ზღვაზე გასასვლელი

    ლუკულუსის სამხედრო ექსპანსია კავკასიაში პონტოს ძლევის შემდეგ თავდაპირველად მიმართულია დიდი არმენიისაკენ. ამ ფაქტმა რატომღაც შექმნა იმის ილუზია, რომ დიდ არმენიას პონტოს მსგავსად აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი. ამას ამტკიცებს სომხური ისტორიოგრაფია, არადა, ეს ფაქტი არც ერთი წყაროთი არ დასტურდება, სამაგიეროდ დასტურდება ის, რომ პონტო განაგებს ამ პერიოდის შავიზღვისპირეთს და მითრიდატესა და ტიგრანის დანათესავება, მათი მოკავშირეობა რომის წინააღმდეგ ქმნის იმის ილუზიას, რომ სომხეთი ზღვაზე გასასვლელს ფლობს. ბუნებრივია, დიდ არმენიას არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება და როცა მოესურვება, მაშინ სარგებლობს შავი ზღვით და ეს ხდება არა იმიტომ, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს, არამედ პონტოს სახელმწიფოსთან კეთილგანწყობის საფუძველზე.

    რომ არა რომის აღმოსავლური ექსპანსია, რომლის ერთ-ერთი ფრაგმენტია პონტო-სომხეთის გაერთიანებული ძალის განეიტრალება, სულ მცირე დროში თავად მოკავშირეები დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ეს ისტორიული კანონზომიერების ლოგიკაა, რომელიც სწორედ იმიტომ ვერ ამოქმედდა, რომ პონტოსა და დიდი არმენიის ყურადღება საერთო მტრის წინააღმდეგ გადაერთო. მათი მოკავშირეობა და კეთილგანწყობის საფუძველი ანტირომაული განწყობა, რომის მიმართ ზიზღი იყო.

    როგორ გადაიკვეთა წინა აზიაში რომისა და პონტოს ინტერესები

    სწორედ წინა აზიაში გადაიკვეთა რომისა და პონტოს ინტერესები. მცირე აზიას გამოცდილი აქვს რომაული უღლის სიმწარე. მარადიული ქალაქის მესვეურნი არ ერიდებოდნენ დაპყრობილი მოსახლეობის ძარცვასა და შევიწროებას, ამიტომაც არ არის რთული მათი ანტირომაული განწყობის გამოყენება. საკმაოდ კარგად ფლობს მითრიდატე ევპატორი დემაგოგიის ხელოვნებას და ამ მეთოდით საკუთარ მხარეზე გადაჰყავს წინა აზიის მოსახლეობის ქვედა ფენები.

    ასე დარაზმა უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი მითრიდატემ რომაელთა წინააღმდეგ. ეს პონტოს გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვა ის, რომ რომაელები მთლიანად განდევნეს მცირე აზიიდან, გარდა ამისა, მითრიდატე საბერძნეთზეც ამყარებს კონტროლს.

    როგორ აუმხედრდა წინა აზია მითრიდატეს დემაგოგიას

    სწორედ აქ დაესვა წერტილი ევპატორის ზეობას. აქ იწყება მისი პოლიტიკური დაღმასვლა. საქმე ისაა, რომ მითრიდატე არაფერს ცვლის, ის იმავე პრინციპებითა და მეთოდებით მართავს წინა აზიას და დაპყრობილ ხალხებს, როგორსაც რომაელები იყენებდნენ. მითრიდატე იოლად მოერგო რომაულ მექანიზმს და არაფრის შეცვლა არ ისურვა, ამიტომაც ის სწორედ ამ მექანიზმის მსხვერპლი შეიქნა.

    ანტირომაულ განწყობას რომაელთა გაუსაძლისი მკაცრი პოლიტიკა განაპირობებდა, იმავე პრინციპებს იყენებს მითრიდატე წინა აზიის ხალხებთან ურთიერთობისას. პონტოს მეფეს საჭიროდ არ მიუჩნევია იმ მექანიზმების შეცვლა, ამიტომაც განსაკუთრებული სიმძაფრით ამჯერად მითრიდატეს მოუტრიალდა დაპყრობილ ხალხთა რისხვა.

    ეს კი რომაელებს საკმაოდ კარგ შანსს აძლევს რევანშისათვის. ისინი ორჯერ ამარცხებენ მითრიდატეს ჯარებს. მიუხედავად ამისა, შეუპოვრად განაგრძობს წინააღმდეგობას პონტოს მეფე. რომაელებს არ ნებდება. გადამწყვეტ მესამე ომს რომი პონტოს წინააღმდეგ ქრისტეშობამდე 73 წელს იწყებს. რომაელებს ლუკულუსი სარდლობს.

    ისევ რამდენჯერმე იმარჯვეს რომაელებმა, მითრიდატე კოლხეთს აფარებს თავს, იქ ცდილობს ძალების აღდგენას და სათანადო ანტირომაული გეგმის შემუშავებას. რომაელები სომხეთისკენ იღებს გეზს - პონტოს მოკავშირე ტიგრან მეორე სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ქრისტეშობამდე 69 წელს რომაელები, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი სომხეთის დედაქალაქს - მდინარე ტიგროსზე მდებარე ტიგრანაკერტს ეუფლებიან.

    მაგალითი ქართველთა ერთიანი კავკასიური ცნობიერებისა

    საცნაურია ის, რომ ტიგრანაკერტისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ სომეხთა საქმე, აქ იბრძვიან ქართლი და ალბანეთი. ამას პლუტარქე გადმოგვცემს. მომდევნო წელს რომაელები სომხეთის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქალაქს, არაქსის შუა წელზე მდებარე არტაშატს, უტევენ. ლუკულუსს წინა რიგში ისევ იბერიელი მშვილდოსნები ხვდებიან.

    ეს საკმაოდ კარგი პრეცედენტია კავკასიური სახლის ერთიანი განწყობის სააშკარაოზე გამოსატანად. სულ მალე, სამიოდ წელში, ქრისტეშობამდე 65 წელს დაიწყება ძველი მსოფლიოს ისტორიაში საქართველოს ყველაზე მასშტაბური ბრძოლა, რომელსაც უპრეცედენტო რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვება.

    ბედის ირონიაა ის, რომ სწორედ ქართველებზე გამარჯვებული პომპეუსის წყალობით აღდგა კავკასიური სტატუს-კვო, სადაც თავისი ადგილი დაიბრუნა ქართლმა და ტერიტორიულად საკუთარ ეთნიკურ ჩარჩოებში მოექცა სომხეთის სამეფო. სწორედ ამ დამარცხებით იწყება დიდი სომხეთის პოლიტიკური ილუზიები, რასაც პერმანენტულად გამოიყენებს რომი თავის სასარგებლოდ, მისთვის განსაკუთრებით ფასეულია კავკასიაში სომხური პლაცდარმი.

    გავა შვიდი საუკუნე და ეს ყველაფერი სისტემურ ხასიათს მიიღებს - სასანიანები პირველად აამოქმედებენ სომხურ კოზირს, როგორც ერთიანი კავკასიის წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას. სწორედ მეშვიდე საუკუნის დასაწყისში გაემიჯნება ოფიციალურად ქართული და სომხური სარწმუნოება ერთმანეთს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კავკასიელი   (29.10.2017)
    შესანიშნავი და ისტორიულად ობიექტური ანალიზი!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter