სახელმძღვანელოებს ყდა არ აქვს, ან დაფურცლულია, ანდა დავალებები პირდაპირ შიგნით არის შესრულებული
თამარ მუკბანიანი
06.10.2017

 მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის გამოუსადეგარ სახელმძღვანელოებზე ჩივიან. წელს წიგნები იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი სასწავლო წლის დასასრულამდე ვერც მიაღწევს. სახელმძღვანელოების ნაწილს ან ყდა არ აქვს, ან დაფურცლულია, ანდა საშინაო დავალებები პირდაპირ შიგნით არის შესრულებული.

საჯარო სკოლებში წიგნების უფასოდ დარიგება 2013 წლიდან დაიწყო. კანონმდებლობის მიხედვით, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ვარგისიანობას, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმებით, სკოლის ადმინისტრაცია ამოწმებს და განათლების სამინისტროს საჭირო წიგნების სიას უგზავნის. 2017 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ ვარგისი სახელმძღვანელოების შესაბამისი რაოდენობა სკოლებში არ არის. მოსწავლეებსაც შელახული და რიგ შემთხვევებში გამოუსადეგარი წიგნები დაურიგდათ.

სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, წიგნის გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული - 1 ან 2 ქულით.

რაც შეეხება სახელმძღვანელოს სისუფთავეს, შეფასების კრიტერიუმი ასეთია: სახელმძღვანელო მარკირების გარეშე - 5 ქულა; უმნიშვნელოდ მარკირებული - 4 ქულა; მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულა; მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი - 0 ქულა.

სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა შემდეგნაირად ფასდება: დაუზიანებელი - 5 ქულა; უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულა; დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულა; დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი - 0 ქულა.

იმ შემთხვევაში, თუკი წიგნი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ან სკოლა მიიჩნევს, რომ გამოუსადეგარია, მშობელს მისი ჩანაცვლება ან თანხის გადახდა უწევს. რამდენად სრულდება ეს ნორმები, ცალკე საკითხია.

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაპირებისამებრ, უფასო სახელმძღვანელოები მიიღეს, თუმცა წიგნების ხარისხით მშობლები უკმაყოფილონი არიან. გარდა იმისა, რომ სახელმძღვანელოების უმრავლესობას ყდა აქვს დაზიანებული, გამოიკვეთა სხვა პრობლემებიც, წიგნებში ამოხეულია ფრუცლები, დავალებები შესრულებულია კალმით და წიგნების ნაწილი იმდანადაა შელახული, რომ სწვალისათვის გამოუსადეგარია. საქართველოს საჯარო სკოლებში წელს 496 978 მოსწავლე მივიდა და მათთვის განათლების სამინისტრომ მხოლოდ 41 844 ახალი სახელმძღვანელო გაიმეტა.

თეონა მაკასარაშვილს მე-8 კლასელი შვილი ჰყავს. მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს ისეთი წიგნები დახვდა მოსწავლეების უმეტესობას, საიდანაც სწავლა ძალიან რთული ან შეუძლებელია.

"სახელმძღვანელოები რომ უფასოა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და დიდი შეღავათია ოჯახებისათვის, მაგრამ თუ წიგნები გამოუსადეგარი იქნება, როგორიც წელსაა, მაშინ ასეთ შეღავათს რა აზრი აქვს? მე ხომ მაინც უნდა შევიძინო, რომ სწავლის საშუალება ჰქონდეს ბავშვს. წელს მოსწავლეთა უმრავლესობას ისეთი წიგნები დახვდა, რომლიდანაც სწავლა ძალიან რთული ან თითქმის შეუძლებელია.

არ ვამბობ, რომ ყველა საგანში ასეა, თუმცა სახელმძღვანელოების უმეტესობა ძალიან დაზიანებული ან დაფლეთილია. ველოდებოდი კიდეც, რომ ასე იქნებოდა. ჯერ არავინ მინახავს, ვისაც წიგნი შეაცვლევინეს ან დააჯარიმეს იმის გამო, რომ მისი შვილი წიგნს არ გაუფრთხილდა. უცნაურია, მაგრამ დამრიგებლებიც ისე იბრუნებენ ამ წიგნებს, რომ ზედაპირულად აფასებენ", - განაცხადა თეონა მაკასარაშვილმა.

კიდევ ერთი მშობელი, რომელიც "რეზონანსს" ესაუბრა, მეოთხეკლასელი ბიჭის დედაა. ელენე ესაკია ამბობს, რომ მათემატიკის სახელმძღვანელოში, რომელიც ბავშვს სკოლამ უფასოდ გადასცა, ყველა მაგალითი და ამოცანა ამოხსნილია. რაც მთავარია, დავალებები შესრულებულია კალმით. მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას პრობლემის მოგვარება სთხოვა. პედაგოგი დაჰპირდა, რომ წიგნს შეუცვლიდა, თუმცა იმ კონკრეტულ სკოლაში, რომელსაც მშობლის თხოვნით არ ვასახელებთ, არ აღმოჩნდა მეოთხე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, რომელშიც დავალებები შესრულებული არ იყო.

"ჩემი შვილი მეოთხე კლასშია. სკოლამ 15 სექტემბერს სახელმძღვანელოები გადასცა. სხვა წიგნები მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაშია და მხოლოდ მცირედი დაზიანებები აქვს, მაგრამ მათემატიკის წიგნში დავალებები შესრულებულია კალმით და მისი გამოყენება შეუძლებელია.

სახელმძღვანელო დამრიგებელს მივუტანე, რომელიც შემპირდა, წიგნს გამოგიცვლითო. მოგვიანებით ადმინისტრაციამ და პედაგოგმა მითხრეს, რომ სკოლაში არ არის წიგნი, სადაც დავალებები უშუალოდ შიგნით არ არის შესრულებული. ახალი წიგნის საკუთარი ფულით შეძენა მომიწია. ასევე მოიქცა რამდენიმე მშობელი, რომელთაც ვიცნობ. სხვებსაც ალბათ ასე მოუწიათ.

პრობლემა თავად სკოლებშია, რომლებიც დაზიანებულ სახელმძღვანელოებს იბრუნებენ და შემდეგ სხვა მოსწავლეებს გადასცემენ. ამის კონტროლი უნდა ხდებოდეს, თუმცა როგორც სხვა უმრავი პრობლემა, ესეც ყურადღების მიღმა რჩება", - აცხადებს ელენე ესაკია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×