სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    14.10.2017

     1829 წლის იანვარში თეირანში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ალექსანდრე გრიბოედოვის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს არ შევაწყენთ, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც ამ ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება.

    ალექსანდრე გრიბოედოვი საქართველოში პირველად 1818 წელს ჩამოვიდა რუსული დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში, რომელიც სპარსეთში მიემგზავრებოდა. სპარსეთში სამი წლის დიპლომატიური მოღვაწეობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

    1827 წელს კავკასიაში რუსეთის ჯარების სარდლად ივანე პასკევიჩი დაინიშნა და გრიბოედოვს სპარსეთთან და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ყველა საკითხის მოგვარება დაევალა, იმავე წლის აპრილში კი სპარსეთში მინისტრ რეზიდენტად დაინიშნა.

    "სპარსეთში გამგზავრებამდე რუსეთის იმპერატორის 33 წლის ელჩმა ალექსანდრე გრიბოედოვმა 1828 წლის 22 აგვისტოს ტიფლისში, სიონის ტაძარში, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზეს 16 წლის ასულ ნინო ჭავჭავაძეზე ჯვარი დაიწერა", - იტყობინებოდა მაშინდელი ქართული პრესა.

    როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, გრიბოედოვს არ უნდოდა სპარსეთში გამგზავრება. მეგობრებს - ქსენოფონტე პოლევოის და ანდრეი ჟანდარს ეუბნებოდა: "მე უკვე ისე კარგად ვიცნობ სპარსელებს, რომ მათ ჩემთვის ყოველგვარი პოეტური მხარე დაკარგეს. ვხედავ მხოლოდ ჩემი მდგომარეობის მნიშვნელობასა და სიძნელეებს მათ შორის ყოფნაში და რაც მთავარია, თავადაც არ ვიცი, რატომ, ასე გასაოცრად არ მინდა იქ წასვლა... იქ ყველას აგვკუწავენ, ალაიარ-ხანი ჩემი პირადი მტერია... იგი მე სპარსელებთან დადებულ ზავს არ მაჩუქებს".

    1829 წლის 9 სექტემბერს თბილისიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის გაცილება პოლკის მუსიკის თანხლებით მოხდა და გრიბოედოვიც ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად სპარსეთში გაემგზავრა. ამ მოგზაურობის შესახებ პეტერბურგში ახლობელ ვარვარა მიკლაშევიჩს მისწერა: "ვმოგზაურობთ უზარმაზარი ქარავნის თანხლებით, 110 ცხენითა და ჯორით, ღამეს მთებში კარვებში ვათევთ, სადაც ზამთრის სიცივეა. დროდადრო შეხვედრებიც გვაქვს, გვილოცავენ კეთილ მიბრძანებას იქ, სადაც არ გვიხარია ყოფნა".

    ახალგაზრდა მეუღლეს კი გზაში უთხრა: "სპარსეთში არ დატოვო ჩემი ძვლები. თუ იქ მოვკვდი, თბილისში, წმინდა მამა დავითის მონასტერში დამასაფლავე".

    ცოლ-ქმარი თავრიზში ჩავიდა, სადაც განთავსებული იყო უცხოური მისიები, უფლისწულ აბას-მირზას კარზე, რომელსაც შაჰისგან უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის მოგვარება ჰქონდა დავალებული. მოხდა ისე, რომ გრიბოედოვმა მეუღლე თავრიზში დატოვა, მასზე მზრუნველობა ინგლისის ელჩის მეუღლეს, ქალბატონ მაკდონალდს, სთხოვა, თავად კი თეირანში შაჰთან შესახვედრად გაემგზავრა.

    პირველი ოფიციალური ცნობა თეირანში რუსეთის ელჩ ალექსანდრე გრიბოედოვის დაღუპვის შესახებ გავრცელდა თავრიზში გენერალ-კონსულ ანდრეი ამბურგერის მიერ.

    "დღეს დილით აქ მოვიდა მირზა-მუსა ხანის კაცი, რომელმაც თეირანიდან დაწვრილებითი ცნობები მოიტანა იქ მომხდარი საშინელი შემთხვევის შესახებ. მგონი, თეირანის სასულიერო საზოგადოება იყო ამ მღელვარების მთავარი მიზეზი, რომელმაც ჩვენი მინისტრი გაავებული ბრბოს მსხვერპლად აქცია. ალექსანდრე სერგის ძე საკუთარი სიმამაცის მსხვერპლი გახდა. სახლი, რომელიც მინისტრს შაჰმა უბოძა, სრულიად განადგურებულია".

    თავრიზში მყოფ ნინო ჭავჭავაძეს ეს საზარელი ამბავი დაუმალეს და თბილისში გამგზავრება სთხოვეს. მეუღლის სიკვდილი მან თბილისში პასკევიჩის მეუღლისგან შეიტყო, რომელიც გრიბოედოვის ბიძაშვილი იყო. შეძრწუნებულს გული წასვლია, მეორე დღეს კი ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ახალშობილი რამდენიმე საათში დაიღუპა.

    საელჩოზე თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ სპარსეთის ხელისუფლებამ თავის ქვეშევრდომებს უბრძანა, რომ გრიბოედოვის ცხედარი ამოეთხარათ და სომხური ეკლესიის ეზოში დაეკრძალათ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის მთავრობა მის გადაცემას მოითხოვდა. ცხედარი იმდენად დასახიჩრებული ყოფილა, რომ მისი ამოცნობა მხოლოდ ძველი ჭრილობით მოხერხდა, რომელიც გრიბოედოვს ალექსანდრე იაკუბოვიჩთან დუელის დროს მიუღია.

    თეირანიდან გრიბოედოვის ცხედარი თბილისში ნახჭევანის გავლით უნდა გადმოესვენებინათ. 11 ივნისს სამგლოვიარო კორტეჟს შეხვდა ალექსანდრე პუშკინი, რომელმაც ამის შესახებ დაწერა თავის "მოგზაურობა არზრუმში":

    "მე გადავედი მდინარეზე, ურემში შებმული ორი ხარი ციცაბო აღმართზე ადიოდა. ურემს რამდენიმე ქართველი მოაცილებდა.

    - საიდან მოდიხართ? - შევეკითხე.

    - თეირანიდან.

    - რა მოგაქვთ?

    - გრიბოედოვი.

    ეს იყო მოკლული გრიბოედოვის ცხედარი, რომელსაც თბილისში მიაცილებდნენ. არ მეგონა, თუ კიდევ შევხვდებოდი ჩვენს გრიბოედოვს! მე მას შარშან პეტერბურგში დავშორდი, მისი სპარსეთში გამგზავრების წინ. იგი მოწყენილი იყო და რაღაც უცნაური წინათგრძნობა ჰქონდა".

    1829 წლის 17 ივლისს გრიბოედოვის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ამის შესახებ წერდა გაზეთი "ტიფლისსკიე ვედომოსტი":

    "სპარსეთში სრულუფლებიანი მინისტრის - ა.ს. გრიბოედოვის ნეშტი, რომელიც გადმოასვენეს ყველა პატივით, რაც მის წოდებას ეკადრებოდა, ყველა საკარანტინო ვადების დაცვის შემდეგ, 17 ივლისს თბილისის კარანტინიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც იგი წინასწარ მომზადებულ კატაფალკაზე მოათავსეს.

    "მეორე დღეს მისი აღმატებულება თბილისის სამხედრო გუბერნატორი, მთელი გენერალიტეტი, სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები ტაძარში შეიკრიბნენ. ღვთისმსახურების შესრულების შემდეგ საქართველოს ეგზარქოსმა წარმოთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა. მისი ღირსება ისე ჩამოთვალა, რომ მსმენელზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველა დამსწრე განიმსჭვალა ღრმა მწუხარებით ასეთი შესანიშნავი პიროვნების, ასეთი დიდი დანაკარგის გამო.

    "ტრადიციული რიტუალის შესრულების შემდეგ ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვის ნეშტი წმინდა დავითის მონასტერში გადაიტანეს და მიწას მიაბარეს იმ სურვილის შესაბამისად, რაც აწ განსვენებულს სიცოცხლეში გამოუთქვამს".

    გრიბოედოვი მთაწმინდაზე მღვიმეში დაკრძალეს. საფლავზე დაიდგა მოქანდაკე კამპიონის მიერ შესრულებული ძეგლი - შავი მარმარილო ბრინჯაოს ჯვრით. მის ქვემოთ ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული მოტირალი ქალის ფიგურაა, ძეგლის კვარცხლბეკის წინა მხარეს - მწერლის ბარელიეფი, გვერდით - წიგნი "ვაი ჭკუისაგან".

    ამ ტრაგიკულ ისტორიასთან დაკავშირებით ერთ ამბავსაც ყვებიან. 1829 წლის 30 იანვარს, როცა თეირანში რუსეთის მთელი საელჩო გადაბუგეს და 37 თანმხლებ კაზაკთან ერთად ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლეს, სპარსეთის შაჰმა ფათალიმ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს პატიება სთხოვა და შერიგების ნიშნად უძვირფასესი, ინდოეთში ნაპოვნი 88-კარატიანი ალმასის ქვა გაუგზავნა. იმპერატორმა დიდებული ძღვენი მიიღო და ის დღესაც რუსეთის ალმასის ფონდში ინახება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter