კახა კალაძე: "გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი რეგიონში ყველაზე გამორჩეული ქალაქი იყოს"
მარი გოცირიძე
05.10.2017

 მომავალი თბილისის ძირითადი უპირატესობა ჯანსაღი ეკონომიკური გარემო უნდა იყოს. როგორც "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ირწმუნება, აქვს გეგმა, რომ თბილისი რეგიონში გამორჩეული ქალაქი გახდეს.

მმართგველი გუნდის მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა შვიდი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელიც თბილისისა და თბილისელების საჭიროებაზეა მორგებული. მათ შორის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია.

"ძირითადი მიზანი არის, ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარება, ქალაქის და მოქალაქეების შემოსავლების ზრდა. ყველა პროექტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათი განხორციელების პროცესში მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივების დასაქმებას დაეთმობა. როდესაც ვმსჯელობდით ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე, განვაცხადეთ, რომ დაახლოებით 500 მილიონი ლარი დაიხარჯება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტურისტული მიმართულებით ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. ასეთი პროექტების განვითარება ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის ჩამოსვლას და ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებას.

ზოგადად, როდესაც ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, აქ, განსაკუთრებული ადგილი ღამის ეკონომიკის განვითარებას უკავია. ამ სექტორის წინ წამოწევით ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ეს არის განვითარებული ქვეყნების მაგალითი. თბილისი არაფრით ჩამოუვარდება არც ერთ განვითარებულ ქალაქს. ყველა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ თბილისი რეგიონში მართლაც გამორჩეული ქალაქი იყოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატი დარწმუნებით ამბობს, რომ გააჩნია ყველაზე სწორი გეგმა, რომლის განხორციელება ერთიანი თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. ეს კი საბოლოოდ, იქნება ახალი სუნთქვა, განვითარების ახალი ეტაპი"სიცოცხლით სავსე ქალაქისთვის".

ეკონომიკური პოლიტიკის პრეზენტაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კახი კალაძის გუნდის წევრმა ირაკლი ხმალაძემ ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექმნა, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, ტურისტული ნაკადების ზრდა და ქალაქის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება.

"ეკონომიკური პოლიტიკის პირველი მიმართულების ფარგლებში, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებაა. უნდა შევძლოთ და დავამკვიდროთ საჯარო და კერძო სექტორის ეკონომიკურად გამართული, სწორი და მომგებიანი მოდელი. ვფიქრობთ, სწორედ ამ გზით შევძლებთ, მრავალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომელიც დედაქალაქის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას, ურბანული პოლიტიკის გენერალური გეგმა იქნება გათვალისწინებული, რათა თითოეული პროექტი მისი განხორციელების არეალთან თავსებადი იყოს.

დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარების პოტენციალზე გააკეთა აქცენტი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა დავითულიანმა. მისი განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის ოპტიმალური კონცეფცია უნდა შემუშავდეს.

იგი საერთაშორისო ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობითა და თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიქმნება.

დავითულიანის განმარტებით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიზანი, თბილისის შემთხვევაში არის ის, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი და მთლიანად დედაქალაქის ეკონომიკა მუშაობდეს შეუჩერებლივ 24 საათის განმავლობაში, რაც მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე დადებითად აისახება.

"ხანდახან ხდება ისე, რომ ღამის ეკონომიკა შუაღამის ეკონომიკა გვგონია, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ამ კონტექსტში განიხილება ნებისმიერი ბიზნესაქტივობა, რომელიც ოფიციალურ სამუშაო საათების შემდეგ ხორციელდება. შესაბამისად, ამაში ჩართულია როგორც კერძო სექტორი, ისე კვების ობიექტები, სასტუმროები, კულტურული ღონისძიებები", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან ასევე საერთაშორისო აკრეტიდაციის მიღების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც შემდეგში ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ღამის აქტივობებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ კახი კალაძე არის მერობის ღირსეული კანიდატი, რომელსაც შესწევს უნარი, თბილისი რეალურად აქციოს სიცოცხლით სავსე ქალაქად.

"თბილისი არის ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მასშტაბებითაც ყველაზე დიდ ეკონომიკური აქტივობა სწორედ აქ ხორციელდება. შესაბამისად, კახა კალაძის მიერ განხილულ ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამას აქვს არსებითი მნიშვნელობა დედაქალაის შემდგომი განვითარებისთვის. ძალიან მომეწონა თანამედროვე, სპეციფიკური მიდგომა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აღსანიშნავია კონცენტრირებული ყურადღება მოქალაქეების კეთილდღეობასა და მათი შემოსავლების ზრდაზე.

ვფიქრობ, თბილისს აქვს საშუალება, რომ იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი უფრო მეტი სამუსაო ადგილებით. დარწმუნმებული ვარ, კახა კალაძე ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს", - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს მერობის კანდიდატის ეკონომიკური პოლიტიკის ხედვის შეფასებისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×