სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ ითავა ვატიკანმა ზოია პალეოლოგისა და ივანე მესამის მაჭანკლის როლი
    მამუკა ნაცვალაძე
    16.10.2017

     1453 წლის 29 მაისი, კონსტანტინოპოლის დაცემის დღე, ფაქტობრივად, წყალგამყოფი გახდა მსოფლიო ისტორიისთვის. იწყება თვისებრივად განსხვავებული პროცესები, რაც ხელს უწყობს მანამდე უპრეცედენტო მსოფლიო წესრიგის დამყარებას. მთავარ როლს ოსმალეთის იმპერია ირგებს, რომელიც მთელ ევროპას ემუქრება წალეკვით. ოსმალეთია ამ პროცესების კატალიზატორი.

    საქართველოს სწორედ ბიზანტიის იმპერიის დაცემამ დაუკარგა საერთაშორისო ფუნქცია, თურქთა აგრესიისა და ქრისტიანული ქვეყნების მაჰმადიანურ გარემოცვაში მოქცევის გამო ჩვენს ქვეყანაზე გამავალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი აბრეშუმის გზა, ფაქტობრივად, მოიშალა. ოსმალური აგრესია არ იყო თავსებადი სავაჭრო გზის ფუნქციონირებასთან, რომელსაც, პირველ რიგში, უსაფრთხო გარემო სჭირდებოდა.

    როგორ დაკარგა საქართველომ ჩრდილო კავკასიაში პოლიტიკური გავლენა

    და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ჩრდილოეთის მიმართულებით ოსმალეთის ექსპანსიის უშუალო შედეგებთანაა დაკავშირებული ის საკმაოდ მძიმე პროცესები საქართველოსთვის, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას გაუუცხოვდა ჩრდილო კავკასიის დიდი ნაწილი.

    ოდითგანვე ქართული პოლიტიკის კოზირი იყო გეოსტრატეგიული მდებარეობა, უღელტეხილების კონტროლი, რისი საშუალებითაც არაერთი ქართველი მეფე მართავდა საკუთარი სცენარით მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკურ პროცესებს.

    აყირიმის დაპყრობის შემდეგ ოსმალეთი ისლამის გავრცელებას იწყებს ყაბარდო-ბალყარეთში, საიდანაც ჩრდილო კავკასიის ისლამიზაცია აღმოსავლეთით შეუქცევად პროცესად გვევლინება.

    როგორ მიიყვანა საქართველო ოსმალურმა აგრესიამ რუსეთთან მოკავშირეობის იდეამდე

    ეს უკვე სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილებაა პოლიტიკური ბალანსის თვალსაზრისით. ეს ის ფაქტორია, რომელიც საქართველოს რუსეთის მოკავშირეობის იდეასთან მიიყვანს. საგულისხმოა ისიც, რომ კავკასიის ისლამურ ფაქტორს თავად რუსეთიც გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ წარმატებულად პოლიტიკური მანიპულაციებისათვის. ამის კონკრეტული მაგალითი ტოტლებენის ავანტიურაა.

    რომ არა ჩრდილოკავკასიური საფრთხე, განსაკუთრებით დაღესტნის ფაქტორი, საიდანაც მუდმივად ხორციელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოზე წერტილოვანი დარტყმები, სულ სხვაგვარად წარიმართებოდა საქართველოს ისტორია. დაღესტნიდან უმწვავესი შეტევები, ფაქტობრივად, ანადგურებდა ქვეყნის ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. ამ პროცესების აღკვეთის ერთადერთ საშუალებად ქართველთა სამეფო კარი რუსეთთან პოლიტიკურ კავშირს ხედავს.

    უნდა ითქვას, რომ მთავარი ფაქტორი, რაც კახეთის მეფეს უბიძგებს, ერთმორწმუნე რუსეთთან დაამყაროს კავშირი, ლეკების გამუდმებული შემოსევებია. სწორედ ამ შემოსევების ალაგმვისათვის სჭირდება საქართველოს რუსეთი.

    საცნაურია, რომ რუსეთმა ამ მხრივ, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა მანამ, სანამ საქართველო სრულად არ დაიპყრო, ჩრდილოკავკასიური შეტევები ალაგმა მაშინ, როცა ლეკთა შემოსევები აღარ იყო საჭირო, როგორც პოლიტიკური საფრთხობელა საქართველოსთვის, როცა ეს პროცესები თავად რუსეთს უქმნიდა უდიდეს პრობლემას.

    რუსეთის ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურად მომგებიანი სტრატეგიული ტაქტიკა გახდება შემდგომში მთავარი ფორმულა სამხრეთის მიმართულებით მისი საზღვრების გაფართოებისა. ამას შეეწირა კიდეც ქართული სახელმწიფოებრიობა.

    როგორ გადააწყო ოსმალეთმა მსოფლიო პოლიტიკური ჭადრაკის დაფა

    ეს ოდნავ მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისას მოხდება, მანამდე კი კონსტანტინოპოლის დაცემაა ევროპისა და საქართველოს სადარდებელი. აბრეშუმის გზის პარალიზება პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ევროპაში ახალი პოლიტიკური კატაკლიზმებია მოსალოდნელი. ბუნებრივია, საკმაოდ კარგად ხედავს ამ პროცესებს ვატიკანი. უკვე თავადაც აღიარებს, რომ ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ბიზანტია იყო ოსმალთა სამიზნე და სანამ კონსტანტინოპოლი არ აიღეს, ოსმალებმა ვერ შეძლეს შორეული აგრესიული მიზნების განხორციელება.

    დასავლეთ ევროპისათვის ბიზანტიური ბუფერის უდიდესი მნიშვნელობა ცხადად გამოჩნდა კონსტანტინოპოლის დაცემისთანავე. დასუსტებული საქართველო ვერ შეასრულებს ამ როლს. ის რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე წამყვანი ქვეყნიდან რეგიონული მნიშვნელობის ქვეყნად იქცა, მენტალურადაც დაეტყო ქართულ პოლიტიკას, რომლის მთავარი გასართობი ფეოდალური შიდა ომები და უაზრო დაპირისპირებაა.

    არადა, ეს ბუფერი დასავლეთ ევროპას სჭირდება ოსმალური აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომაც იწყებს აქტიურად პოლიტიკურ გათვლებს ამ მიმარულებით.

    ეს გათვლები აუცილებელია, რადგანაც ოსმალთა შემდეგი ნაბიჯი ბალკანეთის მიღმა ტერიტორიების დაპყრობაა - ამას ელის ევროპა, რაც ცხადად აუხდა კიდეც. ამის დასტურია ის, რომ მთელი მეთექვსმეტე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობს განუწყვეტელი მაჰმადიანური ექსპანსია, რის შედეგადაც სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა ოსმალთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.

    რატომ აღმოჩნდა რუსეთი ვატიკანის ერთადერთი პოლიტიკური სამიზნე

    ბუნებრივია, ვატიკანი, როგორც მთელი ევროპის ერთადერთი სულიერი ცენტრი, იხილავს არა მარტო ამ აგრესიის უშუალო შეჩერების მექანიზმს, არამედ სხვადასხვა სქემას, პოლიტიკურ სვლებს, რაც დაეხმარება მას ოსმალთა აგრესიის მოგერიებაში. სწორედ ამ სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გათვლაა, რუსეთი, როგორც მზარდი სახელმწიფო, დაგეშონ მსოფლიო ბატონობის ამბიციების მქონე ოსმალეთის იმპერიაზე.

    ეს უნდა იყოს ორი თანაბარი ძალისა და მისწრაფების სახელმწიფო. თავად რუსეთსაც უნდა ჰქონეს მსგავსი ამბიციები, ამბიციები მსოფლიო ბატონობისა და ოსმალურ-რუსული დაპირისპირებაც სწორედ ამ პრიზმაში უნდა გადაერთოს. ეს დაპირისპირება ევროპას თავს აარიდებდა ოსმალთა აგრესიას.

    სწორედ ამიტომაც მწიფდება ვატიკანის სქემებში რუსეთის ჩართვის იდეა მაშინვე, როგორც კი კონსტანტინოპოლი დაეცა და აშკარა გახდა ის საფრთხე, რის წინაშეც რეალურად იდგა დასავლეთ ევროპა.

    როგორ გადაურჩნენ ოსმალებს ზოია და ანდრია პალეოლოგები

    საგულისხმოა, რომ მანამდე საკმაოდ საინტერესო პროცესები მიდის თავად ოსმალეთის მიერ ახლად დაპყრობილ ტერიტორიებზე. მეჰმედ მეორე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მკვიდრად მოიკიდოს ფეხი პოსტბიზანტიურ სივრცეში. ბუნებრივია, ქალაქის აღება და მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგება ჯერ კიდევ არ ნიშნავს საბოლოო გამარჯვებას, ამისთვის განსაკუთრებული ღონისძიებებია გასატარებელი. სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ის ბრძოლა, რაც ოსმალებმა პალეოლოგებს გამოუცხადეს. მთავარი საფიქრალია, აბსოლუტურად გამორიცხონ რევანშის შესაძლებლობა.

    კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ოსმალთა ხელში აღმოჩნდა კეისართა უზარმაზარი მემკვიდრეობა. ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თურქები, ჯერ კიდევ ფიქრობენ, რა იდეოლოგიური საფუძველი დაედოს ამ მემკვიდრეობას.

    თუმცა გარკვეულია ის, რომ არანაირი შანსი არ უნდა დაუტოვონ ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი დინასტიის - პალეოლოგების წარმომადგენლებს, რევანშის სურვილი გაუჩნდეთ. ბუნებრივია, ოსმალებს ნაკლებად ადარდებთ პალეოლოგების განწყობა, ისინი ძალიან მარტივად წყვეტენ პრობლემას - იწყებენ ნადირობას ამ დინასტიის უკლებლივ ყველა წარმომადგენელზე - არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო იმპერატორ კონსტანტინე მეთერთმეტის ახლობლები იყვნენ თუ შორებლები.

    სათავე ოსმალური სისასტიკისა

    ვერდიქტი გამოტანილია - არც ერთი ცოცხალი პალეოლოგი არ უნდა დარჩეს ქვეყნად. ეს სისასტიკე პალეოლოგებთან მიმართებით სრულიადაც არ არის გასაკვირი, რამდენადაც თავად თურქეთის სულთანთა წესად დადგინდა - იმისათვის, რომ უზრუნველი მმართველობა ჰქონოდა გარანტირებული და უსაფრთხოდ ეგრძნო თავი, მას შეეძლო, საკუთარი ძმები დაეხოცა. ეს სრულიად მაჰმადიანური - შიიტურ-სუნიდური წესია, გავრცელებული როგორც ირანში, ასევე ოსმალეთში. ჰოდა, ასეთი რეალობისას, თავად განსაჯეთ, რა განწყობით იქნებოდნენ ოსმალები პალეოლოგებისადმი.

    მიუხედავად ოტომანთა სისასტიკისა, რამდენიმე პალეოლოგი მაინც გადარჩა, გადარჩნენ ბიზანტიის ბოლო იმპერატორის ღვიძლი ძმა ანდრია და და ზოია, მათ მოახერხეს თურქებისგან გაქცევა და ვატიკანს შეაფარეს თავი. რომში ჩასულ პალეოლოგებს მფარველად რომის პაპი მოევლინათ, რომელმაც მათზე განსაკუთრებული მზრუნველობა დაიწყო. სწორედ ასეთი მფარველობის გამო იქცნენ ისინი მიუღწეველნი ოსმალებისთვის.

    როგორ აღმოჩნდა ვატიკანის ხელში ბიზანტიური კოზირი

    გადარჩენილ პალეოლოგებს განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა ვატიკანი, ისინი ერთგვარი სიმბოლო გახდნენ იმ უდიდესი კულტურისა, რომელიც ახლა ოსმალთა ხელში მოქცეულიყო. გარდა კულტურული სიმბოლოსი, პალეოლოგებმა რომის პაპის ხელში ერთგვარი კოზირის ფუნქციაც შეიძინეს. ვატიკანი ცდილობს, ეს კოზირი პრაგმატული თვალსაზრისით გამოიყენოს, ბუნებრივია, ძირითადი ყურადღება მიმართულია რუსეთისადმი, რომელიც უნდა გახდეს აღმოსავლეთ ევროპაში საქრისტიანოს საყრდენი. ამ სქემას მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს - რუსეთში გააღვივოს ბიზანტიის მემკვიდრეობის სურვილი, დაუპირისპიროს ოსმალეთს და ასე რამენაირად მათი საშუალებით შეაჩეროს ევროპამ ოსმალთა აგრესია.

    ამბავი გაჯიუტებული რუსი სასიძოსი

    ეს არის მთავარი და ამისთვის კეთდება ყველაფერი. რუსეთის ძლიერება, ბუნებრივია, ვატიკანს მხოლოდ პოლიტიკური ბალანსისათვის სჭირდება და სხვა არაფრისთვის. ვატიკანის გეგმის ნაწილია სწორედ პალეოლოგებისა და რიურიკების დინასტიური დანათესავება. რუსეთის მთავარ ივანე მესამეს რომის პაპი ზოია პალეოლოგთან დაქორწინებას სთავაზობს.

    არ ყოფილა იოლი ივანე მესამის დაყოლიება. შესაძლოა, მას გათვლილი აქვს კიდეც ამ დინასტიური კავშირის მოსალოდნელი საფრთხეები, ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებულად ფრთხილობს. რომის პაპს სამწლიანი მოლაპარაკება დასჭირდა რიურიკების სამეფო კართან იმისათვის, რომ ამ დინასტიური ქორწინებისთვის მიეღწია.

    პოლიტიკური და ყოფითი პრობლემები ერთმანეთს გადაეჯაჭვა - ივანე მესამე ცდილობს, გაარკვიოს მომავალი მეუღლის გარეგნობა. შეუკვეთეს კიდეც პორტრეტი, მაგრამ გაირკვა, რომ სულ სხვა ქალის სურათი აჩვენეს. ფაქტია, რომ აშკარად ცუღლუტობს ვატიკანი, აშკარაა მისი დაინტერესება ამ საქმით. არის ცნობები, რომ ივანე მესამის დაინტერესებისათვის ის მოსკოვის მთავარს დიდ თანხას უხდის.

    რატომ იყო დაინტერესებული ვატიკანი პალეოლოგებისა და რიურიკების დანათესავებით

    საბოლოოდ ეს დინასტიური ქორწინება შედგა, შედგა კარდინალ ბესარიონის აქტიური ჩარევით. იგი სწორედ ის ბერძენი არქიეპისკოპოსია, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა ფერარა-ფლორენციის კრებაზე და პაპის იდეური მეკავშირეა. სწორედ ის გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომლის მეშვეობითაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანება გადაწყდა რომის პაპის პრიორიტეტით.

    არადა, ფაქტია, რომ რუსეში ფერარა-ფლორენციის კრება და მისი გადაწყვეტილება ნამეტანი არ ეხატებათ გულზე, რაც საკმაოდ კარგად გამოჩნდა ეკლესიათა გაერთიანების მომხრე რუსეთის პატრიარქის გაძევებით. საცნაურია ისიც, რომ სულ მალე რუსეთის ყოფილი პატრიარქი ვატიკანის მფარველობით სრულიადაც არ გრძნობს თავს რეპრესირებულად და პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო წინამძღოლის მანტიას ირგებს.

    1472 წელს სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, როგორც იქნა, დაითანხმეს ჭირვეული სასიძო ზოია პალეოლოგთან ქორწინებაზე. კათოლიკეთა დიდი ამალით გამოეშურა ზოია რუსეთისაკენ, თუმცა მანამდე რუსთა საკმაოდ საინტერესო ულტიმატუმია საცნაური - სახელი ზოია ნამეტანი ეჩოთირება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, არგუმენტი ისაა, ზოია ფერარა ფლორენციის უნიას გვახსენებსო. ამიტომაც რუსეთის მომავალ დედოფალს სოფიად ნათლავენ.

    სწორედ ეს ქორწინება იქნება მომავალში რუსული მსოფლიო პოლიტიკური ამბიციების სათავე, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდანვე განსაკუთრებულად რომ ააფორიაქებს ცივილურ სამყაროს.

    ერთმორწმუნე საქართველოს ანექსიამდე 329 წელი რჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter