სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქართველი იურისტი, რომელსაც ასზე მეტი პოლიტიკური პროცესი აქვს მოგებული
    ია აბულაშვილი
    26.10.2017

     მე-19 საუკუნის ბოლო, ტფილისი, სასამართლო დარბაზი. განსასჯელის სკამზე "სტატსკი სოვეტნიკის" მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება.

    განსასჯელსა და განაჩენს შორის ახალგაზრდა, უფასო ვექილი დგას, რომელიც პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს. ეს ლუარსაბ ანდრონიკაშვილია, რომლის პირველი პროცესი, როგორც ადვოკატისა, ე.წ. "კუზიანის საქმეა".

    მიუხედავად იმისა, რომ საქმის მოგების მინიმალური შანსიც კი არ აქვს, ახალგაზრდა ადვოკატმა საქმე მოიგო.

    ეს ამბავი კი ასე ყოფილა: ლუარსაბ ანდრონიკაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ებრაელ შინამოსამსახურეს იცავდა, რომელმაც ვეღარ გაუძლო გაუთავებელ დამცირებასა და დაცინვას თავისი ფიზიკური ნაკლის გამო და "სოვეტნიკი" დანით სიცოცხლეს გამოასალმა.

    დაიწყო სასამართლო პროცესი და ახალბედა ვექილი სასამართლოს წინაშე წარსდა საბოლოო სიტყვით: "პატივცემულო ბატონო მოსამართლევ და ნაფიცო მსაჯულებო", იწყებს ვექილი და ამ მიმართვას ზედიზედ თორმეტჯერ იმეორებს. სხდომის თავმჯდომარე სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევს, მიუხედავად არაერთი შენიშვნისა, დამცველი დამსწრე საზოგადოებას მშვიდი, აუღელვებელი ხმით მიმართავს.

    გაბრაზებული მოსამართლე მას თუჯის ზარს ესვრის. ახალბედა ვექილი თავის შემაჯამებელ სიტყვას აგრძელებს: "ბატონებო, მე მოგმართავთ პატივისცემისა და თქვენი შესაფერისი წოდების შესაფერისად.

    ჩემი მიზანი არ ყოფილა თქვენი ან მოსამართლის შეურაცხყოფა. თქვენ ხუთი წუთითაც ვერ მოითმინეთ ჩემი მიმართვა, რომელიც არათუ ლახავდა, არამედ ხაზს უსვამდა თქვენს ღრმად პატივისცემას. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ ადამიანის მდგომარეობას, ვისაც ფიზიკური ნაკლის გამო ამცირებდნენ.

    მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გამო ისინი აფექტურები არიან, რაც შესაძლებელია, ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდოს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი".

    ნაფიცი მსაჯულები განაჩენის გამოსატანად გადიან. 20-საათიანი კამათის შემდეგ სასიკვდილოდ განწირული ბრალდებული გაამართლეს.

    ამ რთული საქმის შემდეგ კი ყველას პირზე ეკერა ახალგაზრდა ადვოკატის სახელი, რომელმაც შემდეგ არაერთი გახმაურებული საქმე მოიგო, იცავდა პოლიტიკურ დანაშაულში ბრალდებულ პირებს, ცარიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციების ორგანიზატორებს, აკრძალული და არალეგალურად გამოცხადებული გაზეთების გამომცემლებს და ა.შ.

    ცნობილი ქართველი იურისტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი დაიბადა ახმეტის რაიონში. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1892 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

    სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. პარალალურად ფილოსოფიის კურსს გადიოდა ჰაიდელბერგში ცნობილ მეცნიერ კუნო ფიშერთან, სტრასბურგში კი - ვილჰელმ ვინდელბანთან. ესწრებოდა გამოჩენილი გერმანელი იურისტების, ელინკისა და ლაბანდის ლექციებს სახელმწიფო სამართალში.

    შემდეგ ბრუნდება პეტერბურგში. 1899 წლიდან იყო რუსეთის ადვოკატთა წრის წარმომადგენელი, "პოლიტიკურ დამცველთა" ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მონაწილეობა მიიღო ისტორიული მნიშვნელობის ასზე მეტ პოლიტიკურ სასამართლო პროცესში. იცავდა შეირაღებული აჯანყებისა და დემონსტრაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

    ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო ბათუმის დემონატრაციის საქმე 1903 წელს, ასევე ლეიტენანტ შმიდტის მეთაურობით აჯანყებულ შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურთა სევასტოპოლის პროცესი 1906 წელს, პეტერბურგის მუშათა დეპუტატების საბჭოს პროცესი 1906 წელს, "ნოვორსიისკის რესპუბლიკის" საქმე 1908-1909 წლებში.

    პეტერბურგის ქალაქის მმართველის გენერალ ლუციანოვის საქმე 1907 წელს, სახელმწიფო საბჭოს წევრის, გრაფ იგნატიევის მკვლელობის საქმე.

    ასევე, გაზეთების: "ნოვაია ჟიზნის" რედაქციის საქმე, რომლის გამომცემლები იყვნენ გუკოვსკი და ტოლსტოი, "ჟურნალ რუსსკოე ბოგატსტვოს" რედაქციის საქმე და სხვა.

    მისი საადვოკატო საქმიანობა ძირითადად უკავშირდებოდა ადამიანთა შრომითი უფლებებისათვის ბრძოლას. იგი იყო ადვოკატი ბათუმელი, ბაქოელი, თბილისელი, როსტოველი, რიგელი მუშების სასამართლო პროცესზე და თითქმის ყველა ეს პროცესი მოიგო.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია როტშილდების ქარხნის მუშათა სასამართლო პროცესი, სადაც ანდრონიკაშვილმა როტშილდების გიგანტური ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ გაილაშქრა და მრავალი მუშა მრავალწლიანი პატიმრობისგან იხსნა.

    1917 წლის აპრილს დროებითმა მთავრობამ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი სენატორად დანიშნა. კონისთან, ტაგანცევსა და სხვა გამოჩენილ იურისტებთან ერთად იგი მონაწილეობდა სისხლის სჯულდების გადამსინჯველი საკანონმდებლო კომისიის მუშაობაში.

    ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ანდრონიკაშვილი სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ტულის პედაგოგიურ უნივერსიტეტში კითხულობდა ახალი ფილოსოფიის კურსს, მოსკოვის სიტყვის სახელმწიფო ინსტიტუტში კი - სასამართლო მჭევრმეტყველებას.

    1921 წლიდან იგი თბილისში დაბრუნდა. მის სახელს უკავშიდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის გახსნა. მანვე შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი - დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში როგორც სამშობლოში, ასევე - უცხოეთში.

    ამბობენ, ეს პრინციპული და მუდამ დაკავებული იურისტი უზომოდ იყო გატაცებული ხელოვნებით, მის კომპეტენტურ აზრს დიდ პატივს სცემდნენ ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე.

    ქართული თეატრის კორიფეები - კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი ყველაზე მეტად მაშინ ღელავდნენ, როცა მათ სპექტაკლებს ლუარსაბ ანდრონიკაშვილი ესწრებოდა.

    ქართული სამართლის რაინდად წოდებული იურისტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1939 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    თამაზი   (27.10.2017)
    ამ დიდებულმა კაცმა ორი ბრწყინვალე ვაჟი გაზარდა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკოსი, ელეფტერ ანდრნიკაშვლი და ფილოლოგი, რუსული ლიტერატურის ბრწინვალი მკვლევარი ირაკლი ანდრნიკაშვლი

    თამაზი   (27.10.2017)
    ამ დიდებულმა კაცმა ორი ბრწყინვალე ვაჟი გაზარდა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკოსი, ელეფტერ ანდრნიკაშვლი და ფილოლოგი, რუსული ლიტერატურის ბრწინვალი მკვლევარი ირაკლი ანდრნიკაშვლი


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter