1928 წლისთვის პოლონეთის არმიაში მსახურობდა 24 მაღალი წოდების ქართველი ოფიცერი, ერთი პოლკოვნიკი, ხუთი მაიორი, ათი კაპიტანი, შვიდი პორუჩიკი
ია აბულაშვილი
03.10.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საფრანგეთის შემდეგ ბოლშევიკებს გაქცეულ ქართველ ემიგრანტთა ყველაზე დიდი ტალღა პოლონეთში აღმოჩნდა, მათ შორის იყვნენ სამხედროები, რომლებიც პოლონეთში სამ ჯგუფად ჩავიდნენ - 1921 წლის დეკემბერში 25 იუნკერი სტამბოლიდან, 1922 წლის შემოდგომაზე 5 გენერალი და 30 ოფიცერი, 1922 წლის ბოლოს კი 15 იუნკერი ათენის სამხედრო სკოლიდან.

პოლონეთის ხელისუფლებამ ქართველ ლტოლვილებს კარგი პირობები შეუქმნა, ქართველი იუნკრები სამხედრო სკოლებში ჩარიცხეს და სასწავლებლის დასრულების შემდეგ ოფიცრის ჩინით სხვადასხვა პოლკში მიავლინეს.

გასული საუკუნის 30-იან წლებში პოლონეთში 200 ქართველი ცხოვრობდა, უმეტესად ვარშავაში, 80 ქართველი კი ერთგულად მსახურობდა პოლონეთის ჯარში.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინეპოლში აღმოჩნდა ქართველ ლტოლვილთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სხვადასხვა წოდების სამხედრო წარმომადგენლები.

ჟორდანიას მთავრობას სურდა, რომ ეს კადრები შეენარჩუნებინა და თხოვნით მიმართა მეგობარ ქვეყნებს. ფრანგები დათანხმდნენ და 15 ქართველი ოფიცერი უცხოელთა ლეგიონში მიიღეს. საბერძნეთმაც მიიღო თავის სკოლებში დაახლოებით ამდენივე რაოდენობის ქართველი იუნკერი.

დევნილობაში მყოფმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე თხოვნით მიმართეს პოლონეთს. მოლაპარაკება მიმდინარეობდა როგორც კონსტანტინეპოლში, პოლონეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ასევე ვარშავაში უშუალოდ პოლონეთის ხელისუფლებასთან.

მოლაპარაკებას მართავდნენ დამოუკიდებელი საქართველოს შს მინისტრი ნოე რამიშვილი და გენერალური შტაბის უფროსი. გადაწყვეტილება ქართველ სამხედრო პირთა შესახებ უნდა მიეღო უშუალოდ პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელ იოზეფ პილსუდსკის.

1921 წლის 1 სექტემბერს პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალმა ვლადისლავ სიკორსკიმ თანხმობა განაცხადა და ქართველი იუნკრები ვარშავის პოდხოროჟთა სკოლაში მიიღეს. 25 ქართველმა 1921 წლის დეკემბერში უკვე სწავლა დაიწყო ამ სასწავლებელში. მათ დაემატათ ათენის სამხედრო სკოლებში განაწილებული ქართველი იუნკრები.

ქართველებს სწავლაში სიძნელეს უქმნიდა პოლონური ენა, ამიტომ პოლონეთის მთავრობამ ქართველ იუნკრებს მასწავლებლები დაუნიშნა, რათა უახლოეს დროში დაუფლებოდნენ პოლონურ ენას.

ამ პერიოდში ვარშავის სამხედრო სკოლაში მსმენელთა დაახლოებით 10% ქართველი იყო, რომლებმაც სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პოდპორუჩიკის წოდება მიიღეს.

არტილერიის საოფიცრო სკოლის დასრულების შემდეგ ოფიცრის წოდება მიენიჭა ქართველ იუნკრებსაც. საოფიცრო-საინჟინრო სასწავლებელში სწავლობდა ორი ქართველი. სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში - ერთი ქართველი, რომელსაც პოდპორუჩიკის წოდება მიენიჭა.

თავდაპირველად ქართველები პოლონურ არმიაში არ მსახურობდნენ, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა და პოლონეთის მთავრობამ ნება დართო ქართველ სამხედროებს, კონტრაქტის დადების შემდეგ პოლონეთის არმიაში დაეწყოთ სამსახური.

ქართველი სამხედროების პოლონეთის არმიაში მიღების შესახებ ხელმოწერილ იქნა მაშინდელი სამხედრო საქმეთა მინისტრის - კაზიმირ სოსნოვსკის მიერ.

ქართული ემიგრაციიდან კონტრაქტით სამსახური პოლონეთის ჯარში პირველებმა პოლონური საოფიცრო სკოლის კურსდამთავრებულებმა, თბილისის სკოლის ყოფილმა იუნკრებმა დაიწყეს. პოლონეთის პრეზიდენტის თანხმობით მათ შეეძლოთ, ემსახურათ პოლონეთის ჯარში საკუთარი მოქალაქეობის შენარჩუნებით.

1924 წელს ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა მაშინდელმა სამხედრო საქმეთა მინისტრმა, გენერალმა ჰალერმა. 1928 წლისთვის პოლონეთის არმიაში მსახურობდა 24 მაღალი წოდების ქართველი ოფიცერი, ერთი პოლკოვნიკი, ხუთი მაიორი, ათი კაპიტანი, შვიდი პორუჩიკი.

ქართველი ოფიცრები კარგი სახელით სარგებლობდნენ, მათ პროფესიონალიზმს აფასებდნენ. პოლონეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ 1930 წელს პორუჩიკ სხირტლაძეს 62-ე ესკადრილიის მეთაურობა დაავალა, რომელმაც გამორჩეული მფრინავის და მეთაურის სახელიც დაიმკვიდრა. შემდეგში თავად კითხულობდა ლექციებს ავიანავიგაციის სასწავლებელში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ასწავლიდა სახელგანთქმულ "არწივების სკოლაში".

ქართველი ლეგიონრები ასევე შესანიშნავი ცხენოსნები და მოფარიკავეები იყვნენ. ულანთა მე-14 პოლკის ოფიცერი, პორუჩიკი დადიანი გამორჩეული ხმლის ხმარების ოსტატი ყოფილა და ასევე ცხენოსანი, იგი თავად წვრთნიდა თავის პოლონელ მეგობრებს.

ერთ-ერთი მისი მოწაფე ყოფილა ფრანჩიშეკ სკილინსკი, რომელსაც 1928 წელს ხმლის ფლობის ჩემპიონატში გაუმარჯვია. ერთ-ერთი ქართველი პორუჩიკის დამსახურება კი ყოფილა, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები ყოველწლიურად რომ იგებდნენ ფეხოსანთა დივიზიის ჩემპიონატს.

საუკეთესო შედეგებს აღწევდნენ ასევე ქართველი სამხედროები, რომლებიც პირველები ჩავიდნენ პოლონეთში და უმაღლესი სამხედრო სასწავლებლები დაამთავრეს. ისინი სამხედრო საქმის გარდა აქტიურად იყვნენ ჩართული პოლონეთში ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში. სწორედ ისინი მონაწილეობდნენ პოლონეთის ქართული კომიტეტის არჩევაში. ამ კომტეტის წევრად მაშინ არჩეულ იქნა გენერალი ზაქარიაძე, პოლკოვნიკები ბაგრატიონი, ინჯია და კანდელაკი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონური არმია ქართველ სამხედროებს არ ავალდებულებდა, ომის შემთხვევაში მონაწილეობა მიეღოთ საბრძოლო ოპერაციებში, როცა გერმანია 1939 წლის სექტემბერში თავს დაესხა პოლონეთს, ქართველი სამხედროები პირველივე დღეებიდანვე ჩაებნენ საბრძოლო მოქმედებებში გერმანიის წინააღმდეგ.

ქართველი სამხედროები მთლიანად იზიარებდნენ თავიანთი პოლონელი მეგობრების ბედს, მათსავით იბრძოდნენ და იღუპებოდნენ. რამდენიმე მათგანი გერმანელების ტყვეთა ბანაკშიც დაიღუპა. სამი მათგანი 1940 წლის გაზაფხულზე კატანში დახოცეს.

ქართველი სამხედრო ვალერიან თევზაძე კი 1939 წელს, გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის დროს, სარდლობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს, იგი დაჯილდოებული იყო პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - ვერცხლის ჯვრით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×