სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვენისა და პეტერბურგის შემდეგ, პირველი ფილიალი თბილისში დააფუძნეს, რომელიც სოლოლაკში, სადოვაიას #30-ში მდებარეობდა
    ია აბულაშვილი
    19.10.2017

     "ორპირიდან ცხენებით ქუთაისში გავემგზავრეთ - ამ ძველ კოლხეთში. ქუთაისი განლაგებულია ლამაზ ადგილას, რიონის ველზე. ქუთაისს ზემოდან გადმოსცქერის ძველთაგან ცნობილი გელათის მონასტერი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს მონასტრად ითვლება.

    "აქვეა პატარა მონასტერი, როგორც გადმოცემა ამბობს, აგებულია წმინდა ადგილზე. ჩემი მეორედ მოგზაურობის დროს ვიყავი მონასტერში, რომელიც რამდენიმე ათასი ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. ჩემ წინ არაჩვეულებრივი პანორამა გადაიშალა.

    "ეს ტაძარი უძველესი დროიდან არსებობს. კავკასიური ძეგლების სიძველე ასწლეულებით კი არ იზომება, როგორც ევროპაში, არამედ - ათასწლეულებით. ეს დიდად გადაჭარბებულიც რომ იყოს, მაინც, რასაც უნდა შეხედო და რაც უნდა მოისმინო - ეს ყოველივე იმას მიანიშნებს, რომ კავკასიაში არის კაცობრიობის კულტურის აკვანი...

    "ტფილისი, არსებითად, ორი ქალაქისგან შედგება: ზემო - ევროპული ქალაქისგან და ქვემო - აზიურისგან, ისინი მკვეთრად არის გამიჯნული ერთმანეთისგან.

    "ევროპული ტფილისი სიამოვნებითა და სიამაყით უწოდებს საკუთარ თავს აზიურ პარიზს, ყოველ შემთხვევაში, ამ ტიტულზე პრეტენზიას აცხადებს უშუალოდ კალკუტის შემდეგ.

    "ამ მოგზაურობას ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს მივაკუთვნებ. მეხილა კაცობრიობის კულტურის აკვანი, ყოველთვის იყო ჩემი სანუკვარი ოცნება", - წერდა თავის მოგონებებში გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი და გამომგონებელი, მსოფლიოში ცნობილ ბრენდ "სიმენსის" დამფუძნებელი ვენერ სიმენსი.

    ძმები სიმენსების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს არ შევაწყენთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში გავიხსენებთ რამდენიმე საინტერესო ამბავს მათი საქართველოში მოღვაწეობის ისტორიიდან.

    კომპანია "სიმენსი" დაარსდა 1847 წელს. ბერლინის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, გამოჩენილი გამომგონებლის ვენერ სიმენსისა და იოჰან გეორგ ჰალსკეს მიერ.

    ვერნერ სიმენსმა გამოიგონა ინერტული რეგულატორი ორთქლის ძრავასთვის, აგრეთვე მუშაობდა ტელეგრაფის, ელექტრული განათების, ელექტროსადგურების საკითხებზე. შექმნა პირველი "ელექტრული რკინიგზა" - ტრამვაი, აგრეთვე - პირველი ლიფტი.

    მაგრამ სიმენსების წარმატების საწინდარი გახდა ძმები სიმენსების მიერ შექმნილი ისრიანი ტელეგრაფისა და სპილენძის სადენებზე რეზინის იზოლაციის ზედსადები მანქანის შექმნა.

    მე-19 საუკუნის ბოლოს სიმენსების კომპანიამ შეკვეთები მიიღო რუსეთიდან. ვენისა და პეტერბურგის შემდეგ პირველი ფილიალი თბილისში დააფუძნეს, რომელიც სოლოლაკში, სადოვაიას #30-ში მდებარეობდა, რადგან თბილისის მდებარეობა შესაძლებლობას იძლეოდა, აღმოსავლეთსა და შორეულ ინდოეთთან კავშირი გაება.

    მათ ასევე გამოიყენეს ფოთისა და ბათუმის პორტების პოტენციალი საქართველოსა და აზერბაიჯანში მოპოვებული ნაწარმის ევროპაში გასატანად.

    ძმები სიმენსების ჩამოსვლა საქართველოში ასევე უკავშირდებოდა კავკასიაში პირველი სატელეგრაფო ხაზის, 1856 წელს თბილისსა და კოჯორს შორის გახსნას. სამუშაოების წარმოება სწორედ გერმანულ ფირმა "სიმენსი და გალკეს" დაევალა.

     სიმენსების ფირმის წყალობით, საკიდარმა ელექტროტელეგრაფმა თბილისი ბორჯომთან, გორთან, ერევანთან, ბაქოსთან, ვლადიკავკაზთან, სტავროპოლსა და მოსკოვთან დააკავშირა. სიმენსები საქართველოში ასევე მუშაობდნენ სამთო მომპოვებელ მრეწველობაში, საქართველოში ნავთობის მოპოვების დარგში.

    აყველფერი კი ასე დაიწყო: 1858 წელს გრიგოლ ორბელიანის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე, ამიერკავკასიაში გაიყვანეს პირველი ტელეგრაფი: კოჯორი-თბილისი. 1800 წელს ვერნერ სიმენსის ძმი,ს ვალტერის უშუალო ხელმძღვანელობით გაიყვანეს ტელეგრაფის ხაზი თბილისი-ფოთი.

    1862 წლის 2 მარტს კი ვალტერ სიმენსსა და გრიგოლ ორბელიანს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო თბილისი-მოსკოვის ტელეგრაფის მშენებლობა. იმავე წელს გაიცვალა დეპეშები სტავროპოლთან, შემდეგ - ნოვოჩერკასთან.

    მოსკოვსა და დიდ ქალაქებთან კავშირის გაბმის შესახებ 1863 წელს ჟურნალი "საქართველოს მოამბე" წერდა: "ამბობენ, რომ წელსვე მიიტანენ ამ მავთულს როსტოვის ქალაქამდე, რომელიც შეერთებულია პეტერბურგთან ტელეგრაფით. ამნაირად ჩვენი ქალაქი შეერთებული იქნება ტელეგრაფით ევროპის ყველა ქალაქთან".

    1865 წელს სიმენსის ფირმამ ტელეგრაფი გაიყვანა თბილისი-ერევანი-ჯულფა, რითაც რუსეთი უშუალოდ სპარსეთს დაუკავშირდა.

    1867 წელს კი "სიმენსმა" მუშაობა დაიწყო სატელეგრაფო ხაზზე ლონდონი-კალკუტა. 1869 წელს ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოდის სიმენსების ერთ-ერთი ძმა - კარლ სიმენსი, რომელმაც ჩამოიტანა შავ ზღვაში გასატარებელი ტელეგრაფის წყალქვეშა კაბელი.

    პროექტზე მუშაობა რამდენიმე წელს გაგრძელდა. 1870 წლის იანვარში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხაზის, ე.წ. "ინდოეთის ტელეგრაფის", რომელიც კავკასიაში გადიოდა (სოხუმი-ქუთაისი, თბილისი-ერევანი-ჯულფა), საზეიმო გახსნა გაიმართა.

    11000 კმ-იანმა ხაზმმა მსოფლიოს 34 ქვეყანა ერთმანეთს დაუკავშირა. ამბობენ, რომ იმ დღეს თბილისში დიდი ბანკეტი გაიმართა. იმასაც ამბობენ, თუ ევროპიდან ინდოეთში წერილი 42 დღეში ჩადიოდა, ტელეგრაფის საშუალებით დეპეშებს უკვე რამდენიმე საათში იღებდნენო.

    ასე დაიწყო თბილისის გავლით დეპეშებმა "მოგზაურობა" 34 ქვეყანაში. თბილისში ყველა მნიშვნელოვან ამბავს უკვე საზღვარგარეთიდან იღებდნენ.

    თბილისის გაზეთებში ფოსტის ჩამოტანილ ორი-სამი კვირის წინანდელ მიღებულ ცნობებს აღარ ბეჭდავდნენ, არამედ - უცხოეთის სააგენტოების მიერ წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციებს.

    ვერნერ სიმენსის ავტოგრაფიულ ნაშრომ "ჩემს მოგონებებში", მოცემულია კავკასიის რუკა და მასზე დატანებული ინდოევროპული ტელეგრაფის სქემა.

    ასევე აღნიშნულია სოხუმსა და ქერჩს შორის ჩადებული წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი და სოხუმიდან თბილისის გავლით ჯულფამდე მიმავალი სატელეგრაფო ტრასა. იგი ასევე დაწვრილებით აღწერს ტელეგრაფის მშენებლობას საქართველოში, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის სამუშაოებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter