სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამბავი რუსული იმპერიული პოლიტიკური დოქტრინის ალოგიკურობისა
    მამუკა ნაცვალაძე
    14.10.2017

     უცნაური მოვლენებით აღინიშნა მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ოცწლეულის მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენები. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი ოსმალეთის მმართველმა მეჰმედ მეორემ დაიპყრო, 1453 წლიდან ქრისტიანულ სამყაროში პირველობის პრეტენზია რუსეთმა განაცხადა.

    აქ თითქოს არაფერი უნდა იყოს გასაკვირი - მეორე რომის, კონსტანტინოპოლის ფუნქცია იტვირთა სხვა სახელმწიფომ და ეს ესტაფეტა თითქოს ლოგიკურია, თუმცა ერთგვარი დისონანსი შეაქვს ამ პროცესში იმ ფაქტს, რომ რუსეთი, მიუხედავად ქრისტიანული საწყისებისა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაერთიანებული და რაც ყვლაზე საცნაურია, მისი ავტოკეფალია, ეკლესიის დამოუკიდებლობა, სულ რაღაც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის მხოლოდ.

    როგორ შეაზანზარა ფსკოვის ელიაზაროვის მონასტრის ბერმა სამყარო

    არადა, მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე, ფსკოვის ელიაზაროვის მონასტრის ბერი რუსეთის ხელმწიფე ვასილი მესამისადმი მიძღვნილ წერილში მიმართავს: "ყური მიგდე, მართლმორწმუნე ხელმწიფეო, ორი რომი დაეცა, მესამე - მოსკოვი დგას, მეოთხე აღარ იქნება, მხოლოდ შენ ხარ ქრისტიანი ხელმწიფე მთელს დედამიწაზე." ამ კონცეფციას ფილოფეი იმეორებს დიაკ მიხაილ გრიგორის ძე მისიურ-მუნეხინისადმი მიწერილ წერილშიც.

    საკმაოდ ამბიციური განაცხადია - მოსკოვი მთელი საქრისტიანოს პირველობას იჩემებს. ეს ის დროა, როცა რელიგიური თვალსაზრისით პირველობა პირდაპირაა მიბმული პოლიტიკურ ამბიციებს. რელიგია პოლიტიკისგან არ არის გამიჯნული, პირიქით - სწორედაც რომ რელიგიური ფუნდამენტი აქვს მის იმპერიულ განაცხადს. არადა, საცნაური სწორედ ისაა, რომ მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ოცწლეულის პოლიტიკური ვითარება არანაირად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსკოვს რაიმე სერიოზული ამბიციები ჰქონდეს, როგორც სახელმწიფოს. მართალია, რუსეთი თანდათანობით იკრეფს ძალას, თუმცა სიძლიერემდე ბევრი უკლია, ამისთვის ზღვაზე გასასვლელია საჭირო. სწორედ ამიტომაც მისი რელიგიური ამბიციები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

    სად იმალება რუსული ამბიციების სათავე

    ასეთ რეალობაში ჩნდება უამრავი კითხვა, მათ შორის უპირველესი - სად უნდა ვეძიოთ ასეთი ალოგიკური რუსული ამბიციების სათავე?

    პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს იყო ქვეყანა, რომელსაც ამ ეტაპზე - მეთექვსმეტე საუკუნის ოციან წლებში არ უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული პრეტენზიები გამომდინარე იქიდან, რომ მას ჯერ კიდევ მოუგვარებელი აქვს საშინაო პროცესები, ბუნებრივია, ეს ნიუანსი ადეკვატურად მოქმედებს მის საგარეო პოტენციალზეც. ამ დროს რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, რაც მას განსაკუთრებულ ფუნქციას შესძენს. ზღვაზე გასასვლელი ხომ, ტრადიციულად, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საკმაოდ დიდ პოტენციალს ნიშნავს და ეს ფორმულა უცვლელად და მყარად მოქმედებს ყველა ქვეყანასა და დროსთან მიმართებით.

    ფაქტია, რომ მეთხუთმეტე საუკუნის რუსეთის ამბიცია, იყოს ქრისტიანულ სამყაროში ლიდერი და ამ საფუძველზე შექმნას იმპერიული სივრცე, არის მხოლოდ სურვილი და ობიექტური წანამძღვრები არ აქვს.

    და მიუხედავად ამისა, მოსკოვი საკმაოდ მკაფიოდ აყალიბებს ისტორიულ დოქტრინას, რომელიც მომდევნო პერიოდში განსაზღვრავს რუსეთის საერთაშორისო ფუნქციას და როლს.

    სწორედ ქრისტიანობის "ზრუნვა" იტვირთა რუსეთმა, თუმცა ეს აშკარად მხოლოდ მის იმპერიულ ამბიციებს ემსახურება, საზღვრებისა და გავლენის სფეროების გაფართოებაზეა მიმართული და არა რეალურად ერთმორწმუნეთა მფარველობაზე.

    იმპერიული ლოგიკა შეუვალია, მას იდეოლოგიური ფუნდამენტი სჭირდება და მესამე რომის თეორია სწორედ ის კონცეფციაა, რაც შემდგომი პერიოდის რუსეთის საგარეო ორიენტირებს ურყევ პოსტულატად მოევლინება.

    რუსული პოლიტიკური ავანტიურა სწორედ ამ პოსტულატზეა დაფუძნებული და ეს იმპერიული ამბიციები აშკარად და ერთფეროვნად მეორდება საქართველოსთან მიმართებით დღემდე.

    კითხვები, რომლებიც ფილოფეის პოლიტიკურ დოქტრინას უკავშირდება

    კიდევ ერთი საკმაოდ სახასიათო დეტალი - მოსკოვი-მესამე რომის თეორიის ავტორ ფილოფეის, ფსკოვის ელიაზაროვის მონასტრის ბერს, გარდა ამ კონცეფციისა, სხვა ფასეული თხზულება არ შეუქმნია.

    ბუნებრივია, მარტო ეს კონცეფცია ეყო მას პოპულარობისათვის, თუმცა ერთგვარ კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ ამგვარ მასშტაბურ მოაზროვნეს, რომელსაც რუსეთის იმდროინდელი ხელისუფლებისაგან დადასტურებულად ყველანაირი მხარდაჭერა აქვს, სხვა არანაირი ნაწარმოები არ მოეპოვება, არადა, სხვა ნაწარმოები რომ შეექმნა, ჩვენამდე აუცილებლად მოაღწევდა იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ფილოფეი რუსული სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ოფიციალური სახელმწიფოებრივი დოქტრინის ავტორი, გამორჩეული პრივილეგიებით სარგებლობდა.

    ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - არის კი ნამდვილად მოსკოვი-მესამე რომის თეორიის ავტორი ბერი ფილოფეი? ვინმე სხვა ხომ არ იყენებს ფილოფეის სახელს და რაიმე კონკრეტული არგუმენტით ხომ არ მიაწერს მას მოსკოვი-მესამე რომის თეორიის ავტორობას?

    ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტო რუსეთის ისტორიის პრიზმიდან შეუძლებელია, მხოლოდ იმ პერიოდის საერთაშორისო ვითარების ანალიზი მოგვცემს საშუალებას, გავარკვიოთ ეს საკითხი.

    ფილოფეისთან დაკავშირებით კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო და უცნაური დეტალია აღსანიშნავი - მისი მოღვაწეობის პერიოდი ემთხვევა იმ დროს, როცა მოსკოვის პირველობა ჯერ კიდევ არაა გამოკვეთილი, ფსკოვი ერთ-ერთი პრეტენდენტია იმისა, რომ რუსული მიწები მის გარშემო გაერთიანდეს, ის პირველობისთვის უპირისპირდება მოსკოვს. რამდენადაც ფილოფეი ფსკოვის მონასტრის ბერია, ყველა ლოგიკით, ის სწორედ ფსკოვის უპირატესობას უნდა უჭერდეს მხარს, თუმცა რატომღაც ფსკოველი ბერი მოსკოვს არათუ რუსული სახელმწიფოს ცენტრად მოიაზრებს, არამედ მთელი საქრისტიანოს განმკარგავ ქალაქად აღიარებს.

    ეს მართლაც უცნაურია, უცნაურია ის, რომ ფილოფეი ისე უარყოფს ფსკოვის პირველობას, თანამემამულეთა მხრიდან არანაირ აგრესიას არ განიცდის.

    როგორ უნდა აიხსნას ეს მოვლენები? ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფოს პრიზმიდან არანაირი ლოგიკა არ ჩანს, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ იმდროინდელ საერთაშორისო ვითარებას, ყველაფერს ნათელი მოეფინება და რუსული პოლიტიკური დოქტრინის ის უცნაურობა და არაადეკვატურობაც საკმაოდ მყარ ლოგიკას შეიძენს.

    როგორ აღმოჩნდა რუსეთი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების მთავარ პერსონად

    ძველი მსოფლიო ისტორიისა და შუა საუკუნეებისას ცივილური სამყაროს განვითარებას წითელ ზოლად გასდევს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. ეს ყველაფერი იწყება აქემენიდებისა და ბერძნული სახელმწიფოების ურთიერთჭიდილით. გადის საუკუნეები და ყველაფერი მეორდება, ოღონდ იცვლებიან მოქმედი პირები. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ასპარეზს უთმობენ რომს, აქემენიდები კი - პართიას. მეოთხე საუკუნიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმირება ხდება - რომის იმპერიის ადგილს ბიზანტია იკავებს, აღმოსავლეთში კი სასანიანები ძლიერდებიან.

    მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერია დაეცა, დასავლეთი იწყებს ტრანსფორმაციის ახალი საფეხურის ძიებას, ეს არის მცდელობა, ქრისტიანულმა ძალამ ახალი დასაყრდენი ნახოს. რომის პაპის სამწყსო საკუთარ ამბიციებს არ ააშკარავებს, ის ტაქტიკურად მოქმედებს და ცდილობს, უშუალო დაპირისპირებას თავი აარიდოს.

    სწორედ ამ კონტექსტში ხდება აქტუალური ევროპისათვის მზარდი სახელმწიფო რუსეთი, რომელიც აღმოსავლეთთან დაპირისპირებისათვის სწორედაც რომ საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტია. რომის პაპის სამწყსომ სწორედაც რომ რუსეთი უნდა დაუპირისპიროს მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე ოსმალეთს, რომელმაც მთელი ევროპა შეაზანზარა.

    ვატიკანის ეს კონკრეტული გათვლა ერთგვარი პრევენციაა მოსალოდნელი მოვლენების წინააღმდეგ, რაც მას არაფერს სასიკეთოს არ უქადის.

    რატომ უნდა მომზადებულიყო მოსკოვი-მესამე რომის თეორია ვატიკანში

    სწორედ ვატიკანში მწიფდება იდეა მოსკოვი-მესამე რომის თეორიისა. ვატიკანი მზადაა, დათმოს ოფიციალური პირველობა. ესეც ლოგიკურია, რამდენადაც ბიზანტიის იმპერიასთან მისმა მრავალსაუკუნოვანმა ძიძგილაობამ მოიტანა სწორედ ის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საქრისტიანოს საყრდენი გამოეცალა - ეს იყო იმ პოლიტიკის შედეგი, თავად რომი რომ ატარებდა კონსტანტინოპოლის მიმართ საუკუნეების განმავლობაში.

    თუნდაც 1204 წლის მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა გავიხსენოთ, გენუელი ვაჭრების დაკვეთით ევროპელებმა რომ იერუსალიმის მაგივრად სამიზნედ კონსტანტინოპოლი გაიხადეს და სისხლის კალო რომ დაატრიალეს ბიზანტიის დედაქალაქში.

    ეს ვანდალობა მართლმადიდებლურმა სამყარომ ვერაფრით დაივიწყა. მხოლოდ კონსტანტინოპოლის დაცემის ბოლო დღეს, 1453 წლის 29 მაისს, მიხვდა რომი, რომ მეჰმედ მეორის გამარჯვება მისთვის ყველაზე არასასურველი ვარიანტი იყო, არადა, მოვლენები იმგვარად შეუქცევადი და ისე შორს წასული იყო, ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებდა.

    რა სარგებელს ელოდა ვატიკანი რუსეთისა და ოსმალეთის დაპირისპირებით

    ძალიან გვიან მიხვდა რომი თავის შეცდომას. ეს განწყობა საკმაოდ ნათლად ჩანს მთელ მეთექვსმეტე საუკუნეში. ბუნებრივია, ახლა გამოსავალი უნდა მოინახოს, რათა ევროპამ ოსმალთა აგრესია რამენაირად შეაჩეროს.

    ვატიკანს უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დახსნის ერთადერთ ვარიანტად რჩება, შექმნას ერთგვარი ბუფერი, რაც მაჰმადიანთა სვლას შეუშლის ხელს დასავლეთის მიმართულებით. სწორედ ასეთ ბუფერად სჭირდება მას რუსეთი.

    ვატიკანის ამბიცია და ოფიციალური პირველობისკენ სწრაფვა უკანა პლანზე გადადის. ესეც წმინდა ტაქტიკური მოსაზრებით, რამდენადაც ცხადია, რომ ურთიერთდაპირისპირებისას რუსეთიც და ოსმალეთიც მნიშვნელოვნად დასუსტდება, ეს კი ვატიკანის პირველობის მთავარი გარანტია.

    ბუნებრივია, ვატიკანს კონკრეტული გათვლები აქვს, შემთხვევითი არაა, რომ არჩევანი რუსეთზეა. ბალტიის ზღვაზე გასასვლელისკენ ესწრაფვის რუსეთი. ივანე მესამის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ამ საკითხის გარკვევა იყო, ამავე პოლიტიკას აგრძელებს ივანე მეოთხე მრისხანე.

    აშკარაა, რომ ვატიკანის კარზე შემუშავებული მოსკოვი-მესამე რომის თეორია, როგორც პოლიტიკური დოქტრინა, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აქციაა. ეს ის სქემაა, მსოფლიო ისტორიაში მანამდეც და მის შემდეგაც რომ მრავლად გვხვდება - სხვა ქვეყნების წაქეზებითა და მათი აგრესიის გამოყენებით კონკურენტების დასუსტებასა და ამ მეთოდით სასურველი მიზნის მიღწევას რომ ითვალისწინებს.

    როგორ გადაურჩა ევროპა ოსმალებს

    ულმობელია მსოფლიო პოლიტიკა, ყველა თავისას დარდობს, ყველა თავისას ცდილობს... ვატიკანს, როგორც დასავლეთ ევროპის სულიერ საყრდენს, ის ადარდებს, რომ თავი გადაირჩინოს და ამისთვის ყველანაირ ავანტიურას მიმართავს.

    ევროპას წინ ულმობელი მეთექვსმეტე საუკუნე ელის. 1529 წელს ვენას მისდგომიან ოსმალები, სულეიმან პირველი კბილებს ილესავს.

    უმშვენიერესი ქალაქისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ შერკინებია სრულიად ევროპა ოსმალებს. ეს ის ბრძოლაა, რომელმაც ევროპის მომავალი უნდა გადაწყვიტოს. ეს მძიმე რეალობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ვატიკანის პოლიტიკური გათვლების მართებულობას - ევროპას თურქები რუსებმა უნდა ჩამოაცილონ.

    საცნაური კი ისაა, რომ ეს მოვლენები საუკუნენახევრის შემდგომ, 1683 წელს, კიდევ ერთხელ განმეორდება, ისევ ვენასთან, ისევ თურქების წინააღმდეგ სრულიად ევროპის დაპირისპირებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მამუკა ნაცვალაძე   (15.10.2017)
    კახა ბატონო, იქნებ მიმითითოთ კონკრეტულად ჩემი წერილის რომელმა ფრაგმენტმა, ან სხვა რომელმა წერილმა, დაგიტოვათ ის განცდა, რომ ევროპის სურვილი იყო რუსეთის გაძლიერება?

    მამუკა ნაცვალაძე   (15.10.2017)
    სად ვწერ კახა ბატონო რომ ვატიკანი იყო შუაში რუსეთის გაძლიერებასთან? წერილში მსგავსი არაფერი წერია... რუსეთის გამოყენება სურდა ევროპას იმისთვის, რომ ოსმალთა აგრესია შეეჩერებინა... სწორედ ესაა ჩემებურად საცნაური, თქვენებურად - "იხვის ტოლმა"... :)

    კახა   (15.10.2017)
    საცნაური არა იხვის ტოლმა,ან რა სისულელეა ვატიკანი რაშუაში იყო რუსეთის გაძლიერებასთან?ევროპას რომ მაგდენი ეფიქრა კონსტანტინეპოლი დღეს სტამბოლი არიქნებოდა ის დღესაც საქრისტიანოს ცენტრი იქნებოდა,რუსეთი კი მაინც გაძლიერდებოდა რადგან რუსები არიან ბრძანების შემსრულებლები და როცა სათავეში ძლიერი მოდის იქ დანარჩენი დროის საკითხია


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter