სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ტერმინალებსა და ავტოგასამართ სადგურებში სავსებით შესაძლებელია საწვავის ხარისხის შეცვლა"
    მარი ჩიტაია
    19.10.2017

     საქართველოში საწვავის ხარისხის მხრივ პრობლემა ისევ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხის სტანდარტი არსებობს და ეკოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებითაც აქტიურობა შესამჩნევია, ვითარება არასახარბიელოა. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ფალსიფიკაციის საფრთხე რეალურად არსებობს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივ ტერმინალებსა და ბენზინგასამართ სადგურებში განთავსების შემდეგ მიზანმიმართულად ხდებოდეს საწვავის ხარისხის შეცვლა.

    ქვეყნის ეკოლოგიური დაბინძურების მაღალი დონე სწორედ საწვავის ხარისხს უკავშირდება. როგორც ეკოლოგები განმარტავენ, დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კატასტროფულად მაღალია, რაც უმეტესწილად, ავტომობილების გამონაბოლქვით არის გამოწვეული.

    ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტი დიმიტრი შენგელია საწვავის ფალსიფიკაციის საფრთხეზე საუბრობს. მისი შეფასებით, საწვავის სტანდარტის მოთხოვნიდან მცირედი, თუნდაც ერთი პარამეტრით შეცვლა, ავტომობილის ძრავას მწყობრიდან ნაადრევად გამოსვლასა და გარემოს დაბინძურებას იწვევს.

    "ატმოსფეროს დაბინძურებამ, საქართველოს მასშტაბით, ეკოლოგების ყველა პროგნოზს გადააჭარბა. საორიენტაციო მონაცემის თანახმად, გარემოში ყოველწლიურად გამოიყოფა ათასობით ტონა მავნე ნივთიერება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობისა და საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. როგორი მაღალი ხარისხის საწვავიც არ უნდა გამოვიყენოთ ტექნიკურად გაუმართავ მანქანაში, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სასურველი შედეგი არ გვექნება.

    უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება, მანქანის ძრავა ნაადრევად გამოიყვანოს მწყობრიდან და გარემოს დაბინძურება გამოიწვიოს. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი საწვავის რეალიზაცია აკრძალულია. ამიტომ სასაქონლო მოტორული საწვავის ყველა ცალკეული პარამეტრისთვის უნდა მოინახოს ფიზიკურ-ქიმიურ და ექსპერიმენტალურ თვისებებთან ურთიერთკავშირის ოპტიმალური დონე.

    როგორც წესი, საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის საწვავი შემოაქვთ. იმპორტირებისა და ხარისხის სერტიფიცირების შემდეგ მათ ათავსებენ ტერმინალებსა და ავტოგასამართ სადგურებში, სადაც სავსებით შესაძლებელია საწვავის ხარისხის შეცვლა. ამიტომ რეალიზაციამდე უნდა განხორციელდეს მათი ანალიზი სტაციონარულ ლაბორატორიაში", - განმარტავს დიმიტრი შენგელია.

    ექსპერტის რეკომენდაციაა, გულდასმით მოხდეს საავტომობილო პარკის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, ვინაიდან საქართველო არ აწარმოებს ავტომობილებს და ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება, ძირითადად, უცხოეთიდან შემოტანილი მეორეული ავტომობილებით, რომელთა რაოდენობაც საერთო რაოდენობის 80%-ია.

    "საწვავის ხარისხი არის ავტომობილის ხანგძლივი მუშაობისა და გარემოს ნაკლებად დაბინძურების გარანტი. მეორეული მანქანები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტს ეკოლოგიის თვალსაზრისით. ეს თემა აქტუალურად იხილება სახელმწიფო დონეზე, მუშავდება შესაბამისი კანონპროექტები და ინსტრუქციები, მაგრამ, ამის მიუხედავად, პრობლემა ვერ გვარდება.

    განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ სისტემატურად ხდება საწვავის ხარისხის კონტროლი სასაქონლო ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოების დასაწყისიდან მათ მოთავსებამდე ავტომობილის ავზში. საქართველოში კი კმაყოფილდებიან, ძირითადად, მიღებული საწვავის მონაცემით, რომელიც შემოთავაზებულია სერტიფიკატში ან პასპორტში. საკონტროლო სამსახურმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს იმ ავტოგასამართი სადგურებისა და ტერმინალების მიმართ, რომელთაგან რეალიზებადი ავტომობილის თხევადი საწვავი არ პასუხობს სტანდარტის მოთხოვნებს. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს მათი რეალიზაცია, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია", - აცხადებს შენგელია.

    როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ურბანული გარემოს უმთავრესი დამაბინძურებელი არის ავტოტრანსპორტი, რომელიც ნახშირბადის მონოქსიდისა და აზოტის ოქსიდების ემისიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. აღნიშნული დამაბინძურებლების (სწ და #წყ) მიხედვით, ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში 62-78%-ს შეადგენს.

    საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრის, პროფესორ თემურ ვეკუას განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მხრივ დედაქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა.

    "ჰაერის დაბინძურების მხრივ არსახარბიელო სიტუაციაა რეგიონებშიც, მაგრამ ყველაზე მწვავე თბილისში არსებული ვითარებაა. საამისოდ არავითარი სამედიცინო დაკვირვება არ ჩატარებულა, რათა გაგვერკვია, როგორ იზრდება ამა თუ იმ დაავადების მასშტაბი ჰაერის დაბინძურების გამო. ჩემი აზრით, მთავარი არ არის, რომ ონკოლოგიური დაავადებები, ფილტვების დაავადებები იზრდება, მთავარია, რომ კატასტროფულად ქვეითდება იმუნური სისტემა. ეს უფრო საშიშია, ვიდრე ონკოლოგიური შემთხვევები. იმუნური დაქვეითება, თუკი ის მასობრივია (განსაკუთრებით ბავშვებში), ბევრად უფრო სარისკოა. ამდენი ალერგია, უამრავი დაავადების გაჩენა, ეს ყველაფერი სწორედ გარემოს დაბინძურებით შეიძლება აიხსნას", - განმარტავს ვეკუა "რეზონანსთან" საუბრისას და დასძენს, რომ აუცილებელია, ვიცოდეთ დამაბინძურებლების ეროვნული სტანდარტი.

    "ჩვენთვის უცნობია, რამდენია იმ ნივთიერების ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც აბინძურებს ჰაერს, ანუ დამაბინძურებელი ნივთიერების რამდენი მილიგრამი შეიძლება იყოს 1 კუბ/მ ჰაერში. ეს არის ნორმატივები. ჩვენ შეიძლება ჰაერში ვზომავდეთ 20 სხვადასხვა ინგრედიენტს და დაბინძურების ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყოს, მაგრამ ჯამური ეფექტი იყოს სასიკვდილო. შეიძლება, უარყოფითი შედეგი ათი წლის შემდეგ გამოვლინდეს. უნდა გაიზომოს ის ინგრედიენტები, რომლებიც ყველაზე საშიშია ჯანმრთელობისთვის. შემდეგ გადავიტანოთ ეს ქალაქის რუკაზე, რომლის მიხედვითაც მივიღებთ თბილისის იმ უბნებს, სადაც არის წითელი ზონები, ცხელი წერტილები, სასიკვდილო წერტილები და ნაკლებად საშიში ზონები", - დასძენს ვეკუა.

    "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელ გელა კვაშილავას შეფასებით, საავტომობილო საწვავი დიდი რაოდენობით შეიცავს ბენზოლს, რომელიც არის ქიმიური ნაერთი. იგი არის პირველი ჯგუფის ტოქსიკური ნაერთი, უკიდურესად საშიში ადამიანის ჯანმრთელობისათვის. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ბენზოლის ზემოქმედება, მით უფრო მეტია დაავადების არსებობის ალბათობა. ბენზოლი აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს, გულს, თავის ტვინს. იგი მიეკუთნება ნაერთებს, რომლებისთვისაც არ არსებობს უსაფრთხო დოზა. ნებისმიერი რაოდენობით მისი ჩასუნთქვა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

    "ბენზოლი არის საწვავის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. გამოიყენება როგორც გამხსნელი, საღებავების, პლასტმასების, რეზინის წარმოებაში და ა.შ. ადამიანმა იგი შეიძლება შეისუნთქოს ავტომობილების გამონაბოლქვიდან, ასევე ისინი, ვინც წარმოებაში მუშაობენ, არიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ამ მხრივ პრობლემა ნაკლებია, რადგან შესაბამისი წარმოება ჩვენთან არ არის განვითარებული. საქართველოში ბენზოლის ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი და სიგარეტის ბოლი", - აღნიშნა გელა კვაშილავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter