ვახუშტი ბატონიშვილის "გეოგრაფიული ატლასის" შექმნის ისტორია
ია აბულაშვილი
05.10.2017

 "ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი..." - წერდა მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი "გეოგრაფიული ატლასის" შესახებ, რომელიც დღეს იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.

ვახუშტი ბატონიშვილის "გეოგრაფიული ატლასის" შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი ამ უნიკალური თხზულების შექმნის ისტორიიდან.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კარტოგრაფიას დიდი ხნის ისტორია აქვს, ამ დარგის განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ ვახუშტი ბატონიშვილს მიუძღვის, რომელმაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველი სრულყოფილი გეოგრაფიული აღწერა ამ ნაშრომში დაგვიტოვა.

მისი გეოგრაფიული რუკების მიხედვით კი მრავალი რუკა იქნა შედგენილი რუსეთსა და ევროპაში, რომელიც ერთ-ერთ სანდო წყაროდ იყო მიჩნეული მაშინდელ სამეცნიერო წრეებში.

როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, "ვახუშტის თხზულება ყოველი მკვლევარისათვის ყოველთვის აუცილებელი წყარო იქნება... იგი მუდამ უკვდავების შარავანდედით იქნება მოსილი და არასდროს მნიშვნელობა არ დაეკარგება".

ისტორიული წყაროების მიხედვით, რუსეთში გადახვეწილ ბატონიშვილს პირველი ატლასი 1735 წელს დაუსრულებია, რომელშიც 8 რუკა იყო. ატლასი ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა თავად პატიომკინ-ტავრიდიდის კუთვნილ სხვა წიგნებთან ერთად.

1880 წელს კავკასიის სტატისტიკის კომიტეტმა ეს რუკები თბილისში ჩამოიტანა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ რუსეთში დააბრუნეს და დიდი ხნის განმავლობაში ყაზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახებოდა.

მეორე ატლასი ვახუშტი ბატონიშვილმა შეადგინა 1742-1745 წლებში. ის 19 რუკისგან შედგება. ატლასი სანკტ-პეტერბურგის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აზიურმა მუზეუმმა შეიძინა ვახუშტის გარდაცვალების შემდეგ და იქ ინახებოდა, 1925 წელს კი თბილისში ჩამოიტანეს.

ვახუშტი ბატონიშვილს რუსეთის არმიის შტაბის თხოვნით ასევე შეუდგენია საქართველოს მისი ცალკეული ნაწილებისა და მეზობელი ქვეყნების 9 რუკა რუსულ ენაზე.

ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ "გეოგრაფიულ ატლასს" მაშინვე დიდი შეფასება მისცეს ევროპულ სამეცნიერო წრეებში.

პირველი ცნობა ვახუშტის პირველი ატლასის შესახებ ლაიფციგის გაზეთში დაიბეჭდა 1737 წლის 5 დეკემბრის ნომერში. გაზეთმა დიდი შეფასება მისცა "ქართველი პრინცის" მიერ შედგენილ "კავკასიის მთების შესანიშნავ რუკებს".

1737 წელს ცნობილმა ფრანგმა კარტოგრაფმა, აკადემიკოსმა იოსებ დელილმა სანკტ-პეტერბურგში ვახუშტის პირველი ატლასის რუკების ასლი გადაიღო და პარიზში გააგზავნა, 1776 წელს კი ფრანგულ ენაზე გამოსცა ვახუშტის 1735 წლის ატლასის პირველი რუკების ასლები.

ვახუშტი ბატონიშვილის მეორე ატლასიის საფუძველზე შეადგინეს 1745 წელს "რუსეთის ატლასის" კავკასიის ამსახველი რუკები: მომდევნო წლებში კი ეს რუკები შევიდა სუხოტინის, გულდენშტედის, ბუნაშევის მიერ შედგენილ რუკებში.

1752 წელს ვახუშტი ბატონიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა "მოკლეპოლიტიკური გეოგრაფია" 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად, სადაც გამოსახულია იმ დროის ყველაზე ცნობილი ქვეყნები.

ვახუშტის "გეოგრაფიულ ატლასში" აღწერილია 800-მდე გეოგრაფიული ერთეული, მათ შორის - ქედები, ხეობები და ვაკეები. აღწერილია 440 მდინარე და 22 ტბა, თბილისის ახლოს ლისისა და ლილოს ტბები, სამხრეთ საქართველოში - ტაბაწყურის, ფარავნის, კარწახის და სხვა ტბები.

ამ რუკებზე ასახულია საქართველოს რელიეფი. ასევე მოცემულია საქართველოს ჰავის პირველი დეტალური აღწერა, სადაც ავტორი საქართველოს კლიმატს ცალკეული მხარეების მიხედვით აღწერს.

1742-1743 წლებში გამოცემული მეორე ატლასი, რომელიც 19 რუკისგან შედგება, უფრო სრულყოფილი და დახვეწილი იყო. აქაც რუკებზე გამოსახულია ჰიდროლოგია, რელიეფი, ქალაქები, თვალსაჩინო ნაგებობები.

თბილისის ჰავა კი ასეა აღწერილი: "ჰავითა არს მშვენი და მხიარული... ზაფხულს - ცხელი და არა გაუძლისი, ზამთარი - ცივი, გაზაფხული-შემოდგომა - მშვენიერი და სატრფო".

ასევე აღწერს თბილისის ფაუნას: "სანადირონი მრავალნი ახლოს, ფრინველთა და ნადირთა, ტბანი არიან მცირენი და უთევზო, მყვართა სავსე, სხდების წერო, ბატი მრავალი...".

ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე კი თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი სოლოლაკი ასეა დატანებული: სოლოლაკი თბილისის გალავნის გარეთ მდებარე გარეუბნის ზედა ნაწილს წარმოადგენდა.

აღწერილია კოჯრის გზა, რომელიც იწყებოდა კოჯრის კარიდან. ზემოთ იყო მეფის ბაღები, დედოფლის ბაღი, მამასახლისის ბაღი და მთაწმინდა.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის "გეოგრაფიულ ატლასში" ასევე საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს მღვიმეებისა და გამოქვაბულების შესახებ, ადგილს, მათ მდებარეობას, დანიშნულებას. ასევე ეხება გეოლოგიის რამდენიმე დარგსაც, მათ შორის - მინეროლოგიას.

ნაშრომში მოცემულია მნიშვნელოვანი ცნობები მინერალებისა და ქანების შესახებ; სულ 300-მდე სახის მინერალია მოხსენიებული, ასევე მეცნიერულ დონეზეა აღწერილი საქართველოს მინერალური წყლებიც. ატლასი შეგენილია თვით ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და შესრულებულია აკვარელით.

გარდა გეოგრაფიული ცნობებისა, მდიდარი ინფორმაცია მოიპოვება ბოტანიკის, ზოოგეოგრაფიის შესახებ. ვახუშტი ბატონიშვილმა პირველმა შეისწავლა ქართული გერბები და შეიტანა თავის სახელგანთქმულ ატლასში.

ატლასში შეტანილია ერთიანი საქართველოს, ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების გერბები. წმინდა გიორგი, გამოსახული საქართველოს სახელმწიფო დროშაზე. ატლასში შეტანილია კახეთის, ქართლის, ოდიშის, იმერეთის, გურიისა და აფხაზეთის გერბები.

გარდა ჰერალდიკის შესახებ უნიკალური მასალებისა, ვახუშტი ბატონიშვილმა ასევე დაგვიტოვა მნიშვნელოვანი ცნობები ქართულ ჩაცმულობაზე, საქორწინო წეს-ჩვეულებებზე, ტრანსპორტზე და სხვა.

ვახუშტი ბატონიშვილს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაში, სწორედ მის მეორე ატლასში პირველად იქნა შეტანილი ისტორიული რუკები.

ასე რომ, ვახუშტი ბატონიშვილის ორი გეოგრაფიული ატლასი, რომლებიც წარმოადგენს კავკასიის პირველ დეტალურ და მასშტაბურ აწერას, მეცნიერთა აზრით, მაღალ დონეზე შესრულებული კარტოგრაფიული ნაშრომია, რომელსაც დღესაც დიდი ინეტერესით სწავლობენ უცხოელი მკვლევარები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×