სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    25.10.2017

     "ფილოსოფია არ იყო ჩემთვის ერთი საქმეთაგანი, ფილოსოფია ჩემი სასიცოცხლო ამოცანა იყო მუდამ; ფილოსოფია იყო ჩემთვის სიბრძნისა და სიკეთის წვდომის წყარო", - ეს სიტყვები ეკუთვნის შალვა ნუცუბიძეს, კაცს, რომელმაც ცხოვრების მიზნად ფილოსოფია აირჩია.

    შესანიშნავად ფლობდა ბერძნულს, ლათინურს, გერმანულს, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰქონდა იშვიათი მეხსიერება, რომელსაც ბედსა და უბედობაში თავის უერთგულეს მეგობარს უწოდებდა.

    საღვთო სჯული ისე სცოდნია, რომ თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გააოცა, რომელსაც უთქვამს: "როგორ დაამშვენებდით სიონის ამბიონს თქვენი ქადაგებით". თავისი დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიისადმი. ამბობდა: "ყოველი ადამიანი, რაგინდ პატრა იყოს, ცხოვრების ცენტრია და ამდენად ხიდია უკვდავებისკენ, სადაც ადამიანთა შეხვედრას საზღვარი არ უძევს".

    საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, მისი წიგნები და ნაშრომები აკრძალეს, ლექციების კითხვის საშუალებას არ აძლევდნენ, მიზეზი თამამი გამოსვლები იყო, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. ამბობენ, მისი ბადალი მჭევრმეტყველი საქართველოს არ ჰყოლია, სიტყვას არ არჩენდა არც მაშინდელი დროებითი მთავრობის წევრებს და არც შემდეგ ბოლშევიკებს. თვით გრიგოლ რობაქიძეს დაუხევია უკან და უარი უთქვამს 19 წლის მეტოქესთან დისპუტზე. იმ დროს უკვე აღიარებულ მწერალს ეს გარემოება ოპონენტის ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით აუხსნია...

    დამოუკიდებელი საქართველოს რესპულიკის პარლამენტის წევრი, ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, შალვა ნუცუბიძე ნამდვილ თავსატეხად იქცა მმართველი გუნდისთვის. ტრიბუნაზე ყოველი მისი ასვლა ნამდვილი მოვლენა იყო საკანონმდებლო ორგანოში. მისი სიტყვა გამოირჩეოდა ორატორული ხელოვნებითა და დახვეწილი იუმორით. ფედერალისტები, რომელთა წევრიც შალვა ნუცუბიძე იყო, სიამაყით უმზერდნენ საკუთარ ფალავანს, სოციალ-დემოკრატები კი შუბლშეკრულნი ადგილიდან შხამიან რეპლიკებს არ იშურებდნენ.

     დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ შალვა ნუცუბიძის ბიოგრაფიის ცნობილი პასაჟები, მათ შორის 1921 წელს დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატ ბენია ჩხიკვიშვილსა და სოციალ-ფედერალისტ შალვა ნუცუბიძის დაპირისპირება, რასაც კონფლიქტში სხვა დეპუტატების ჩარევა და რევოლვერზე ხელის გაკვრაც მოჰყოლია.

    ეს ამბავი კი ასე ყოფილა: 1921 წლის 1-ელ თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომა იმართება. შესვენების დროს ბენია ჩხიკვიშვილი და შალვა ნუცუბიძე შელაპარაკდნენ. ბენია ჩხიკვიშვილს შალვა ნუცუბიძისთვის უთქვამს:

    - გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვარით რომ სვამსო. მერე გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთი?

    - დავწერე, მერე რა, შენი რეპლიკის პასუხად, სხდომაზე ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე... - უპასუხია ნუცუბიძეს.

    - მანამდე შენ დამიძახე ჯიბგირი - შეეპასუხა ბენია ჩხიკვიშვილი.

    - თუ ძალიან გაგიხარდება, დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან კიდევ გაგიმეორებო.

    - ჰოდა, საქმე გავარჩიოთ, ჩვენ შორის ვინ არის მტყუანიო, შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე მე ჩემთავად სამსონს ვასახელებო - უთქვამს ბენია ჩხიკვიშვილს და თან მუშტი უთავაზა შალვა ნუცუბიძეს თვალში და ხელი რევოლვერზე გაიკრა. ნუცუბიძემ ხელი სტაცა სკამს, მაგრამ დეპუტატებმა არ გაუშვეს და ნუცუბიძის ნასროლი სკამი ბენიას ასცდა.

    ფედერალისტებმა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს წარუდგინეს წინადადება ბენია ჩხიკვიშვილისთვის დეპუტატობის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. 4 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ განიხილა ფედერალისტთა ფრაქციის წინადადება. სოციალ-დემოკრატები ახმაურდნენ, ორ დეპუტატს შორის მომხდარი ინციდენტი არ შეიძლება, გახდეს კრების მსჯელობის საგანი, ასეთი ამბები ბევრ ქვეყანაში ხდება და ამის გამო პარლამენტიდან არავინ გაუგდიათო. საბოლოოდ, კრებამ კენჭი უყარა წინადადებას საკითხის სრულად მოხსნის შესახებ, რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად, ფედერალისტებმა დატოვეს კრების სამი სხდომა, ესერებმა და დაშნაკებმა - თითო სხდომა.

    გაზეთებში ზედიზედ გამოქვეყნდა სტატიები: "მუშტის აპოლოგია", "ახმაურდნენ"... ერთ წერილ "ქართველი ქალის ხმაში" უცნობი ავტორი წერდა: "ჯობდა, ბენია ჩხიკვიშვილს სილა გაეწნა ან ტყვია დაეხალა შალვა ნუცუბიძისთვის, მაგრამ მან შეგნებული აქტი ჩაიდინა, რათა მისთვის თვალი ამოეთხარა. ბენიას სურდა თვალის ამოთხრა, იმ მამხილებელი თვალისა, რომელიც ყველაფერს ხედავს და მთავრობის პოლიტიკის ბნელ კუნჭულებს ამზეურებს".

    შალვა ნუცუბიძე დამფუძნებელი კრებისა და თბილისის საქალაქო თავთიმმართველობის წევრებს ხომ არ ინდობდა, ამბობდნენ დაუმარცხებელი ოპონეტი იყო სოციალ-დეიმოკრატების გურუს, ხელშეუხებელ ნოე ჟორდანიასიო. მას არა მხოლოდ ეკამათებოდა, მთავრობის თავმჯდომარეს საკადრო პოლიტიკაც დაუწუნა, ორი ისეთი დარგის - ეკონომიკისა და განათლების - გაპარტახება დასდო ბრალად, რომელში გატარებული რეფორმებისთვის ჟორდანია განსაკუთრებულად იწონებდა თავს. დეპუტატის თვითნებობით გაოგნებული ჟორდანია იმდენად აღელდა, რომ თურმე ენა დაება.

     ამ ამბებიდან ორ კვირისთავზე საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და არც ჩხიკვიშვილ-ნუცუბიძის ჩხუბი გახსენებია ვინმეს და არც ჟორდანიას ენის დაბმა. ნუცუბიძე მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა, მაგრამ 7 მაისისა და 1-ლი მაისის დღესასწაულებზე ქალაქიდან გარბოდა "მე ამათი "ვაშა" - "ურას" გაგონება არ შემიძლია, შემატყობინეთ ყველა პლაკატს რომ ჩამოხსნიან, მაშინ დავბრუნდებიო" - უბარებდა ოჯახის წევრებს.

    მოკლედ ეს შეუპოვარი, უკმეხობით გამორჩეული კაცი, 1937 წელს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და რამდენიმე დღეში მოსკოვში ლუბიანკაზე უკრეს თავი. ამავე წელს მოსკოვში გაიმართა საქართველოს კულტურის დღეები. მაშინდელი საქართველოს კულტურის მინისტრი კანდელაკი კრემლში გამოიძახეს. სტალინს საუბრის დროს უკმაყოფილება გამოუთქვამს რუსულ ენაზე "ვეფხისტყაოსნის" თარგმანის გამო. "ახალი თარგმანი უნდა გაკეთდეს და ეს საქმე იმას უნდა დაევალოს, ვინც კარგად იცის დედნის ენა, ხომ არავინ გეგულება ასეთიო?" - უთქვამს სტალინს კანდეკლაკისთვის.

    მინისტრი ერთი პირობა კი შეცბა, მაგრამ მაინც უპასუხია

    - არის ასეთი ადამიანი, მაგრამ ამჟამად დაპატიმრებულია - შალვა ნუცუბიძე.

    შალვა ნუცუბიძეს პოემის თარგმნა 1937 წელს დაუწყია, ნაწყვეტებს აუდიტორიაში კითხულობდა, მერე კი დააპატიმრეს. როგორც თავად წერდა, ლუბიანკაზე ერთ-ერთი დაკითხვის დროს თემას გადაუხვიეს და მითხრეს, ვიცით, რომ რუსთაველის პოემას თარგმნით, მოგცემთ საშუალებას თარგმანი დაამთავროთო. მეორე დღეს საკანში მიუტანეს რუსთაველის ტომი, სადილი ციხის თანამშრომლების სასადილოდან, კვირის განმავლობაში რასაც დაწერდა სტალინთან მიჰქონდათ.

    გადის ხანი, სტალინი ბერიას იბარებს და ეკითხება, "გალიაში მომღერალი შაშვი თუ გინახავსო". - "არა არ მინახავსო?" - უპასუხია ბერიას. რამდენიმე კვირაში სტალინის ბრძანებით ნუცუბიძე გაათავისუფლეს, იმ პირობით, თუ პოემის თარგმნას დანიშნულ დროზე დაამთავრებდა. ნუცუბიძეს თარგმანისთვის წელიწადნახევარი მოუთხოვია. 1939 წლის 1 მაისს თარგმანი დასრულებული იყო. ხელნაწერი ნუცუბიძეს არ ჰქონდა, ამბობენ მასზე სტალინი მუშაობდა. ნუცუბიძემ სასიგნალო ეგზემპლარი მიიღო, რომელიც გამოსაცემად მზადდებოდა "გოსპოლიტიზდატში".

    სტალინს კი ბერიასთვის მოუწერია: "ბოლო დრომდე ვიცოდი, რომ რუსულ ენაზე საუკეთესო თარგმანი პეტრენკოს ეკუთვნის, მაგრამ ნუცუბიძის თარგმანის გაცნობის შემდეგ, ვთვლი, რომ ის არა მარტო უკეთესია პეტრენკოს თარგმანზე, არამედ გამოჩენილი ლიტერატურული მოვლენაა."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter