სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაგიური სიტყვა "საქართველო" მუდამ გაისმოდა"
    ია აბულაშვილი
    18.10.2017

     "საქართველო ჯადოსნური კუთხეა, და იმწამს, როცა თქვენ მას ტოვებთ, ყველაფერი სიზმარს ემსგავსება. აქ ხალხიც ჯადოსნურია. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე უხვი და ულამაზესი ადგილია დედამიწაზე და მისი ხალხი ამის ღირსია", - ეს სიტყვები ეკუთვნის მე-20 საუკუნის კლასიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატ ჯონ სტეინბეკს, რომელმაც 1947 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა, მოსკოვში, კიევში, სტალინგრადში, მოგზაურობის ბოლო მარშრუტი კი იყო საქართველო, სადაც მან ათი დღე დაჰყო.

    ამ მოგზაურობის შემდეგ დაწერა ნარკვევი "რუსული დღიურები". ჯონ სტეინბეკს თან ახლდა ცნობილი უნგრელი ფოტოგრაფი რობერტ კაპა, რომელმაც ხუთასამდე სურათი გადაიღო საქართველოზე. ნაწარმოები რუსულ ენაზე პირველად მხოლოდ 1990 წელს გამოიცა. მოგვიანებით ქართულ პრესაში გამოქვეყნდა "რუსული დღიურების" საქართველოსადმი მიძღვნილი თავი. დღევანდელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამერიკელი მწერლის "რუსული დღიურებიდან".

    "სადაც არ უნდა ვყოფილიყავი - მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში, მაგიური სიტყვა "საქართველო" მუდამ გაისმოდა. ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან იქ, აღტაცებით საუბრობდნენ საქართველოსა და იქ მოხვედრის სურვილზე. ისინი ქართველებზე საუბრობდნენ, როგორც "სუპერ" ადამიანებზე, სრულიად სახელგანთქმულ მოქეიფეებზე, ცნობილ მოცეკვავეებზე, შესანიშნავ მუსიკოსებზე, მოტრფიალეებზე. ისინი საუბრობდნენ კავკასიის ამ ადგილზე შავი ზღვის პირას, უბრალოდ როგორც მეორე სამოთხეზე. ჩვენ თანდათან დავიჯერეთ, რომ რუსების უმეტესობას იმედი აქვს, რომ თუ მთელ ცხოვრებას პატიოსნებასა და სათნოებაში გაატარებენ, როცა დაიხოცებიან, მოხვდებიან არა სამოთხეში, არამედ საქართველოში - მშვენიერი კლიმატით, მდიდარი მიწითა და საკუთარი პაწაწინა ოკეანით.

     ქართველები პოეტური, მუსიკალური და მოცეკვავე ხალხია, ისინი ცხოვრობენ მიწაზე კურთხეული ბუნებით, რომლისთვისაც სრულიად აშკარაა, იძულებულნი იყვნენ, ორი ათასი წლის განმავლობაში ებრძოლათ. ეს საოცარი ქართველები ჩვენი მსგავსნი არ არიან. მათში ჩქეფდა იტალიელთა თავაშვებული მხიარულება, ბურგუნდიელთა ფიზიკური ენერგია. რისთვისაც არ უნდა მოეკიდათ ხელი, ისინი ამას მკვირცხლად აკეთებდნენ. ტროპიკული კლიმატი მათ სიცოცხლისუნარიანობას არ ამცირებს, პირიქით, აძლიერებს კიდეც და არ არსებობს ძალა, რომელიც მათ ინდივიდუალობას ან ნებას მოთოკავს. ამას მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდნენ დამპყრობლები, ხელმწიფეთა არმიები, დესპოტები ან ადგილობრივი ხელისუფალნი, მაგრამ მათი ნებისყოფა ყველაფერს სძალავდა და ის მცირედითაც კი ვერაფერმა შეარყია.

    თბილისი პირველი სუფთა აღმოსავლეთის ქალაქია, რომელიც ვნახე. თბილისში ორი მუზეუმია ერთი ქალაქის მუზეუმი, რომელიც ქედზეა განლაგებული და რომელშიც ძველი სახლების შესანიშნავი მაკეტები და ძველი ქალაქის გეგმებია გამოფენილი. თბილისში უამრავი ეკლესიაა. თბილისი იყო და არის ქალაქი, სადაც რჯულშემწყნარებლობა იგრძნობა. აქ წააწყდებით ძველ სინაგოგასა და მუსლიმანურ მეჩეთს. ეს შენობები აქ არასდროს დაუნგრევიათ. ქუჩები მხიარული და ნათელი მოგვეჩვენა. ხალხი ლამაზადაა ჩაცმული, უკეთ გამოიყურებიან და სულიერადაც უფრო მდიდრები ჩანან, ვიდრე ის ხალხი, რომლებიც ჩვენ რუსეთში ვიხილეთ," - წერს ჯონ სტეინბეკი "რუსულ დღიურებში".

    1947 წლის 28 აგვისტოს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ ფეხბურთის მატჩს სსრ კავშირის პირველობაზე თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" შორის ამერიკელი სტუმრებიც დაესწრნენ. აი, რას წერს სტეინბეკი ქართულ ფეხბურთზე:

     "ეს იყო შესანიშნავი, სწრაფი და თავგადადებული ფეხბურთი უზარმაზარ სტადიონზე... მართალია, თამაში ხისტი და სწრაფი იყო, ხოლო პაექრობა - დაუნდობელი, მაგრამ შეჯახებები, ჩხუბი არ წარმოქმნილა. მატჩი ფრედ დასრულდა, თამაშის დასრულებისთანავე ორი მტრედი გაუშვეს. საქართველოში ძველთაგანვე ნებსიმიერი შეჯიბრების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში თეთრ მტრედებს უშვებდნენ, ხოლო დამარცხების შემთხვევაში - შავს. ამ მტრედებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცნობა მიჰქონდათ. ამ დღეს კი, ვინაიდან თამაში ფრედ დასრულდა, შავი მტრედი გაუშვეს და თეთრიც, რომლებმაც სტდიონიდან ამბავი წაიღეს".

    ჯონ სტეინბეკს ინგლისურ ენაზე თარგმნილი "ვეფხისტყაოსანიც" აჩუქეს. როგორც რობერტ კაპა წერდა, მწერალი ყოველ საღამოს იღებდა ხელში რუსთაველის პოემას და კითხულობდა. მოგზაურობის ბოლო დღეს ქართველმა მწერლებმა და კულტურის მოღვაწეებმა ამერიკელი სტუმრების პატივსაცემად მიღება გამართეს.

    "ჩვენ ფუნიკულიორზე დიდ რესტორანში აგვიყვანეს, რომელიც მთის წვერზეა. აქედან მთელი დაბლობი მოსჩანს. როდესაც ავედით, უკვე ბინდდებოდა და ჩვენ ქვემოთ ქალაქი ციმციმებდა. ეს დიდი მიღება იყო. გეგონებოდა, მაგიდა მთელი მილის სიგრძეზე იყო გაშლილი... აქ იყვნენ ქართველი მოცეკვავეებიც, მომღერლებიც, კომპოზიტორებიც, კინორეჟისორებიც, პოეტებიც, მწერლებიც. ვახშამი, როგორც ყველა მსგავსი მიღება, ოფიციალური გამოსვლებით დაიწყო, მაგრამ ქართულ ნატურას, ქართულ სულს ამის მოთმენა არ შეუძლია და ეს ყველაფერი უცებ დაიშალა... მახსოვს, როგორ წამოდგა ქართველი კომპოზიტორი, ხელში ჭიქა აიღო, გაიცინა და თქვა "ჯანდაბას პოლიტიკა!"

    მახსოვს, როგორ ვცდილობდი, ქართული ცეკვა მეცეკვა ლამაზ ქალთან, რომელიც უდიდესი ქართველი მოცეკვავე აღმოჩნდა. დაბოლოს, მახსოვს სიმღერა ქუჩაში და ისიც, თუ როგორ მოვიდა ჩვენთან მილიციელი იმის გასაგებად, რას ვმღეროდით და ისიც გუნდს შემოუერთდა. დაემხო ენობრივი ბარიერი, დაირღვა ეროვნული საზღვრები და თარჯიმნების ყოველგვარი საჭიროებაც მოიხსნა", - წერდა სტეინბეკი.

    1967 წელს ამერიკელი მწერალი კიდევ ერთხელ ესტუმრა საქართველოს. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღარ გამოუქვეყნებია, თუმცა მეგობრებს ეტყვის, რომ თბილისი არ შეცვლილა, ისეთივე სუფთა და სიცოცხლით სავსეა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter