სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ განუდგნენ ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარს მესხი ფეოდალები სამცხისათვის გადამწყვეტი ბრძოლისას
    მამუკა ნაცვალაძე
    23.10.2017

     მეთექვსმეტე საუკუნემ დიდი თავსატეხი გაუჩინა საქართველოს. მაჰმადიანური გარემოცვა აშკარად ემუქრება ქართველთა სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს. სამეფო-სამთავროებად დანაწილებულ ქვეყანას აღმოსავლეთიდანაც უწევს ხმლის ქნევა და სამხრეთიდანაც. სეფიანთა ირანის მბრძანებელ შაჰ-თამაზს სერიოზული გეგმები გასჩენია აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისშიც გამაგრებულა. არანაკლები საფრთხე ელის ქვეყანას ოსმალთა იმპერიის მხრიდან, რომელმაც უკვე მოახერხა და საერთო ენა გამონახა მესხ ფეოდალებთან.

    რატომ იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი ქართლისა და იმერეთის სამეფოებისათვის მესხეთისათვის ბრძოლა

    სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერიისთვის მესხეთის დამორჩილება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა აშკარაა, ოსმალოს ქართველთა ძირძველ მიწას უბრძოლველად არავინ დაუთმობს. განსაკუთრებით აქტიურობენ ქართლისა და იმერეთის სამეფოები. ესეც ლოგიკურია - ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს მთავარი საფრთხე სწორედ სამხრეთიდან, ოსმალთა იმპერიიდან ელის. ამიტომაც ხდება სრულიად ქართველთა მობილიზება, როცა საქმე მესხეთისათვის ბრძოლას ეხება.

    ეს გათვლა ზუსტია - ოსმალეთის იმპერია მესხეთის დაპყრობით კავკასიაში სერიოზული პლაცდარმის შექმნას ცდილობს. აქედან საკმაოდ იოლია ბრძოლის წარმოება, თანაც წარმატებული ბრძოლის, რამდენადაც ოსმალეთის ჯარი იმ დროს უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. თოფების გარდა, მათ ზარბაზნები აქვთ. ასეთ პირობებში ხმლით მებრძოლი ქართველებისთვის ოსმალებთან დაპირისპირება, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს.

    საგულისხმო კი ისაა, რომ არა მარტო მესხეთის მიწის მიტაცებით ცდილობს ოსმალეთი, სერიოზული პლაცდარმი მოიპოვოს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ყირიმის დაპყრობის შემდეგ ჩრდილო კავკასიაშიც გადადის, იქ ავრცელებს თავის გავლენას და მაჰმადიანურ სარწმუნოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩრდილოეთიდანაც მაჰმადიანურ გარემოცვაში ექცევა.

    როგორ გამოიყენა ოსმალური პოლიტიკური ჭადრაკის დაფა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ

    ეს საქართველოსთვის ახალ პოლიტიკური რეალობაა, ამგვარი უპრეცედენტო განლაგება სწორედაც რომ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული, რამდენადაც ჩრდილო კავკასია ყოველთვის იყო ერთიანი საქართველოსა თუ ქართველურ სამეფო-სამთავროთა გავლენის სფერო, რასაც ჩვენი მეფეები წარმატებით იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში როგორც კოზირს და თავიანთ ნებაზე ათამაშებდნენ მსოფლიო ბატონობის მოსურნე იმპერიებს.

    ქართველთა პოლიტიკურ გავლენას თანდათანობით ჩრდილოეთით გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოებაც დაერთო თან, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ქვეყნის პოზიცია ჩრდილო კავკასიაში.

    ამ რეგიონის გამაჰმადიანებით ოსმალეთმა სწორედ ის საყრდენი მოარყია, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართული კოზირი იყო მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგსა თუ უწესრიგობაში. ოსმალეთმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო მანამდე ვერც ერთმა იმპერიამ, სრულიად გამოაცალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ჩრდილიკავკასიური კოზირი, რაც ოტომანთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.

    უნდა ითქვას, რომ ახალ პოლიტიკურ განლაგებას და მანამდე უპრეცედენტო კავკასიურ ბალანსს თავის სასარგებლოდ იყენებს რუსეთი. ოსმალთა დაკვეთით გაწყობილა კავკასიური პოლიტიკური ჭადრაკის დაფა, კონკრეტულად კი მუსულმანური ჩრდილოკავკასია და აქედან განხორციელებული მუდმივი, წერტილოვანი დარტყმები ხდება იმის წინაპირობა, რომ საქართველო უმძიმეს სიტუაციაში ექცევა. ამ გამოუვალი სიტუაციიდან შემწედ მას ჯერ - დასავლეთ ევროპა, შემდეგ კი ერთმორწმუნე რუსეთი ესახება.

    ოსმალურმა პოლიტიკამ უბიძგა საქართველოს, ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირით გაერღვია ოტომანთა იმპერიის მიერ შექმნილი მოჯადოებული კავკასიური ცარცის წრე. ამ ფაქტორს რუსეთი საკმაოდ წარმატებით იყენებდა პოლიტიკური მანიპულირებისათვის, რამაც საბოლოოდ საქართველო მეთოდურად რუსულ ანექსიამდე მიიყვანა.

    ქართველთა ერთიანობის ბოლო გაელვება

    ეს მეცხრამეტე საუკუნის პირველ წელს მოხდება, ამ გადასახედიდან უფრო კარგად ჩანს, რატომ გაერთიანებულა ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში მთელი ერი ოსმალთა წინააღმდეგ სოხოისტას ველზე. 1545 წელი ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდება საქართველოს ისტორიაში. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილა ერთიანი საქართველოს განცდა, ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუციების სიმტკიცე ჯერ კიდევ ახსოვს ქართველობას, როგორც წინაპართაგან მოყოლილი ამბავი. ერთადერთი, რასაც განიცდის და თავად გრძნობს, ის ნათესაური სიახლოვეა, რომლის წყალობითაც მთელ ქართველურ სივრცეს თავისად რომ აღიქვამს.

    ენა და სარწმუნოება მთავარი წინაპირობებია ქართველობის ერთიანობისათვის. ამიტომაც არის, რომ 1545 წელს სოხოისტასთან შეკრებილა ქუდზე კაცი - სრულიად ქართველობა.

    რატომ უგანა ბაგრატ მესამეს სოხოისტაზე ლევან დადიანმა

    მხოლოდ ლევან დადიანი არ ჩანს, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამეს შეუთვალა, შაკიკი მაქვს და ვერ ვიბრძოლებო. ეგებ მართლა იყო შეუძლოდ, იქნებ ტყუოდა? ძნელია, რაიმე გადაჭრით თქვა. არადა, ჰქონდა ლევანს ბაგრატზე განაწყენებისა და ბრძოლაზე უარის თქმის სუბიექტური მიზეზი - ათი წლის წინ ბაგრატმა იმერეთის სამეფოს სამცხე სწორედ ლევან დადიანისა და გურიელის თანადგომით შემოუერთა. გურიელს მადლობის ნიშნად აჭარის მიწები უფეშქაშა, დადიანს კი გულითადი მადლობა და სამიოდე მიმინო აკმარა. ალბათ ეს ამბავიც ჰქონდა დადიანს გულში ხინჯად, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამოჰკლებია ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარს და ჭყონდიოლელ მღვდელს ბედიიდან წამოღებული ღვთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი გამოატანა - რაც მე უნდა გამეკეთებინა, ეს ხატი გააკეთებსო.

    ბრძოლის წინ მესხებმა ერთიან ქართულ ლაშქარს უგანეს. ოფიციალური ვერსიით, ისინი გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ტრადიციული მეწინავეობა ჩამოართვეს და ქართლის მეფის რაზმს უბოძეს პრიორიტეტი ბრძოლაში პირველ ხაზზე ყოფნისა.

    რატომ არ იბრძოლეს მესხებმა მესხეთისათვის

    თითქოს ყველაფერი ნათელია, ერთგვარად შეურაცხყოფილნი უნდა იყვნენ მესხნი, თუმცა გვგონია, მესხთა გაგულისების მიზეზი სულ სხვა რამ უნდა იყოს. ისინი სულ სხვა, გამორჩეულად პრაქტიკული პრიზმიდან უყურებენ რეალობას. თავად განსაჯეთ - უდავო ფაქტია, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე იმპერიასთან ომში წინა ხაზზე ყოფნა ადამიანურად არ უნდა ყოფილიყო სასურველი არავისთვის. ეს რეალურად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნაა, ბედთან თამაშია. ბედთან თამაშს კი აბა ვისთვის მოუტანია სიკეთე.

    სრულიად ნათელია მესხთა გათვლა, მათი უარის მიზეზი არც მეწინავეობის ჩამორთმევაა და არც რომელიმე ქართულ სამეფო- სამთავროსთან დაპირისპირება. მესხეთი ოსმალოს გამეზობლებია, როგორც უნდა დასრულდეს სოხოისტას ბრძოლა, ოსმალოსთან ურთიერთობა მაინც მოუწევთ, ჰოდა, სრულიად ბუნებრივია, სამომავლო ტოტი არ უნდა მოჭრან, ის ტოტი, თავად რომ სხედან ახლა არხეინად და მომავალშიც რომ დასჭირდებათ უფრო მეტად.

    ახლა მთავარია ფიზიკური არსებობის შენარჩუნება, ყველაფერი სხვა ამ მიზნის მიღმა დგას. ესეც გასაგებია, როგორც წმინდა ადამიანური ლოგიკა.

    რატომ ფიქრობდნენ მესხები მხოლოდ ფიზიკური არსებობის შენარჩუნებაზე

    საცნაურია ისიც, რომ ოსმალთა ჯარის ერთ-ერთ შენაერთს მესხი ქაიხოსრო ათაბაგი უდგას სათავეში და ამ რეალობაში, ბუნებრივია, საკმაოდ პრაგმატულია მესხი ფეოდალების გათვლა - მათ არ უნდათ აშკარა კონფრონტაცია, ისინი საკუთარ მამულს უფრთხილდებიან, თუმცა ყველაზე მძიმე და ცუდი ამ ლოგიკაში სწორედ ისაა, რომ მესხი ფეოდალების ფსიქოლოგია ვერ სცდება კლასიკური ფეოდალური აზროვნების ჩარჩოებს და მსოლოდ საკუთარი ინტერესებით საზრდოობს.

    ფაქტია, ამ ლოგიკურ გათვლებში საერთო ქართული ინტერესები განზე დგას. არც ესაა გასაკვირი, რადგან თავად ის იმპულსები, საიდანაც ერთიანი საქართველოს იდეა და ქვეყნის ერთიანობის აუცილებლობა იკვებება ტრადიციულად, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ფეოდალებიც ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ და დროს მისდევენ იქით, საითაც ქარი დაუქროლებს.

    ახლა ოსმალეთის ზეობის ჟამია. ცხადია, ადრე იქნება თუ გვიან მესხეთსაც უნდა შეეხოს მათი სუსხიანი ძალა, ჰოდა, ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს. არადა, ამ შემთხვევაში თავის გადარჩენა მხოლოდ ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას ნიშნავს და მკაცრად გამიჯნულია ერის გადარჩენის იმპულსებთან.

    ამბავი ერთად ბრძოლას გადაჩვეული ქართველებისა

    სოხოისტას ველზე აშკარად გამოჩნდა - ერთად ბრძოლასაც გადაჩვეულან იმერ-ამერნი. არადა, ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული - მარტო ვერ მოერევა ვერავინ მტერს და ისიც იციან, საკუთარი მამულის დაცვა რომ სწორედ მესხეთიდან იწყება.

    მანამდე ერთი საუკუნე ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი ერთად აღარ გამოსულა, ფეოდალურ სივრცეში ყველა თავისთვის იყო ჩაკეტილი, ზოგიც ერთმანეთთან ომით ირთობდა თავს.

    ბუნებრივია, ამ რეალობამ თანამებრძოლთა შორის ურთიერთობაშიც გარკვეული პრობლემები შექმნა. მესხეთში ომახიანად გადასულ ქართლელებს სხვა თვალით შეხედეს თურმე იმერლებმა - ნამეტანი მედიდურად გვიყურებენო. იქვე დაიძაბა სიტუაცია, აშკარა დაპირისპირებას მხოლოდ საერთო მტრის ფაქტორი ანელებდა. ბუნებრივია, ეს განწყობა მებრძოლებს ბრძოლის ველზეც გაჰყვათ, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა.

    იმარჯვა ოსმალომ, უახლესმა შეიარაღებამ - თოფებმა და ზარბაზნებმა გადაწყვიტა ყველაფერი.

    როგორ იხეირა შაჰ-თამაზმა ქაიხოსრო ათაბაგის ბითურობით

    სოხოისტას მარცხი მწარედ დააწვა ქართულ რეალობას, გამარჯვებული ოსმალო ქაიხოსრო მესამეს აძლევს ფეშქაშად მესხეთს, თუმცა სულ მალე აღარ იქნება მესხეთი - ოსმალთა ანალებში ქართველთა ძირძველი მიწა ჩილდირის ვილაიეთის სახელით ჩაიწერება. ეს კი ვერაფერი გასახარია ქაიხოსროსთვის, როგორც ქართველისათვის. ადვილი მისახვედრია - ოსმალოს მისი პირველობისათვის არ უბრძოლია, რომ ის მარიონეტად, სათამაშოდ გამოიყენეს.

    აშკარაა, სულთანი ჯავახეთის იმ მიწებსაც დაიპყრობს, ქართლის მეფე ლუარსაბ პირველი რომ განაგებს, რაც ქაიხოსროს პირველობას საფრთხეს უქმნის და ამიტომაც აფრინა მალემსრბოლი ათაბაგმა ირანში შაჰ-თამაზთან, ახლა მას სთხოვს დახმარებას. ყაზვინში ჩასული ელჩის თხოვნა ნამეტანი ეამა სეფიანთა მბრძანებელს, არა იმიტომ, რომ ქაიხოსროს წუხილი გულთან მიიტანა, ბუნებრივია, შაჰ აბასის პაპას ჩირადაც არ უღირს მესხის წუხილი, თუმცა სეფიანს მესხების შეთავაზება ლუარსაბ პირველთან ახალი დაპირისპირების საბაბს აძლევს.

    ეს ის ლუარსაბია, ყველაზე მეტად რომ აქვს გაცნობიერებული საქართველოს ერთიანობის აუცილებლობა და ყველაზე დიდ საფრთხედ რომ მიიჩნევენ სეფიანებიც და ოტომანებიც. ამიტომაც არ არის გასაკვირი, დიდი ხალისით რომ მოეშურება მესხეთისაკენ შაჰ-თამაზი. აქ ის ორ კურდღელს იჭერს - ლუარსაბის წინააღმდეგობის დაძლევის კარგ შანსს იღებს, თანაც საკუთარ, უმნიშვნელოვანეს პლაცდარმს იქმნის ოსმალეთთან დაპირისპირებისათვის.

    ეს 1547 წელია. ძნელი სათქმელია, ოდესმე თუ მიხვდება ქაიხოსრო, რომ ოსმალოსაც ფეხებზე ეკიდა მისი წუხილი და სეფიანსაც. საცნაური ის იყო, რომ ორი უზარმაზარი მაჰმადიანური მონსტრი წარმატებით იყენებდა მესხი ათაბაგის ბითურობას, საკუთარ ცხვირს იქით რომ ვერ ხედავდა ვერაფერს და ნამეტანი რომ უჭირდა მოვლენათა შეფასება და ანალიზი.

    სოხოისტას ბრძოლაში მარცხმა მესხეთი სამი საუკუნით ჩამოაცილა დედასაქართველოს. ამასიის ზავის დადებამდე, რომლითაც ირან-ოსმალეთი საქართველოს გაყოფის ტრადიციულ წესს დაადგენენ, რამდენიმე წელიღა რჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter