სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეგრესის პენსიონერებს პენსიები გაუუქმეს
    მაია დოხნაძე
    19.09.2009

    როცა აქციაზე მივედი, თავიდან ეჭვის თვალით დამიწყეს ყურება. ერთმა ქალბატონმა ისიც კი მითხრა, "შენც ამათი ჯაშუში იქნებიო". როცა ავუხსენი, საიდანაც ვიყავი და მხოლოდ მათი ინტერესების დაცვა მინდოდა, გამოცდა დამიწყეს. როგორც იქნა, დავარწმუნე, რომ მინდოდა, სიტუაცია გამერკვია და, შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი კიდეც. "ყველას და ყველაფრის რწმენა დავკარგეთ, შვილო. ჩვენი გასაჭირით არავინ დაინტერესებულა და შენი გამოჩენაც გაგვიკვირდაო", - მითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
    აქციაზე 50-მდე კაცი იყო. ზოგი ეტლით, ზოგიც ყავარჯენს დაყრდნობილი ირგვლივ შემომეხვია. უნდოდათ, რაღაცით დამხმარებოდნენ, რომ ვითარება გამერკვია. ყველას უნდოდა რაღაცის თქმა, თავისი გასაჭირის მოყოლა.
    თითოეულ მათგანს სხვადასხვა დროს მიღებული საწარმოო ტრავმა აწუხებს. ყველა მათგანმა დაკარგა შრომის უნარი და მათი ოჯახების რჩენის ერთადერთი წყარო ის პენსია იყო, რასაც მათ საწარმო უხდიდა. თანხა მათი ხელფასების 80-90 პროცენტს შეადგენდა.
    აქციები, თავიდან, მხოლოდ ყოველ ორშაბათს იმართებოდა. შემდეგ გადაწყვიტეს, გამგეობის წინ კარავი გაეშალათ. კარავში მორიგეობით ათენებენ ღამეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მთელი დღით იქ ყოფნას ვერ ახერხებენ.
    დიმიტრი დარბაიძე 1985 წელს დაშავდა. "შუქრუთის (მაშინდელი ლენინის) მაღაროში მიწა ჩამოწვა და ქვეშ მოვყევი. დავინვალიდდი. მუშაობის უნარი დავკარგე. 2007 წლამდე პენსიას ვიღებდი, ხელფასის 90%-ს და ამით ვარჩენდი ოჯახს. ახლა ეს შემოსავალიც აღარ მაქვს და რა უნდა ვქნა? თავი რით უნდა ვირჩინო?"
    ციალა იაკობიძეს მეუღლე 2002 წლის მაისში დაეღუპა. "ჩემი ქმარი ითხვისის მაღაროში დაიღუპა. 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი ქვა დაეცა. ნაწილ-ნაწილ გამოიტანეს მისი სხეული. მაშინ მოგვცეს ერთჯერადი ანაზღაურება, 18 000 ლარი, მაგრამ 4 000 საშემოსავლო დაგვიქვითეს. მას შემდეგ ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ეს პენსია იყო. ერთი შვილი ოთხი წლის წინათ დამეღუპა. ერთი შვილი დამრჩა. უმაღლესდამთავრებულია, მაგრამ ვერ მუშაობს. რით უნდა ვირჩინოთ თავი? მესამე წელია, დავრბივარ, იქნებ, ვინმეს შევასმინო ჩვენი გაჭირვება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ესღა დაგვრჩა, რომ აქციებით მივიქციოთ ყურადღება", - ამბობს ციალა იაკობიძე.
    ლამზირა ყობიაშვილის ქმარი 1977 წელს დაშავდა მაღაროში. უბედური შემთხვევის შედეგად ზაქარ ყობიაშვილი წელსქვევით მოწყდა და ეტლს მიეჯაჭვა. "მე დაბადებიდან ინვალიდი ვარ. ოჯახში ერთადერთი შემომტანი ჩემი მეუღლე იყო. იმ უბედური შემთხვევის შემდეგ მისი პენსიით ვსაზრდოობდით. ახლა ეს პენსიაც აღარ მაქვს. ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დანიშნული 65-ლარიანი პენსიაა. აბა, მითხარით, 65 ლარით როგორ უნდა ვირჩინოთ თავი ორმა ინვალიდმა?" - თქვა ლამზირა ყობიაშვილმა.
    აქციის მონაწილეებმა სასამართლოშიც შეიტანეს სარჩელი. სასამართლოს სამმა ინსტანციამ მათი სარჩელი დააკმაყოფილა.
    "სამი სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ჯერ საქალაქო, შემდეგ - სააპელაციო, ბოლოს - უზენაესი. მათი გადაწყვეტილებით, პენსიები გვეკუთვნის და უნდა მივიღოთ. თუმცა დადგენილების შესრულებაზე არავინ ფიქრობს. "ჯორჯიანმანგანეზში" გვეუბნებიან, რომ ჩვენი საკითხი მათ აღარ ეხებათ. მათი თქმით, "ჯორჯიანმანგანეზი" არ არის "ჭიათურმარგანეცის" სამართალმემკვიდრე. რა უნდა ვქნათ? ჩვენ ჩვენს კუთვნილ პენსიებს ვითხოვთ", - ამბობს დიმიტრი დარბაიძე.
    საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებით, დადგინდა "შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი". ამ წესის მიხედვით, საწარმო ვალდებული იყო, დაზარალებული მუშაკისთვის გაეცა ყოველთვიური ანაზღაურება, მათი ხელფასის გარკვეული ნაწილის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის #93 და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით ახალი წესები იქნა შემუშავებული. მეორე მუხლის მეორე და მესამე ქვეპუნქტების საფუძველზე, დამსაქმებელს უფლება აქვს, ძველი წესით დანიშნული ყოველთვიური ანაზღაურება ერთჯერადი კომპენსაციით შეცვალოს დაზარალებულთან შეთანხმებით. გარდა ამისა, დამსაქმებლის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, წყდება დანიშნული "ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს" გაცემის ვალდებულება. სწორედ ამით იმართლებენ თავს "ჯორჯიანმანგანეზში".
    "ჯორჯიანმანგანეზის" უფროსი იურისტ-კონსულის, გივი ტალახაძის განცხადებით, ჯორჯიანმანგანეზი" არ არის ს.ს. "ჭიათურმარგანეცის" სამართალმემკვიდრე. "საწარმო გაკოტრდა, შეიქმნა გაკოტრების კომისია და ამის შემდეგ გაიყიდა აუქციონზე. "ჯორჯიანმანგანეზის" ხელმძღვანელობა არაა ვალდებული, დაზარალებულებს პენსია გადაუხადოს. თან პრეზიდენტის ბრძანებულებით, ასეთი დამავალდებულებელი მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში აღარ არსებობს", - აცხადებს გივი ტალახაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ კორძაიას თქმით, "პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანება გაუქმებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #63 დადგენილებით. ამის შემდეგ საწარმო აღარაა ვალდებული, დაზარალებულს პენსია გადაუხადოს".
    აქციის მონაწილეების განცხადებით, სანამ პრეზიდენტისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე რეგრესირებულთა პენსიების გაცემა შეწყდებოდა, მათ გამოწერილი ჰქონდათ 9 თვის პენსია, რომელიც არ მიუღიათ. "თუ სხვა არაფერი, ეს თანხა მაინც მოგვცენ", - ამბობენ დაზარალებულები.
    ამ მოთხოვნაზე პასუხი აქვთ "ჯორჯიანმანგანეზში". ჭიათურის სამთამადნო კომბინატის მთავარი ინჟინერი დემურ ასანიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რადგან "ისინი "ჭიათურმარგანეცის" სამართალმემკვიდრეები არ არიან, არც იმის ვალდებულება აქვთ, რომ დაზარალებულებს პენსიები მათ აუნაზღაურონ".
    აქციის მონაწილეების თქმით, მათ წერილი გაუგზავნეს სახალხო დამცველის აპარატს, რათა გამოეთხოვათ ინფორმაცია "ჭიათურმარგანეცის" პრივატიზაციასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა ინფორმაცია გამოითხოვა ეკონომიკის სამინისტროდან და აქციის მონაწილეებს გადაუგზავნა. დოკუმენტში, რომელიც 2007 წლის 20 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ ს.ს. "ჭიათურმანგანუმის" პრივატიზება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ განუხორციელებია. წერილს ხელს აწერს მინისტრის მოადგილე კახა დამენია. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავით ღოღაძის თქმით, "ეკონომიკის სამინისტროს საწარმოს პრივატიზება არ მოუხდენია, რადგან იგი გაკოტრების რეჟიმში გადაეცა გაკოტრების მმართველს".
    "ჭიათურმანგანუმი" 2006 წლის დეკემბერში გაიყიდა, ხოლო 2007 წლის პირველი იანვრიდან საწარმოს სახელი შეეცვალა და "ჯორჯიანმანგანეზი" გახდა. გივი ტალახაძის განცხადებით, საწარმო გაკოტრების რეჟიმში გაიყიდა. "ჭიათურმანგანუმის" გაკოტრების მმართველის, დავით კაკაბაძის თქმით, მან ჩაიბარა გაკოტრების პირას მყოფი საწარმო და იგი აუქციონზე გაყიდა. "მე მხოლოდ მისი აუქციონზე გაყიდვა მევალებოდა, სხვა ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდებოდა", - აცხადებს დავით კაკაბაძე.
    ჭიათურის სამთამადნო კომბინატის მთავარი ინჟინერი დემურ ასანიძე აცხადებს, რომ იმ ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ინვესტორს შორის დაიდო, არ არის ვალდებულება, რომლის მიხედვითაც საწარმოს ახალ ხელმძღვანელობას უნდა დაეფარა დაზარალებულების დავალიანება. ხოლო გივი ტალახაძე ამბობს, რომ ეს პუნქტი თავიდანვე უნდა ყოფილიყო ჩადებული ხელშეკრულებაში. "ჩემი ინფორმაციით, ასეთი პუნქტი არ არის ხელშეკრულებაში, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა ყოფილიყო ინიცირებული", - აცხადებს გივი ტალახაძე. მისივე თქმით, როდესაც კომპანიის გაკოტრება დაიწყო, მისმა ქონებამ ვერ დაფარა საწარმოს ვალები და ინვესტორმა მხოლოდ მისი აქტივები იყიდა. ამის გამოა, რომ "ჯორჯიანმანგანეზი" ს.ს. "ჭიათურმანგანუმის" სამართალმემკვიდრე არაა. ხოლო ის ზარალი, რომელიც ახალი ინვესტორის შემოსვლის შემდეგ მიადგა მოსახლეობას, სრულად იფარება.
    აქციაზე ამ ინფორმაციით დავბრუნდი. "მეტს არც არაფერს ველოდით, ვიცოდით, რა პასუხითაც გამოგისტუმრებდნენო", - მითხრეს გულდაწყვეტილებმა. პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამაში პრეზიდენტისა და ქალაქის დეპუტატის ინტერესს ხედავენ. ეს საწარმო მიშასიაო, მიმტკიცებდნენ. "სანამ ჭიათურელი მაღაროელები მიშას მარწუხებში ვიქნებით, არაფერი გვეშველებაო". იმასაც ამბობენ, ჩვენი 9 თვის პენსია არჩევნების დროს დეპუტატობის კანდიდატის და ახლანდელი დეპუტატის, მამუკა გოგატიშვილის საარჩევნო კამპანიას მოხმარდა. "ვთხოვეთ დახმარება ჩვენს დეპუტატს, დაგვპირდა, 5-6 სექტემბერს შეგხვდებითო, მაგრამ ჯერ არ ჩანს. ისე ჩაგვივლის ხოლმე, ჩვენსკენ არც კი იხედება".
    ჩვენი დიდი მონდომების მიუხედავად, როგორმე დავკავშირებოდი მამუკა გოგატიშვილს და მისი პასუხი გამეგო ბრალდებებზე, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. იგი მობილურს არ პასუხობდა. ამიტომ მისი პასუხი ამ ბრალდებებზე "რეზონანსისთვის" უცნობი დარჩა. თუმცა ჩვენ მზად ვართ, მას სურვილის შემთხვევაში, საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის საშუალება მივცეთ.
    აქციის მონაწილეები საპატრიარქოსთან აპირებენ აქციების გაგრძელებას. "მთელ ქვეყანას პატრიარქის იმედი აქვს და იქნებ, ჩვენც გვიშველოს რამეო". დავინტერესდი, თუ მიმართეს პრეზიდენტს. როგორ არაო, ერთხმად მიპასაუხეს და მისი წერილი გვაჩვენეს. ამ წერილს, რომელიც მათ 2007 წლის 18 დეკემბერს მიიღეს, სრულად გთავაზობთ:
    "უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.
    ყურადღებით გავეცანი განცხადებას, თქვენი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის თაობაზე.
    სამართლიანობა მოითხოვს და მიმაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს დაავადებათა იმ ჩამონათვალს, რომლებიც წარმოადგენენ ინვალიდობის სტატუსის დადგენის საფუძველს, ხოლო თქვენს მდგომარეობასთან მიმართებაში მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
    საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, პირად კონტროლზე ავიყვან ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტის საკითხს.
    საუკეთესო სურვილებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი".
    2008 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. აქციის მონაწილეები დღემდე ელოდებიან ამ საკითხის პრეზიდენტის "პირად კონტროლზე აყვანას", იქამდე კი აქციებს საპატრიარქოსთან გააგრძელებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter