სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ ზეიმობდა სამი დღე სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერია ქართლის მეფის დატყვევებას
    მამუკა ნაცვალაძე
    21.10.2017

     სვიმონ პირველი განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში. კაცი, რომელიც ბოლომდე ღირსეულად ედგა მამამისს, ლუარსაბ პირველს, ქვეყნის თავისუფლების დაცვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ მის მხრებზე გადაიარა ქვეყნის შიდა თუ გარე უდიდესმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, კავკასიურ არეალში უდიდესი კატაკლიზმები რომ გამოიწვია.

    ირანსაც ეომა და ოსმალეთსაც, სეფიანებსაც გაუმწარა სიცოცხლე და ოტომანთა მბრძანებელსაც. გარდა საუკეთესო მეომრისა, სიმონი შესანიშნავი დიპლომატიც გახლდათ. არც იმას მორიდებია, მაჰმადიანური სარწმუნოება აეფარებინა ნიღბად და ისე დაეღწია თავი სეფიანებისათვის. ამ ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ სეფიანებს უფრო სჭირდებოდათ სიმონი, ვიდრე სიმონს - სეფიანები.

    როგორ იქცა სიმონ პირველი სეფიანთა ირანის გადარჩენის ერთადერთ იმედად

    დიდი ლუარსაბის შვილი ერთადერთი ნუგეში გახლდათ ისპაჰანის შაჰის კარისთვის, ბუნებრივია, სიმონს ჩირადაც არ უღირს სეფიანები. ის თანხმდება, ითამაშოს მათი თამაში მხოლოდ იმიტომ, რომ ქართლისა და ირანის ინტერესები ამ ეტაპზე ემთხვევა ერთმანეთს.

    ოსმალეთის იმპერია განსაკუთრებულად გაძლიერებულა და საჭიროა პოლიტიკური წონასწორობის აღდგენა, გაძლიერებული ოსმალეთი აღმოსავლეთ საქართველოში იკიდებს ფეხს და ეს უკვე პირველი სერიოზული მინიშნებაა სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერიის კიდევ უფრო გაძლიერებისა. კავკასიის დაპყრობა ხომ, ტრადიციულად, მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის რეალურად გაცხადების სერიოზული წინაპირობაა.

    ყიზილბაშებს განსაკუთრებულად უჭირთ 1578 წლიდან. ოსმალეთმა ამასიის ზავი დაარღვია, პოლიტიკური სიტუაცია აშკარად ოსმალთა მხარესაა, სეფიანთა შიდააშლილობა და შაჰ-თამაზის მემკვიდრეთა უშეღავათო ურთიერთდაპირისპირება, ფაქტობრივად, უშანსოდ ტოვებს ირანს.

    სწორედ ამ დროს სჭირდებათ მათ სვიმონ მეფე, ალამუთის ციხეში რომ გამოამწყვდიეს საგულდაგულოდ 1569 წლიდან. ცხრაწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და ქართლში გამოუშვეს. აქ კი მას თავისი გამაჰმადიანებული ძმა დაუდ ხანი, იგივე დავით მეთერთმეტე, ელის. კარგად იცის რჯულშეცვლილმა, პასუხს რომ მოსთხოვს სვიმონი ღალატისათვის, თუმცა საგანგებოდ უნდა ვთქვათ ისიც, რომ თავად სვიმონმაც შეიცვალა რჯული - მაჰმადიანობა მიიღო, თუმცა, მისი შემდგომი საქმიანობითა და საქართველოსადმი დამოკიდებულებით აშკარად გამოჩნდა, რომ ეს ირანელთა თვალის ასახვევად გააკეთა და გულით ქრისტიანად დარჩა.

    რატომ გაერიდა დაუდ ხანი სიმონს

    რა თქმა უნდა, იცის ძმის გამაჰმადიანების შესახებ დავითმა, მაგრამ მაინც უფრთხის, სწორედ ასეთი შიშის ფონზე იღებს გადაწყვეტილებას - გადაწვას თბილისი და ლორეს შეაფაროს თავი. მანამდე კი ქართლის ციხეებს ოსმალებს აბარებს. ბუნებრივია, კმაყოფილია ოსმალო დაუდ ხანის გულუხვობით, ამიტომაც მას სტამბოლის სასახლეში გამორჩეული პატივით ელიან.

    ისიც მიდის სულთნის კარზე, აქ ორი სანჯაყი უფეშქაშეს. ხვდება დაუდ ხანი, რომ პოლიტიკურად გაკოტრებულია, ამიტომაც განუდგა აქტიურ ცხოვრებას და ლიტერატურული საქმიანობით გაერთო. სწორედ ამ დროს ქმნის ცნობილ სამედიცინო ტრაქტატს - "კარაბადინს".

    დიდხანს აღარ უცოცხლია, იქვე სტამბოლში გარდაიცვალა 1588 წელს. სულ მალე მისი ორივე ვაჟი განსაკუთრებული კოზირი აღმოჩნდება მაჰმადიანური სამყაროს ხელში საქართველოს წინააღმდეგ. ბაგრატი - შემდგომში ბაგრატ ხანი და ქაიხოსრო - მომავალი როსტომ ხანი მნიშვნელოვან კვალს დააჩნევენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. განსაკუთრებით როსტომ ხანს დაეკისრება დიდი პასუხისმგებლობა - იმას, რაც ხმლით ვერ აღასრულეს ირანელებმა, მზაკვრული მშვიდობიანი პოლიტიკით უნდა მიაღწიონ. სწორედ როსტომ ხანის ზეობისას მკვიდრდება მშვიდობიანობა, რომელიც ყველაზე სასტიკ ომიანობაზეც კი უარესი შედეგის მომტანი იყო.

    რატომ ეიმედებოდა ევროპას სიმონ პირველის

    სანამ როსტომ ხანის ზეობა დაიწყება, ჯერ კიდევ დიდი დროა, მანამდე სვიმონ მეფე იქნევს ყოჩაღად ხმალს, მაშინ არავინ უწყის ასე მძიმედ რომ განვითარდება საქართველოსთვის მოვლენები.

    ევროპა გულმხურვალედ ადევნებს თვალს აღმოსავლეთის მთავარ დაპირისპირებას. ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც ოსმალეთის იმპერიის აგრესია ხომ ბებერმა კონტინენტმა თავის თავზე უკვე იწვნია. ასე რომ, იმ პოლიტიკურ ბალანსზე, რომლის აღდგენასაც სიმონ პირველი ცდილობს, დიდ იმედს ამყარებს.

    სწორედ ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ სვიმონს, ქართლის მეფეს, ევროპა გმირად აღიქვამს. მასთან მიმოწერა აქვს რომის პაპს, კლიმენტი მერვეს და ავსტრიის იმპერატორ რუდოლფ მესამეს. სვიმონს რეალური, სამხედრო თანადგომა სჭირდება, ევროპა კი მხოლოდ მორალურ თანადგომაზეა ყაბულს. არ სურს საკუთარი პოზიციების გართულება და ოსმალეთის გაღიზიანება, ისევ ქართველი მეფის ხელით სურს თავისი საქმის კეთება.

    1595 წელს სწორედ ოსმალეთის წინააღმდეგ შედგა სამთა კავშირი, რომელშიც ირანი, ქართლი და კახეთი შევიდნენ. ხვდება ოსმალთა სულთანი, რა დიდი თავის ტკივილი გახდა სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერიისთვის სვიმონი, ამიტომაც გადააქვს აქცენტი იმაზე, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, ქართლის მეფე გაანეიტრალოს.

    როგორ აღმოჩნდა ხმალი უძლური თოფის წინაშე

    ამ მიზნით 1598 წლიდან განსაკუთრებული სიმწვავით განახლდა საბრძოლო მოქმედებები. სულთანი მეჰმედ მესამე ქართლის საბოლოო დასაჩოქებლად 1599 წელს უზარმაზარ არმიას აგზავნის თავრიზისა და ვანის ბეგლარ-ბეგ ჯაფარ-ფაშას მეთაურობით. მთავარი ბრძოლა ნახიდურთან, ალგეთთან, გაიმართა. გარდა იმისა, რომ ოსმალოს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს უახლესი ტექნიკით შეიარაღებულ მტერს. ხმალი უძლური აღმოჩნდა თოფის წინაშე. ეს ის სიახლე იყო, რასაც ვერც სვიმონ მეფის ვაჟკაცობა და შეუვალობა აჯობებდა.

    არ არის გასაკვირი, რომ უჩვეულო დაპირისპირებისას აირია ქართველთა მხედრობა. უკან დახეული ქართველთა ჯარი ცდილობს, უკეთეს სტრატეგიულ ადგილას გამაგრდეს. გზა ვიწრო ბილიკზე გადის. უჭირთ ცხენებს ასეთ გარემოში სწრაფად მოძრაობა და სწორედ აქ ხდება ის, რასაც არავინ ელის - ქართველთა არმიის ერთ-ერთი მხედარი, ვინმე თულაშვილი, ცხენით შემთხვევით გვერდიდან შეეჯახა მეფეს, სვიმონი ხევში გადავარდა ცხენიანად და მეწყერში ჩაეფლო.

    რატომ დაებედა ცუდად სვიმონს ალგეთის ხეობა

    ისარს ისარზე ისვრის მეფე, ჩვეულებრივი მეომრის სამოსშია გამოწყობილი და დიდია შანსი იმისა, რომ ყურადღება არავინ მიაქციოს, მაგრამ ისევ ღალატმა მოუღო ბოლო. გათათრებულმა ბარათაშვილმა იცნო მეფე და ოსმალებს აცნობა.

    ვერაფერი უშველა ქართველთა მხედრობამ მეფეს. ქართველებს ოსმალები წამოეწივნენ და აქ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, ხმლით უძლური რომ იყო ნებისმიერი მებრძოლი თოფიანი მტრის წინაშე.

    ცუდად დაებედა სვიმონს ალგეთის ხეობა, სწორედ ამ მიდამოებში ქართველის ღალატით ჩაუვარდა ტყვედ სამი ათეული წლის წინ სეფიანებს, ისტორია ისევ განმეორდა, ისევ ღალატი. ქართლის სახელოვან მეფეს ისევ უმუხთლა ბედმა, ამჯერად ოსმალებთან.

    რა გათვლები ჰქონდა მეჰმედ მესამეს ტყვე სვიმონთან დაკავშირებით

    ჯაფარ-ფაშა სიხარულისგან ხელებს იფშვნეტს, იცის, რას ნიშნავს უზარმაზარი იმპერიისთვის დატყვევებული სიმონი. არც იმას ჩქარობს, ძვირფასი ტყვე სტამბოლს გაგზავნოს. ერთი წელი თავრიზში ჰყავს. საჭიროა, შთაბეჭდილება მოახდინოს ხონთქარზე და სწორედ ამისთვის კაზმავს ცხენებს, რომელთაც ქართველი მებრძოლების მოჭრილი თავები მიაქვთ.

    მანამდე უფლისწული გიორგი დაედევნა ოსმალებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. დიდი ზეიმით აღინიშნა სიმონის დატყვევება სამ კონტინენტზე გადაჭიმულ იმპერიაში. ქართლის მეფის ხელში ჩაგდება მათთვის კავკასიის ფრონტზე გამარჯვების ტოლფასი იყო, ამიტომაც გამოაცხადეს სამდღიანი ზეიმი იმპერიის ყველა დიდ ქალაქში. ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ განმეორდა ოსმალთა ზეიმი, ამჯერად მაშინ, როცა სვიმონი სტამბულში ჩაიყვანეს.

    ტყვე სვიმონი არაფერში არგია ხონთქარს, ცდილობს, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ის სთავაზობს, დარჩეს ქართლის გამგებლად და ხონთქრის უზენაესობა ცნოს. შორს დაიჭირა მეჰმედ მესამის შეთავაზება სვიმონმა, ეს არ იყო ის საქმე, ოდესმე რომ დათანხმდებოდა სახელოვანი მეფე. ის ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდა მედგრად და ხონთქრის შუამავლის როლს არასდროს იკისრებდა.

    მიხვდა მეჰმედ მესამე, რომ ფუჭი იყო სვიმონთან ლაპარაკი და ქართლის მეფე იედიყულეს ციხეში გამოკეტა.

    როგორ ცდილობდა უფლისწული გიორგი სვიმონის დახსნას

    უმძიმეს მდგომარეობაშია გიორგი უფლისწული, იცის მოხუცი მამის ფასი, იცის ისიც, ქართველთათვის რომ სულ სხვა სიმბოლოა სვიმონი. ამიტომაც არაფერს იშურებს მეფის გამოსასყიდად. ქართლის შეძლება რომ დიდი არ არის, ოსმალებზე უკეთ აბა ვინ უნდა უწყოდეს, ჰოდა, ისინიც უდიდეს გამოსასყიდს ითხოვენ.

    არც კი დაფიქრებულა გიორგი, ყველაფერი უნდა იღონოს მამის დასახსნელად, არ დაიშურა არც სამეფო საუნჯე, ეკლესიაც დაეხმარა. არ იყო იოლი ოსმალთა მოთხოვნილი გამოსასყიდის შეგროვება, როგორც ჩანს, ამას დრო დასჭირდა. ვეღარ გაუძლო მხცოვანმა მეფემ კიდევ ერთ დატყვევებას, 1603 წელს იედიყულეს ციხეში გარდაიცვალა.

    როგორ მოიპოვა სვიმონის შვილიშვილმა გულჩარამ ხონთქრის დედის სიმპათია

    იციან ოსმალებმა, რომ გარდაცვლილ მეფეშიც გადაიხდიან ქართველები გამოსასყიდს და არა მარტო ფულად, თანაც მომავალზეც ფიქრობენ და ცდილობენ, ეს მომენტი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ქართლის მომავალი მეფე გიორგი თავიანთ ნებაზე უნდა ათამაშონ, ამიტომაც გამოსასყიდთან ერთად მძევლებსაც ითხოვენ.

    გიორგი თავის ძე დავითს გზავნის მძევლად, თუმცა არის მოსაზრება, რომ მძევლის სტატუსით სვიმონის კიდევ ერთი შვილიშვილი დაიტოვეს ოსმალებმა - გულჩარა. ქართველ ასულს თავაზიანობითა და კდემამოსილებით ოსმალთა სულთნის დედის გული მოუნადირებია, ოსმალთა ხონთქარსაც უცდია გულჩარას გამოყენება სეფიანებთან მოლაპარაკებისას იმ იმედით, რომ ისინი ანგარიშს გაუწევდნენ თავიანთ მოკავშირე ქართლის მეფეს და გარკვეულ დათმობაზე წავიდოდნენ.

    რა მოუტანა საქართველოს ლუარსაბისა და სვიმონის თავდადებამ

    როგორც იქნა, ქართველებმა შეძლეს გარდაცვლილი სახელოვანი მეფის ცხედრის გამოხსნა. სტამბოლს მყოფმა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა ჩამოასვენა მეფე საქართველოში და ძვირფასი ნეშტი მიართვა გიორგის და დედოფალ ნესტან-დარეჯანს. სვიმონი სვეტიცხოველში მამამისის, დიდი ლუარსაბის, გვერდით დაკრძალეს.

    ფუჭად არ ჩაუვლია სახელოვანი მამა-შვილის - ლუარსაბისა და სიმონის თავგანწირვას. აშკარად გატეხა ოსმალები მათმა უშეღავათო წინააღმდეგობამ. სიმონის გარდაცვალებიდან გავა კიდევ ექვსი წელი და 1609 წელს ტაშისკართან მისი შვილიშვილი ლუარსაბ მეორე და გიორგი სააკაძე სასტიკად დაამარცხებენ ოსმალებს.

    ეს იქნება მეჩვიდმეტე საუკუნეში ოსმალთა ბოლო გაფართხალება აღმოსავლეთ საქართველოში. ამის შემდეგ მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე იმპერიას ას წელზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა თავი ლიხს აქეთა ქართველთათვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter